„თეატრში ყველა ახალმოსულს თავი გენიოსი ჰგონია“
თეატრი მხოლოდ სცენა და როლები არ არის. ეს გახლავთ ადგილი, სადაც საზოგადოება ფიქრს, ემოციას და მნიშვნელოვან გზავნილებს იღებს. რამდენად დაფასებულია მსახიობი და როგორ უნდა იბრძოლოს ხელოვანმა საკუთარი ადგილისა და ფასეულობებისთვის ისე, რომ თეატრის კანონებს არ გადაუხვიოს? მსახიობი დავით დვალიშვილი ამ რეალობის ნაწილი და ამავდროულად, მისი დამკვირვებელი გახლავთ. თეატრის წინაშე არსებულ სირთულეებზე, ფინანსურ გამოწვევებზე, ხელოვნების სისტემურ პრობლემებსა და სხვა საკითხებზე ბატონი დავითი გულწრფელად გვესაუბრა...
- ბატონო დავით, თეატრში მუშაობის სოლიდური გამოცდილება გაქვთ, თუმცა სერიალებშიც აქტიურად მონაწილეობთ. რა გამორჩეული უნარები გახასიათებთ, რის გამოც რეჟისორები თქვენით ინტერესდებიან?
- უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რამდენად ბუნებრივი გახლავთ მსახიობი, რამდენად "მართალი სიტყვა" აქვს: მთავარია, მსახიობმა სიმართლესავით დაიჯერო, რასაც აკეთებ, ტყუილი სიმართლედ მოიყვანო... კაცმა ისეთი ტყუილი უნდა თქვა, ერთი კვირის განმავლობაში, თავადვე გჯეროდეს, რომ მართალია. ცხადია, ვხუმრობ, მაგრამ ამაში სიმართლე არის...
- დღევანდელ საქართველოში რამდენად მნიშვნელოვანია თეატრის როლი?
- საქართველოში კი არა, თეატრი ყველგან ერთ-ერთ საგანმანათლებლო ადგილია. თეატრში კულტურა უნდა იგრძნობოდეს, ადამიანი მეტყველებას სწავლობდეს... როცა სპექტაკლს უყურებ, ფაქტობრივად, წიგნს კითხულობ, მუსიკას უსმენ, მხატვრობას ხედავ. მაყურებელი ხელოვნების მეხუთე კომპონენტად ამიტომ მიიჩნევა და ამიტომაც თეატრი მას ამ ყველაფერს უნდა აძლევდეს... მოგეხსენებათ, მაჩაბელას თეატრი ფრონტის ხაზზეც იბრძოდა... საქართველოსთვის თეატრი ერთ-ერთი კულტურული ცენტრი იყო... მგონი, ჩვენს ქვეყანაში 200 თეატრია. ყველა თავისთვის რაღაცას "უბერავს" - ასე არ შეიძლება. თეატრს თავისი წესი და კანონები აქვს. ამ კანონებს უნდა დაემორჩილო. კი, შენი აზრი ყოველთვის უნდა თქვა, აზრი აუცილებელია, ვინ წაგართმევს?! მაგრამ ეს სხვაგვარად, სხვა ფორმით უნდა გააკეთო...
- ბოლო დროს მსახიობების მიერ აზრის გამოხატვის რომელ ფორმას ჩათვლიდით თეატრის წესების უხეშად დარღვევად?
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჩემი შეხედულების შესახებ უკვე გითხარით. კონკრეტიზაცია არ მსურს, ეს ყველამ იცის...
- კარგი. მაშინ უფრო მეტი გვითხარით თანამედროვე ქართულ თეატრზე, განვითარების თვალსაზრისით...
- თეატრი კი არ განვითარდა, უკან წავიდა: ყველაფერი გაიოლდა. გრიმი არ არის, შესაბამისი ტანსაცმელი არ უნდათ... ქუჩიდან შემოდიან, ითამაშებენ, ისევ ქუჩაში მიდიან... ყველამ მაპატიოს, ვინც ამას წაიკითხავს, მაგრამ ასეა და რა ვქნა? კი, თეატრი ყოფითი უნდა იყოს, ცხოვრებას უნდა ასახავდეს, მაგრამ "რაღაც" კიდევ უნდა არსებობდეს: მაღლა, სცენაზე, იმიტომ ვდგავართ, რომ იქ კიდევ რაღაც "ზეაწეულია", რაც მაყურებელს უყვარს... თეატრი უკან მიდის, თავის ფუნქციას კარგავს. ის მხოლოდ სასაცილო არ უნდა იყოს...
- დღეს მსახიობობა რამდენად ეკონომიკურად გამართული პროფესიაა?
