პოლიტიკური ბულიმია სჭირს "ქართულ ოცნებას", ყველაფერს ჭამს, მისი ამოცანაა ძალაუფლების აბსოლუტიზაცია", - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი­ და განმარტავს, რაზეა წამსვლელი "ქართული­ ოცნება", - "სადამდეც­ საზოგადოება მიუშვებს, ბოლომდე ივლის. შემაკავებელი ფაქტორები იმისთვისაა საჭირო, რომ საბოლოოდ ხელისუფლებას აღიარებინო, რომ პოლიტიკური ბულიმია დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება და იძულებით უნდა უმკურნალო, თუ თვითონ­ არაა თანახმა". პოლიტიკურ ბულიმიაზე, კრიმინალებად ქცეულ პოლიციასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი ინტერვიუში ვრცლად საუბრობს. - "ქართული ოცნების" ლიდერები­ მტრებად მიიჩნევენ ყველას, ვინც მათი ამომრჩეველი არ არის, და ისე ექცევიან,­ როგორც მტერს. უკვე აღარაფერს ერიდებ­იან, დაწყებული მუქარით თუ შანტაჟით, გაგრძელებული ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. ასე იქცევა მხოლოდ უზურპატორი ხელისუფალი­. ძალის დემონსტრირებას იმიტომ მიმართავენ, რომ ჰგონიათ, თუ სისუსტეს გამოავლენენ, მცირეს მაინც დათმობენ, ეს მათთვის მთავარ საფრთხედ იქცევა. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება უძლეველობის მითზე დგას. ამიტომ არა აქვთ კომფორტი იმისა, რომ ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი "გაწირონ". ერთი პოლიციელიც კი არ დაუჭერიათ, არადა, მათთვის ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მათ აქვთ განცდა, რომ სისტემა ერთობლივ დანაშაულზე დგას. ეშინიათ, თავისიანის გაწირვით ყველაფერი თავზე არ ჩამოეშალოთ. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ომში ვართ! ქართველ ხალხს საკუთარმა ხელისუფლებამ ომი გამოგვიცხადა. ეს ომი ცალკეული ბრძოლებისგან შედგება და ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესი და ასევე­, იმაზეც, თუ რამდენად მტკიცე და გამძლე იქნება ქართველი ხალხი. ეს არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. ამიტომ ახლა ძალიან ძნელია თქმა, რა იქნება ყოველივე ამის შედეგი. - დადგა თუ არა დრო, რომ ქუჩაში გამოსული პროტესტი, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკურ ჩარჩოებში მოექცეს? - სტიქიაა ის, რასაც ახლა ვხედავთ, ხალხი ბუნებრივად, თვითდინებით გამოდის ქუჩაში, მაგრამ ნებისმიერ პროცესს სჭირდება პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ყველაფერს წინ გაუძღვება. ჩვენი პარტიული ოპოზიცია ლიდერობას ვერ "ქაჩავს", ხალხი არ ენდობა და არ აღიარებს. არც პოლიტიკოსები აკეთებენ რამეს იმისათვის, რომ ხალხის ნდობა აღიდგინონ და პროცესს სათავეში ჩაუდგნენ. - რა უნდა გააკეთონ ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნონ? - ამისთვის საჭიროა შეცდომების აღიარება და სტრატეგიის მოფიქრება, თუ როგორ აღმოჩნდნენ ფრონტის წინა ხაზზე­. მხედართმთავრის გარეშე ომი მოგე­ბული ვის უნახავს? შესაბამისად, პროცესის სტრუქტურიზება და მასში პოლიტიკის ინტეგრირება აუცილებელია. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს ოპოზიციური­ პარტიული ელიტა საერთოდ არაფერს აკეთებს, რაღაცას ფაფხურობენ, მაგრამ მთავარ გასაკეთებელს არ აკეთებენ. დღეს ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ მრავალელემენტიან (ვგულისხმობ სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს) მოძრაობას თავი მოუყაროს, სალომე ზურაბიშვილია.­ სწორედ­ მის ირგვლივ უნდა დაიწყოს რაღაც­ ტიპის პროცესი, რათა კოორდინაცია შედგეს. მე ერთიანი პარტიის შექმნას­ არ ვგულისხმობ, ბოლოს და ბოლოს, ერთი საკონსულტაციო მაგიდის გაკეთებაც შეიძლება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი­ გახდება რესურსების შესაბამისად გამოყენება და მიზნების დასახვა, თავისი ვადებით და ა.შ. შეიძლება ეს იდეალური ვარიანტი არ არის, მაგრამ სხვა შესაძლებლობას ვერ ვხედავ. - სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მას ჰქონდა დაგეგმილი რაღაც ტიპის ერთობის შექმნა, მაგრამ საამისო მზაობა ოპოზიციონერ ლიდერებს არ აღმოაჩნდათ. - მე ოპოზიციურ ერთობას არ ვგულისხმობ, ამას აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ ჯამურადაც კი არა აქვთ საზოგადოების ნდობა. მე ვსაუბრობ საზოგადოების გაერთიანებაზე, სოციალური და პროფესიული ჯგუფების გამოკვეთაზე - ისინი უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესებში. ზუსტად იმიტომ, რომ პროფესიული წრეები მათ ენდობიან და არა ოპოზიციის ლიდერებს. კი, ოპოზიციის კოორდინირებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა. - მექმნება განცდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს კონკურენციის ეშინიათ და ახალი ლიდერების გაჩენას ხელს უშლიან. - კონკურენციის შიში ნამდვილად არის. არადა, ძალიან დიდი მოთხოვნაა ახალ ძალებზე, რომლებიც წინ გაუძღვებიან პროცესს. ვფიქრობ, ასეთი