„რუსეთ-ამერიკის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა - ომი უნდა დაამთავრონ“
მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ევროკავშირის ფაქტობრივად გალანძღვის შოკი გადავლილი არ იყო, რომ ტრამპმა უარეს შოკში ჩააგდო მსოფლიო საზოგადოება, როდესაც უკრაინა ომის დაწყებაში დაადანაშაულა და პუტინი ლამის მოკავშირედ გამოაცხადა. მართალია, ამ განცხადებას რესპუბლიკელი სენატორებიც კი დაუპირისპირდნენ და მომდევნო დღეებში ტონი თავადაც შეარბილა, მაგრამ ფაქტია, ის ომის დასამთავრებლად მომლაპარაკებლად მხოლოდ რუსეთს განიხილავს და მიაჩნია, რომ ამაში არც უკრაინის და არც ევროპის ადგილი არ არის. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ტრამპის სტრატეგიაა - ისევე, როგორც წლების წინ ნიქსონმა ჩინეთი გამოიყენა სსრკ-ს შესაკავებლად, ახლა იმავე მიზნით ცდილობს ტრამპი რუსეთთან დალაგებას ჩინეთის წინააღმდეგ. ამაში კი, ცხადია, რუსეთი ძალიან ბევრს ითხოვს. რეალურად რა წესრიგი ყალიბდება საერთაშორისო ურთიერთობებში, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
თორნიკე შარაშენიძე: - ტრამპს რა უნდა, ამის პასუხი ის არის, რომ ჯერ ერთი, რუსეთის გამოყენება სურს ჩინეთის წინააღმდეგ. ამიტომაც არის უკრაინის ომზე გადართული, რომ დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, და მერე გადაერთოს ჩინეთზე; მეორე - ებრძვის ბაიდენის მემკვიდრეობას ყველგან და მათ შორის, უკრაინის საკითხშიც; მესამე - ბიზნესმენის ლოგიკა აქვს, მე მინდა ძვირფასი ლითონები უკრაინისგან, რუსეთისგან არქტიკის ნავთობი, ამიტომაც რუსეთთან დავლაგდები, მოვიპოვებ არქტიკიდან ნავთობს, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს, თავად კი ტექნოლოგია არა აქვს, რომ ყინულის სიღრმიდან ამოიღოსო; და მესამე - რუსეთი გამოვიყენო ჩინეთის წინააღმდეგ. უკრაინა მას სულ არ აინტერესებს, მით უმეტეს, ეს ომი მის დროს არ დაწყებულა და არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს უკრაინასთან.
- მის გარემოცვაში უკვე წინააღმდეგობრივი განცხადებებია.
- მგონი, ტაქტიკაშია განსხვავება, მაგრამ მთლიანობაში მათი ხედვები მაინც ემთხვევა, უკრაინას ცოტა უნდა მოუჭირონ თუ მოეფერონ, მაგრამ ის, რომ ომი უნდა დაამთავრონ, მგონი, შეთანხმებული არიან. თუმცა ამაში რა ფასი უნდა გადაიხადონ, ჯერ არ იციან. შესაძლოა დიდი ფასიც არ გადაიხადონ, ყველაფერი ისევ და ისევ ბაიდენს დააბრალონ, რომ არ შეჰპირებიან უკრაინას ჯარს, ბაიდენი შეჰპირდა და კარგად იყოს.
- საგარეო პოლიტიკაში მისმა ნაბიჯებმა, ვგულისხმობ, კანადასა და ევროკავშირთან სატარიფო პოლიტიკას, უკვე გამოიწვია ქვეყანაში უკმაყოფილება, რადგან ყველაფერი გაძვირდა. რაც გააკეთა, იმან არ მოუტანა ის შედეგი, რაც სურდა, და ახლა როგორ დაარწმუნებს თუნდაც თავის მოსახლეობას, რომ რუსეთთან მოკავშირეობა და ამის გამო ფაქტობრივად ევროპის გაწირვა და არა მხოლოდ უკრაინის, შედეგიანი იქნება?
- არა მგონია, ახლა ტრამპისთვის მთავარი შიდა აუდიტორია იყოს. წინ კიდევ ოთხი წელი აქვთ და ამას მერე მიხედავენ. კანადასთან ტარიფები სხვა თემაა, უშუალოდ ეხებათ და ბევრს აინტერესებს. ამერიკელებისთვის უკრაინა არ არის ისეთი აქტუალური. რუკაზე უკრაინის პოვნა, ალბათ, სამი წლის წინ ისწავლეს, ომი რომ დაიწყო.
