"წარმოიდგინეთ, გაიხედავ და მარჩელო მასტროიანი მოდის შენს ქუჩაზე, სადღაც მთაწმინდაზე. ქართველებს ლამაზი ქალები გყავთო, გვეუბნებოდა, ქართულ სიმღერაზე გაგიჟდა"
იტალიის პატარა სოფელ ფონტანა-ლირიში 1924 წლის 28 სექტემბერს დაიბადა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი, იტალიური კინოს ლეგენდად წოდებული მარჩელო მასტროიანი. სამჯერ ოსკარზე ნომინირებული, ვენეციისა და კანის კინოფესტივალების გამარჯვებული, 2 ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი 1939-1996 წლებში 147 ფილმშია გადაღებული. მასტროიანი საყოველთაოდ ცნობილი გახდა ფედერიკო ფელინის ფილმებით - La Dolce Vita (1960) და 8½ (1963), შემდეგ იყო სოფია ლორენთან ერთად თანამშრობლობა, მათ 8 ფილმში ითამაშეს ერთად და მაყურებელს განსაკუთრებით შეაყვარა თავი მასტროიანი-ლორენის წყვილმა, რომელიც კომიკურთან ერთად სატირული და ასევე დრამატულია. მარჩელო მასტროიანზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება თუმცა მის ხასიათს ყველაზე კარგად 1994 წლის 15 ივნისს პარიზში ჟურნალისტ და პუბლიცისტ ალან ელკანთან მიცემული ინტერვიუ ასახავს, სადაც მარჩელო მის კადრს მიღმა ცხოვრებაზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ალან ელკანის გამოცემიდან.
- ზაფხულის გატარებას პარიზში გეგმავთ?
- ეს ჩემს გადაღებებზე და რა ხდება გარშემო, ამაზეა დამოკიდებული.
- იტალიელ პოლიტიკოსებს თუ ადევნებთ თვალს?
- ცოტათი, მაგრამ დიდად არ მაინტერესებს, სერიოზულად არ ვუყურებ მათ.
- სილვიო ბერლუსკონის გამარჯვებამ არ გაგაოცათ?
- სილვიო მაოცებს, ისინი ყველანი მაოცებენ, მაგრამ მე დიდად არ მაინტერესებს პოლიტიკა. საფრანგეთში ყველა უარყოფითად საუბრობს იტალიასა და ნეოფაშისტურ მინისტრებზე. შეიძლება ჩემი ასაკის გამო სკეპტიკურად ვუყურებ მოვლენებს. ჩემთვის უფრო საინტერესოა ჩემი საქმიანობა, ახლა უფრო მეტად, ვიდრე მანამდე, ჩემს ასაკში ნაკლებად უნდა გადაიტანო ყურადღება სხვა რამეზე. სექტემბერში 70 წლის გავხდები.
- როგორი შეგრძნებაა?
- რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ 120 წლამდე ვიცოცხლებ, ყველას აქვს სურვილი ძალიან დიდ ხანს იცოცხლოს მაგრამ ეს შეუძლებელია.
- ჯულიეტა მაზინას და ფედერიკო ფელინის გარდაცვალება თქვენთვის შოკისმომგვრელი იყო?
- ძალიან შოკისმომგვრელია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ასე ძალიან გიყვარს, თან ასეთი გენიალურები, მიდიან...
- როგორ წარმოგიდგენიათ სიკვდილი?
- მე ვტკბები სიცოცხლით. მომწონს, როდესაც ვაკვირდები მოვლენებს ჩემს გარშემო, ვუცქერ, თითქოს დამკვირვებელი ვარ, არასდროს მინდა, რომ სხვები შევაწუხო და არც მათ შემაწუხონ, თითქოს ყოველი დღით ვცოცხლობ, შეიძლება ეს ზოგჯერ არც თუ ისე კარგია. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, იღბლიანი ვიყავი, მქონია წარმატება, სიყვარულები, ფული.
- ფულს რას უზამთ? თქვენს მემკვიდრეებს დაუტოვებთ, რომ ფუფუნებაში იცხოვრონ?
- ამაზე უნდა დავფიქრდე, მე ვთვლი რომ გულუხვი ადამიანი ვარ და არასდროს ვყოფილვარ იმდენად ეშმაკი, რომ უფრო მეტი ანაზღაურება მიმეღო ჩემი როლებიდან. მეტი ანაზღაურების მიღებაც შემეძლო, მაგრამ არ ვწუწუნებ. ძალიან გამიმართლა, ძმებმა ლუმიერებმა რომ კინო გამოიგონეს.
- ნამდვილად კოცნით მსახიობები ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე? ნამდვილად გიყვარდებათ ერთმანეთი?
- რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს, სასიყვარულო რომანი იწყება კოლეგებს შორის თუ გრძნობა გაჩნდა, მაგრამ ეს იშვიათობაა. მე ნათამაშები მაქვს 150 ფილმში, ახლა ციხეში ვიქნებოდი ყოველ ჯერზე რომ შემყვარებოდა. ჩვენ მაყურებელს ვაჩვენებთ, რომ შეყვარებულები ვართ, მაგრამ ეს არ არის არასასიამოვნო პროცესი. სჯობს, ლამაზ ქალს კოცნიდე, ვიდრე მიწას თხრიდე.
- ფელინისთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად რა გახსენდებათ?
- ფედერიკოს ჰქონდა საოცარი წარმოსახვის უნარი. მასთან მუშაობა იყო უწყვეტი წვეულება, როგორც რეჟისორი ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი იყო. ზოგჯერ წამიკითხავს ამერიკელი მსახიობების ინტერვიუები, ჰყვებიან, რომ იტანჯებოდნენ გადასაღებ მოედანზე. ვერ ვხვდები, რა ტანჯავთ? ხალხს უყვარხარ, ავტოგრაფს გთხოვენ, გიხდიან, რომ იმოგზაურო, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმში, ამ ყველაფერში მტანჯველს რას ხედავთ? ტანჯვა დაუთმეთ პოეტებს, მუსიკოსებს, მაგრამ მსახიობს - არა. მსახიობი მსუბუქია, თავისი პიროვნული მახასიათებლები აქვს, მსახიობებს არ ივიწყებენ.
P.S. ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მარჩელო მასტროიანი 2 წლის შემდეგ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2024 წლის 28 სექტემბერს კი მისი დაბადებიდან 100 წელი გავიდა, თუმცა მაყურებელს ახსოვს მის მიერ განსახიერებული როლები, დახვეწილი, იტალიური სტილი და ღიმილი, რომელიც მსახიობისთვის საიმიჯო აღმოჩნდა.
"წარმოიდგინეთ, გაიხედავ და მარჩელო მოდის შენს ქუჩაზე, სადღაც მთაწმინდაზე“
1988 წლის მარტში მოსკოვი-თბილისის ღამის რეისით თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა. საქართველოში პირველად და მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა იტალიური კინოლეგენდა მარჩელო მასტროიანი. აეროპორტში მას ქართული დელეგაციის წევრები და უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა, მათ შორის იყო მსახიობი იმედა კახიანი.
"კვირის პალიტრის" არქივი ინახავს იმედა კახიანის მოგონებებს მასტროიანის ვიზიტთან დაკავშირებით.
"მარჩელოს ელდარ შენგელაიამ შეგვახვედრა და ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის. ის ყველა დროის საუკეთესო მსახიობი იყო. ჩამოვიდა და, გეგონებოდათ, აგერ ქუთაისიდან ჩამოვიდა კაი ქართველი კაცი, არავითარი პრანჭვა... სხვათა შორის, სხვა დროსაც ჩამოსულან დიდი ვარსკვლავები, მაგრამ ზოგი ჩაის არ სვამდა, ზოგიც ხორცს არ ჭამდა, მარჩელო კი თითქოს აქ იყო გაზრდილი, ჩვენი ძმაკაცი გეგონებოდათ, კარგად ჭამა, ღვინოც სვა, ქალიც ჰყავდა თან ჩამოყვანილი. შემდეგ მისმა თანმხლებმა პირმა გვითხრა, ასე ცხოვრობს იტალიაშიც, დროს ტარებასაც ასწრებს და თავის საქმესაც აკეთებსო. ლაღი, თავისუფალი კაცი იყო, არანაირი ყოყოჩობა და ამპარტავნობა. იმ რამდენიმე დღეში არმაზში წავიყვანეთ ჩვენს მეგობართან, მცხეთაშიც გვყავდა, ჯვარზე, თბილისში ელდართან. ყველგან დავატარებდით, სადაც დავდიოდით.”ქართველებს ლამაზი ქალები გყავთო, გვეუბნებოდა, ქართულ სიმღერაზე გაგიჟდა. იტალიელი ვარსკვლავი საქართველოში სამი დღე დარჩა. სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა მისი ფილმების ჩვენება, შემდეგ ფარაჯანოვმა თავის უბანში წაიყვანა. გაგიჟდნენ მისი უბნელები, მარჩელო რომ დაინახეს. წარმოიდგინეთ, გაიხედავ და მარჩელო მოდის შენს ქუჩაზე, სადღაც მთაწმინდაზე. ფარაჯანოვი ვიწრო ქუჩაზე ცხოვრობდა, ამიტომაც გზას ფეხით გაუყვნენ, ამ დროს ეზოდან გამოვიდა ქალი, რომელსაც ხელში ვედრო ეჭირა. მარჩელო რომ დაინახა, ვედრო ძირს დააგდო და ატეხა ყვირილი: მარჩელო ჩამოვიდა, მარჩელო ჩამოვიდაო და ასე კივილ-კივილით შევარდა ეზოში. სერჟიკას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა და იქ მიიყვანა მარჩელო, მაგარი დრო გაატარეს. ფარაჯანოვის მეზობელ ქალს უგონოდ უყვარდა მარჩელო და ქეიფის შემდეგ, ღამით, სერჟიკამ მარჩელო რომ გამოაცილა, იმ ქალს ფანჯარაზე მიუკაკუნა, გამოდი, მარჩელო მოგიყვანეო. ნამძინარევმა ქალმა ფანჯრიდან რომ გამოიხედა, კინაღამ გული წაუვიდა, ეგონა, ელანდებოდა".