ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს. მამაჩემმა თავის სიცოცხლეში გადაუფორმა ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ქონება ჩემს ძმას. წლების შემდეგ მამა გარდაიცვალა, გარდაიცვალა ჩემი ძმაც. ეს ქონება ახლა გადადის ძმის მეუღლეზე. მაქვს თუ არა წილის მოთხოვნის უფლება? - სამწუხაროდ, თქვენ არა გაქვთ წილის მოთხოვნის უფლება, რადგან ძმას ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე. ოფიციალურ ქორწინებაში არა ვარ... გვყავს არასრულწლოვანი ბავშვი, მეუღლემ იყიდა ბინა და შემირიგა, დამადო ბანკში ვალი, კომუნალურები გადამახდევინა და მერე გამომაგდო ბავშვით ქუჩაში. მაქვს თუ არა უფლება ვუჩივლო და წილი მოვითხოვო? ბავშვი მის გვარზეა. - თუ დასტურდება, რომ ვალი მის გამო გაქვთ აღებული, ან მისთვის თანხის მიცემის ფაქტი გიდასტურდებათ, მაშინ შეგიძლიათ აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნა. ბინის წილის მოთხოვნის შესაძლებლობა კი გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ თანაცხოვრების პერიოდში საგრძნობლად გაზარდეთ ამ ბინის ღირებულება, მაგალითად, თუ ბინა იყო შავი კარკასი და თქვენ ჩაატარეთ სრული რემონტი, ამ შემთხვევაში გაქვთ წილის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება ბავშვს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ალიმენტი. მყავს ორი ძმა, აქედან ერთი 1994 წელს წავიდა რუსეთში და 15 წელია არ გვეხმიანება, საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია. რუსეთიდან ვერაფერს ვიგებთ. ჩვენ ორნი მშობლების ქონების გადაფორმებას თუ შევძლებთ? ან რა ზომებს მივმართოთ? - კითხვა ბუნდოვანია. მშობლების ქონების გადაფორმებაში, ალბათ, გულისხმობთ სამკვიდროს მიღებას, სხვა შემთხვევაში, მშობლებს უფლება აქვთ მათ საკუთრებაში არსებული ქონება გადაგიფორმოთ თქვენ ან ნებისმიერ სხვა პირს, ამისათვის მესამე პირის თანხმობა არ არის საჭირო. თუ მშობლები გარდაცვლილი გყავთ და გსურთ სამკვიდროს მიღება, თქვენ და თქვენი მეორე ძმა კუთვნილ წილს მაინც მიიღებთ, ხოლო თუ კითხვაში მოიაზრებთ იმას, თუ თქვენი მეორე ძმის (რომელიც რუსეთშია) ქონების მიღება როგორ არის შესაძლებელი, მის წილს მიიღებთ, თუკი მას გარდაცვლილად გამოაცხადებთ სასამართლოს მეშვეობით და სხვა მემკვიდრეები არ ეყოლება. ჩემს ბინაში რამდენიმე წელია უფასოდ ცხოვრობს ნათესავი, ბინის დაცლაზე უარს მეუბნება. როგორ შემიძლია სამართლებრივად ბინის დაცლა მოვითხოვო? ან შესაძლებელია რომ საკეტი შევცვალო? - სასამართლოს უნდა მიმართოთ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საკეტის შეცვლაც შესაძლებელია, ვინაიდან მესაკუთრე ხართ, თუმცა გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ შეიძლება მერე თავად ნათესავმა გიჩივლოთ, რომ თქვენი ბინიდან რაიმე ძვირადღირებული ნივთი, ოქროულობა ან თანხა დაეკარგა და ამ კუთხით შეგიქმნათ პრობლემები. 8 წელი ვიცხოვრე ყოფილ ქმართან, რომელსაც არასდროს უმუშავია, ემიგრანტი დედა უგზავნიდა ფულს. ქორწინებაში მყოფმა იპოთეკით შევიძინე ბინა, რომელსაც ვიხდიდი ჩემი ხელფასიდან. იპოთეკაც ჩემს სახელზე იყო. 4 წლის წინ ხელი ოფიციალურად გავაწერეთ. იპოთეკის გადახდა გავაგრძელე, ერთი წელი არ იქნება, რაც მოვრჩი გადახდას და ახლა მეუბნება, ბინა უნდა გამიყო, რადგან თანაცხოვრების დროს გაქვს შეძენილი, ან სასამართლოში გიჩივლებო. მიაკუთვნებენ მას ქონების ნახევარს? - ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მოთხოვნის უფლება მხარეს აქვს განქორწინებიდან 3 