რატომ ცისფერი და ვარდისფერი?! - კვირის პალიტრა

რატომ ცისფერი და ვარდისფერი?!

ცის ხსენებაზე ადამიანს უპირველესად ამაღლებული, ღვთიური რამ უნდა ახსენდებოდეს, რადგან ცა უფლის სამყაროა, აქედან იღებს საფუძველს გამოთქმები - ცათა სასუფეველი, ცად ამაღლება, ზეციური კალთა, ზეციური ნიჭი... შემთხვევითი არ ყოფილა, რომ რომანტიკოსებმა და კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ასე განადიდა ცისფერი. მისი უბადლო პოეზია ზეცისკენ სწრაფვით არის აღბეჭდილი. ისეთ სატრფიალო ლექსშიც კი, როგორიც "საყურეა", რომელშიც პოეტი სასურველი ქალის საყურის ქვეშ "ბაგის დატკბარუნებას" ნატრობს, ამით "უკვდავების შარბათის" შესმაზე ოცნებობს. უკვდავება კი ცად ამაღლებაა. "ვნებათა ღელვის ციურ სივრცეში აყვანა" უწოდეს ლიტერატურის მკვლევრებმა პოეტის ამ სწრაფვას. ამის დასტურია ეს სტრიქონებიც:

"ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,

პირველად ქმნილსა ფერს

და არ ამქვეყნიურს

სიყრმიდან ვეტრფოდი...

ფიქრი მე სანატრი

მომიწევს ცისა ქედს,

რომ ეშხით დამდნარი

შევერთო ლურჯსა ფერს..."

ბარათაშვილის პოეტურ მემკვიდრედ აღიარებულია გალაკტიონი, რომლისთვისაც ცისფერი (აგრეთვე, ლურჯი, ზამბახისფერი, იისფერი) რჩება სიწმინდის, სინაზის სიმბოლოდ. პოეტი "იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებს და ცისფერ სიტყვით ხატავს ციაგებს". გალაკტიონისთვის საყვარელი ქალიც კი ცისფერი იყო: "ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი?". ჩვენი პოეზიის ისტორიაში მუდამ მოწიწებით იხსენიებენ ქართველ სიმბოლისტებს, რომლებმაც "ცისფერყანწელები" დაირქვეს... ბევრს აღარ გავაგრძელებ.

სამწუხაროა, რომ პოეტებისაგან გაღმერთებული ცისფერი დამკვიდრდა ე. წ. სექსუალური უმცირესობის (პირადად ჩემთვის სოდომის სენით შეპყრობილთა) გარკვეული სახეობის, კერძოდ, "კულტურულად" გეების, სალანძღავად. ამ გაუგებრობაში ლომის წილი ჩვენს ტელევიზიებს ეკუთვნის. ცენტრალური ტელევიზიები ინტენსიურად მუშაობენ ტელე-სერიალების თარგმნა-გახმოვანებაზე, თანაც, არა მგონია, ესპანური და პორტუგალიური ენებიდან თარგმნით იწუხებდნენ თავს. თარგმნიან რუსულიდან, რუსულში კი გეის "გოლუბოის" უწოდებენ. ჰოდა, ამათაც, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე თარგმნეს, როგორც ცისფერი. არადა, რუსი, როგორც ჩანს, დაფიქრდა და გეის "ნებესნი" კი არ უწოდა, არამედ "გოლუბოი". "გოლუბ" - რუსულად მტრედს ნიშნავს. ასე რომ, "გოლუბოი" ცისფერი კი არა, მტრედისფერია, ცისფერი კი რუსულად "ნებესნი ცვეტ" არის. ესეც არ ვიკმარეთ და მეორე უმშვენიერესი ფერი - ვარდისფერი ლესბოსელებს მივაკერეთ.

ამ ყაიდის ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ (რასაკვირველია, არა ამ რაოდენობით და არა ასეთი პატივით მოსილნი). მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის ნეგატიური იყო. ამ დამოკიდებულებას ჩვენი წინაპრები ცისფერ-ვარდისფრობით კი არ გამოხატავდნენ, არამედ გონივრული სიტყვებით. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში "დედალს" უძახდნენ, მთაში - სადიაცეს. უნებურად მახსენდება ილიას პოემა "რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ". აღშფოთებულმა კაკომ "დედალი" უწოდა ზაქროს, როგორ იდექი უმოქმედოდ, ბატონმა მოხუცი მამა როგორ გიცემაო: "მითხარ, დედალო, რას აკეთებდი, რას გეუბნოდა გული ამ დროსა?!". ვაჟას ლექსი "კაი ყმა" ცუდი, უღირსი მამაკაცებისადმი მიმართვით მთავრდება. ჩანს, რომ, პოეტის აზრით, ვაჟკაცისათვის, ყველაზე შეურაცხმყოფელი სწორედ "სადიაცეს" წოდება უნდა ყოფილიყო. ამიტომ ასე მრისხანედ შეუძახებს თავკერძა, საკუთარი ჯამის მაცქერალ, ქვეყნისთვის გამოუსადეგარ მამაკაცებს.

"არა, თქვენ, სადიაცენო,

რო ძროხებივით სძღებითა,

ღამით მაძღრები დაწვებით,

დილით მშივრები სდგებითა...

თავის ჯამს ჩასცქერთ არცა როს

საქვეყნოდ გამოსდგებითა..."

მაშ, ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ ცისფრებად და ვარდისფრებად მოვიხსენიებთ გეებსა და ლესბოსელებს და ამით ერთგვარად არა მარტო მათ უფლებებს ვიცავთ, არამედ უპირატესობასაც ვაღიარებთ და რაც მთავარია, შეურაცხვყოფთ ამ ფერებსაც და მათ მოტრფიალეებსაც.