აფხაზური „არჩევნები“ - მეორე ტური და დიდი ანტისომხური ისტერია - კვირის პალიტრა

აფხაზური „არჩევნები“ - მეორე ტური და დიდი ანტისომხური ისტერია

1-ელ მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დიდი რუსული მედიაპროპაგანდის, დიდძალი რუსული ფულის მიუხედავად, 15 თებერვალს კრემლის ფავორიტმა ბადრა გუნბამ ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება და ე.წ. მეორე ტური დაინიშნა. გუნბამ 46% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, რუსული პროპაგანდის მიერ "თურქეთის აგენტად" გამოცხადებულმა ადგურ არძინბამ კი 37%. ე.წ. მეორე ტურში ერთვება ახალი გრაფა - "ყველას წინააღმდეგ". გამარჯვებას მოიპოვებს ის კანდიდატი, ვინც მოწინააღმდეგისა და "ყველას წინააღმდეგ" გრაფის ჯამზე მეტ ხმას მოაგროვებს... ე.წ. პირველი ტურის შემდეგ აფხაზეთში ახალი სკანდალიც აგორდა - კრემლის ფავორიტმა კანდიდატმა ბადრა გუნბამ დიდი მხარდაჭერა სომხური თემისგან მიიღო - სომხებით დასახლებულ უბნებსა და სოფლებში გუნბამ 90%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ოპოზიციის მტკიცებით, სომხების განწყობებზე იმუშავა რუსეთიდან აგორებულმა შავმა პიარმა ადგურ არძინბას "თურქეთის აგენტად" მონათვლაზე. ოპოზიციური მედიიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ეს იყო "აფხაზეთის ისტორიაში ყველაზე ბინძური საპრეზიდენტო არჩევნები" და რუსული მედიის ყველაზე უხეში ჩარევა "აფხაზეთის შიდა საქმეებში".

რუსი "დამკვირვებლების" ბოიკოტი და აფხაზების დეპორტაცია რუსეთიდან

აფხაზეთის ე.წ. ცესკოს ცნობით, "არჩევნებში" დარეგისტრირებული იყო 134 500 ამომრჩეველი. აფხაზეთის ფარგლებს გარდა,­ საარჩევნო უბანი სამ ქალაქში უნდა გახსნილიყო, ორი რუსეთში, მოსკოვსა და ჩერკესკში, ერთიც თურქეთის ქალაქ საქარიაში, სადაც ცხოვრობს აფხაზთა დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი. აფხაზების მონაცემებით 35 აფხაზური სოფელია, თით­ქმის 80-ათასიანი მოსახლეობით, (უფრო მეტი, ვიდრე სოხუმში). თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უბანი წინადღით დახურა. აფხაზურ ოპოზიციურ მედიაში დაიწერა, რომ გუნბას ფლანგმა ყველაფერი გააკეთა, რომ უბანი გაუქმებულიყო, რადგან თურქე­თის აფხაზთა დიასპორა­ არძინბას მხარდამჭერებად მოიაზრებიან. ოფიციალური თბილისის განცხადებით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელობამ და საგარეო უწყებამ მიმართეს თურქულ მხარეს და უბნის დახურვის მიზეზიც ეს გახდა.

დიდი დავიდარაბის მიზეზი გახდა მოსკოვის უბანიც. გუნბას შტაბმა მოითხოვა, რომ მოსკოვში 7000 ბიულეტენი გაგზავნი­ლიყო, რის გამოც ოპოზიციამ ხმაური ატეხა: ყველა წინა "არჩევნებზე" მოსკოვში მხოლოდ 1000-მდე ამომრჩეველი აძლევდა­ ხმას და ეს გაბერილი რიცხვი გუნბას სასარგებლოდ გაყალბებისთვის სჭირდებათო­. დიდი ბრძოლის შემდეგ 4000 ბიულეტენის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ე.წ. არჩევნების დღეს მოსკოვის უბანზე 1400 ამომრჩეველი მივიდა და ამ უბანზე გუნბამ გაიმარჯვა.

აფხაზურ "არჩევნებზე" დაკვირვების სურვილი უჩვეულოდ ბევრმა რუსმა გამოთქვა. ე.წ. ცესკოში დამკვირვებლად 300-მდე მოთხოვნა შევიდა, 100-მდე რუსმა ჟურნალისტმა მოითხოვა ნებართვა, მათ შორის 30-ზე მეტი რუსული პროპაგანდისტული მედიიდან, ღუსსია თოდაყ-იდან იყო. ე.წ. ცესკომ სიის 100 კაცამდე შემცირება მოითხოვა, რის გამოც პროტესტის ნიშნად რუსებმა "დამკვირვებლები" აღარ გაგზავნეს.