- ევროპის პოლიტიკა რამდენად შეიცვლება ამ ყველაფრის გათვალისწინებით?
- ან შეიცვლება, ან არა, მარტივი მიზეზის გამო. პირველი - ტრამპი ამბობს, მე აღარ დაგიცავთ, კარგად იყავითო, მაგრამ ევროპაში ბევრი თვლის, რომ არავის დაცვა არ სჭირდება. მაგალითად, ესპანეთი ან პორტუგალია ტრამპმა ვისგან უნდა დაიცვას? რუსეთისგან გიცავო, ამ მიზეზზე მოკვდებიან სიცილით. პუტინი სულ რომ გაგიჟდეს და ევროპაზე შეტევა დაიწყოს, ან ჩააღწევს გერმანიამდე და ან არა, მაქსიმუმ, პოლონეთში გაიჭედება; მეორე - ჩინეთი ხომ არ დაესხმება ევროპას თავს? ამიტომ ეს საკითხი გამორიცხულია. ევროპა არ არის შეთანხმებული იმ საკითხზე, რომ დაიცვას თავი გარე მტრისგან და ამისთვის დახარჯოს ბევრი ფული და ა.შ. დავუშვათ, ევროპის ის ნაწილი, რომელსაც მართლა ეშინია რუსეთის, შეთანხმდა, ამერიკა მიგვატოვებს და ჩვენ უნდა დავიცვათ თავიო. ეს ნიშნავს, რომ თუ ხარჯავდნენ შეიარაღებაზე მშპ-ს მაქსიმუმ 2%-ს, ახლა უნდა დახარჯონ 5%. ეს 5% კი შესაძლოა ბევრს 2%-ისგან დიდ განსხვავებად არ წარმოუდგენია, სინამდვილეში კი დიდი განსხვავებაა, მილიარდები უნდა წავიდეს განათლებიდან, ჯანდაცვიდან, პენსიებიდან, თავდაცვაზე. ევროპა რომ სამოთხეა და ჩვენც მოგვწონს, აღარ იქნება ისეთი სამოთხე, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
ანუ ორი პრობლემაა - ერთიანობა არ არსებობს რუსეთის გარე საფრთხესთან მიმართებაში და მეორე, არ იქნება ასე მარტივი, გამოხვიდე ამ სამოთხიდან და უცბად ნაწილობრივ მაინც გადაეწყო სამხედრო ეკონომიკაზე.
- საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები ჩავლენ ამ კვირაში ვაშინგტონში. რა შეიძლება ამ ვიზიტმა მოიტანოს, შეძლებენ ტრამპის დარწმუნებას?
- ტრამპის დარწმუნება რამდენად მარტივია, ყველამ კარგად ვიცით.
- არა აქვთ რაიმე ბერკეტი მის დასარწმუნებლად?
- რა ბერკეტები უნდა ჰქონდეთ? ევროპა ერთ მშვენიერ დღეს თუ გადაწყვეტს, რომ უნდა იყოს სტრატეგიულად ავტონომიური, უნდა შეთანხმდნენ, რომ საგარეო საფრთხეები ელით, მაგრამ ამაზე ვერ თანხმდებიან, სიტყვაზე, იტალიას რუსეთის არ ეშინია და გამოდის, ვერ თანხმდებიან. თუ მაინც შეთანხმდებიან, რომ გარე საფრთხე არსებობს, მაშინ უნდა დაიწყონ მეტი ფულის ხარჯვა სამხედრო გაძლიერებისთვის, რათა დაიცვან თავი ამერიკის გარეშე. ეს ორი სერიოზული პრობლემაა. რომ მოინდომოს, ცხადია, ევროპა თავს ყველასგან მარტივად დაიცავს, მათ შორის, რუსეთისგანაც, მაგრამ ჯერ ამის ნება არ ჩანს იმის გამოც, რომ ვიღაცებისთვის რუსეთი საფრთხე არ არის. იტალიელი თუ ესპანელი გადასახადის გადამხდელი იტყვის, პოლონელს თუ ეშინია, მე რა შუაში ვარ, მე რატომ უნდა გადავიხადო მეტი, მოვაკლო ჩემი შვილების ჯანდაცვას და განათლებას, რათა პოლონელი დავიცვაო. ეს სერიოზული პრობლემაა. ეს განსხვავება, პირობითად, ესპანელსა და პოლონელს შორის აქამდე არ იგრძნობოდა იმის გამო, რომ ამერიკა ორივეს იცავდა. ამიტომ დარჩა მესამე გზა, რომ გაურიგდეს რუსეთს. პირობითად, თუ რუსეთი მოითხოვს ბალტიისპირეთს, მისცენ და უთხრან, შენ შენთვის, მე ჩემთვისო, ეს კი ახლა გამორიცხულია, მით უმეტეს, უკრაინის ომის ფონზე, რადგან ეს მორალურად ძალიან მიუღებელია. ამიტომაც ევროპას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
- ნატოს რა ბედი ელის? თუ ამერიკა არ მისცემს უფლებას, რომ რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, მაშინ?
