მშვიდობა, რომელსაც შესაძლოა დიდი ომი მოჰყვეს?!
ევროპა შოკშია ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებების შემდეგ. მძიმე ხასიათზე არიან უკრაინელებიც და ამ გმირი ხალხის ყველა გულშემატკივარიც. ერთია ელ-რიადში გამართული შეხვედრა და მეორე - დონალდ ტრამპის განცხადებები. შეგახსენებთ, რომ ელ-რიადში გამართულ შეხვედრაზე რუსულ-ამერიკული მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ასევე, მოსკოვში აშშ-ის საელჩო და ვაშინგტონში რუსეთის საელჩო სრულფასოვნად იმუშავებენ. დაიგეგმა ტრამპ-პუტინის შეხვედრა, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიმართოს.
ამას მოჰყვა უკვე ტრამპის განცხადებები, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები კარგად მიდის და, ფაქტობრივად, უკრაინა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, ისაუბრა ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე და ივიშვიშა რუსებზე, რომ თურმე მათ ომის დასრულება სურთ, არ უნდათ კიევისა და სხვა ქალაქების დანგრევა, თორემ აქამდე დაანგრევდნენ და ა.შ.
სხვათა შორის, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში უკვე ტრენდად იქცა, რომ უკრაინაც დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. თითქოს ეს ამბები რაღაც შორეულ წარსულში მოხდა და არა სულ რამდენიმე წლის წინ. რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ჯარების თავმოყრა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში დაიწყო. გვახსოვს 2021 წლის დეკემბერში პუტინის ცნობილი ულტიმატუმი, რომელშიც ითხოვდა გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოში არ შესულიყო (ამ ულტიმატუმში საქართველოზეც იყო საუბარი) და ალიანსს რუსეთის საზღვრებთან ანუ აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა შეემცირებინა. თუმცა ამ ულტიმატუმის უკან იმალებოდა ის, რომ პუტინს ერთხელ და სამუდამოდ სურდა უკრაინის საკითხის გადაჭრა. ომი არ დაიწყებოდა, თუ უკრაინა ამ ულტიმატუმისთანავე კაპიტულაციას გამოაცხადებდა, რასაც მოჰყვებოდა კიევში პრორუსული რეჟიმის დასმა და აქედან გამომდინარე ყველა "სიკეთე". იყო ომის არიდების კიდევ ერთი გზა - დასავლეთის ქვეყნებს უნდა მოეხდინათ იმის დემონსტრირება, რომ სამხედრო ძალით ჩაერეოდნენ უკრაინის მხარეს, მაგრამ... ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდა. ასე რომ, ტრამპი ვის ადანაშაულებს, გაუგებარია.
შეუძლებელია ტრამპმა ეს არ იცოდეს. უბრალოდ, სავარაუდოდ, მშვიდობა უკრაინისთვის ისეთი მძიმე იქნება, რომ დონალდი წინასწარ "აპრავებს", უკრაინაც დამნაშავეაო. პარალელურად, რა თქმა უნდა, ბაიდენს ადანაშაულებს უუნარობაში.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი ის არის, რომ უკრაინული მხარე არ ჩართეს მოლაპარაკებებში. კი ბატონო, შესაძლებელია ერთობლივი ამერიკულ-რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების გამართვა ჯერ ადრეა, გასაგებია ისიც, რომ სავარაუდოდ, ზელენსკის საქმის კურსში აყენებენ (თუმცა ესეც საეჭვოა - ელ-რიადში გამართული შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა, არაფერი ვიცოდიო), მაგრამ ეშმაკი ფორმებსა და რიგითობაში იმალება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის ტაქტიკა ასეთია - შეუთანხმდეს პუტინს და შემდეგ აიძულოს ზელენსკი, რომ ამ შეთანხმებას დათანხმდეს.
იძულების ბერკეტები ტრამპს აქვს: ფინანსური და სამხედრო დახმარების შეწყვეტა.
შეუძლია თუ არა ევროპას ამერიკის ჩანაცვლება?!
ტრამპის ქმედებებს ევროპის ლიდერებმა საგანგებო სამიტის გამართვით უპასუხეს. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: ვთქვათ, ზელენსკი არ დათანხმდა ტრამპ-პუტინის შეთანხმებას, შეუძლია თუ არა ევროპას, რომ მხოლოდ თავისი ძალებით ისე დაეხმაროს უკრაინას, ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე კატასტროფულად არ აისახოს ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტა?!
საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ევროპას ჯერ ეს არ შეუძლია. კერძოდ, ათწლეულების განმავლობაში ბებერი კონტინენტის ლიდერები სამხედრო ხარჯებს უყურებდნენ როგორც მეორეხარისხოვან საკითხს. შესაბამისად, სამხედრო მრეწველობის თავიდან "დაქოქვას" რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება. კი ბატონო, შეიძლება უკრაინას მისცენ ფული, მაგრამ თუ იარაღს ვერ იყიდი... თან ამერიკა მხოლოდ იარაღი ხომ არ არის - ეს არის სადაზვერვო ინფორმაცია, დახმარება ლოგისტიკაში, წვრთნაში, დაგეგმვაში და ა.შ. ასე რომ, ამერიკის დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინა, სამწუხაროდ, განწირულია დამარცხებისთვის. თუმცა ევროპას შეუძლია მშვიდობის დამყარების შემთხვევაში დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, რათა დანგრეული ინფრასტრუქტურა აღდგეს და ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს. მეორე მხრივ, შეუძლიათ რუსეთისთვის სანქციები შეინარჩუნონ ან გაამკაცრონ კიდეც, თუ გაუძლებენ დასავლეთიდან ტრამპისა და აღმოსავლეთიდან პუტინის ზეწოლას. მთავარი კი ის არის, რომ იქნებ მოახერხოს ევროპამ და დაჩქარებული ტემპით უახლოეს წლებში მაინც შექმნას ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც ამერიკელების დახმარების გარეშე შეძლებს ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებას, თუ, რა თქმა უნდა, პუტინმა აცადა...
როგორი იქნება ტრამპ-პუტინის მშვიდობა?!
რას ითხოვს პუტინი, ოფიციალურად უცნობია, თუმცა დასავლურ პრესაში მაინც "გაჟონა" ინფორმაციამ. კერძოდ, კრემლის ბინადარი ითხოვს: სანქციების მოხსნას; ოფიციალურად იმის გაფორმებას, რომ უკრაინა ნატოში არ შევა; რუსეთის მოსაზღვრე აღმოსავლეთევროპული ქვეყნებიდან ნატოს კონტინგენტის გაყვანას; ოფიციალურად იმის გაფორმებას, რომ რუსეთის მიერ უკვე დაპყრობილ ტერიტორიებზე უკრაინა პრეტენზიას არ განაცხადებს; უკრაინის არმიის ნაწილობრივ დემილიტარიზაციას (სავარაუდოდ, შემცირებას და მისთვის დასავლური ქვეყნებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტას); კურსკის ოლქიდან უკრაინის ჯარების გაყვანას; რუსეთის დაბრუნებას ყველა საერთაშორისო ფორმატში; უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას.
შევადაროთ ეს ტრამპის გეგმას: ცეცხლის შეწყვეტა; უკრაინის მიერ კურსკის ოლქიდან ჯარების გაყვანა; ცეცხლის შეწყვეტის მომენტისთვის დროებით ხაზების დაფიქსირება, სადამდეც რუსეთს დაპყრობილი აქვს უკრაინის ტერიტორია; უკრაინის უარი ნატოში გაწევრებაზე (20 წლით); ბუფერულ ზონაში, უკრაინის მხარეს, სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება ევროპული ქვეყნებიდან და არა ამერიკიდან; რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის (რაც ამ ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა) ეტაპობრივად სანქციების მოხსნა; უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების აღმოჩენა.
მოსკოვი დღეს აცხადებს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინაში სხვა ქვეყნის ჯარების გამოჩენის, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ თემას სავაჭროდ გამოიყენებენ. საბოლოოდ, შესაძლოა ასეთი სამშვიდობო ფინიში ვიხილოთ: პუტინს დე ფაქტო მიაქვს დაპყრობილი ტერიტორიები; უკრაინა ნატოში გაწევრებაზე უარს ამბობს და უსაფრთხოების გარანტიებს იღებს ამერიკისგან; ბუფერულ ზონაში დგება ევროპელების კონტინგენტი (თუმცა ამაზეც ვერ ჩამოყალიბებულან. მაგალითად, ლონდონი ამბობს, მზად ვართ უკრაინაში ჯარების გასაგზავნადო, პარიზი, ჩვენ არ ვაპირებთო და ა.შ.); უკრაინაში ატარებენ არჩევნებს; რუსეთს ეხსნება სანქციები; ხდება კრემლის რეინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში - პოლიტიკური, საფინანსო-ეკონომიკური სტრუქტურებით დაწყებული და ფეხბურთით დამთავრებული; სანქციების მოხსნით რუსეთს უბრუნდება თავისი გაყინული აქტივები (რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი) და ა.შ.