არჩევნების დღეს რუსებმა ოპოზიციის მხარდამჭერებს ბრძოლა გამოუცხადეს რუსეთის ტერიტორიაზეც. ჯერ ოპოზიციის ახალ­გაზრდული ფრთის ლიდერი, მუსიკო­სი ბარას კუძბა ფსოუს საზღვარზე არ შეუშვეს და 10-წლიანი დეპორტაციის ორდ­ერი მისცეს. შემდეგ ადლერის აეროპორტში არ შეუშვეს სტამბოლიდან ჩამოსული აფხაზთა დიასპორის წარმომადგენლები­ და ისინიც 10-წლიანი დეპორტაციით უკან გააბრუნეს.

შავი პიარი არძინბას წინააღმდეგ და "თაფლაკვერების სია" გუნბას

რუსეთის მხრიდან "არჩევნებში" დაუფარავი ჩარევა იანვრიდან დაიწყო, როგორც კი ე.წ. წინასაარჩევნო მარათონი გაიხსნა. რუსულმა პროპაგანდამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ოპოზიციის მთავარ კანდიდატ ადგურ არძინბას, მათ შორის ყალბი ინფორმაციის გავრცელებითა თუ ტელეგ­რამარხებზე რუსი ბოტების შესევით. არძინბა ჯერ არმენოფობიაში დაადანაშაულეს, შემდეგ კი არეულობის მოწყობის დაგეგმვაში. ასევე იყო ბრალდება არძინბას კრიმინალი ბიძაშვილის გამო, რომელიც თითქოს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის ფულით ცდილობს აფხაზეთის პოლიტიკის არევას; დაიწერა, რომ არძინბა მაინინგის ფერმებით შოულობს ფულს იმ დროს, როცა სწორედ მაინინგის პრობლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. მთავარი ბრალდება კი არძინბას პუტჩისტად, ანტირუსად და თურქეთის აგენტად გამოცხადება იყო. რუსული­ არხი "რედოვკა" აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში არძინბა თურქეთის სასარგებლოდ რუსეთთან კავშირს გაწყვეტს და აფხაზეთს "ამიერკავკასიაში თურქული გავლენის ახალ კერად" გადააქცევს. არძინბას თურქეთთან მჭიდრო კავშირის მტკიცე­ბულებად მოჰყავთ მისი ბიოგრაფიაც. კერძოდ, რომ სწავლობდა თურქულ "ბაშარან კოლეჯში", თუმცა კოლეჯი არძინბამ სოხუმში დაამთავრა და ამ სასწავლებელში გუნბას გუნდის არაერთი ახალგაზრდა წევრიც სწავლობდა. გარდა ამისა, დაიწერა, რომ არძინბა არაერთხელ გაემგზავრა თურქეთში, სადაც შეხვდა აფხაზთა დიასპორის წევრებს, ასევე ხვდება თურქ ჩინოვნიკებს. 1-ლ თებერვალს კი მოსკოვში მდებარე თურქეთის საელჩოშიც შენიშნეს. დაიწერა, რომ ოპოზიციის კამპანიას თურქული ფონდები აფინანსებენ, რომლებმაც USAID-ისგან მიიღეს ფული, რომ ეს ამერიკული სტრუქტურა წლების განმავლობაში აფინანსებს რუსოფობიას, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.

"არჩევნებამდე" ორი კვირით ადრე კრემლმა ახალი სტრატეგიაც ჩართო და გუნბას აშკარად მხარდაჭერა დაიწყო. 31 იანვარს სოხუმში ჩავიდა პუტინის ადმინისტრა­ციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და აფხაზეთის ახალი კურატორი სერგეი კირიენკო, რათა "არჩევნებამდე" სოხუმის აეროპორტის გახსნა შეთანხმებულიყო. კირიენკომ აფხაზეთის კურატორად შეცვალა დმიტრი კოზაკი, რომლის დროსაც რუსეთმა აჯანყებულ აფხაზებს არაერთი შეზღუდვა­ დაუწესა. სოხუმში ჩასული კირიენკო "საპრეზიდენტო კანდიდატებიდან" მხოლოდ ბადრა გუნბას შეხვდა. ამის შემდეგ გუნბა მოსკოვშიც მიიწვიეს და იქ დიდი შეხვედრები გაუმართეს არაერთ რუს მინისტრთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის ფოტო საგანგებოდ გაავრცელეს და აფხაზური ოპოზიციის მტკიცებით, ამით კრემლმა აჩვენა, რომ ის მხოლოდ გუნბას გამარჯვებას განიხილავს.

