ანტიგმირი, რომელმაც შეცვალა ამერიკა - კვირის პალიტრა

ანტიგმირი, რომელმაც შეცვალა ამერიკა

2012 წლის 17 ივნისს ლოს-ანჯელესიდან 80 კილომეტრის დაშორებით, საკუთარი სახლის აუზში, მეგობარმა ქალმა 46 წლის როდნი კინგი გარდაცვლილი იპოვა. ექსპერტებმა პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

კინგი აფროამერიკელი იყო. ის არ ყოფილა არც ცნობილი ჯაზმენი, არც მოკრივე ან კალათბურთელი, არც აფროამერიკელთა უფლებების დამცველი, _ ერთი ჩვეულებრივი ლოთი და ხულიგანი გახლდათ, მიუხედავად ამისა, მშვენიერ სახლში ცხოვრობდა, არაფერი აკლდა.

ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიარა.

როდნი კინგის პერსონისადმი ასეთი ყურადღება 1993 წლის ლოს-ანჯელესში საყოველთაო გამოსვლებს, უფრო ზუსტად, დარბევას უკავშირდება.

1991 წელს  როდნი კინგი საკუთარი მანქანით ორ მეგობართან ერთად წვეულებიდან ბრუნდებოდა. სამივე ნასვამი და "მოწეული" იყო. როდნიმ სიჩქარეს გადააჭარბა და ლოს-ანჯელესის პოლიცია აედევნა.

კინგი ციხიდან ახალი გამოსული იყო, ერთი წელი პირობითიც ჰქონდა მისჯილი და ეშინოდა, უკან შემაბრუნებენო. ციხეში კი მაღაზიის მოლარის დაყაჩაღების გამო მოხვდა, რომელსაც 200 დოლარი წაართვა. მართალია, დევნა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ პოლიციას მაინც ვერ დაუძვრა, გააჩერეს. მის მეგობრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მან კი მანქანიდან გადასვლაზე უარი განაცხადა და როდესაც ხელი წაავლეს, პოლიციელებს ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. პოლიციელებმა ელექტროშოკი გამოიყენეს, მანქანიდან გადმოათრიეს და მიწაზე დაგდებულს ხელჯოხებით ცემა დაუწყეს, მაგრამ სამართალდამცავებს ზედმეტი მოუვიდათ. უკვე გონდაკარგულს უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ მიწაზე დაგდებულს ხელბორკილი დაადეს და სასწრაფოს გამოუძახეს. კინგი სახის ძვლების მოტეხილობებითა და მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ალბათ, ინციდენტიც ამით ამოიწურებოდა, რომ არა ერთი გარემოება, - ეს სასტიკი სცენა შემთხვევით ვიდეოფირზე აღბეჭდა ვინმე ჯორჯ ჰოლიდეიმ, რომელმაც ფირი პოლიციაში მიიტანა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს და ჰოლიდეიმ ვიდეომასალა ტელევიზიას გადასცა. ფირი ყოველგვარი ცენზურის გარეშე გაუშვეს ეთერში. მისმა ხილვამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. პოლიციელებისადმი საზოგადოების უარყოფით განწყობას ისიც ამძაფრებდა, რომ ფირზე ასახული მასალა მხოლოდ მიწაზე დაგდებული ადამიანის ცემას ასახავდა. ვიდეოფირი უცხოეთის საინფორმაციო ტელეარხებმაც გაავრცელეს. სამართლებრივი და რასობრივი ძალმომრეობის მსხვერპლად შერაცხულ როდნი კინგს ბრალდება მოუხსნეს და საავადმყოფოდან დიდი პატივით მიაბრძანეს შინ, პოლიციელები კი სამართალში მისცეს. გამოძიება ერთი წელი გაგრძელდა. როგორც ჩანს, ქალაქის ხელისუფლება საზოგადოების აღშფოთების ჩაცხრობას ელოდა. წლისთავზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომლის შემადგენლობაშიც არც ერთი შავკანიანი არ შედიოდა, მოძალადე პოლიციელები გაამართლა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ლოს-ანჯელესი თავდაყირა დააყენა. ასეთი მასშტაბური ნგრევა ქალაქს არ ახსოვს. ერთი კვირის განმავლობაში ხალხი, რომლის უმრავლესობას შავკანიანები შეადგენდნენ, წვავდა და ანადგურებდა ყველაფერს, რასაც "მოძალადე ფენას" უკავშირებდა. გამოსვლები სულ უფრო მეტად იღებდა რასობრივი დაპირისპირების ხასიათს. ვერტმფრენზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ აღბეჭდა, თუ როგორ გადმოათრია ეგზალტირებულმა ბრბომ სატვირთო მანქანიდან თეთრკანიანი მძღოლი და სასტიკად გაუსწორდა. იწვოდა მაღაზიები, ოფისები, მანქანები. ზარალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. დაიღუპა 50 კაცი, ორი ათასზე მეტი დაიჭრა. სიტუაცია ვერც ტელეეკრანებზე როდნი კინგის გამოჩენამ განმუხტა, რომელიც თანამოძმეებს მოუწოდებდა, შეეწყვიტათ ძალადობა.

არეულობის დაწყებიდან 3 დღის თავზე იუსტიციის სამინისტრომ როდნი კინგის საქმეზე ფედერალური გამოძიების დაწყების თაობაზე გააკეთა განცხადება, ლოს-ანჯელესში კი ხელისუფლებამ ნაციონალური გვარდიისა და საზღვაო ქვეითთა დანაყოფები შეიყვანა. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ახალი სასამართლო 1993 წელს გაიმართა. ამჯერად ნაფიც მსაჯულთა შორის 2 აფროამერიკელი იჯდა. ორი პოლიციელი თანამდებობით მინიჭებული უფლების გადაჭარბებაში იქნა დადანაშაულებული და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის კი დაზარალებულს კომპენსაცია გადაუხადეს. თავიდან კინგი 56 მილიონს ითხოვდა (მან ვიდეოფირზე გულმოდგინედ დათვალა დარტყმების რაოდენობა და თითოეული მილიონად შეაფასა), მაგრამ ბოლოს სასამართლოს მიერ შეთავაზებულ 3,8 მილიონ დოლარს დაყაბულდა.

მას შემდეგ როდნი კინგი პოპულარული კაცი გახდა, - ხშირად იწვევდნენ ტელევიზიები, მონაწილეობდა უამრავ შოუში. რაც მთავარია, მომხდარის შემდეგ ამერიკელ საზოგადოებაში, მოქალაქეთა უფლებების დაცვის საქმეში ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, სამართალდამცველი კინგისგან მაინც ვერ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი გახდა, ვერც სასმელს შეეშვა და ვერც ხულიგნობას. არაერთხელ დააპატიმრეს მანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისთვისაც. ერთხელ ცოლსაც კი დააჯახა მანქანა.

როდნი კინგმა სიკვდილის წინ წიგნიც გამოსცა, რომელშიც აღიარა, რომ საზოგადოების დიდი სურვილის მიუხედავად, მისგან გმირი არა და არ გამოვიდა.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)