გურიაში რა გინდოდა.... - კვირის პალიტრა

გურიაში რა გინდოდა....

ა ბატონო - ესეც "ჟანრის კრიზისი"!

პოლიტიკური ვნებათაღელვაც პიკზეა, საარჩევნო შეხვედრებიც გახურდა, მაჟორიტარობის კანდიდატებიც დასახელდნენ, ტელედებატებიც ეშხში შედის... მე კი, მაინც მგონია, რომ არაფერია დასაწერი და საინტერესო... ყველაფერი მეორდება და ყველაფერი ძველია... ამიტომაც ვამბობ, "ჟანრის კრიზისია"-მეთქი - პროვოკატორობის ჟანრის...

შვებულებაა საჭირო, სხვა გზა არ არის. წავალ ზღვაზე, მთაში, ტყეში, ღრეში, მინდორ-ველში თუ მდინარის პირას, დავისვენებ, მივიხედ-მოვიხედავ და იქნებ საკბილოსაც გამოვკრა ხელი... თუმცა ყველაფერი ისე კეთდება და ლამაზდება, მით უმეტეს ამ სფეროში (ტურიზმსა და დასვენებას ვგულისხმობ), რაღაზე უნდა იშაყირო?.. ვაჰ! გამახსენდა! ბახმაროში ("ბახმაროზე" - ასე ამბობენ გურულები) იყო პრეზიდენტი - და მალე, 19 აგვისტოსთვის სულ სხვანაირი ბახმარო დახვდებათ დამსვენებლებსო, - განაცხადა!

შენ, გეტყობა, მართლა კრიზისი გაქვს - მეტი საღადაო ვერაფერი ნახე, პრეზიდენტი სულ ეგრე დადის და მშენებლობებზე "აპიარებს" თავისი გუნდის ნამოქმედარს, ახალი რა არის აქო?! - მკითხვათ ალბათ.

მაგრამ აქ მაინც იაღლიში მოუვიდა: ეტყობა, 19 აგვისტო ვიღაცამ უთხრა, მერე ამან მხოლოდ თარიღი დაიმახსოვრა, იქ ასულმა მიიხედ-მოიხედა და ამდენ საქმეს თვე-ნახევარში რა დაამთავრებსო?! - კი გაიფიქრა, მაგრამ მაინც ის თქვა, რაც თქვა. ოღონდ საქმე ის არის, რომ 19 აგვისტოს ბახმაროში (ბახმაროზე) აღარავის უნდა არც სასტუმრო, არც ამბულატორია და არც კარუსელი, რადგან უკვე 100 წელზე მეტია, 19 აგვისტოს - ფერისცვალება დღეს, იქ საკურორტო სეზონი იხურება, ტრადიციული დოღი იმართება და ხალხი ბარში ჩამოდის, რადგან სექტემბერში ჩამოთოვს და თუ ჩარჩი, გაზაფხულამდე მოგიწევს დათვებთან ყოფნა (შეუძლია სცადოს).

რა მოხდა მერე, შეცდომაში შეიყვანესო, - მეტყვით და მართლაც არ დაქცეულა ამ შეცდომით ქვეყანა, მაგრამ რა არის მთავარი, იცით? ძალიან მაინტერესებს, სასაცილო მდგომარეობაში რომ აგდებენ, იმ მრჩევლებს მერე რატომ არ სჯის? არა, რო აგინებს და რაღაცებს ესვრის ხოლმე, ვიცი, მაგრამ ოფიციალურად რატომ არ ცხადდება, რომ ესა და ეს კაცი (ან ქალი) მოხსნეს არაკომპეტენტურობისთვისო? ანდა, იმავე ბახმაროში ზამთრის კურორტს რომ "აკეთებს", ვინმემ ხომ უნდა უთხრას: გატყუებენ, გაბრიელ!.. კი არა და, ბატონო პრეზიდენტო! მაგ ბახმაროში (ბახმაროზე) მინიმუმ 5(!) მეტრი თოვლი მოდის (გასულ ზამთარს 6,5(!) მეტრი იყო) და ყველა შენობა იფარება; აქამდეც იმიტომ არ აშენდა მანდ არაფერი "სერიოზული", რომ ასეთ პირობებში მეტი არ არის საჭირო; რომ ამხელა თოვლის პირობებში თხილამურებით სრიალზე საუბარი სასაცილოა; რომ სოლიკო ხაბეიშვილი, ვინც გუდაურის კურორტს საფუძველი ჩაუყარა, "მაქაური" იყო და პირველ რიგში, ბახმაროს ექსპერტიზა ჩაატარებინა სპეციალისტებს და აღმოჩნდა, რომ მისი სველი თოვლი უვარგისია ამ საქმისთვის.

ერთი სიტყვით, ძალიან იხალისეს გურულებმა.

მერე წყინს, ყველაზე ნაკლები ხმა გურიაში მივიღეთო; ყველაზე მეტი ხალხი ივანიშვილის მიტინგზე გურიაში მივიდაო... სხვათა შორის, იქაური გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს: სააკაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა ჩემგან, გასართობი ცენტრი "ციცინათელა" "ცოტათი გადაგვეწია", რომ აჭარის საზღვრებში მოქცეულიყო, ან სულაც ქუთაისთან ამეშენებინა, ოღონდ გურიაში არ ყოფილიყოო; ასევე ძლივს მივაღწიე, რომ ათიათასკაციანი საკონცერტო დარბაზი ურეკთან ამეშენებინა (ჩემი ფულით), მეც აქ მაქვს სახლი და ამით დავითანხმეო...

მიზეზი? თურმე გურიაში ცოტა ხმა მიუღიათ "ნაციონალებს"! გარწმუნებთ, უფრო ცოტას მიიღებთ, თუკი ასე განაგრძობთ!

P.S. "ბიძინისტობა" არავინ დამწამოს, აზრი არა აქვს - სხვათა შორის, იმ საერთო-ოპოზიციური ეიფორიის ფონზე, რომელიც "ოზურგეთის ტრიუმფს" მოჰყვა: დედა, ეს რა იყო და დედა, ეს რა ვნახეთ, მთელი გურია ჩამოვიდა ბიძინას მხარდასაჭერადო; მოდარაჯე და დაკვირვებული, ჭკვიანი კაცი (მე ხომ ასეთი ვარ) სხვა რამესაც დააფიქსირებდა და "ოცნებისტები" რომ წინასაარჩევნოდ სოფელ-სოფელ დაიწყებენ სიარულს "იქინე", მაშინ მოუწევთ ბევრ ისეთ კითხვაზე პასუხის ძებნა, რომელიც იმ დღეს გაუჩნდა ხალხს და ეს პასუხი მხოლოდ "მიშა ცუდია" თუ იქნება, ახალ ხელისუფლებასაც მოუწევს მომავალში გურულებზე ნაწყენი ტონით ლაპარაკი - მანდ ყველაზე ნაკლები ხმა მივიღეთო...

ჰოდა, იმიტომაც არიან გურულები ყველა მთავრობისაგან "ძმა-ბიჭებში დაჩაგრულები", სანამ თვითონ არ მოვლენ ხელისუფლებაში...

P.P.S. მართლა მივდივარ შვებულებაში და თანაც - გურიაში. ვფიქრობ, ამ "პროვოკაციით" ვასიამოვნე იქაურებს და დამხვდებიან პატივით (ზოგ-ზოგებს მართლა ასე ჰგონიათ - ორი ტკბილი სიტყვით მოვთაფლავთო და "ქეც იგებენ არჩევნებს")...

პროვოკატორი

ჟურნალი "გზა"