7 თებერვალს მოსკოვიდან ბაბუშერის აეროპორტში საცდელი ფრენა ჩატარდა. რუსულ ავიალაინერს გუნბაც ჩამოჰყვა კრემლიდან გამოგზავნილი საჩუქრების სიით: რუსეთმა აფხაზებს აღუდგინა უწყვეტი ელექტროენერგია; რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გადარიცხა 344 მილიონი რუბლი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს დიდი ხნის ნანატრი ხელფასები და დანამატები დაურიგეს.­ გარდა ამისა, დაანონსდა მცირე და საშუალო­ ბიზნესის მხარდასაჭერად სპეციალური ფონდის შექმნა და მოსკოვმა ამისთვის 100 მილიონი რუბლი გამოყო; ასევე აფხაზეთის სკოლებისთვის გამოგზავნეს 20 სასკოლო ავტობუსი; 10 სასწრაფო დახმარების მანქანა; რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ თავის თავზე­ აიღო ბავშვთა ჰოსპიტალის მშენებლობა და 144 მილიონი­ რუბლის ტრანშიც­ გამოყო; დაანონსდა, რომ 1-ლი მაისიდან სოხუმის აეროპორტში­ ფრენები რეგულარულად დაიწყება და ბევრ რუს ტურისტს ჩამოიყვანს. ყველაზე მთავარი რამ ბადრა გუნბას მხარდამჭერმა მედიამ გაავრცელა - კერძოდ, ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ შემოდგომის გადატრიალების­ გამომწვევი ე.წ. რუსული საინვესტიციო შეთანხმება გადაიხედება­ და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული აფხაზების ინტერესები.

ე.წ. მეორე ტური

გუნბას უპირატესობა დიდწილად სომხურმა ხმებმა განაპირობა, სომხებით დასახლებული სოფლებიდან მან ხმების 90% წამოიღო. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სტატიები, რომელიც სომხების მიმართ მუქარასა და შეურაცხყოფას შეიცავდა. დაიწერა, რომ აფხაზეთის ისტორიაში არასდროს ყოფილა, სხვა ეთნიკურ ჯგუფს გადაეწყვიტა "რესპუბლიკის" ბედი, ახლა კი, გამოდის, აფხაზეთის "პრეზიდენტი" უნდა აირჩიონ სომხებმა და არა აფხაზებმა. ითქვა, რომ ახლა ყველა აფხაზ პოლიტიკოსს ძაღლივით მოუწევს სომხების მიმართ ლაქუცი და ყველანაირად დამტკიცება, რომ არ არის პროთურქული და არანაირი რეპატრიაცია არ მოხდება.

ანტისომხური ისტერია ოპოზიციას დაბ­რალდა, რის გამოც არძინბას შტაბი იძულებული გახდა განცხადება გაევრცელე­ბინა ანტისომხური პოლემიკისა და მოსახ­ლეობის ეთნიკური ნიშნით დაყოფის მიუღებლობაზე. გარდა ამისა, დაიწყეს საუბარი იმაზეც, რომ სომხური თემის დაშინება-შანტაჟი "ხელისუფლების" მხრიდან ხდებოდა. გაავრცელეს ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, შვებულებაში მყოფი გაგრის ე.წ. გამგებელი იური ხაშუგი სხვა პირებთან ერთად როგორ ესხმის თავს ადგურ არძინბას მხარდამჭერ სამველ დაშიანს, რომელმაც თანამოძმე სომხებს ღიად მოუწოდა ოპოზიციის კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ.

პარალელურად, სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე ალიკ მინასიანმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ოპოზიციის გუნდის წევრის, ვალერი ბგანბას ძმისშვილი ემუქრება ეთნიკურ სომეხს, თუ არძინბას არ დაუჭერს მხარს. მინასიანმა ეთნიკური ნიშნით სიძულვილის წაქეზებასა და სომხების მიმართ მუქარა-შანტაჟზე ილაპარაკა და მოითხოვა სს საქმის აღძვრა...

ამასთან, ოპოზიციის მხარდამჭერმა "დროებითმა პრეზიდენტმა" მოულოდნელად­ გადააყენა უშიშროების სამსახურის (კა-გე-ბე)­ უფროსი. თავად კა-გე-ბეს გათავისუფ­ლებულმა უფროსმა თქვა, რომ ბგანბამ და ადგურ არძინბამ განუცხადეს, რომ მისი ხელშეწყობით აფხაზეთში იმყოფებოდნენ დონბასში მებრძოლი ბრიგადის, "პიატნაშკას"”შეიარაღებული წევრები და მათი მეთაური ახრა ავიძბა, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოებას ვერ იცავს. გავრცელდა ცნობა, რომ "დროებითი პრეზიდენტი" ე.წ. შს მინისტრის გადაყენებასაც გეგმავდა, რის გამოც ბადრა გუნბას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ასლან ბჟანიას გადაყენების შემდეგ ოპოზიციასა და ე.წ. ხელისუფლებას შორის შედგა შეთანხმება, რომ "არჩევნებამდე" ე.წ. პრემიერისა და ე.წ. პრეზიდენტის გარდა სხვა თანამდებობის პირების შეცვლა არ მოხდებოდა.

