„ოცნებად ჰქონდა, აფხაზეთში გათენებულ დილას უნდა შევხვდეო...“
რამდენიმე დღის წინ საქართველოში უკრაინიდან რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ორი ქართველი - მამუკა ბერია და დავით დვალიშვილი ჩამოასვენეს. "მამუკა ბერია-მარშალი", ასე ვეძახდი სიყვარულით და მართლაც თავისი საქმის მარშალი იყო და ამიტომაც არ მოინახა მისთვის ადგილი საქართველოს თავდაცვის ძალებში, საიდანაც წამოვიდა და უკრაინის თვალუწვდენელ სტეპში წინ აღუდგა ჯოჯოხეთს, დააბრკოლა და თვითონ კი სამუდამოდ ჩაწვა მეწყვილე ქართველთან ერთად", - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა მამუკა ბერიას ქართველი ჯარისკაცის მამად წოდებული არჩილ ხოფერია. ქართველი მებრძოლები ზაპოროჟიეში დაეცნენ. როგორც მათი თანამებრძოლები ამბობენ, ორმა ქართველმა უკრაინელებთან ერთად რუსების შემოტევა მოიგერია და პოზიცია გაამაგრა. ორი დღის შემდეგ რუსებმა მათ გამაგრებულ პოზიციას 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი ესროლეს... ბერიასა და დვალიშვილის ცხედრები თანამებრძოლებმა თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად გამოიტანეს ბრძოლის ველიდან. მამუკა ბერია აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გახლდათ, უკრაინაში 2022 წლიდან იბრძოდა და მის შესახებ მეომრებს ბევრი სათქმელი აქვთ, რაც შეეხება დავით დვალიშვილს, ის უკრაინაში ახალი ჩასული იყო.
"მამუკა აფხაზეთის დაბრუნების იდეის გამო ჩაერთო ამ ომში"
კონსტანტინ-გუტუ ჯღამაია, "უცხოური ლეგიონის" მებრძოლი, აფხაზეთის ომში მებრძოლი ჯგუფის, "იუპიტერის" მეთაური: - მიუხედავად იმისა, რომ მე და მამუკა აფხაზეთის ომის ვეტერანები ვიყავით, ერთმანეთი უკრაინაში 2022 წელს წვრთნების დროს გავიცანით. მამუკა თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე იყო, საუკეთესო მეკავშირე, ამასთან, პროფესიონალურ დონეზე ფლობდა ყველ სახის იარაღს. დიდი დანაკლისია ჩვენთვის როგორც პროფესიონალურად, ასევე ადამიანურად. რაც შეეხება დავით დვალიშვილს, სამწუხაროდ, მას არ ვიცნობდი.
მამუკა აფხაზეთიდანაა, სოფელ კინდღიდან, მისი ოცნება შინ დაბრუნება იყო. უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კი გვაბრალებენ, ფულის გამო იბრძვიან უკრაინაშიო, მაგრამ ღმერთია მოწმე, ჩვენ, მე, მამუკა და სხვებიც, იქ იდეისთვის წავედით. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ახლა აფხაზეთის ბედი უკრაინაში არ წყდება. 62 წლის ვიყავი, უკრაინის ომში რომ წავედი. ეს ჩემთვის მეოთხე ომია, მანამდე იყო აფხაზეთი, პარტიზანული ბრძოლები და აგვისტოს ომი. 2022 წლის 6 მარტს უკვე კიევში ვიყავი, 8 ქართველი წავედით ერთად. იმხანად რუსებს კიევი თითქმის ალყაში ჰქონდათ მოქცეული, მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო დარჩენილი და იქ შევედით უკრაინელების დახმარებით. ამას ფულის გამო ვინ გააკეთებს? ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ მამუკა აფხაზეთის დაბრუნების იდეის გამო ჩაერთო ამ ომში. კეთილშობილი, ალალი ადამიანი იყო. ხელფასს რომ აიღებდა, ვისაც რა აკლდა, ყველაფერს ყიდულობდა. განსაკუთრებით ახალგაზრდები უყვარდა, ხშირად მეტყოდა ხოლმე, შეხედე, გუტუ, ბიჯო, ა, ესენი არიან ჩვენი შემცვლელები, ჩვენი საქმის გამგრძელებლებიო. ერთხელ უკრაინელებმა მითხრეს, ასეთი არავინ გვინახავს, შეუძლია მთელი თავისი ფული სხვას მისცესო. ასეთი კაცი იყო მამუკა ბერია, ღმერთმა გაანათლოს მისი სული. როგორც ბიჭებმა მითხრეს, ნაღმსატყორცნის ჭურვმა ააფეთქა. ეს ყველაზე საზიზღარი იარაღია, რამდენიმე ნაწილად იშლება.
