„გამორიცხულია „დაპადიეზდებებით“ პროტესტი ჩაცხრეს“
"ჯინი ბოთლიდან ამოსულია, ქუჩებში გამოსულ პროტესტს ვეღარაფერი შეაკავებს, მათ შორის, ვერც ადმინისტრაციული ზომების მიღებით", - ამბობს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი. რა განვრცობას პოვებს პროტესტი და როდის შეიცვლის კონტურებს, ამის გარკვევას ანალიტიკოსთან ერთად შევეცდებით.
- ხელისუფლებას მინიმალური შანსიც კი არა აქვს, რომ პროტესტი ადმინისტრაციული ჯარიმებით მოიგერიოს. მრჩება განცდა, რომ ასეთი მეთოდით პოლიციელებზე გაწეული ხარჯების პროტესტანტებისგან ამოღებას ცდილობენ. ჯარიმებით პროტესტის მოგერიება რუსეთში აპრობირებული მეთოდია. თუმცა იქ პროტესტი მოსახლეობის 0,1-საც კი არასდროს მოიცავდა. მასობრივი პროტესტის ჯარიმებით მოგერიება მსოფლიო ისტორიამ არ იცის.
- ის, რაც ახლა ხდება თბილისის ქუჩებში, უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება?
- რუსულ სისტემას პროტესტის მოგერიების ესკალაციური სკალა აქვს. ე.ი. თუ მოქმედებენ რუსული მეთოდოლოგიით, მაშასადამე, წინდაწინ არის შესაძლებელი შემდგომი ნაბიჯების გათვლა...
- ამ მოლოდინში ისედაც დაძაბული ვითარება იმ ზღვრამდე ხომ არ მივა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ?
- ჩემი აზრით, აქტივისტებმა იმთავითვე იცოდნენ, რომ პროტესტი არა მხოლოდ მასობრივი, არამედ ხანგრძლივიც იქნებოდა. ივანიშვილი სანამ არ დაინახავს, რომ ამერიკელები რუსეთს არ უთმობენ საქართველოს და ევროპელებთან ერთად ამერიკელების მოგერიებაც მოუწევს, დათმობაზე არ წავა. ბატონმა ბიძინამ მსოფლიოში არსებული ძალთა თანაფარდობა ძალიან კარგად იცის და ხვდება, რომ ამერიკელების ლეგიტიმაციის გარეშე პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იარსებებს, უბრალოდ, მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ საქართველოს როლი ამერიკულ და ანგლოსაქსურ სისტემაში ჩაეწერება რუსეთის გავლით. ისე კი მგონია, რომ დათმობების ნუსხა მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს. უსასრულოდ შეიძლება მიტინგი გაგრძელდეს, მაგრამ რეპრესიებს ლიმიტირებული რესურსი აქვს. ამას სჭირდება როგორც შიდაინსტიტუციური მხარდაჭერა, ასევე საგარეოც - წაყრუება. ასე რომ, პრობლემა დღეს ბიძინა ივანიშვილს უფრო აქვს, ვიდრე აქტივისტებს.
- ემზადება თუ არა ოპოზიცია იმ მომენტისთვის, როდესაც ივანიშვილი მიხვდება, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთს არ უთმობს, რაც, ალბათ, ვადამდელი არჩევნების ჩატარებით გამოიხატება?
- პირდაპირ გეტყვით - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან არაფერს ველოდები, ისინიც ივანიშვილივით რუსულ-ამერიკული "სდელკის" შედგენა-არშედგენას ელიან, მანამდე კი არაფრისმთქმელი სვლებით ცდილობენ დროის გაყვანას.
- მაშინ რა აზრი აქვს არჩევნებს, თუ ოპოზიცია სტრატეგიას არ შეცვლის და დაკარგული ნდობის აღდგენაზე არ იზრუნებს?
- სწორად შენიშნეთ - ხალხი ოპოზიციას არ ენდობა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი და ხელისუფლების ფარული ალიანსის შესახებ მთელმა თბილისმა გაიგო და, სხვათა შორის, არა მარტო თბილისმა. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ზედნაშენმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია, ისევე, როგორც ხელისუფლებამ. ეგეც არ იყოს, ერთი არჩევნებით პოლიტიკურ კრიზისს ვერ გადავლახავთ. საქართველო შევა ტურბულენტური, მაგრამ განახლებების ციკლში. პირველი დათმობა, რაც ივანიშვილს მოუწევს და რასაც საზოგადოება პოზიტიურად შეხვდება, არის რეალური საარჩევნო სიის გამომზეურება - რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. სამი მილიონ ექვსასი ათას კაცში სამი მილიონ ოთხასი ათასი ამომრჩეველი რომ ვერ იქნება, ძალიან მარტივად მისახვედრია. ძალიან მიკვირს, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია არ ლაპარაკობს, რადგან, მგონი, მათაც იხეირეს ამომრჩეველთა სიის გაბერვით. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ არ იღებენ ხმას. რა გამოდის, საქართველოში მოზარდი და ბავშვი აღარ არსებობს? 30%-ზე ნაკლები მოზარდი არც ერთ ქვეყანაში არ არის - ეს ოქროს სტანდარტია. საქართველოში, სადაც 700 000 თუ 800 000 ოჯახია, 30%-ზე ნაკლები მოზარდი როგორ არის? 10 ოჯახიდან მხოლოდ ერთს ჰყავს შვილი? ეს ხომ აბსურდია, ისევე როგორც ის, რომ ამ ამბავს ოპოზიცია არ აპროტესტებს... სხვათა შორის, ივანიშვილი ძალიან დიდ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ თანხმდება. შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" პოზიტიური შედეგის ათჯერ ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ახლა რომ ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ნეგატიურ შედეგებს რეგიონების პოზიტიური შედეგებით გადაფარავდა. არადა, თბილისში არჩევნების წაგება "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური დინამიტი იქნება.
