„დაუდვია ფიცი, რომ სანამ ქალის თანხმობას არ მიიღებდა, სასთუმალზე თავს არ დადებდა და ეს პირობა შეასრულა კიდეც“ - კვირის პალიტრა

„დაუდვია ფიცი, რომ სანამ ქალის თანხმობას არ მიიღებდა, სასთუმალზე თავს არ დადებდა და ეს პირობა შეასრულა კიდეც“

აბაშის რაიონში ყველამ იცის კიჭე ჯიჯეიშვილის საოცარი სიყვარულის ამბავი ვერა ნოდიას მიმართ და ამ ამბის შესახებ ლეგენდებს ჰყვებიან.­ ტრაგიკული სიყვარულის ამბავი სოფელ სეფიეთის მცხოვრებისგან, პაატა­ რურუასგან­ შევიტყვეთ:

- სოფელ სეფიეთის ცენტრში არის მოსაცდელი. გასული საუკუნის 70-იანი წლები იყო, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ერთ დღეს იქ ვნახე წამოწოლილი მოხუცი კაცი და ძალიან მეუცნაურა, რომ თავი ჰაერში ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ ბალიში გამოაცალა და ასე დარჩაო. სოფელში ვიკითხე და მითხრეს, ეს დიდი სიყვარულის ამბავია, რომელიც სათავეს შორიდან იღებსო. მაშინ კიჭე უკვე მოხუცი იყო და ცოტა მეუცნაურებოდა მისი ასეთი სიყვარული.

კიჭეს ახალგაზრდობაში ჩვენივე სოფლის მცხოვრები ლამაზი ქალი - ვერა ნოდია შეჰყვარებოდა, რომელმაც ბიჭის სიყვარული უარყო. შემდეგ ეს ქალი ვიღაცას მოუტაცია და ქმარი მალევე გარდაცვლილა. დარჩა ქვრივი, ერთი შვილით - გოგონა ჰყავდა. გარკვეული ხნის მერე ისევ მისულა კიჭე დაქვრივებული ვერას ხელის სათხოვნელად, მაგრამ ისევ უარი მიიღო. არ იქნა და არ იქნა ამ ქალის თანხმობა და სწორედ მაშინ დაუდვია ფიცი, რომ სანამ ქალის თანხმობას არ მიიღებდა, სასთუმალზე თავს არ დადებდა და ეს პირობა შეასრულა კიდეც.

ვერაც მახსოვს. მაშინ ისიც უკვე მოხუცი იყო, 80 წელს გადაცილებული. ისეთი თვალები და გამომეტყველება ჰქონდა, რომ ელვა ჩანდა მის მზერაში. ახალგაზრდობაში ალბათ თვალს ვერ მოსწყვეტდი. კიჭეც კარგი ვაჟკაცი ყოფილა. მახსოვს, მაღალი, ათლეტური აღნაგობის იყო, საოცარი გარეგნობის და შეძლებულიც ყოფილა. დღემდე არავინ იცის ვერას უარის მიზეზი.

ქალი ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ეს კაცი მოხუცებულობაშიც სულ ბიბლიოთეკის წინ იჯდა და სამსახურში მიმავალ და იქიდან მომავალ ვერას თვალებით აცილებდა ხოლმე. მაშინ მე პატარა ბიჭი ვიყავი და მოხუცების სიყვარულის ამბის ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ ახლა უკვე ჭაღარა კაცი ვარ და ასეთი სიყვარულის შესახებ არ გამიგონია. ჩემი თვალით რომ არ მქონოდა ნანახი, იქნებ მეც არ დამეჯერებინა, ისეთი უცნაური ამბავია.

ვერას გოგო სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. წარმოიდგინეთ, ეს გლეხი კაცი სოხუმში წავიდა, შეხვდა საყვარელი ქალის შვილს, დაელაპარაკა, მოუყვა თავისი სიყვარულის ამბავს და დახმარებაც სთხოვა. შვილს დედისთვის უთქვამს, ასე ძალიან უყვარხარ და გაჰყევი ცოლადო, მაგრამ ქალი მაინც უარზე დადგა. ალბათ ფიქრობდა, დაე, ასე ვუყვარდე, როგორც ახლა ვუყვარვარო და მაგიტომ გაჯიუტდა.

ქალი უფრო ადრე გარდაიცვალა. თურმე კიჭე ყველაზე გვიან მისულა სასაფლაოზე­ გასვენების დღეს და ყველაზე გვიან წამოსულა, მაგრამ შემდეგ იქ ათენებდა და აღამებდა. სასაფლაოზე ცხოვ­რობდა, ფაქტობრივად. შიმში­ლითა და საფლავის ქვებზე წოლით ისე დაუძლურდა, ძლივს წამოიყვანეს შინ მეზობლებმა. ისიც იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ჰქონდა, თორემ ნებით არ გამოჰყვებოდა. ყველაზე ახლოს მაშინ იყო თავის საყვარელ ქალთან. აღარავინ უშლიდა მასთან ასე ახლოს ყოფნას და აღარ შორდებოდა იმ ადგილს. მამას ვთხოვდი ხოლმე, დაწვრილებით მოეყოლა მათი სიყვარულის შესახებ, მაგრამ მეუბნებოდა, არ გამოიკითხო, ისე ჩაიფერფლა ის სიყვარული, რომ ყველას გული გვტკივაო.

შემდეგ კიჭე ლოგინს მიეჯაჭვა. არავინ ჰყავდა და მეზობლები უვლიდნენ. მაშინ მიცვალებულებს ეკლესიის ეზოში მარხავდნენ. კიჭეს მეზობლებისთვის უთხოვია, თუ მის შორიახლოს დამმარხავთ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ თავი მისი საფ­ლავისკენ მომიქციეთო და ასეც დამარხეს.

სოფელში ამბობდნენ, ამას რომ სიყვარული ეწვია, ბევრი ვერ დაიკვეხნისო. ბედნიერი კაცი ყოფილა კიჭე, რომ უსიყვარულოდ არ წავიდა ამ ქვეყნიდან. თუმცა, რომ დაქორწინებ­ულიყვნენ, ალბათ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი იქნებოდა და ასეთი საოცარი სიყვარულის ამბავი არ დარჩებოდა. ახლა კი ჩვენს რაიონში თითქმის ყველამ იცის კიჭეს სიყვარულის შესახებ და აი, ხედავთ, ამდენი წლის შემდეგ თქვენც კი დაინტერესდით.

მარიამ როინიშვილი