მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ევროკავშირის ფაქტობრივად გალანძღვის შოკი გადავლილი არ იყო, რომ ტრამპმა უარეს შოკში ჩააგდო მსოფლიო საზოგადოება, როდესაც უკრაინა ომის დაწყებაში დაადანაშაულა და პუტინი ლამის მოკავშირედ გამოაცხადა. მართალია, ამ განცხადებას რესპუბლიკელი სენატორებიც კი დაუპირისპირდნენ და მომდევნო დღეებში ტონი თავადაც შეარბილა, მაგრამ ფაქტია, ის ომის დასამთავრებლად მომლაპარაკებლად მხოლოდ რუსეთს განიხილავს და მიაჩნია, რომ ამაში არც უკრაინის და არც ევროპის ადგილი არ არის. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ტრამპის სტრატეგიაა - ისევე, როგორც წლების წინ ნიქსონმა ჩინეთი გამოიყენა სსრკ-ს შესაკავებლად, ახლა იმავე მიზნით ცდილობს ტრამპი რუსეთთან დალაგებას ჩინეთის წინააღმდეგ. ამაში კი, ცხადია, რუსეთი ძალიან ბევრს ითხოვს. რეალურად რა წესრიგი ყალიბდება საერთაშორისო ურთიერთობებში, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ. თენგიზ ფხალაძე: - რა თქმა უნდა, ტრამპის ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს და შესაძლოა აბსურდულადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ტრამპზე, რომელმაც კარიერა შეიქმნა სწორედ იმით, რომ სკანდალური პიროვნებაა. ის ყოველთვის იყენებს უხეშ სტრატეგიას მეორე მხარესთან, არა აქვს მნიშვნელობა, მას პარტნიორად განიხილავს თუ არა. ხშირად გადადის შეურაცხყოფაზე, ცდილობს შეიტანოს დაბნეულობა, დეზორიენტაცია და მაქსიმალურად დააბნიოს მოწინააღმდეგეები. ამისთვის აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, არ ერიდება სკანდალებს, ისეთ განცხადებებს, რომელთაც შეიძლება მოახდინონ მეორე მხარის სრულად შოკირება, და შემდგომ გადადის იმ მოქმედებებზე, რაც რეალურად დაგეგმილი აქვს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის მიდგომები, რაც ამართლებს ბიზნესში, მათი ერთი ერთზე გადმოტანა პოლიტიკაში, მით უმეტეს, საერთაშორისო პოლიტიკაში, არ შეიძლება. საერთაშორისო პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული ორგანიზმია და ბიზნესისგან განსხვავებით, სხვა პრინციპებს ეფუძნება. ბიზნესში შეგიძლია აირჩიო და შეცვალო პარტნიორები, საერთაშორისო ურთიერთობებში კი გაქვს მოცემულობა, რომ ურთიერთობა უნდა გქონდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ახლა და აქ არიან, მით უმეტეს, როდესაც აშშ ხარ, მოლოდინიც შენ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულია. პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპის გუნდში იყვნენ გამოცდილი პოლიტიკოსები, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების კარგი სპეციალისტები, რომლებიც ამას გაცილებით კარგად აბალანსებდნენ, ვიდრე დღევანდელი გუნდი, რომელსაც გამოცდილება ძალიან აკლია და უნდა შეიძინონ, მაგრამ აშშ არ არის ერთი, ასე ვთქვათ, პირის მფლობელობა, იქ არის სახელმწიფო ინსტიტუტები და დარწმუნებული ვარ, დამბალანსებელ როლს შეასრულებენ. - მოქმედების სტილი გასაგებია, მაგრამ ამით რისი მიღწევა სურს? - მისი გაგებით, მას სურს ხელსაყრელი პირობები ამერიკული კომპანიებისთვის, იქნება ეს უკრაინაში თუ ევროკავშირთან ურთიერთობაში. ერთ-ერთი მთავარი თემა, რამაც გამოიწვია მისი ასეთი მკვეთრი ნაბიჯები ზელენსკის მიმართ, იყო უკრაინის პოზიცია წიაღისეულის შესახებ, რომლის ათვისების ინტერესიც აქვს ამერიკას. ეს პუნქტი თავიდანვე თავად ზელენსკიმ ჩადო გეგმაში, მაგრამ პირობები, რომლებიც იქნა წაყენებული, რაც ღია წყაროებიდან გახდა ცნობილი, უკრაინისთვის მიუღებელია. თუ შევხედავთ დინამიკას, თეთრმა სახლმა უკვე გამოაცხადა, რომ ამ შეთანხმების მოდიფიცირებული ვარიანტი გაეგზავნება უკრაინას, სადაც რაღაც საკითხები უკვე შემსუბუქებულია. ეს არის ჩვეულებრივი უხეში ვაჭრობა, რომელსაც ტრამპი იყენებს უკრაინასთან თუ ევროკავშირთან. ერთი მხრივ, თქვა, რომ ევროკავშირის ადგილი არ არის უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ისიც