- ნატოს სახელმწიფოზე თავდასხმა რუსეთისთვის წითელ ხაზად რჩება. კი არის ისტერიკა, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ შეუტევს ევროპას, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, გამორიცხულია. მეხუთე მუხლი ჯერ ფორმალურად მაინც მუშაობს. რუსები მართლა გიჟები კი არ არიან. ტრამპი მართლა სულელი უნდა იყოს, რომ ეს ბერკეტი თავისი ხელით ჩახსნას.
- ტრამპის ამ პოლიტიკაზე ჰქონდა "ოცნებას" ყველაფერი აგებული და გამოდის, რომ ახლა დამატებითი ბერკეტები ეძლევათ. ეს როგორ ცვლის საქართველოში მოცემულობას?
- სამი წლის წინ "ოცნებაში" გადაწყვიტეს, რომ ომს რუსეთი მოიგებდა და ამიტომაც არ იყო საჭირო უკრაინის დასახმარებლად ნაბიჯების გადადგმა. შარშან კი "ოცნებამ" ფსონი ტრამპზე დადო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერში ოპოზიციის ბრალი ის არის, რომ სულ გარედან სანქციების იმედად არიან და საკუთარი თავისთვის კითხვა არ დაუსვამთ, სანქციები თუ არ მოვა, რას ვშვრებითო, მით უმეტეს, არაადეკვატური იყო სანქციების მოლოდინი ევროკავშირისგან და ამაში დიდი როლი ითამაშა სალომე ზურაბიშვილმაც. ჩათვალეს, ტრამპს რომ დაელაპარაკება, ყველაფერი მოგვარდებაო, მაგრამ ასე მარტივად არ არის, ხომ?
- აქ მნიშვნელოვანია ის, სრულად რუსეთის გავლენაში მოვექცევით თუ არა...
- ივანიშვილს ურჩევნია, საქართველო იყოს მის გავლენაში და ჩემი აზრით, სულაც არ აწყობს, რუსეთს მიუგდოს და ა.შ. თუ ტრამპი არ დაადებს სანქციებს, "ოცნება" ჩვეულებრივად გამოძვრება ამ სიტუაციიდან. ოპოზიციამ რაღაც უნდა მოიფიქროს, მუდმივად იმის იმედზე არ იყოს, რომ სანქციები იქნება. ამ მოლოდინით მოსახლეობასაც ღლიან. რაც დრო გავა, კიდევ დამატებით იმედგაცრუებას ხომ გამოიწვევს? ძალიან ბევრს დადიან უცხოეთში, ჩემზე მეტ ადამიანს ხვდებიან და ხომ უნდა იცოდნენ რეალური სიტუაცია? როდესაც შეხვედრები აქვთ, ვერ გამოაქვთ დასკვნები, თუ რეალური სურათი რა არის და რას უნდა ელოდონ? კაცმა არ იცის, რას აპირებენ, დაკარგეს დაფინანსება და რა მიიღეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და დაფინანსების გარეშე რას იზამენ? არადა, თბილისი რომ მოეგოთ, რისი დიდი შანსიც იყო, ცვლილებები დაიწყებოდა. თბილისის მოგება რეალურად გარანტირებული ჰქონდათ მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" თბილისში წააგო და ახლა რა იქნება, კაცმა არ იცის.
რუსა მაჩაიძე