ევროპა, მზად ხარ პუტინის რუსეთის შესაჩერებლად... ამერიკის გარეშე?
ბოლო ერთი თვეა მთელი მსოფლიო იმის მოლოდინში გაირინდა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ბირთვული ზესახელმწიფოს - აშშ-ის ახალმა-ძველმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველაფრის და რაც შეიძლება სწრაფად შეცვლა მოინდომა - იქნება ეს რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება უკრაინელების კაპიტულაციის საფასურად, ისრაელისთვის სრული სამხედრო დახმარების გაწევა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ თუ გრენლანდიისა და პანამის არხის დაპატრონება და ა.შ.
რას შეძლებს და რას ვერა პრეზიდენტი ტრამპი, მალევე ვიხილავთ მთელ მსოფლიოსთან ერთად, მაგრამ თუკი აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ მართლაც გაწირა რუსეთთან ისედაც უთანასწორო სამწლიან ომში მყოფი უკრაინის სახელმწიფოებრივი ინტერესები და მას კაპიტულაციისკენ უბიძგა, მაშინ "ბებერი ევროპის" ჯერიც დადგება...
უკრაინის რუსეთთან ომის შუაში "მიტოვებას" ისეთივე სტრატეგიული მნიშვნელობის შეცდომის სუნი ასდის, რაც ტრამპის წინამორბედმა ჩაიდინა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა სამხედრო აგრესიის შედეგად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, 2011 წელს კი აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პუტინთან "გადატვირთვის" პოლიტიკა წამოიწყო, რაც კრემლში შეფასდა ამერიკული მხარის სისუსტედ და რასაც მალევე მოჰყვა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსია და დონბასში პრორუსი სეპარატისტების ხელით შეიარაღებული დაპირისპირების დაწყება.
დიდი ალბათობით, იგივე შეიძლება განმეორდეს რამდენიმე წელში, თუკი ახლა ტრამპის ზეწოლით უკრაინას პუტინს "ჩააბარებენ"- პუტინი არც მალავს, რომ სიკვდილამდე სურს (არადა, დარწმუნებულია, რომ თავის ბოლო დღემდე რუსეთის სათავეში დარჩება), აღადგინოს რუსეთის ძლიერება, არათუ საბჭოთა კავშირის, არამედ მეფის რუსეთის იმპერიის ფარგლებშიც კი, როდესაც მასში ფინეთისა და პოლონეთის მიწებიც შედიოდა და ასე, "დიდი იმპერატორის" სახელით შევიდეს მსოფლიო ისტორიაში.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, მათი წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები ატყობინებენ, რომ უკრაინის "დაცემის" შემთხვევაში პუტინის რუსეთი 3-5 წელში მზად იქნება იმისთვის, რომ სამხედრო აგრესია წამოიწყოს ევროკავშირის ერთ-ერთ წევრის წინააღმდეგ, შესაბამისად, არაუგვიანეს 2028 წლისა ევროკავშირი მზად უნდა იყოს პუტინის არმიის შესაჩერებლად ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან. ამაში წარმოუდგენელი და მოულოდნელი არაფერი იქნება, რადგან არც 2008 წელს მოელოდა ბევრი, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ტანკებით შემოიჭრებოდა მეზობელ საქართველოში, უფრო მეტიც - ევროპა ვერც აგვისტოს ომმა გამოაღვიძა, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია-ანექსიაც "ჩაყლაპა" და მხოლოდ 2022 წლის თებერვლის შემდეგ "გამოცოცხლდა", როდესაც რუსულმა ბომბებმა და რაკეტებმა აფეთქება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებზე დაიწყეს და რამდენიმე რუსული კამიკაძე-დრონი თუ ფრთოსანი რაკეტა ნატოს წევრი რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზეც ჩავარდა. მაგრამ ევროპამ აშშ-სთან ერთად გააგრძელა სერიოზული შეცდომების დაშვება, როდესაც უკრაინის არმიას სამხედრო დახმარებას დაგვიანებით აწვდიდა.
რიგმა ევროპელმა ლიდერებმა დაუშვეს სტრატეგიული დონის შეცდომა, როდესაც ჩათვალეს, რომ რუსეთთან შეიძლებოდა "ომი გამოფიტვამდე" პრინციპით ემოქმედათ. შედეგად, პუტინის რუსეთმა, მიუხედავად უთვალავი საერთაშორისო სანქციისა (თუ რეალურად როგორ სრულდება სანქციები და რატომ აგრძელებენ ფარულად ვაჭრობას რუსეთთან ევროპული ფირმები, ცალკე თემაა) მაინც შეძლო ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო მრეწველობა და თავად ამ ქვეყნების არმიების საბრძოლო შესაძლებლობები სავალალო მდგომარეობაშია...