მოსთხოვა, რომ ევროპამ მეტი უნდა გაიღოს ევროპული უსაფრთხოებისა და უკრაინის დახმარებისათვის. თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ არის ევროკავშირის ადგილი, მაშინ მეტი რატომ უნდა გაიღოს? თუმცა ერთგვარი „დადებითი“ შედეგი, თუ შეიძლება დადებითი ეწოდოს, ის არის, რომ თუკი მართლაც შეიძლებოდა ევროპის გამოფხიზლება, სწორედ ტრამპის განცხადებებმა იმოქმედა. რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა სანქციების მე-16 პაკეტი, რომელიც შეეხება ალუმინის პირველად ექსპორტს. ეს ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთის, კონკრეტულად კი კრემლის ეკონომიკისთვის. საუბარია ევროპული სამხედრო ძალების გაგზავნაზე უკრაინაში და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის ლიდერობა, რომელმაც უკვე გამოთქვა საამისო მზადყოფნა. ეს არის ის 300 მილიარდი რუსული აქტივები, რომლებიც გაყინულია ევროპის ტერიტორიაზე. ეს საკითხი გაჩერებული იყო და ახლა უნდა გადაწყდეს უკრაინის სასარგებლოდ - ის აქტივები უკრაინას გადაეცემა. ასე რომ, ამ განცხადებებმა კატალიზატორის როლი ითამაშა და შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, რომ უკრაინისთვის ევროპული დახმარება უფრო ქმედითი და ეფექტიანი გახდეს. - ის, რომ უკრაინა ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ზელენსკი ლამის დამნაშავედ გამოაცხადა, ეს რიტორიკა და რუსეთის პარტნიორად განხილვა, რამდენად არის რაღაც განსაზღვრული პოლიტიკის ნაწილი? - თუ ჩვენ ტრამპსა და მის ქმედებებს განვიხილავთ ისე, როგორც კლასიკურად შეჩვეული ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში, ამ კონტექსტში ტრამპის ქმედებები ზღვარს გადადის. მის ქმედებებს სხვა პერსპექტივით უნდა შევხედოთ. ამ შემთხვევაში ის ფოკუსირებულია იმაზე, რომ ჰქონდეს და მიიღოს ის, რაც მიაჩნია, რომ მისთვის საჭიროა და ამის შემდეგ დაელაპარაკოს რუსეთს. - რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ამერიკული მოცემულობა შეძლებს ტრამპის პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევას? - დარწმუნებული ვარ, საჯარო განცხადებებზე მეტად იმუშავებს არასაჯარო განცხადებები და არა მხოლოდ კონგრესმენებისა თუ სენატორების. ძალიან წონიანი იყო მაიკ პენსის მიმართვა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი იყო ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს. გარდა ამისა, ამ კვირაში გაიმართება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ერთობლივი ვიზიტი ვაშინგტონში - ამ ორ ლიდერს აქვს საკმაო რესურსი იმისათვის, რომ ტრამპი რაღაცებზე დააფიქროს. შემდეგი მომენტი ის არის, რომ თავად ამერიკული სისტემა განსხვავებულია. ძალიან ბევრი ბერკეტია კონგრესისა და სენატის ხელში. აღარაფერს ვიტყვი სასამართლოზე და ა.შ. ჩვენ ვხედავთ აისბერგის მხოლოდ პატარა ნაწილს, მის შიგნით კი ძალიან ბევრი დინებაა. ის, რომ ტრამპი რაღაც კონტექსტში ჩინეთთან მიმართებაში შეიძლება რუსეთს განიხილავდეს არა გრძელვადიან, მაგრამ სიტუაციურ მოკავშირედ, ეს შესაძლებელია, იმიტომ, რომ ჩინეთ-რუსეთის ალიანსი არა მხოლოდ ტრამპისთვის, არამედ ბევრისთვის სერიოზული გამოწვევაა. ცხადია, თუ ის შეეცდება ამ ალიანსის დაშლას, ბევრის მხარდაჭერას მოიპოვებს, მაგრამ საკითხავია, თუ როგორ გაიყოფა ალიანსი და რას მოიმოქმედებენ არა მხოლოდ ჩინური გამოწვევების დაბალანსებისთვის, არამედ რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების პრევენციისთვის. ძალიან საინტერესოა, რომ შეიძლება თავად რუსეთმა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი, იმიტომ, რომ როგორც ყოველთვის, როგორც კი კრემლი პატარა დათბობას ხედავს, ამას სისუსტედ იღებს და იმ წუთშივე აძლიერებს თავის რიტორიკას და მოთხოვნებს. ასე მოხდა ელ-რიადში პირველი შეხვედრის შემდეგაც, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადებები, სადაც უკვე ლაპარაკია არა უკრაინაზე, არამედ იმაზე, რომ ნატო საერთოდ უნდა გავიდეს აღმოსავლეთ ევროპიდან და გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები და ა.