როგორ იძარცვებოდა ქართული საგანძური
ქ ართველი ემოციას ვერასოდეს შეიკავებს, როდესაც უცხოეთში გატანილ ქართულ სიმდიდრეს ნახავს. ყაზბეგელ პოეტ თამაზ ქუშაშვილზეც ძალიან იმოქმედა მოსკოვში, სახელმწიფო მუზეუმში ყაზბეგიდან გატანილი განძის ნახვამ. მთელი სტენდი ათასწლეულების წინ შექმნილი ქართული ექსპონატებით იყო სავსე. ქუშაშვილმა სტენდს ფოტოები გადაუღო და გაავრცელა. ასე გაირკვა, რომ მოსკოვის მუზეუმში საუკუნე-ნახევრის წინ ყაზბეგიდან გატანილი ქართული ისტორიული სიმდიდრეა გამოფენილი. ოქრომრავალი საქართველო საუკუნეების განმავლობაში იძარცვებოდა. სად აღარ შეხვდებით ქართულ სიმდიდრეს, ის მთელ მსოფლიოშია გაბნეული. თუმცა რუსეთი მაინც ყველაზე დიდი მტაცებელი აღმოჩნდა: როგორ გაიზიდა ყაზბეგის საგანძური რუსეთში, ისტორიკოსი დოდო ბედუკაძე მოგვითხრობს.
- შეუძლებელია ცუდ ხასიათზე არ დაგაყენოს იმ ფიქრმა, რომ ყაზბეგის განძეულობა რუსებმა საქართველოს დაპყრობის პირველივე პერიოდში გაზიდეს. რა შედის ამ განძში?
- ყველაფერი, რასაც ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ. ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი თვლების დატაცება ნებისმიერ დროში იყო მძარცველისათვის მოგებიანი. ყაზბეგის განძი იქმნებოდა ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით ექვსი საუკუნით ადრე და მოსკოვის მუზეუმში სწორედ ეს ექსპონატებია გამოფენილი, რასაც ჩვენი წინაპრები მთაში ქრისტეს დაბადებამდე VI-IV საუკუნეებში ქმნიდნენ. ეს არის ქართული ტომების ნახელავი საყოფაცხოვრებო ნივთები და შესამკობლები. ისინი მოგვითხრობენ ჩვენი წინაპრების ცხოვრებაზე, უძველეს კავკასიელებზე, რომლებიც, როგორც განძი ადასტურებს, ნაყოფიერების ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, ირმებზე ნადირობდნენ, მოხერხებული ბრინჯაოს ცულებით ჭრიდნენ ხეტყეს, ქალები ნატიფი მძივებით და საყურეებით ირთვებოდნენ, კაცები კი ატარებდნენ ვერცხლის ლამაზბალთიან ქამრებს, რომელზეც ულამაზესი ფიგურები იყო ამოტვიფრული. ცხენის მოსართავებიც კი იმდენად ნატიფად იყო ნაკეთი, რომ ნებისმიერ თანამედროვე იუველირს აღუძრავს სურვილს რაღაც მსგავსი გააკეთოს. ესენი ჩვენია, პროქართულია, მაგრამ, იმავდროულად, განიცდის აქემენიდების იმპერიის კულტურის გავლენასაც. იყო ასეთი დიდი იმპერია თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, რომელიც თანადროულ კაცობრიობას აზანზარებდა. ჩვენი მთებიდან ამ იმპერიაში უეჭველად მიდი-მოდიოდნენ ზღვით თუ ხმელეთით და კულტურებსაც ცვლიდნენ.
- როგორც ცნობილია, განძი ახლანდელი სტეფანწმინდის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.
- რუსებმა სწორედ აქ ყაზბეგის გავლით დაიწყეს საქართველოში პირველი ე.წ. სამხედრო გზის მშენებლობა. გზა სტეფანწმინდის, იმავე ყაზბეგის, გავლით რუსეთისკენ მიემართებოდა. მის მშენებლობაზე უამრავი ყაზბეგელი მუშაობდა. გზა დიდხანს გაჰყავდათ, მერე კი მეწყრისა და თოვლისგან წმენდდნენ. გზის გაყვანისა და ფერდობების ჩამონგრევის დროს უძველესი არქეოლოგიური ნაშთები ჩნდებოდა. სხვათა შორის, სწორედ ამ დროს გაშიშვლებულ სამარხებში აღმოჩენილმა თავის ქალებმა დაადუმა რუსები, რომ ვითომ ქართველები საიდანღაც მოვედით - სამხედრო გზაზე აღმოჩენილმა მოგრძო და სხვა ხალხებისაგან განსხვავებულმა თავის ქალებმა აიძულა რუსები ეთქვათ, რომ კავკასიელები (ქართველებს არ ახსენებდნენ) ამ მიწაზე ათასწლეულობით ნაცხოვრები ხალხია. სამარხებში იყო უამრავი ოქროს ნაკეთობა, რომელთაც აღრიცხავდნენ, თუმცა მერე სად ქრებოდა, არავინ იცის. რაც შეეხება ყაზბეგის განძს, რომელიც მოსკოვის მუზეუმშია, ის პირველად 1884 წელს გამოჩნდა. თუმცა არა გზის მშენებლობისას, არამედ სტეფანწმინდაში, იმ მიდამოებში, სადაც ალექსანდრე ყაზბეგის სახლი იყო და ახლა მუზეუმია. საქმე ის არის, გზის გასაყვანმა სამუშაოებმა ირგვლივ მეწყერი დაძრა. მათგან ალექსანდრე ყაზბეგის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც, ნაშალში კი ათასწლოვანი ნამარხები გამოჩნდა, მერე ნალექებმა მიწის ზედაპირზე ათასწლოვანი ნაკეთობები ამოიტანა, რუსებმაც გათხრები მალევე დაიწყეს და ნაპოვნი ვერცხლის, ოქროს, ბრინჯაოსა და რკინის ნაკეთობები რუსეთში წაიღეს. ყველაფერი უცერემონიოდ გაჰქონდათ. ასე რომ, არავინ იცის, რა რაოდენობის განძი ამოდიოდა, დაკარგული რა არის, რა გადავიდა რუსეთის მუზეუმებში, კერძო პირების ხელში.