"სომხური მოსახლეობა გადაწყვეტს ვინ იქნება დე ფაქტო პრეზიდენტი"

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ამ ე.წ. არჩევნებზე დავინახეთ, რომ რუსეთის ძირითადი ბირთვი, რომლითაც კრემლს აფხაზეთში ნებისმიერი "არჩევნების" შედეგის გადაწყვეტა შეუძლია, არის სომეხი მოსახლეობა. თუ ადრე სომხების ასე პირდაპირი და საყოველთაო გამოყენება არ ხდებოდა, დღეს იმდენად მიუღებელია არძინბას კანდიდატურა კრემლისთვის, რომ სრულად აამუშავეს სომხური ფაქტორი. აფხაზების დიდი ნაწილისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და მათ სომხებს პირდაპირ დასდეს ბრალი, რომ სომხები წყვეტენ აფხაზური მოსახლეობის ბედს, რაც მიუღებელია­ და რაც სახიფათოა მათთვის. ზოგიერთმა მათი გაყრაც კი მოითხოვა. რუსეთმა ამგვარი ანტისომხური მოწოდებებიც გამოიყენა და ახლა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სიტუაციის მოკვლევა დაიწყო "რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ" მუქარაზე. აფხაზეთში აფხაზებსაც და სომხებსაც რუსეთის პასპორტებიც აქვთ და ამ შემთხვევაში სწორედ სომხური მოსახლეობა იგულისხმა რუსეთმა თავისი დაცვის ობიექტად.

- რატომ გადაწყვიტა მთელმა სომხურმა თემმა ბადრა გუნბასთვის მიეცა ხმა.

- რუსეთმა ბევრ ოპოზიციონერს წაართვა რუსეთის მოქალაქეობა და სომხებმა ამაში საშიშროება დაინახეს. სომხური მოსახლეობა ძირითადად სავაჭრო ურთიერთობებით არიან გამორჩეულები, ისინი სულ მოძრაობენ სოჭში, კრასნოდარის მხარეში და მათთვის კრიტიკულად აუცილებელია რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდეთ. დაინახეს, რომ ოპოზიციის მომხრეებსაც პრობლემები შეექმნათ რუსეთის საზღვარზე და თუკი არძინბა სომხებიდან მიიღებდა ბევრ ხმას, შეიძლებოდა სომხებსაც შექმნოდათ პრობლემები. ახლა გამოიკვეთა რომ სომხები არძინბას წინააღმდეგნი არიან და ეს მათთვის დიდი პლუსია. ასევე, როცა დაინახეს, რომ ოპოზიციის გამო შეწყდა დაფინანსება რუსეთიდან, შეწყდა შუქი, დაიწყო რუსული პასპორტების გაუქმება, ამან დააფიქრა. დარწმუნებული ვარ, მათთან იყო რამდენიმე ემისარი შეგზავნილი მოსკოვიდან, რომელმაც სომხებს მკაცრი მითითება მისცა, ვის უნდა მისცენ ხმა, თუკი უნდათ, რომ ბენეფიტები შეუნარჩუნდეთ, ამიტომ ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა.

- რა იქნება ე.წ. მეორე ტურში?

- შანსები დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოუტრიალდება ტვინი მოსახლეობას და გააგრძელებენ თუ არა სომხები იგივე პოზიციის დაკავებას. გარდა ამისა, მეორე ტურში ჩნდება გრაფა "ყველას წინააღმდეგ". ამ გრაფამ შეიძლება საერთოდ ჩაშალოს მეორე ტური, თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ გრაფას შემოხაზავს. მაინც მგონია, რომ რუსეთი თავის კაცს დანიშნავს. ამ "არჩევნებზე" გადამწყვეტი როლი აქვთ სომხებს, რადგან მათი 90-95% ჯოგურად აძლევს ხმას ერთ კანდიდატს და ამით იგებს სომხური ლობი, გაიყვანოს ის კანდიდატი, რომელიც რუსეთს სჭირდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზების მტკიცებით, 140 000 აფხაზი ცხოვრობს, ეს გაბერილი­ რიცხვია. ასევე ამბობენ, რომ დაახლოებით 80 000 სომეხია. ამდენად, სომხების ხმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ე.წ. მეორე ტურში სომხური მოსახლეობა გადაწყვეტს ვინ იქნება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი.

ეკატერინე ბასილაია