შ. ამან კი შეიძლება უფრო გააძლიეროს ის უკურეაქცია, რაც შეიძლება წამოვიდეს ტრამპისგან რუსეთის მიმართ. ამერიკის ლიდერობა რამდენიმე კომპონენტს ეფუძნება. ეს არის სამხედრო კომპონენტი, ამერიკაა ევროპის უსაფრთხოების გარანტი. შესაბამისად, თუ ამერიკა უარს იტყვის ამ როლზე, საკუთარ თავს დააკნინებს, ამას კი გადამდები ეფექტი ექნება არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, არამედ აზიაშიც - კორეის, ჰონკონგის, ტაივანის და სხვა საკითხები აბსოლუტურად სხვანაირად დადგება დღის წესრიგში. ეს დაარტყამს არა მხოლოდ ევროპულ უსაფრთხოებას, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონებსაც, სადაც ამერიკას ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ინტერესები აქვს. მეორე ფაქტორია ეკონომიკური სიძლიერე. ამერიკის ეკონომიკურ სიძლიერეს სჭირდება თანამშრომლობა ევროკავშირთან, კანადასთან, ბრიტანეთსა და სხვა ტრადიციულ პარტნიორებთან. ტარიფების ომი ევროკავშირსა და კანადასთან უკვე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ამერიკის შიდა მდგომარეობაზე, ბევრი რამ უკვე გაძვირდა. როდესაც ეკონომიკაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ გრძელვადიან პროექტებსაც, მათ შორის ტექნოლოგიურ საკითხებსაც. მესამე ფაქტორია ე. წ. სოფთ ფაუერი - ის მიზიდულობა, რომანტიზმი, შეიძლება ასე ითქვას, რაც ყოველთვის ახასიათებდა ამერიკას და აქედან გამომდინარე იყო და არის ის დემოკრატიული სამყაროს ლიდერი. აი, თუ ეს მიმზიდველობა იკარგება, მაშინ ცხადია, ის ლიდერობა, რომელიც აშშ-ს აქვს და ტრამპს სურს, რომ უფრო გაზარდოს, დგება საფრთხის ქვეშ. ასე რომ, არ არის საქმე ასე მარტივად, ნატოდან ან რომელიმე შეთანხმებიდან გამოვაო. ეს ის საკითხია, რომელიც ინკლუზიურ გადაწყვეტილებას საჭიროებს და ამ შემთხვევაში სხვა ინსტიტუტებს ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი. - თუკი ტრამპი გაურიგდება პუტინს, მაშინ საქართველოს რა შანსი რჩება. - ჯერ ერთი, ტრამპი არ არის ის, ვინც ვინმეს რამეს ჩუქნის. პირიქით, ცდილობს უკრაინაში გაიძლიეროს პოზიცია და ემზადება, რომ უფრო ძლიერი პოზიციით დაჯდეს პუტინთან სალაპარაკოდ. ყველაზე ცუდი სცენარიც რომ განვითარდეს, უკრაინა მიიღებს მნიშვნელოვან დახმარებას ევროკავშირისგან, ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან, კანადიდან. თავის თავს ევროპაც მიხედავს და უკრაინაც, ჩვენი მდგომარეობა კი გაცილებით სავალალოა. თუ გარიგება შედგა უკრაინაზე, მაშინ წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება საქართველო. კრემლმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მხოლოდ უკრაინაში არ ხედავს პრობლემას და კიდევ ერთხელ განაცხადა პრეტენზიები იმ სივრცეზე, სადაც საქართველოც მოიაზრება. ჩვენ კი ამერიკასთან გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, და ევროკავშირთანაც გავაფუჭეთ ყველაფერი, დიდ ბრიტანეთთანაც, კანადასთანაც, ყველა იმ სახელმწიფოსთან, ვისაც შეეძლო დაეცვა საქართველოს ინტერესები. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის საკითხზე ტრამპი და პუტინი ვერ შეთანხმდებიან, მაშინ პუტინს სჭირდება სხვაგან უფრო მეტი წარმატება, ვიდრე ის მიაღწევს უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, თავდამსხმელი და მტაცებელი თავს ესხმის ყველაზე დაუცველს, რეგიონში კი დღეს ყველაზე სუსტი და დაუცველი საქართველოა. თუნდაც ის ფაქტი, რომ სოხუმში აეროპორტი ამოქმედდა და ხვალ შეიძლება იქ რუსეთის არმიის სამხედრო-საჰაერო ბაზა მივიღოთ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ასე რომ, საქართველოს მდგომარეობა ძალიან სავალალოა, ჩვენ ვდგავართ იმ საფრთხეების წინაშე, რომელსაც მარტო დარჩენილი საქართველო ვერ გაუმკლავდება. რუსა მაჩაიძე