ხორცპროდუქტები და ძეხვეული ბევრს უყვარს, მაგრამ მათი შეძენისას რთული ამოცანის წინაშე ვდგებით: რამდენად საიმედო და ხარისხიანია პროდუქცია, რომელსაც ვყიდულობთ და საკმაოდ ძვირადაც? ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნუტრიციოლოგი ბელა ყურაშვილი: - ძეხვეულს უამრავი ადამიანის რაციონში საპატიო ადგილი უკავია. მოხარშული ძეხვი, სარდელი, სოსისი, შებოლილი ან ნახევრად შებოლილი ძეხვი, შაშხი, ფილე, პაშტეტი და ა.შ... ეს საკვები უამრავი ადამიანისთვის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, რასაც მისი სასიამოვნო გემო და არომატი განაპირობებს. - ამ პროდუქციაზე ბევრი უარყოფითი­ ინფორმაცია ვრცელდება: ამბობენ, რომ ძეხვეული სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს, რომ ეს არ არის ჯანსაღი საკვები... - გასაგებია, ამას რატომ ამბობენ: თითქმის ყოველგვარ ძეხვეულს უმატებენ ნატრიუმის ან კალიუმის ნიტრატს და სხვა საკვებ დანამატებს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეს მაღალკალორიული პროდუქტი წითელ ან ვარდისფერ შეფერილობას დიდხანს ინარჩუნებს. გარდა საკვები დანამატებისა, ეს ნაწარმი დიდი რაოდენობიით შეიცავს ფარულ ცხიმებს, მასში ბევრია ფოსფორი და სუფრის მარილი, ამიტომ ჩვენი მკითხველი უნდა გავაფრთხილოთ, რომ მსგავსი საკვების მიღება ბავშვებისთვის არ შეიძლება, განსაკუთრებით, სკოლამდელი ასაკის პატარებისთვის. რატომ? - საკვები დანამატები, რომელთაც ეს პროდუქცია შეიცავს, პატარებისთვის ზიანის მომტანია. - ზრდასრულებზე რას გვეტყვით? - ზრდასრული ადამიანისთვის ძეხვეულის მიღება კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ, სამჯერაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ადაპტაციური სისტემა მას ადვილად მოერევა, მაგრამ თუ ასეთ საკვებს ხშირად ვჭამთ, შეიძლება ორგანიზმში პათოლოგიური ძვრებიც დაიწყოს. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ძეხვეული საიმედო და ხარისხიანი უნდა იყოს. ხარისხიანში რას ვგულისხმობ? - წარმოების პროცესში აუცილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა, პროდუქციის მოსამზადებლად მეწარმეებმა უმაღლესი ხარისხის ნედლეული უნდა გამოიყენონ. კიდევ ერთი რამ: ასეთ საწარმოებში მომსახურე პერსონალიც ჯანმრთელი უნდა იყოს და პირადი ჰიგიენის წესებს მაქსიმალურად იცავდეს. - სოცქსელში გვინახავს, როგორ უმატებენ ამ პროდუქციას საეჭვო ინგრედიენტებს და რა პირობებში ამზადებენ. ამბობენ,­ ზოგიერთ საწარმოში ძეხვეულსა და სოსისებს ძაღლის ხორცს ურევენო... - ვერ დაგეთანხმებით: დღეს სურსათის უვნებლობის სააგენტო მათ ამოწმებს­ და თუ საწარმო ყველა სტანდარტს არ აკმაყოფილებს, არ დაუშვებენ, რომ მან იმუშაოს. ისიც წარმოუდგენელია, რომ რომელიმე მეწარმემ ძეხვეულში ძაღლის ხორცი გამოიყენოს - შეიძლება სახამებელიც დაუმატოს, კვერცხიც, ქათმის კანი ან სისხლი, მაგრამ ძაღლის ხორცი? დღეს ყველა საწარმო მკაცრად კონტროლდება და არა მგონია, ვინმემ ასე გარისკოს. - თუმცა სურსათის უვნებლობის სააგენტომ ხორცპროდუქტებში ცხენის და ვირის ხორციც აღმოაჩინა. - ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. მართალია, ცხენის ხორცის მოხმარება ჩვენი ტრადიცია არ არის, მაგრამ ეს ყველაზე სუფთა ცხოველია, ცხენი ჭუჭყიან წყალსაც კი არ დალევს და მისი ხორცისგან არაერთ ქვეყანაში საუკეთესო