და იზეიმებენ ტრამპიც და პუტინიც! "დიდი დონალდი" ფორმალურად შეასრულებს თავის მთავარ დაპირებას - უკრაინაში ომის შეწყვეტას, პუტინი კი იტყვის, რუსეთმა გაიმარჯვა! ტერიტორიებიც შეგვრჩა, სანქციებიც მოგვეხსნა და საერთაშორისო ასპარეზზე დავბრუნდითო. სამწუხაროდ, პუტინი გარკვეულწილად მართალიც იქნება.
შეიძლება თუ არა სხვაგვარი მშვიდობის მიღწევა?!
ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროპელმა ლიდერებმა უნიკალური შანსი გაუშვეს 2022 წლის შემოდგომაზე. შეგახსენებთ, რომ მაშინ უკრაინელებმა მძლავრი კონტრშეტევა დაიწყეს, რუსები ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ, რუსი გენერლები ფრონტზე ხვრელებს ვერ ავსებდნენ... მაშინ საჭირო იყო სწრაფად და უფრო მძლავრად უკრაინისთვის დახმარება, რათა კონტრშეტევა რუსული არმიისთვის დამანგრეველი ყოფილიყო. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ იყო შანსი, ერთი მხრივ, სამხედრო და, მეორე მხრივ, დიპლომატიური ზეწოლით რუსეთის ისეთ მოლაპარაკებებზე წამოყვანა, რომლის დროსაც პუტინი პირობების მოკარნახე აღარ იქნებოდა. თუმცა... უკრაინელების შეტევის პიკზე პუტინმა დაიმუქრა, რომ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, დასავლეთიც დაშანტაჟდა და უკრაინელები "დაატორმუზეს".
ამის შემდეგ რუსეთმა შეძლო თავდაცვითი ხაზების აგება, სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, ცოცხალი ძალის მობილიზება, გადაწყობა-გადმოწყობა... დღეს უკრაინის ფრონტზე სამწუხარო რეალობა გვაქვს - რუსები ნელა, მაგრამ მაინც მიიწევენ წინ და ახალ-ახალ ქალაქებს იპყრობენ, რომელთაც ჯერ ნანგრევებად აქცევენ.
ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მთლიანად უკრაინისთვის სასარგებლო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა, ალბათ, სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო მისაღები - უკრაინის სამხედრო დახმარების რამდენჯერმე გაძლიერება, რათა ჯერ შეაჩერონ რუსების წინსვლა და შემდეგ სამხედრო მარცხი აგემონ მათ ან... ის გზა, რაც ტრამპმა აირჩია ფორმულირებით: "მთავარია მშვიდობა იყოს".
იქნება თუ არა გრძელვადიანი მშვიდობა?!
თუ პუტინმა მიაღწია სანქციების მოხსნას, საერთაშორისო სისტემებში რეინტეგრაციას და სხვა ბენეფიტებიც მიიღო, მას ექნება დროც და ფულიც, რათა უფრო გააძლიეროს რუსული სამხედრო მანქანა, იპოვოს ახალი მოკავშირეები უკვე "გამარჯვებულის" პოზიციიდან. არის გარანტია, რომ თუნდაც 2-3 წლის შემდეგ გაძლიერებული რუსეთი მეორე წრეზე არ წავა? მხოლოდ უკრაინას არ ვგულისხმობთ - პოლონეთს, ბალტიისპირეთს და რუსეთის სხვა მეზობლებს... 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდეგ ობამამ მოსკოვთან "გადატვირთვის" პოლიტიკა დაიწყო. ამას მოჰყვა პუტინის მიერ უკრაინული ყირიმის ოკუპაცია. ყირიმის ოკუპაციის შემდეგადაც გააგრძელეს რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკი (მაგალითად, ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის დროს, ანგელა მერკელმა, ფრანსუა ოლანდმა და ა.შ.). რაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში ჩატარდა!.. და ოთხ წელიწადში პუტინი უკრაინას თავს დაესხა! ასე რომ, თუ ტრამპმა და პუტინმა მიაღწიეს ისეთ შეთანხმებას, რომელიც უფრო რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელსაც იმაზე დიდი ომი მოჰყვება, ვიდრე უკრაინაში ვიხილეთ. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა რამდენიმე დღის წინ, უნდა მოვემზადოთ ომისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსული უნდა ვისწავლოთ ან ახალ ზელანდიაში გადავსახლდეთო.
გიორგი კვიტაშვილი