აგრესია, რადიკალიზმი,­ სოციალური­ უთანასწორობა - ეს რეჟისორ გოჩა კაპანაძის­ კონფლიქტია რეალობასთან. რატომ გახდა ასეთი საზოგადოება, რა კვებავს ჩვენში ამ ემოციას - ამ ყველაფერზე რეჟისორი საკუთარ მოსაზრებებს გაგვაცნობს. - ჩვენს რეალობაში რაც ყველაზე­ მეტად­ მაწუხებს, დაუნდობლობაა. ძალიან ცუდი მოსასმენია, როდესაც ადამიანები­ ერთმანეთს ლანძღავენ. ფაქტია, ჩვენს საზოგადოებაში დიდი აგრესიაა და მეტი დაფიქრება გვმა­რთებს... - რა კვებავს ჩვენში ამ ემოციას? - საზოგადოების გახლეჩაში­ პოლი­ტიკამ უდიდესი როლი ითამაშა. ამასთან, ჩვენ არ ვაანალიზებთ რა მოხდა, ხშირად გადაუმოწმებელ­ ინფორმაციაზე ვენთებით და ისეთ დასკვნებს ვაკეთებთ, მერე თუ დავფიქრდებით, ძალიან შეგვრცხვება. შეიძლება აფექტურ მდგომარეობაში რაღაც ყველას შეგვეშალოს, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩებით, მაშინ მაინც უნდა ვაღიაროთ და რაღაცაზე დავფიქრდეთ. - ამას ხომ უნარი სჭირდება?.. - უნარიც და ინტელექტიც, დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი პრობლემა ინტელექ­ტის ნაკლებობაცაა. ახლა ყველანი ემოციურ­ ტალღაზე ვართ. თითქოს ქვეყანაში მხო­ლოდ­ ორი ფერი არსებობს: შავი და თეთრი.­ იქნებ მე არც ერთს ვეთანხმები და არც მეორეს, ჩემი აზრი მაქვს, არ შეიძლება? ამის გამო უნდა დამაბულინგო? სოცქსელებმა აგრესიის ამოწევას ხელი ძალიან შეუწყო. არ ვიცი, ადამიანი წერის დროს უფრო თავისუფლდება თუ რა ხდება... წარმოდგენაც კი არ მქონდა, ამდენი ბოღმის ნთხევა და სიძულვილი თუ შეგვეძლო. - ამ მანკიერებების დაძლევა როგორ უნდა მოხდეს? - მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. ამის გამოწერილი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ გვერდით მყოფი თუ გიყვარს, სიცოცხლე თუ გიყვარს, ყველაფერს მოერევი. აგრესია აგრესიას შობს. რადგან ადამიანები გვქვია, ადამიანურად უნდა მოვიქცეთ, უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. - დიალოგის ნაკლებობა ბევრი პრობლემის სათავეა ამ საზოგადოებაში. - რა თქმა უნდა. ერთმანეთს არ ვუსმენთ,­ ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს... როცა ქვეყანა დალაგებული, დავარცხნილი და გაკრიალებულია, როცა არააგრესიულ­ გარემოში ცხოვრობ, შენც კეთილშობილი ხარ, უფლებაც არ გაქვს სხვაგვარად მოიქცე. სინგაპურში ქუჩაში ასანთის ღერიც რომ გადააგდო, იმხელა ჯარიმაა, მეორედ ამას აღარ ჩაიდენ. ხედავ, ადამიანი არ ყვირის, არაფერს ამსხვრევს, არ აფუჭებს. ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც არის თითოეულ მოქალაქეზე იზრუნოს. განათლების, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, მშვიდობიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება - ამაზე დგას ქვეყანა. ჩვენ ფანტასტიკური ქვეყანა გვაქვს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით. რა უნდა, ეს სამმილიონნახევრიანი ქვეყანა რით ვეღარ მოეწყო?! რამდენიმე თვის წინ ჩინეთიდან ჩამოვედი, შანხაიში, ერთ ქალაქში 28 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და უნდა ნახოთ, როგორი აწყობილი სისტემა აქვთ. - ჩვენ რატომ ვერ ავაწყვეთ? - ჩემი აზრით, ქვეყანას არ გააჩნია იდეოლოგია, რა გვინდა, როგორი ქვეყანა გვსურს ავაშენოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევაც, მაგრამ რა ვქნათ, რუსეთს ვერაფრით მოვიშორებთ, ჩვენი მეზობელია, ეს გვინდა თუ არ გვინდა. მას თავისი იმპერიალისტური ზრახვები აქვს... ეკონომიურად ფეხზე მყარად თუ დავდგებით, შეიძლება ბევრი რამ ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს. ჩვენი დიდი პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსების ნაკლებობაა. პროფესიონალ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. ჩვენ გვყავს მთავრობის წევრები, ამა თუ იმ პარტიის წევრები, კარგი და ცუდი ლიდერები, მაგრამ არ გვყავს პოლიტიკოსები. ეკონომიურად ძალიან გაჭირვებული ქვეყანა ვართ, ვინმე შეიძლება შემომედავოს, გაიხედე ქუჩაში, რამდენი მანქანა დადის, რა გაჭირვებაზე ლაპარაკობო? მაგრამ უმრავლესობა ჩამოსაწერია, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდა, როგორი ხარისხის საწვავია და გამონაბოლქვი რა ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას დრო და გამოცდილება სჭირდება, ნამდვილი პოლიტიკოსები იწრთობიან მოლაპარაკების მაგიდასთან... დიდმა პოლიტიკოსებმა იციან, რა დროს უნდა წავიდნენ კომპრომისზე, რა დროს უნდა იყვნენ პრინციპულები. პოლიტიკა უამრავი დეტალისგან შედგება. - ახლო წარსულში ნამდვილი პოლიტიკოსი გეგულებათ ვინმე? - ახლო წარსულში ასეთი იყო ედუ­არდ შევარდნაძე, მაგრამ მე მის მოყვარულად ვერ ჩავითვლები. შეიძლება ითქვას, იმ პერიოდში ის მაინც ისტორიული ფიგურა იყო, მსოფლიო მასშტაბის. - იმის გარდა, რაზეც ისაუბრეთ, კიდევ რა არის თქვენი კონფლიქტი რეალობასთან? - სოციალური უთანასწორობა. ცხოვრება ძალიან გაძვირდა და არა მხოლოდ დედაქალაქში, რეგიონებში სიტუაცია უფრო მძიმეა. დღეს მაღაზიებში ყველაფერი­ იყიდება, მაგრამ ბევრს არა აქვს შესაძლებლობა სასურველი პროდუქტი შეიძინოს. რამდენჯერმე ცრემლიც კი წამომივიდა, ხანდაზმული ადამიანი რაღაც პროდუქტის ფასს კითხულობს, იგებს, თვლის, რომ მისთვის ძვირია და ადგი­ლზე ტოვებს. სოციალური უსამართლობა შეიძლება იმ დონემდე მივიდეს, რომ ადამიანი­ ვეღარც კანონმა შეაკავოს და ქუჩაში გამოვიდეს. - თქვენ გახსენდებათ, სოციალურ თემაზე ჩვენი საზოგადოება ქუჩაში გამოსულიყოს? - არა. მხოლოდ ერთხელ მოხდა, ისიც ბენზინის ფასის გაძვირების გამო. - სოციალურ უთანასწორობას ქვეყანაში რატომ არავინ აპროტესტებს? - არ ვიცი. ალბათ, ეს ქართული ფენომენია, ალბათ, ქართველ ადამიანს რცხვენია სიღარიბეზე ლაპარაკის. რცხვენია, რომ შვილს ფულს ვერ აძლევს, სკოლის ბუფეტში რაღაც იყიდოს. ხალხი ქუჩაში დენის და გაზის გადასახადების გაძვირების გამოც არ გამოსულა. - ჩამოუყალიბებელი სამოქალაქო საზო­გადოების საკითხთან ხომ არ მივდივართ? - საზოგადოებაც უნდა გაიზარდოს. მე, რიგითი მოქალაქე, გარკვეული უნდა ვიყო, რა შემიძლია მოვთხოვო ჩემს არჩეულ მთავრობას. მას ხომ იმიტომ ვუხდით ხელფასს, რომ ჩვენზე იზრუნოს, მათი მოვალეობაც ხომ ეს არის და არა ერთმანეთის ლანძღვა და მუშტი-კრივი. თუკი ამას საზოგადოება სათანადოდ გააცნობიერებს, სოციალური თემების წინ წამოწევა თავმოყვარეობის შელახვადაც აღარ აღიქმება. მერე მთავრობაც მეტად ყურადღებიანი იქნება... ხელისუფლებასთან დიალოგია საჭირო. "ამასთან არ დავჯდები", "იმას არ დაველაპარაკები" - არ შეიძლება. ეს სახელმწიფო ინტერესებს ეხება და პირად წყენაზე მაღლა უნდა დადგე. დიალოგზე კარგი არაფერია. რაღაცაში შეიძლება ვერ შეთანხმდეთ, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. - პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე შესთავაზა დიალოგი მომიტინგეებს, მაგრამ... - ეს ძალიან ცუდია, აუცილებლად უნდა შემდგარიყო შეხვედრა. მთავრობა­ სულ უნდა ეძებდეს გზებს საკუთარ ხალხთან­ დასალაპარაკებლად, აბა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე უნდა მივიდეთ? 90-იან წლებში ხომ გადავწვით რუსთაველი, ხომ დავანგრიეთ პირველი გიმნაზია, რამდენი ადამიანი დაიღუპა და ვერაფერი­ ვისწავლეთ? ნუ ვიქნებით ასეთი რადიკალურები, დაუნდობლები! ერთმანეთის მოსმენას თუ ვისწავლით, ჩვენში ეს მანკიერებები აუცილებლად აღმოიფხვრება. თამუნა კვინიკაძე