- მაგრამ ვინ უნდა მოიგოს არჩევნები, თუ ხალხი არც ხელისუფლებას ენდობა და არც ოპოზიციას, ან დასავლელმა ლიდერებმა ვისთან უნდა ითანამშრომლონ?
- ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არავინ არის მხარდაჭერილი. როგორ ჩამოყალიბდება პოლიტიკური კონსტრუქცია, ჯერ არ ვიცი.
ვიცი, ვინ არის ზურაბიშვილის ლობისტების ჯგუფში და იმასაც გეტყვით, რომ მას ემანუელ მაკრონი ხელმძღვანელობს. თუ მაკრონმა გერმანიის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეძლო საქართველოს საკითხზე, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროპელების პოლიტიკური ზეწოლის მოგერიება ივანიშვილისთვის შეუძლებელი იქნება. სხვათა შორის, მაკრონმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო შოლცის გააქტიურება და საფრანგეთის ზეწოლა ქართულ პოლიტიკაზე საერთოევროპულში ვერ გარდასახა. სოციალ-დემოკრატები შოლცის მეთაურობით საქართველოს ქეისთან დაკავშირებით ძალიან ინერტული იყვნენ, საფრანგეთი კი გერმანიის გარეშე საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ სვლებს, როგორც წესი, არ აკეთებს. ახლა ინტრიგა იმაშია, თუ როგორი იქნება ქრისტიან-დემოკრატების დამოკიდებულება მაკრონის ქართული გეგმის მიმართ. ჩემი ინფორმაციით, მისი შინაარსი "ქართული ოცნების" ლიდერებმაც იციან. შინაარსზე საუბარს მოვერიდები, რადგან არჩევნებამდე ორიოდე დღე დარჩა. როგორც კი ჩამოყალიბდება გერმანული ხელისუფლება, დაახლოებით ერთ თვეში შედგება ამერიკულ-ფრანგულ-გერმანული კომუნიკაცია საქართველოს საკითხზე. მაკრონს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ ელოდება გერმანიის ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებას, რათა ამერიკელებს საქართველოს საკითხზე მოელაპარაკოს. ამერიკულ-ევროპულ კონსულტაციებს მოჰყვება დასავლურ-რუსული კომუნიკაცია და სულაც არ იქნება ისეთი, როგორსაც ივანიშვილი ელოდება.
- როგორი იქნება ეს რეალობა?
- საქართველოს პოლიტიკურ როლს ამერიკა განსაზღვრავს, აქედან გამომდინარე, რუსეთი საქართველოს საკითხზე მხოლოდ ამერიკელებს გაუწევს ანგარიშს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ვინ წყვეტს საქართველოს ბედს ამერიკის ადმინისტრაციაში.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პოსტსაბჭოთა სივრცე უშიშროების საბჭოს მდივან ჯეიკ სალივანს ჰქონდა მინდობილი, დღეს ჩაბარებული აქვს ყოფილ სენატორ მარკო რუბიოს. ის რესპუბლიკელი სენატორების იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა. ამ და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით გამოვრიცხავ, რომ ამერიკამ საქართველო რუსეთს დაუთმოს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი იმედგაცრუებულია 20 იანვრის გამო, ისე თამამი ვეღარ არის რეპრესიებში. იმის შესახებაც მაქვს ინფორმაცია, რომ სცადა ოპოზიციაში ჩანერგილი ხალხის მიგზავნა დასავლელ პოლიტიკოსებთან, მაგრამ არავინ გაიკარა.
ვის უნდა დააჯერონ, რომ ჩხარტიშვილის დასანქცირებას მისი სიძე გიორგი ვაშაძე გულწრფელად ითხოვს, ან ის ვის სჯერა, რომ გვარამია, რომელსაც ივანიშვილის ოლიგარქმა ოქრიაშვილმა 4 თუ 5 მილიონი მისცა ხელფასის სახით, ივანიშვილის პოლიტიკური დავალებების გარეშე მოქმედებს?
- ოქრიაშვილმა ხომ ახლახან მთავარ არხს დაფინანსება შეუწყვიტა?
- იცით, რატომ? გვარამიას მორიგი საგარეო ვოიაჟის დროს წამოაძახეს, როგორი ოპოზიცია ხარ, ივანიშვილის ოლიგარქი გაფინანსებსო. სხვათა შორის, ეს ევროპარლამენტის კედლებში მოხდა. ახლა მეტყვით, გვარამია ციხეშიც ხომ იჯდაო, ეს მისი პოლიტიკური იმიჯისთვის გაკეთდა, იმიტომაც იჯდა ხუთვარსკვლავიან საკანში.
ხათუნა ბახტურიძე