გასულ კვირას საქართველოშიც და მსოფლიოშიც ყველა მეტ-ნაკლებად პოლიტიკასთან შემხებლობის მქონე პირი ტრამპის განცხადებების გარჩევით იყო დაკავებული. თუმცა ქართული შიდაპოლიტიკური კრიზისი არსად წასულა. აქციები გრძელდება, დაიწყო მუშაობა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ, მმართველ გუნდს სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლის აღდგენა სურს, ოპოზიცია ვერ ეშვება გაერთიანების იდეას და ა.შ. თუმცა, სანამ ზემოხსენებულ თემებზე გადავალთ, მანამდე პატარა გადახვევას გავაკეთებთ. არის ასეთი ქალბატონი - ლორა თორნტონი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში NDI-ს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, დღეს კი მაკკეინის ინსტიტუტში მუშაობს. ის ბოლო პერიოდში რჩევებს აძლევს საქართველოში აქციის მონაწილეებს და უცნაურ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, ორიოდე თვის წინ ქართველ ფერმერებს მოუწოდა, სახელმწიფო დაწესებულებების წინ ნაკელი დაეყარათ, რამდენიმე დღის წინ კი ლარა თორნტონმა განაცხადა: "მოძრაობის გადასვლა ღამის პროტესტიდან მთელი დღის განმავლობაში საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე, რაც გულისხმობს ნაგვის არგატანას, ბანკის მოლარეების სამსახურში არმისვლას, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენას - ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას "ქართულ ოცნებაზე". საბოლოოდ, ეს ხშირად რიცხვების თამაშია - მასობრივი ზეწოლა, რომელიც სძლევს და, ბოლოს და ბოლოს, არცხვენს ხელისუფლებას". გასაგებია, რომ აზრის გამოთქმის უფლ­ება­ ყველას აქვს, თუმცა ასეთი განცხადებები ახდენს პროტესტის დისკრედიტაციასაც­ და მაკკეინის ინსტიტუტის იმიჯის შელახვასაც. ამიტომ, თუ თორნტონს ქართველი მეგობრები ჰყავს, ურჩიონ, გაჩუმდეს! რაც შეეხება ეკონომიკის პარალიზებას­, მხოლოდ თორნტონში არ არის საქმე.­ ბოლო პერიოდში ზოგიერთი ექსპერტისა­ თუ აქტივისტის (პოლიტიკოსები მაინც თავს იკავებენ) ნააზრევში გამოსჭვივის, რომ თურმე ეკონომიკური კრიზისია მმართველი­ გუნდის დამარცხების ლამის ერთადერთი საშუალება. არადა, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ კრიზისზე, მისი განმუხტვა რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ გვინდა, რომ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ერთად, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს ეკონომი­კური კოლაფსი. თუ ეკონომიკა თავზე დაგვენგრა და ლარის კურსი გაფრინდა, მერე არჩევნები გინდა ჩაატარე, გინდ არა. ასე რომ, ვინც ეკონომიკურ კრიზისზე ოცნებობს, ის უნებლიეთ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ გაღარიბებასა და 90-იანების აჩრდილზე ოცნებობს. პროტესტი და ოპოზიცია საქართველოში პროტესტი გრძელდება­ - მართალია, არა ისე მასშტაბურად, როგორც გასულ თვეებში, თუმცა სულაც არ არის განცდა, რომ ამით პოლიტიკური კრიზისი შენელდა ან შერბილდა. პარალელურად, ხელისუფლებამ და პროტესტმა გარკვეული თანაცხოვრება ისწავლეს. ის შედეგი არ დადგა, რაც პროტესტის მონაწილეებს სურთ - ახალი არჩევნები. არც ის შედეგი, რისკენაც ხელისუფლება მიისწრაფვის - პროტესტის გაქრობა. შესაბამისად, სხვადასხვა ეთერში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი. ერთ-ერთ გზად ზემოხსენებული საზოგადოების ნაწილს ოპოზიციის გაერთიანება და მისი პროტესტში რეინტეგრაცია წარმოუდგენია. დავიწყოთ ოპოზიციის გაერთიანების იდეით. საქართველოში არის ოთხი ძირითადი ოპოზიციური ძალა: "ნაცმოძრაობა",­ გვარამია-მელია-ზურა"გირჩი"-ხოშტარიას კოალიცია, მამუკა ხაზარაძის კოალიცია და გახარიას პარტია. ვინ ეთანხმება ოპოზიციის გაერთიანების