"უხაროდა, აფხაზეთის ომის ვეტერანებს რომ შეხვდებოდა"
დემნა ჩიტიშვილი, "ქართული ლეგიონის" მებრძოლი: - 2023 წლის გაზაფხული იყო, მამუკა რომ გავიცანი, ახალ ჯგუფს ვაკეთებდით და მას რამაზ ფეტელავამ გაუწია რეკომენდაცია. ქართულ არმიაში ნამსახურები, სასწაული მეკავშირე იყო. ქართულ სატანკო დივიზიონში კავშირგაბმულობა მამუკას აწყობილია. ევაკუაციაზე რომ მუშაობდა, ძალიან ბევრი დაჭრილი გადაარჩინა. ერთი ოპერაციის დროს სამი კაცი გამოიყვანა. დაჭრილი კაცის ზურგზე აკიდება და ცხელი ხაზიდან გამოყვანა ადვილი არ არის. ძალიან კარგი ადამიანი იყო, უშუალო, კეთილი, ალალი. მე ადამიანებთან კონტაქტში შესვლა მიჭირს, მამუკას კი უცებ შევეწყვე. 22-23 წლის ბიჭები გვყავდა ჯგუფში, თავად 47 წლის იყო, დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. აფხაზეთში ნაბრძოლი კაცი იყო და უხაროდა, აფხაზეთის ომის ვეტერანებს რომ შეხვდებოდა.
გორლოვკის ოპერაციის დროს ორი კაცი - ბექა ლომაშვილი და რამაზ ფეტელავა დავკარგეთ, დანარჩენები დაჭრილები ვიყავით, მხოლოდ სამი კაცი გვყავდა ჯანმრთელი - თავად მამუკა, ნოდარი და ლადო. ჯგუფს დასვენება სჭირდებოდა, მამუკას ვუთხარი, შენც დაისვენე, ძალა მოიკრიბე და მერე ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა-მეთქი. ძალიან არ მინდოდა მისი გაშვება, გარდა იმისა, რომ მისი სპეციალობის სხვა არავინ მყავდა, ადამიანურადაც ვერ ველეოდი, საიმედო თანამებრძოლი იყო, ერთად ბევრი რამ გვქონდა გადატანილი. არ მომისმინა, ბრძოლა უნდა გავაგრძელოო და წავიდა... სხვათა შორის, სადაც დაიღუპა, ზუსტად იმ ადგილზე ერთად ვიყავით ორი წლის წინ. შემთხვევით ოჩამჩირელი კაცი გაიცნო, კინაღამ გაგიჟდა ისე გაუხარდა. იმ დღეს არ გამოგვყვა, კავშირის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, ამაღამ აქ დავრჩები, ვილაპარაკებთ და ხვალ მოვალო.
"სულ აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობდა"
ნიკა ნიკაჩაძე, "ქართული ლეგიონის" მებრძოლი: - მამუკა 2022 წელს გავიცანი, "ქართული ლეგიონის" ბაზაში დამხვდა. ერთხელ მის გვერდით ვიჯექი, ბიძაჩემმა დამირეკა, მამუკამ დახედა ტელეფონს და გახარებულმა მითხრა, ვიცნობ ბიძაშენსო. სურათით იცნო, ძმაკაცები ყოფილან. წლების წინ საქართველოს შეიამრაღებულ ძალებში, სატანკოში ერთად მსახურობდნენ.
ძალიან ადვილად შეიძლებოდა მისი გახარება, ყველაზე კეთილი, მეოცნებე და მხიარული ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობ. სულ აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობდა. მახსოვს, გორლოვკის ოპერაციაზე წასვლის წინა საღამოს ვისხედით, ვსაუბრობდით და უცებ თქვა, აფხაზეთში გათენებულ დილას უნდა შევხვდეო. მეუბნებოდა, შენც უნდა წაგიყვანო და გაჩვენო, რა ლამაზია აფხაზეთი, საქართველოს ასეთი ლამაზი კუთხე სხვა არა აქვსო. ამბობდა, არ შემეძლო საქართველოში გაჩერება, როდესაც აქ ომი იყოო.
მამუკას დაღუპვამდე ორი დღით ადრე ვესაუბრე და დავით დვალიშვილის შესახებ მაშინ გავიგე, სულ რაღაც 4 დღის გასული იყო ფრონტის ხაზზე. ახალი ჩამოსული იყო და არ ვიცნობდით
ხათუნა ბახტურიძე