ძეხვეულს ამზადებენ. მაგალითად, შუა აზიაში ცხენების რემები ჰყავთ და ამ ცხოველის ხორცისგან საუკეთესო ხორცპროდუქტებს ამზადებენ. რაც შეეხება ვირის ხორცს, ის ისეთ ჰორმონებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია, მაშინ როცა მისი რძე არაჩვეულებრივია, შემადგენლობით ქალის რძეს უახლოვდება და ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ნებისმიერ შემთხვევაში მათი გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს მომხმარებლის მოტყუებაა: ადამიანს სულ სხვა პროდუქტის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი და სხვას ყიდულობს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებში ცხენის ხორცი რომ შეიტანეს, ერთი ამბავი ატეხეს, განა იმიტომ, რომ ცხენის ხორცი ცუდია? - არა, ეტიკეტზე ეწერა, რომ ეს ხბოს ხორცი იყო. - რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში? - დღესდღეობით გაცილებით უკეთესი სიტუაციაა: ფერმებიც გვაქვს და გაყინული ხორცი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. ზოგს ჰგონია, გაყინული ხორცი­ ცუდია, მაგრამ ასე არ არის. ალბათ, ყველას გვახსოვს დრო, როცა პატარ-პატარა საწარმოები ლამის ყველგან იყო გახსნილი, ახლა ამის უფლებას აღარავის აძლევენ, მაგრამ პროდუქტის შეძენისას მაინც დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს: სასურველია, ხორცპროდუქტები საიმედო ფირმის იყოს და საიმედო მაღაზიაში შევიძინოთ. ეტიკეტიც უნდა წავიკითხოთ, რომ გავიგოთ, რა შემადგენლობისაა საკვები, რომელსაც ვყიდულობთ. „არ შეიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტი არ ახლავს“ ანა გემაზაშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - ძეხვეულის და ხორცის გადამმუშავებელი საწარმოების მდგომარეობას კარგა ხანია ვამოწმებთ - თავდაპირველად, საწარმოში შევდივართ და მთელ პროცესს ვაკონტროლებთ. ვერც ერთი საწარმო ვერ დარეგისტრირდება, თუ იქ მომხმარებლისთვის უსაფრთხო სურსათს არ აწარმოებენ. გარდა ამისა, ბაზარზე შერჩევით ვიღებთ ნიმუშებს და მათ შემადგენლობასაც ვამოწმებთ. ნებისმიერი ფალსიფიკაცია ძალიან მკაცრად ისჯება: პროდუქტში არ უნდა იყოს ისეთი რამ, რაც ეტიკეტზე მითითებული არ არის. სურსათის უვნებლობის სააგენტო ამოწმებს არა მარტო ძეხვეულს, არამედ მზა კერძებსაც და სიტუაცია ნამდვილად გაუმჯობესებულია. იყო შემთხვევა, როცა პროდუქციაში ცხენის ან ვირის ხორციც აღმოგვიჩენია, მაგრამ ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული ყველაზე წარმატებული ქვეყნებიც არ არიან. მომხმარებელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული: არ უნდა შეიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტი არ ახლავს, და ისეთ ადგილას იყიდება, სადაც რეალიზაციის პირობები დაცული არ არის. Uასევე, უნდა დარწმუნდეთ, რომ ძეხვეული და სხვა ნაწარმი ჯანმრთელი ცხოველის ხორცისგანაა დამზადებული. როგორ იქცევა ჩვენი უწყება, როდესაც ფალსიფიკაციას ან სხვა დარღვევას აღმოაჩენს? - ამ დროს საქმეში საგამოძიებო ორგანოები ჩაერთვებიან და საეჭვო სურსათი განადგურდება, ხოლო მეწარმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იწყება. ფალსიფიკაციის გამო მეწარმეები სოლიდური თანხით ჯარიმდებიან, რაც ყველას აიძულებს კეთილსინდისიერება გამოიჩინონ და მომხმარებელი არ მოატყუონ. ხათუნა ჩიგოგიძე