იდეას? ვმსჯელობთ მხოლოდ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, თორემ გულში რას ფიქრობენ, არ ვიცით. მამუკა ხაზარაძეს აქვს "სახალხო პარლამენტის" იდეა, რომელიც ოპოზიციის ერთიანობის­ პლატფორმად­ წარმოუდგენია. თუმცა კონ­კრეტულად რა უნდა აკეთოს ამ "სახა­ლხო პარლამენტმა", ბუნდოვანია - ასე ოპოზიციონერებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეიკრიბონ, ხელს არავინ უშლით. გიორგი ვაშაძესაც აქვს გაერთიანების იდეა, თუმცა­ გაუგებარია, მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით საუბრობს თუ "ნაცმო­ძრაობისაც", რომელთანაც კოალიცია აქვს. "ნაცმოძრაობას" ის პრობლემა აქვს, რომ თუ სადმე ერთიანობაზე იქნება საუბარი, იქ აუცილებლად "ჩაეკვეხება" სააკაშვილის­ ფაქტორი. ზურა "გირჩი" ჯაფარიძეც უკვე მერამდენედ ალაპარაკდა ერთიანობაზე და დაახლოებით ასეთი რამ თქვა, თუ არ გავერთიანდებით, დავიღუპებითო. გახარიას პოზიცია ცნობილია - არანაირი ერთიანობა. კარგი, ვთქვათ, მოხდა სასწაული და ეს ოთხივე ოპოზიციური პარტია გაერთიანდა.­ რაც შეეხება ოპოზიციის პროტესტში რეინტეგრაციას. ეს რას ნიშნავს? აქციის მონაწილეებმა პოლიტიკოსებს უნდა დაუჯე­რონ და მათ უნდა დაგეგმონ პროტესტის­ ლოკაციები და ფორმები? და ეს რას მოიტანს, თუ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ არის მოლაპარაკებების სივრცე,­ როდესაც ერთი მხარე მეორეს უყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და მის ზურგს უკან დგას პროტესტი?! თორემ სხვა მხრივ, კი ბატონო, დაგეგმონ პოლიტიკოსებმა აქციები, ამით რა შეიცვლება? სხვათა შორის, ოპოზიციას აქვს გარკ­ვეული კოორდინაცია და აცხადებს, რომ ახალ საარჩევნო სისტემაზე მუშაობენ. იმასაც­ ამბობენ, რომ ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, მაინც დანიშნავს ახალ არჩევნებს. რას გეგმავს ხელისუფლება?! საქართველოში პოლიტიკური კრიზისი­ შეიძლება განიმუხტოს ორი გზით: 1) ხელისუფლება ნიშნავს ახალ არჩევნებს; 2) პროტესტი მიილევა და გაქრება. თუ ხელისუფლება დანიშნავს ახალ არჩევნებს, მაშინ უნდა იყოს უპრეცედენტო შიდა ან გარე ზეწოლა. ჯერ არც ერთი არ ჩანს და ამ არეულ სამყაროში შეიძლება არც გამოჩნდეს. აგერ ტრამპი კანადას უკვე 51-ე შტატს უწოდებს, ზელენსკის - დიქტატორს, პუტინს კი ლამის მშვიდობის მტრედს. ევროპა­ შოკშია და ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ქნას. ამ ფონზე "ქართული კრიზისი" მერამდენეხარისხოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, არავინ იცის. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლოა, "ოცნება" მართლაც ემზადებოდეს არჩევნებისთვის და სწორედ ამას ემსახურება საგამოძიებო კომისია, "სამშობლოს ღალატის" მუხლის აღდგენა, ახალი კანონების შემოტანა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ახალი მოთხოვნა იყო. ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, სავარაუდოდ, სასურველის რეალობად გასაღებას ცდილობს და ამტკიცებს, თითქოს "ოცნებას" შიდა მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ გააჩნია. არა, "ოცნებას" ჰყავს მომხრეები და არცთუ ისე ცოტა. შესაბამისად, არ გამოვრიცხოთ, რომ გარკვეული­ პირობების შემთხვევაში, თუ იქნება დარწმუნებული თავის ძალაში, "ოცნება" წავიდეს ახალ არჩევნებზე იმ მიზნით, რომ მოიგოს და ყველაფერს წერტილი დაუსვას. რაც შეეხება პროტესტს. დღევანდელ ინტენსივობას თუ შევადარებთ თუნდაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ამბებს, რა თქმა უნდა, კლება თვალში საცემია. ეს არც არის გასაკვირი. მეოთხე თვეა გრძელდება აქციები. მოქალაქეები ვერ გავლენ ყოველდღე ქუჩაში - ელემენტარულად, ყველას აქვს საყოფაცხოვრებო