სტეფანწმინდაში მეწყრით ჩამონგრეულ სამარხებს ვინმე ფილიმონოვი თხრიდა 1877 წელს. მანამდე, 1874 წელს, აქ ნაპოვნი ნივთები ვინმე ხატისოვს შეუსყიდია. რაც შეეხება ფილიმონოვს, მან დაწერა, აღმოვაჩინე ოქროს ხუთსხივიანი საყურე, ოქროს ბალთა და ცისფერი მძივები; ბრინჯაოს ჯაჭვის ფრაგმენტები; ვერცხლის თასი; ბრინჯაოს 2 მათარა; თიხის ჭურჭელი. ჭურჭელს ჯაჭვი აქვს შემოხვეული და შიგ ლითონის ნივთებია ჩაწყობილი. ერთ დღესაც გათხრებზე რომ ავედი, იქაურობა სხვისგან გადათხრილი და გაძარცული დამხვდაო. არსებობს ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებს, როგორ იფანტებოდა განძი. ფილიმონოვამდე სტეფანწმინდაში ვინმე ბობრინსკი თხრიდა. ბობრინსკის პირდაპირ სტეფანწმინდის შარაგზაზე უპოვია ოქროს ორნამენტებიანი ფირფიტა, ვერცხლის დინარი, ბეჭდის 2 თვალი, რომელთაგან ერთზე მხედარი იყო ამოკვეთილი, 140 მძივი, ბრინჯაოს 4 ბეჭედი და ა.შ.
- რა გასაკვირია, როდესაც რუსებმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს, ეკლესიის ქონება გაიტანეს, რასაც საქართველოს ეკლესიის აჯანყება მოჰყვა.
- 1811 წლიდან 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია დაიხურა. ნაძარცვი ათეულ მილიონობით მანეთის იყო. მაგალითად, გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში მილიონებად ღირებული განძეულობა ინახებოდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ოქროთი მოჭედილი სახარებები თუ ძვირფასი ხატები და ჯვრები... რუსეთში გავიდა მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრების ქონება. გამწარებული ქართული ეკლესია აჯანყდა და ხალხიც გამოიყვანა. მათ მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი ჩაუდგნენ სათავეში. საპასუხოდ რუსეთმა სასულიერო პირების ციმბირში გადასახლება გადაწყვიტა. თუმცა ბრძანებაც გასცეს, თუ მაინცდამაინც დახოცავთ, გვამები ხალხმა არ უნდა ნახოსო. ასეც მოხდა, მიტროპოლიტებს ტომრები ჩამოაცვეს. ასაკოვანი ქუთათელის გვამი ანანურში გამოაჩინეს. მერე განაცხადეს, გზის სიმძიმით გარდაიცვალაო, გაენათელი მიტროპოლიტი კი პეტერბურგთან მივარდნილ ეკლესიაში აღესრულა.
ყველა დამპყრობელი გვძარცვავდა. თუმცა რუსულ მუზეუმებს ერთი ქვემძრომული მიდგომაც ჰქონდათ: ჩვენს განძს მალავდნენ. მაგალითად, მეფე გიორგი XII-ის ნივთები მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიტანეს პეტერბურგის მუზეუმში. ახალშექმნილი საბჭოთა კავშირის დროს იყო შემთხვევა, როდესაც რუსეთი მაინც გახდა იძულებული ქართული განძის ნაწილი საქართველოში გამოეგზავნა. ამ საქმეში შალვა ამირანაშვილმა დაახლოებით ისეთი როლი ითამაშა, როგორიც ექვთიმე თაყაიშვილმა საფრანგეთიდან განძის დაბრუნებაში. რუსეთშიც თითქმის ამდენივე ქონება იყო გატანილი, თუ არა მეტი. 1923 წელს რუსეთში შალვა ამირანაშვილმა და იური მარმა (ნიკო მარის შვილმა) ეს განძი რუსეთში აღწერეს. ამ დროს, როგორც შალვა იგონებდა, მოსკოვში შემთხვევით ქუჩაში შეხვდა სტალინს... როცა შალვამ უთხრა, რომ განძის აღწერაზე მუშაობდა, სტალინმა თავისი ტელეფონის ნომერი დაუწერა, დამირეკეთ და საქმის ვითარება მაცნობეთო. მოკლედ, სტალინის ჩარევის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში მთლიანად ქართული მინანქრების კოლექცია, ხატები, ჯვრები და სხვა განძეულობა.
ვინ მოთვლის, რუსებმა სხვა რა განძი დაიტოვეს ან სხვა დამპყრობმა მთელ მსოფლიოში რამდენი გაზიდა. იოანე ბატონიშვილი გადმოგვცემს: "თემურლენგმა ორი ურემი ხელნაწერი გაიტანა თურქისტანსა შინა, გააკეთებინა ქვიტკირისა დიდი სახლი და რკინისა ფანჯარანი და კარნი შეასხა, და მას შინა დასდო ყოველივე წერილნი და წიგნნი" - ანუ მუზეუმი გააკეთა. შაჰ-აბასIმაც გაძარცვა საქართველო. თუმცა ისინი ძარცვით ვერ შეედრებიან რუსეთს...