ძალების გამოჩენას ზურაბიშვილმა უნდა შეუწყოს ხელი. მე არ ვიცი, ეს რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ პროცესი უნდა დაიწყოს. - პროცესს დროდადრო სააკაშვილის ფაქტორის გააქტიურებაც ხომ არ უშლის ხელს? მაგალითად, აქტივისტების ნაწილისთვის მიუღებელი იყო ევროსაბჭოს რეზოლუციის შინაარსის ის ნაწილი, სადაც სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებაზეა საუბარი. - კი, სააკაშვილის ფაქტორი პროტესტის განვითარების პერსპექტივას ფეხებში ებლანდება, მაგრამ ის უკვე აღარ არის მთავარი განმსაზღვრელი. - ვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკი­დებულია გარე ფაქტორებზეც. რა დასკვნების შესაძლებლობას გვაძლევს ტრამპის განცხადებები, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შოკში ჩააგდო? - თითქოს ტრამპმა წითელი ხაზი გადაკვეთა ოდიოზური და შემაშფოთებელი განცხადებებით. შეიძლება ითქვას, ეს წმინდა წყლის რუსული ნარატივი იყო, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს ტრამპი მოქმედებაში. თუ მისი მოქმედებები განცხადებების შესაბამისი იქნება, დიდი ალბათობით, საქმე იმპიჩმენტამდე მივა და "კოჭლი იხვი" გახდება, თუმცა ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ამერიკაში ერთი კაცი ვერასდროს ვერაფერს წყვეტს. ამ ქვეყანაში უამრავი შემაკავებელი, ინსტიტუციური თუ პოლიტიკური ბერკეტები არსებობს. ბოლოს და ბოლოს, ამერიკელებს ისიც კი შეუძლიათ, რომ პრეზიდენტი გაკოჭონ. მე არ ვფიქრობ, რომ რასაც ტრამპი ლაპარაკობს, ასეთივე იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკაც. ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადას თუ გავიხსენებთ, მაშინ მისი განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისივე­ გადაწყვეტილებებისგან. ამერიკელი ისთებლიშმენტი ჯერ კიდევ აკვირდება, რა მოხდება და მერე შესაბამისად იმოქმედებს­. სხვათა შორის, ტრამპს საკუთარ რესპუბლიკურ პარტიაშიც კი არა აქვს სრული მხარდაჭერა. ცნობილია, რომ რესპუბლიკელების დიდი ნაწილი აბსოლუტურად არ ეთანხმება ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებში. თუ ასე გააგრძელა,­ არ გამოვრიცხავ, რომ რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა კოორდინირებულად დაიწყონ მისი იმპიჩმენტის პროცესი. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტრამპის მოქმედება ქრონიკული დაავადების მკურნალობის ისეთ მეთოდს ჰგავდეს, როდესაც დაავადების პროვოცირება, უფრო გამწვავება ხდება იმისთვის, რომ მერე დარტყმითი მკურნალობით საბოლოოდ ამოძირკვოს. ამას გარდა, ტრამპის განცხადებებში კიდევ ერთი პოზიტივის დანახვა შეიძლება - ევროპა გამოფხიზლებას იწყებს და უნდა თუ არა, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაზე მოუწევს ზრუნვა. ევროპას ჯანსაღი და სწორი მიდგომები აქვს რუსეთ-უკრაინის ომისადმი. შესაბამისად, თუ პროცესში დიდი მოთამაშის სტატუსითა და ეკონომიკური პოტენციალით შემოვიდა და რეალურ მოქმედებებზე გადავიდა, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დემოკრატიის განვითარებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის წინაშე მხოლოდ უკრაინის კი არა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხიც დგას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრამპის პოლიტიკა და მისი რუსეთთან დამოკიდებულება. რაც შეეხება იმას, რომ "ქართული ოცნება" ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებულ შეფასებებს უწონებს, მათ შორის განცხადებას, რომ "უკრაინას ომი არ უნდა დაეწყო", "ქართული ოცნების" თვითაღიარებაა. გამოდის, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ უკრაინას თავი კი არ უნდა დაეცვა, რუსეთისთვის კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა და ყველაფერი მიეცა, რასაც რუსეთი ითხოვდა. ეს მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების მენტალურ სიმახინჯეზე - ისინი მზად არიან რუსეთს კაპიტულაცია გამო­უცხადონ. "ქართული ოცნების" ლიდერები თან სახელმწიფო ღალატზე საუბრობენ, სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლის დამატება უნდათ, თან ოცნებობენ, რომ ტრამპმა­ და პუტინმა სამყაროს გავლენის სფეროებად გადანაწილებაზე მოილაპარაკონ და საქართველო რუსეთში ინტეგრირდეს. საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედება სამშობლოს ღალატი არ არის?! მე არა ვარ წინააღმდეგი, რომ სისხლის სამართალში ღალატის მუხლი შეიტანონ, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ვერავის გასამართლებას ვერ მოასწრებს, ჩვენ კი მათ გასასამართლებლად ეს კანონი ნამდვილად გამოგვადგება. თან მინდა ვთხოვო, რაც შეიძლება მალე მიიღონ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონი, ჩვენ რომ დროის დაკარგვამ აღარ მოგვიწიოს ამ საქმისთვის. ხათუნა ბახტურიძე