პრობლემები. მეორეც, იმედგაცრუება იმის გამო, რომ თუნდაც ოთხთვიანმა პროტესტმა ნაყოფი არ გამოიღო, აშკარაა. სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 თვეში პროტესტის ინტენსივობა­ კიდევ უფრო დაიკლებს, თუ რამე გაუთვალისწინებელი და ექსტრაორდინარული არ მოხდა. შესაბამისად, რაღაც ახალი პოლიტიკური მიმართულება ნამდვილად არის მოსაძებნი. რატომ გაუბრაზდნენ ირაკლი ალასანიას გასულ კვირას ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური დუმილი დაარღვია - რადიო "თავისუფლების" პოდკასტში გამოჩნდა. მან ბევრ საკითხზე ისაუბრა თავის გაწონასწორებულ სტილში. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ალასანიამ ოპოზიციას ურჩია, მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. და ატყდა ამბავი - ლამის ხელისუფლების მოგზავნილი უწოდეს ალასანიას. არადა, მეორე მხრივ, თუ პროტესტი მინავლდა, ოპოზიცია პოლიტიკაში დარჩენას როგორ აპირებს?! რას აპირებს?! არჩევნები პარტიების გენერატორია და თუ მის მიღმა დარჩები, პოლიტორგანიზაცია დაგეშლება. თქვენი მონა-მორჩილი რომ ოპოზიციონერი იყოს, აუცილებლად ექნებოდა გეგმა ბე და ეს იქნებოდა ადგილობრივი­ თვითმმართველობის არჩევნები. თუ ოპო­ზი­ციონერები დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა­ დღევანდელი ხელისუფლებით, მაშინ ეს არჩევნები მათთვის კიდევ ერთი შანსია. მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომ ვიყო, ასე ვიფიქრებდი - თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნებში თუ გავიმარჯვებ, ეს ცენტრალური ხელისუფლებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. კანდიდატი? მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი. აი, მაშინ უკვე აზრი ექნებოდა ერთიანი მერობის კანდიდატის გარშემო გაერთიანებას­. ვნახოთ, შესაძლოა ზოგიერთი ამ სცენარზეც ფიქრობს. საგამოძიებო კომისია გასულ კვირას მუშაობა დაიწყო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ და ყველაფრის გამოძიებას აპირებენ - დაწყებული 2004 წლის არჩევნებით და აგვისტოს ომით დამთავრებული. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, რაც არ უნდა იძახოს ზოგიერთმა, "რაღა დროს 9 წელზე" ლაპარაკიაო, ამით სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებს ვერ გაამართლებენ, მით უმეტეს, ბევრი ამბავი, მათ შორის აგვისტოს ომის ზოგიერთი საკვანძო­ დეტალი, რამაც საქართველოს მარცხი გამოიწვია, ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. ასევე, ქართული პოლიტიკა რომ მთლად ჯანსაღი არ არის, სწორედ იმის ბრალია, რომ "ნაცმოძრაობას" თავის ლიდერ­შიფიანად არ უღიარებია დანაშაული, არც ბოდიში მოუხდია და მეტიც - ზოგიერთი მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები დღესაც ცდილობს მიეტმასნოს პროტესტს და ისე საუბრობს ადამიანის უფლებებზე, დედა ტერეზა გეგონება. თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად დროული იყო ახლა ამ კომისიის შექმნა?! ხომ არ იქნება ის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული?! თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ეს კომისია 2013-2014 წლებში უნდა შექმნილიყო და დღეს ბევრი პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა. ერთ საკითხზეც იქნებოდა კარგი პასუხის მიღება - როგორ მოხდა, რომ 2015 წლამდე ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან ამოიღეს ადეიშვილი, კეზერაშვილი, რატომ ვერ მოხერხდა საბერძნეთში დაკავებული დათა ახალაიას საქართველოში ექსტრა­დიცია და ა.შ. მაშინ არაოფიციალურად ეს პროკურატურის უნიათობას დაჰბრალდა - მართლაც ასე იყო თუ... რაღაც გარიგებას ჰქონდა ადგილი?! გიორგი კვიტაშვილი