ამის მთავარი მიზეზი კი ისევ ევროპელი ლიდერების პოლიტიკური სიბეცეა, რომლებმაც 1991 წლის შემდეგ ჩათვალეს, რომ საბჭოთა იმპერიის ჩამოშლის შემდეგ "ბებერ ევროპას" აღმოსავლეთიდან აღარაფერი ემუქრებოდა და თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე ფიქრი შეწყვიტეს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ საკუთარი არმიების დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ერთ პროცენტამდე დაიყვანეს, გააუქმეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, დაივიწყეს საბრძოლო ტექნიკის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება...

შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა - დღევანდელი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების უდიდეს ნაწილს ნაკლებად ბრძოლისუნარიანი არმიები ჰყავს, რომლებიც იმ მასშტაბისა და ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებს, რომელსაც მესამე წელია უკრაინა აწარმოებს აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, ორ კვირასაც კი ვერ გაუძლებენ.
ვეცდებით ავხსნათ, რა საბრძოლო პოტენციალი აქვთ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს და შეუძლიათ თუ არა აშშ-ის დახმარების გარეშე რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთს, თუკი პუტინი უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში მიადგება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოდან 30 ევროპაში მდებარეობს, მათგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც შეუძლიათ მეტ-ნაკლებად სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას ჯერ აღმოსავლეთ და შემდეგ დასავლეთ ევროპის მიმართულებით. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - ევროკავშირისა და ნატოს წევრი ეს ორი ქვეყანა იმიტომ გამოვყავით, რომ ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ისინი ფლობენ ბირთვულ იარაღს - ბრიტანელები ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების ქობინების, ხოლო ფრანგები კი როგორც წყალქვეშა ნავებზე, ისე "რაფალებზე" ჩამოკიდებული "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რაკეტების სახით.
ბირთვული იარაღის ქონა ყოველთვის დიდ შემაკავებელ როლს თამაშობს, რაც, კრემლშიც უნდა გაითვალისწინონ, თუმცა...
რაც შეეხება შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას, დიდ ბრიტანეთში 153 ათასი სამხედრო მსახურობს, საფრანგეთში კი 203 ათასი, თუმცა რამდენად არიან მომზადებული რუსეთ-უკრაინის მსგავს ომში წარმატებით მოქმედებისთვის, სხვა საკითხია.
თავად დასავლურ მასმედიაში ცხადდება, რომ ბრიტანული ჯავშანსატანკო დივიზიის "ჩელენჯერის" ტანკების ტექნიკური გამართულობა დიდ ეჭვს იწვევს, ხოლო ფრანგულ "რაფალებს" მხოლოდ ორიოდე დღის სამყოფი რაკეტები თუ აქვთ ინტენსიური საჰაერო ბრძოლებისთვის. უფრო სავალალო მდგომარეობაა ნატოს წევრ ევროპულ სხვა ქვეყნებში - ბელგიაში, დანიაში, ნიდერლანდებში...
გერმანია თავისი 183-ათასიანი, ხოლო იტალია კი 161-ათასიანი არმიებით თითქოს მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ მათ შეიარაღებულ ძალებშიც ანალოგიური პრობლემებია - სამხედრო ტექნიკის გაუმართაობა და საბრძოლო საჭურვლის მარაგების კატასტროფული სიმცირე.
მათ ფონზე ბევრად მომგებიანად ჩანს პოლონეთი, რომელსაც 114-ათასიანი არმია ჰყავს, მაგრამ პოლონელი მებრძოლები ფრანგ თუ ბრიტანელ, რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანელ და პორტუგალიელ სამხედროებზე, ბევრად მოტივირებული არიან პუტინის აგრესორ არმიასთან საბრძოლველად, რადგან პოლონელებს ახსოვთ რაც გაუკეთა ჯერ მეფის რუსეთმა, შემდეგ სტალინისა და ბრეჟნევის საბჭოთა კავშირმა მათ ქვეყანას. სწორედ ამის გამოც არის, რომ მაშინ, როდესაც თითქმის სამი ათეული წელი "ბებერი ევროპა" თვლემდა, პოლონელები აგრძელებდნენ მზადებას, რადგან არ სჯეროდათ, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ნატო აამოქმედებდა კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტს და მათ ქვეყანას უსაფრთხოების "ქოლგას" გადააფარებდა. პოლონეთი ბოლო წლებია გამალებული იარაღდება, როგორც აშშ-იდან, ისე სამხრეთ კორეიდან და დღეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ შეიარაღებული არმია ჰყავს.
ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თურქეთს აშშ-ის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი - 355-ათასიანი არმია ჰყავს, მაგრამ გამომდინარე ერდოღან-პუტინის ურთიერთობიდან, ძნელი წარმოსადგენია, ანკარამ ერთი ჯარისკაციც გაგზავნოს ევროპელების დასახმარებლად. თურქეთის მთავარ სამიზნედ ისევ თანაალიანსელი 143-ათასკაციანი არმიის მქონე საბერძნეთი რჩება, რომელთანაც ადრეც ჰქონია ომი და გასაყოფი კიდევ ბევრი აქვს.
ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი თუ სლოვენია რუსეთთან მეომრად ძნელი წარმოსადგენია თავიანთი მცირერიცხოვანი არმიებით, რასაც დაემატება ომიდან თავის არიდების დიდი სურვილიც.
რუმინეთი 71-ათასიანი არმიით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ მან შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა მაინც სცადოს, თუკი პუტინის ტანკები უკრაინიდან მოლდოვაზე გადავლით მის საზღვრებს მიადგებიან.
სამაგიეროდ, ყველაზე უიმედოა ევროკავშირისა და ნატოს წევრისამი ბალტიისპირეთის ქვეყანა: ლიეტუვას (23-ათასიანი არმია), ლატვიასა (9 ათასი) და ესტონეთს (7 ათასი) თეორიული შანსიც კი არა აქვთ წინ აღუდგენ რუსეთის არმიის ორ-სამ გაძლიერებულ მოტომსროლელ დივიზიასაც კი.
ნატოს ორი ახალი წევრის - ფინეთისა (19 ათასი) და შვედეთის (15 ათასი) არმიები რიცხოვნობით ქართულ არმიასაც (20 ათასზე მეტი) კი ჩამოუვარდებიან, მაგრამ შედარებით თანამედროვე აღჭურვილობით (განსაკუთრებით კი შვედეთის) გამოირჩევიან, თუმცა რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა ომებში, რომ ნებისმიერ ხარისხს ის რაოდენობით გადაუვლის.
ზემოთ მოყვანილი არმიების რიცხოვნობა მიახლოებითია, რომლებსაც ომის პერიოდში აუცილებლად დაემატებიან რეზერვისტები და მობილიზაციით გაწვეულებიც, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში პუტინი გვერდში აუცილებლად ამოიყენებს ბელარუსის არმიასაც და არც ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მიღებას დაიწუნებს. დღეისათვის რუსეთის სამხედრო ძალების რიცხოვნობა საერთო ჯამში 2 მლნ კაცს აღემატება (ამ რაოდენობაში შედის როგორც შეიარაღებული ძალები, ისე როსგვარდია, სასაზღრო ჯარები, საპოლიციო სპეცდანაყოფები), რომელთაგან 700 ათასამდე პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს შეყვანილი. ამასთან, რუსეთს აქვს ძალიან დიდი სამობილიზაციო რეზერვი, რომლის იდეოლოგიური დამუშავება - "წინ ნატოს წინააღმდეგ, ევროპის დასაპყრობად!" - რუსულ პროპაგანდას არ გაუჭირდება.
დასავლეთით გაჭრა, ევროპაზე გადავლით ლა-მანშის სრუტის სანაპიროზე ტანკების მუხლუხების დასველების იდეა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე აწუხებდა ჯერ კიდევ სტალინს და ჰქონდა ამის შესაძლებლობაც, რადგან მაშინ, პირველი "ცივი ომის" დაწყებისას, საბჭოთა საოკუპაციო ჯარები ისედაც იდგნენ შუა ევროპაში, აღმოსავლეთ გერმანიის, ჩეხოსლოვაკიისა თუ უნგრეთის ტერიტორიებზე.მაშინ სტალინმა ეს ვეღარ გაბედა, ეტყობა, ამერიკული ატომური იარაღის შიშით, რომელსაც თეთრი სახლი აუცილებლად გამოიყენებდა, თუკი კრემლი სატანკო არმადებს ლა-მანშისკენ დაძრავდა.
სხვათა შორის, საბჭოთა ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის იერიშზე გადასვლის შემთხვევაში ტაქტიკური ატომური და ბირთვული საავიაციო ბომბების ჩამოყრისთვის ევროპაში გამზადებული იყო ჩვენი თანამემამულის, ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის F-84F თჰუნდერსტრეაკ ტიპის რეაქტიული გამანადგურებელ-ბომბდამშენები, რომლებიც მაშინ ნატოს პირველ საერთო-საბრძოლო თვითმფრინავად იქცა, რომლის იმედზეც იყვნენ ევროპული ქვეყნები.
მეორე მსოფლიო ომში აშშ-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის გადარჩენაში, როგორც ლენდ-ლიზის ხაზით სამხედრო დახმარებით, ისე პირდაპირი სამხედრო ჩარევითაც, მაგრამ ის იყო რუზველტის ამერიკა, ტრამპის ამერიკისგან კი უკვე ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის პუტინის რუსეთთან ერთად ევროპის "გადანაწილებაც", როდესაც თავად ევროპის ქვეყნების ინტერესებიც კი არ იქნება გათვალისწინებული, არათუ საქართველოსთანა პატარა ქვეყნების.