წლის ვადაში, შესაბამისად, გასულია ხანდაზმულობის ვადა. თუ მან შეიტანა სარჩელი, აღნიშნული საფუძვლით მოთხოვნა იქნება ხანდაზმული, რაც თქვენ შესაგებელში უნდა მიუთითოთ. თუ თქვენმა ყოფილმა მეუღლემ მიმართა სასამართლოს სარჩელით, მიმართეთ ადვოკატს, რათა პროცედურულად დაგეხმაროთ თქვენი პოზიციის დაცვაში. მინდა ჩუქების ხელშეკრულების გაკეთება. ამისთვის ნოტარიუსთან უნდა მივიდე თუ პირდაპირ საჯარო რეესტრში შევძლებ გაფორმებას? - ჩუქების ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ნოტარიუსთან, ასევე საჯარო რეესტრშიც. ნოტარიუსთან შედგენილი ჩუქების ხელშეკრულებაც შემდგომ დასარეგისტრირებლად უნდა მიიტანოთ საჯარო რეესტრში. ვმუშაობ კერძო კომპანიაში, ვარ ფეხმძიმედ და მიწევს დეკრეტში გასვლა. ხელმძღვანელობა მეუბნება, რომ არ ამინაზღაურებს დეკრეტს, არის თუ არა ვალდებული ერთჯერადი თანხა გადამიხადოს? - დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 143 კალენდარული დღის ოდენობით. ასევე ანაზღაურებადია ბავშვის მოვლის გამო 57 კალენდარული დღე. შესაბამისად, თქვენც უნდა აგინაზღაუროთ კომპანიამ შვებულება 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში. ოფიციალურ ქოწინებაში ვარ, მეუღლემ სესხი აიღო ბანკიდან, ჩემგან დამოუკიდებლად, თუ არ გადაიხდის, მე რა ვალდებულებას დამაკისრებენ? საცხოვრებელი ჩემს სახელზეა. - მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდა შეიძლება მოხდეს თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც ის მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალის გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. თუ ბინა შეძენილი გაქვთ ქორწინებამდე, მაშინ ეს წესი არ გავრცელდება, ვინაიდან ბინა არ ჩაითვლება საერთო ქონებად. პირს ბანკიდან თანხა ჰქონდა გამოტანილი და კიდევ აქვს სესხი დასაფარი, მაგრამ გარდაიცვალა. უქმდება თუ არა სესხი? მითხრეს, როცა სესხი გაიცემა, თითქმის ყველა სესხს აქვს სიცოცხლის დაზღვევა. სად შემიძლია ამის გარკვევა და მე მეტყვიან თუ არა დეტალებს, ვარ ოჯახის წევრი. - მიიტანეთ გარდაცვალების ცნობა იმ ბანკში, სადაც გარდაცვლილს სესხი აქვს და იქ დაგაკვალიანებენ. - ბებიაჩემმა ანდერძით თავის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა თავის შვილთაშვილს. იმ პერიოდისთვის ბებიას ორი ქალიშვილიდან დღეს ერთი ცოცხალი აღარ არის. ბებია გარდაიცვალა 1993 წელს, როდესაც ჩემი ძმისშვილი 9 წლის იყო და 1991 წლიდან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური (ოსურ-ქართული) სიტუაციის გამო თბილისიდან საცხოვრებლად გადავიდა ვლადიკავკაზში. ანდერძის ხანდაზმულობის გამო სამკვიდრო მოწმობისთვის უნდა მივმართოთ სასამართლოს. რა პრობლემებს შეიძლება ველოდოთ? ვის ეკუთვნის ანდერძით განსაზღვრული ქონებიდან წილი, რამდენი და რა უნდა მოიმოქმედონ მათ ასეთ შემთხვევაში? - ანდერძს არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, თუმცა კანონის მოთხოვნა რჩება ძალაში და შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში უნდა მიგემართათ ნოტარიუსისთვის, ან ფაქტობრივი ფლობით მიგეღოთ სამკვიდრო. ახლა უნდა მიმართოთ ნოტარიუსს ანდერძით, ის კი, დიდი ალბათობით, უარს გეტყვით და ამ უარის საფუძველზე სასამართლოში უნდა დაადგინოთ იურიდიული ფაქტი ფაქტობრივი ფლობის შესახებ, ან საპატიო მიზეზით მოითხოვოთ ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ თქვენთვის ანდერძის შესახებ ცნობილი ახლა გახდა. გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები