და კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ევრო 2012 (ნაწილი I) - კვირის პალიტრა

და კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ევრო 2012 (ნაწილი I)

აი უკვე მეოთხე დღეა, რაც ევროპის ჩემპიონატის გარეშე ვცხოვრობთ, მაგრამ შთაბეჭდილებებით აღვსილნი და რაც მთავარია დაინტერესებულნი, რომ ყოველივე თავიდან გავაანალიზოთ და მივიღოთ საბოლოო პასუხი შეკითხვაზე – ღირდა კი ეს ყველაფერი ამდენ ყურადღებად, ნერვიულობად და ვნებათაღელვად?

ალბათ კი და მოდით გავიხსენოთ თითოეული თამაში და მასში მონაწილე გუნდები, რადგან უინტერესო პაექრობები დამეთანხმებით, რომ ამ ტურნირზე ნაკლებად იყო.

გათამაშების პირველ დღეს ერთმანეთს პოლონეთისა და საბერძნეთის, ასევე რუსეთისა და ჩეხეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატის მასპინძლებისაგან მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტს ველოდით ამ გუნდში მოთამაშე დორტმუნდის "ბორუსიის" სამი წამყვანი მოთამაშის გამო, მოდით ვთქვათ, რომ უფერული ფეხბურთი მათგან არ მიგვიღია და ტურნირსაც მასპინძელი გუნდი ისე დაშორდა, რომ არც არავინ შეუწუხებია საბერძნეთის ნაკრების გარდა, რომელიც მსაჯობის მსხვერპლად იქცა ტურნირის პირველსავე სათამაშო დღეს. საბოლოოდ "სამართალმა პური ჭამა" და ბერძნებმა მაინც დაძლიეს ჯგუფური ეტაპი, რაშიც მას რუსებიც "დაეხმარნენ". საბოლოოდ A ჯგუფში ალბათ მაინც სენსაციური შედეგი აღინიშნა, რადგან პირველი ტურის მატჩების მიხედვით, ალბათ ვერვინ იფიქრებდა, რომ მეოთხედფინალში სწორედ რომ ჩეხები და ბერძნები გავიდოდნენ.

"სიკვდილის ჯგუფად" წოდებულ B ჯგუფში თავიდანვე როგორც მომავალში გაირკვა "კანონზომიერი სენსაცია" დატრიალდა, როდესაც დანიის ნაკრებმა გააზრებული თამაშით ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა. აქვე გერმანელებმაც პირველსავე ტურში ოდნავ მოკრძალებულად, მაგრამ მაინც დაქოქეს ძრავა და სიუჟეტის მიხედვით ფრედ განწირული მატჩის მიწურულს შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანეს და დანიელებთან ერთად დიდი ნაბიჯი გადადგეს მეოთხედფინალისაკენ. როდესაც ყველაფერი ცნობილია, ამჟამად ადვილია თქმა, რომ ჰოლანდიის ნაკრები თურმე "განწირული ყოფილა", მაგრამ რომ არა რაფაელ ვან დერ ვაარტის ძელი პორტუგალიის ნაკრებთან და თავის მხრივ რომ არა პორტუგალიელთა მცირეოდენი იღბალი დანიელებთან მატჩში, შეიძლება მეოთხედფინალში რონალდუს ნაცვლად მორტენ ოლსენის გუნდი გვეხილა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ B ჯგუფში აბსოლუტურად ყველა თამაშმა სანახაობრივი თვალსაზრისით ძალზედ საინტერესოდ განვლო. ხოლო ჯგუფიდან რომ ღირსეული გუნდები გავიდნენ, ეს უკვე ფლეი ოფის მატჩებშიც დამტკიცდა.

C ჯგუფში როგორც ჩემპიონატმა გვიჩვენა, თურმე ტურნირის ორი უძლიერესი გუნდი იმალებოდა, ხოლო ხორვატიის ნაკრებს რომ ნამდვილად არ გაუმართლა, ეს ჯგუფური ეტაპის მატჩებმაც დაგვანახა. ვუცქერდით და თვალებს არ ვუჯერებდით. პირველსავე ტურში ვიხილეთ "სკუადრა აძურა", რომელმაც რამდენიმე დღით ადრე რუსეთის ნაკრებთან პირწმინდად დათმო ამხანაგური შეხვედრა ანგარიშით 0-3. ნუთუ ეს ის იტალიაა? და აი დი ნატალეს პირველი და ულამაზესი გოლიც. ვინ იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ იკერ კასილიასი 990 წუთის განმავლობაში გოლს აღარ გაუშვებდა და ჯერ არც ვიცით როდის გაუშვებს? იტალია – ესპანეთის მატჩი ბევრმა ფინალის დონის შეხვედრად აღიქვა და თურმე არც შემცდარა. ხორვატებმაც შესანიშნავად ითამაშეს და თავი ნამდვილად დაგვამახსოვრეს ამ ჩემპიონატზე, როგორც მსაჯობისაგან და იღბლისაგან ოდნავ დაჩაგრულებმა, მაგრამ მაინც ბოლომდე მებრძოლმა რაინდებმა, რომელთაც ჩემპიონატის მომავალ ფინალისტებთანაც ღირსეულად ითამაშეს და შეეძლოთ იმ მატჩის მოგება, რომ აღარაფერი ვთქვათ მომავალ ევროპის ჩემპიონებთან მათ დაპირისპირებაზე, იკერ კასილიასის კარს რეალურად რომ დაემუქრა ჩემპიონატზე მეორე ბურთის გაშვების საფრთხე. სტატისტის როლში ამ ჯგუფში არც ირლანდიის ნაკრები ყოფილა, რომლის იტალიელ მწვრთნელსაც თანამემამულეები შეეძლო მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინა, მატჩის უკანასკნელ წუთებზე ესპანელებისათვის ხორვატთა საპასუხო გოლის შემთხვევაში. საბოლოოდ კი ალბათ C ჯგუფია "სიკვდილის ჯგუფად" შესარაცხი, რადგან თურმე აქაურ გუნდებს შორის უნდა გათამაშებულიყო ჩემპიონატის ფინალი...

D ჯგუფიც ერთობ საინტერესო, მაგრამ ჯამში მაინც პროგნოზირებადი გამოდგა. იყო ბრძოლები, მაგრამ მეოთხედფინალის გზა მაინც ფავორიტებმა გაიკვლიეს. ისევე როგორც ავსტრია – შვეიცარიის ჩემპიონატზე, ამ ჯგუფშიც, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს გაირკვა, რომ მეოთხედფინალური ეტაპი, მასპინძელი გუნდის გარეშე უნდა დარჩენილიყო. გათამაშების პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფის ლიდერად უკრაინის ნაკრები, ხოლო ეროვნულ გმირად კი ანდრეი შევჩენკო იქცა. არადა უკრაინელებს ორმხრივ იერიშებზე აწყობილ მატჩში ნამდვილად გაუმართლათ. იღბალმა შვედებს მომდევნო მეტოქესთან – ინგლისის ნაკრებთან მატჩშიც უმტყუნა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტურნირის ულამაზესი გოლი ვინძლო უოლკოტ – უელბეკის კომბინაციას მოჰყვა. ამ გოლმა პრაქტიკულად გაწირა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდი, რომლის ხილვაც ალბათ უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო მეოთხედფიანლში ან იტალიელთა ან ესპანელთა წინააღმდეგ, რადგანაც ინგლისელებთან და უკრაინელებთან შესანიშნავად მოთამაშე საფრანგეთის ნაკრებმა ბოლომდე ვერ გაძლო, ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ლორან ბლანის გუნდმაც მომავალში ვეღარ ივარგა.

შეიძლება ბევრს საუბრობდნენ უკრაინა – ინგლისის მატჩში ამ უკანასკნელთა კარში არჩათვლილ გოლზე, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ ტურნირის მასპინძლებს იმ მატჩში მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს და ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ გაუმართლა ანდრეი შევჩენკოს გუნდს შვედებთან შეხვედრაში, თანაც დავფიქრდეთ იმაზე, რომ... ჯგუფური ეტაპის აბსოლუტურად ყველა მატჩმა ივარგა, მეოთხედფინალებზე, ნახევარფინალებზე და დაუვიწყარ ფინალზე კი მოდით ხვალ ვისაუბროთ...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: EURO 2012-ის 10 საუკეთესო გოლი