- ეკონომიკური თვალსაზრისით, თეატრის მსახიობობა ძალიან რთულია. ყოველთვის ასე იყო - წინა მთავრობის დროსაც, იმის წინაც, ახლაც ასეა. თუკი საქართველოში დღეს ყველაზე მეტად რომელიმე სფეროს უჭირს, ეს ხელოვნებაა, რომელიც საქართველოს სჭირდება, ჩვენი ქვეყანა ამით გადის (სიმღერა, ცეკვა, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა) - სხვა გასაყიდი არაფერი გვაქვს... ძალიან დაჩაგრული სფეროა და მიხედვა სჭირდება. ჩემი შვილიშვილი ერთ-ერთ სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავს. ხელფასი 600 ლარი აქვს. წარმოიდგინეთ, ეს ანსამბლი ჩვენი სახეა... მეტ-ნაკლებად, ყველა ანსამბლში ასეთი სიტუაციაა.
- რა მოტივაცია აქვთ ახალგაზრდა მსახიობებს, რომ ამ პროფესიაში დარჩნენ?
- 54 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ თეატრში ყველა ახალმოსულს თავი გენიოსი ჰგონია. შემდეგ, გვიან ხვდება, რომ "არავინ" არის. ამიტომ თავად ახალგაზრდაზე, თეატრში მოსულ ადამიანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაინტერესდება სხვებით, უფროსი თაობით, რომ რაღაც ისწავლოს. თეატრალურ უნივერსიტეტში ყველაფერი კი არ ისწავლება. იქ ამის ადგილი არც არის, რომ ყველაფერი გასწავლონ. ადამიანს ტვინი ამიტომ გაქვს, რომ კითხულობ, ეძებ, რათა განვითარდე... მსახიობი თეატრში ვითარდება. თეატრალური უნივერსიტეტიდან მოსულმა სტუდენტმა თითქმის არაფერი იცის - რაღაცებს თავისი ინტუიციით ხვდება და აკეთებს. ზოგი საერთოდ ვერაფერს აკეთებს და რჩება ისე... ამიტომ თავად ახალგაზრდაზეა დამოკიდებული, რამის სწავლის ინტერესი რამდენად ექნება...
მოტივაციას რაც შეეხება, ხელფასი არის. მთელი ცხოვრება ენთუზიაზმით ვიცხოვრე. დღესაც ასე ვარ. ვისაც ფული უნდა და სხვა მოტივაცია სჭირდება, წავიდეს და სხვაგან ეძებოს. ამ საქმეს თავშეწირვა, ყოველდღიური შრომა უნდა.
- როგორ უნდა დაიცვას ბალანსი მსახიობმა, რომ ღირსეული შემოსავალიც ჰქონდეს და ხელოვნებასაც არ უღალატოს?
- ეს ძალიან რთულია, მაგრამ მაგალითად, სერიალებში მონაწილეობაც ხელოვნებაა - "ხალტურის" კეთება იქაც არ შეიძლება. ხალხი სერიალების გადაღებაზე 100-150 ლარად დადის. ეს სამარცხვინოა, მაგრამ რას იზამს ადამიანი, როცა უჭირს? ასე რომ არ იყოს, 100-150 ლარად მსახიობი გადაღებაზე როგორ უნდა წახვიდე?! თუმცა, ჩვენ მთელი ცხოვრება მცირე შემოსავალი გვქონდა და თავი არ დაგვიზოგავს, რაღაცები გავაკეთეთ, მივაღწიეთ...
- კარიერის განმავლობაში, უამრავი როლი გაქვთ შესრულებული. არის თუ არა პერსონაჟი, რომელიც თქვენთვის დღემდე ყველაზე ღირებულია?
- გაცვეთილი ნათქვამი იქნება, მაგრამ ჩემთვის ყველა როლი საინტერესოა, ყველა მათგანში ჩემი სული, ენერგია მაქვს "ჩადებული". ამიტომ არა მგონია, რომელიმე მათგანი გამორჩეული იყოს. არის რამდენიმე, რომელიც არ მიყვარს... 2-3 ისეთი როლი შემისრულებია, რომელსაც "გასაღები" ვერ მოვუნახე - კარგად ვერ მივხვდი, პერსონაჟს როგორი საქციელი სჭირდებოდა, მაგრამ არის როლები, რომლებიც განურჩევლად მიყვარს. მაგალითად, ჩემ მიერ განსახიერებული ლენინი როგორც მიყვარს, ასევეა ილარიონის როლიც, რომელიც 26 წლისამ ვითამაშე... ტელესერიალებს რაც შეეხება, "ბოლო სეზონში" ჩემი პერსონაჟი ძალიან მომწონს... საერთოდ, პირველად სერიალში წლების წინ ვითამაშე. "წვრილვარსკვლავთა ღამე" - ასე ერქვა. გურამის როლს ვასრულებდი... იცი, რაშია საქმე? ამას წინათ ერთმა მსახიობმა მითხრა, 20 წელიწადია თეატრში ვარო. მე რომ არ მეცოდინება, 20 წლის განმავლობაში თეატრში ვინ არის, გლახადაა მისი საქმე. მაგრამ ეს საკითხი ტელევიზიასაც უკავშირდება: ადამიანი ეკრანზე ერთხელ გამოჩნდა, საინტერესო რაღაცები გააკეთა და ხალხისთვის უკვე დასამახსოვრებელი გახდა. თეატრში ყველა ვერ დადის, ეკრანს კი - ყველა უყურებს.
- ამჟამად მონაწილეობთ სერიალში "მარჯვენა სანაპირო" და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანთან თანამშრომლობა გიწევთ. როგორ ახერხებთ, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, გადასაღებ მოედანზე მეგობრული ურთიერთობა, პროფესიონალიზმი შეინარჩუნოთ?
- ამის გამო მეგობარი არ დამიკარგავს: ის ისე ფიქრობს, მე - ასე. ამის გამო მტრები არ უნდა გავხდეთ. თავისი შეხედულების გამო ცხოვრებაში შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. შეიძლება, ცოტათი შეეკამათო, მაგრამ ეს ამბავი იქვე უნდა შეწყდეს...
- ამავე სერიალში თქვენი პერსონაჟი იპოვის შვილს, რომელიც უკრაინელი ქალისგან, მგონი, ქორწინების გარეშე ჰყავს. თქვენი პერსონაჟის ვაჟი ამ ამბავს ცუდად ხვდება, რადგან ეს მისთვის მემკვიდრეობის დაკარგვის შიშსა თუ სხვა ემოციებს უკავშირდება... როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებდით, მსგავს სიტუაციაში რეალურად რომ აღმოჩენილიყავით?
- თურმე, ტრამპს ახლა მეოთხე ცოლი ჰყავს და ჩემს პერსონაჟს მეორე ცოლი რომ ჰყავდეს, რა უჭირს?! კაცს შვილი ჰყავს, ენატრება და რა მნიშვნელობა აქვს, ოფიციალურ ქორწინებაში იყო თუ არა? თავად დაქორწინებული არ ვყოფილვარ, როცა უკვე 2 შვილი მყავდა. ოფიციალურად, მე და ჩემმა მეუღლემ ხელი მერე მოვაწერეთ...
- თქვენს ოჯახზე კიდევ რას გვეტყვით?
- 4 შვილიშვილი მყავს. 2 მათგანი გერმანიაში ცხოვრობს. ახლა ერთი საქართველოშია ჩამოსული: თავისუფალ ჭიდაობაში გერმანიის პირველობაზე გასვლას აპირებს და უნდა, რომ აქ ივარჯიშოს, რადგან ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობაში უფრო ძლიერი, კარგი სკოლა გვაქვს...
- რას ეტყოდით ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ?
- ჩვენი საქმე ბევრი ფიქრით იწყება: როლს რომ მოგცემენ, ფიქრობ... ნაწარმოებში - "დიდრო" ნოდარ დუმბაძეს, აცხონოს ღმერთმა, ასეთი ფრაზა უწერია - დიდროიამ გადაატრიალა თვალები და ტვინს გადახედაო... წარმოიდგინე, რა კარგადაა დაწერილი! მსახიობიც ასე უნდა მოიქცე: როცა როლს მიიღებ, უნდა "გადაატრიალო თვალები და ტვინს გადახედო", თუ რა არის შენს ტვინში იმ პიროვნების სასარგებლო, რომელიც სათამაშოდ, განსასახიერებლად მოგცეს. ასე რომ, მინდა მსახიობებმა ბევრი იფიქრონ. განათლება აუცილებელია, მაგრამ ინტელექტის გარეშე არაფერი გამოდის... ბევრი ფიქრის გარდა, ასევე, მსახიობობა შენი პირველი საქმე უნდა იყოს და არა - მეათე. როცა ამ პროფესიას მეათე საქმედ გახდი, არ გამოგივა. დღევანდელი ახალგაზრდა მსახიობები მეცოდებიან, რადგან შემოსავალი არ აქვთ. დარბიან ერთი თეატრიდან მეორეში, მეორედან - მესამეში, მეოთხეში... შემდეგ ერთმანეთთან ვეღარ ათავსებენ, წვალობენ... ახალგაზრდა მსახიობს ერთ თეატრში კარგი შემოსავალი რომ ჰქონდეს, თავის საქმეს ხომ მეტი რუდუნებით გააკეთებდა, უკეთეს შედეგს დადებდა, არა? ძირითადად, როლის შესრულებისას, ახლა ტექსტის ხარჯზე გადიან... გამოცდილების, დაკვირვების გარეშე, როლში ხასიათის პოვნა რთულია. ახალგაზრდებს დაკვირვების საშუალება რომ არა აქვთ, ძნელია...
- ჩვენი საუბრისას მსახიობების მიერ აზრის გამოხატვის ფორმა ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური აქტივიზმის გამოხატვის ფორმასთან დაკავშირებით, სად გადის ზღვარი მსახიობისთვის?
- უპირველეს ყოვლისა, სამშობლოს სიყვარულზე. ადამიანი შვილს აჩენს სამშობლოსთვის და უფლისთვის: სამშობლოს სჭირდება ადამიანი, ღმერთს - სული. ქართველი ერი დაღუპვის პირას ვართ. აღარ ვმრავლდებით. მალე უმცირესობაში ვიქნებით. ქვეყნის მმართველი როგორც შვილებისთვის ფიქრობს, ისე უნდა იფიქროს სამშობლოსთვის. ასე მწამს....
ეთო ყორღანაშვილი