"დასავლური გაზეთები პირდაპირ წერდნენ, ჩვენ არა გვაქვს იმის თავი, რომ 150 000 კაცი გავგზავნოთ კავკასიაში და რუსეთს ვეომოთო" - დამოუკიდებლობის აქტიდან საბჭოურ ანექსიამდე
თბილისი მე-11 წითელმა არმიამ 104 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, დაიკავა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
23 თებერვალს ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში 21 პირტიტველა იუნკერი დაიღუპა, რომელიც სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში ასვენია (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე). 24 თებერვალს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ქართველთა მეხსიერებას შავ ლაქად შემორჩა ელვა-ტელეგრამა, რომელიც ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს ლიდერმა სერგო ორჯონიკიძემ 25 თებერვალს აფრინა კრემლში: "მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაემგზავრა და ამით დასრულდა საქართველოს საოცნებო სამწლიანი დამოუკიდებლობაც...
საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. ამ მზაკვრული გეგმის თანახმად, წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ როგორც მუშებისა და გლეხების მხარდამჭერი ძალა, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდნენ. საბჭოთა ხელისუფლება პროპაგანდით, შავი პიარით, საბჭოური მითებითა და ძალდატანებით შეცვლილი მოგონებებით ცდილობდა საზოგადოების მეხსიერებაში გაექრო დამოუკიდებლობის 3 წელი. ამის შემდეგ დღესასწაულად არა 26 მაისი, არამედ 25 თებერვალი იქცა, როგორც მენშევიკური დიქტატურისგან გათავისუფლების დღე.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა ვერ შევინარჩუნეთ, ხუთი კვირის განმავლობაში ვებრძოდით რუსეთს, მაშინ, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთ დღეში დაკარგეს დამოუკიდებლობა. ამასთანავე, ვიბრძოდით შეზღუდული რესურსებით - როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური და სამხედრო თვალსაზრისით. ასევე, მოვიგეთ ცალკეული ბრძოლები, გვქონდა კონკრეტული გმირობის მაგალითები, მაგალითი შალვა ერისთავისა, კაპიტან ყიფიანისა, იმერეთის გვარდიის ბატალიონისა, რომელმაც რუსული ტანკები მოიგერია და სხვ. გვაქვს გმირობის მაგალითი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტის, ფრონტზე მოხალისედ წასული მოწყალების დის, 20 წლის მარო მაყაშვილის, რომელიც ჭურვის ნამსხვრევებით სასიკვდილოდ დაიჭრა თავში...“
რამ განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა და ზოგადად, რა გვასწავლა ამ მოვლენამ, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე გვესაუბრება.
- 1921 წლის 25 თებერვალი იმითაა აქტუალური, რომ შემდგომმა თაობებმა გაითვალისწინონ პირველი რესპუბლიკის დროინდელი გამოცდილება. ეს კი ორ გარემოებას გვიკარნახებს: 1. დამოუკიდებლობის გამოცხადება არ არის საკმარისი, მთავარია მისი შენარჩუნება. ამ შენარჩუნებისთვის პატარა და სუსტმა ქვეყანამ უნდა ეძებოს მფარველ-მოკავშირე დიდი სახელმწიფოს სახით; 2. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდე საერთაშორისო იზოლაციაში და არ უნდა დარჩე ყოფილ მეტროპოლიასთან მარტოდმარტო. ეს ორი გაკვეთილი უნდა გაითვალისწინონ შემდგომმა თაობებმა. მაშინ ვერ მოვახერხეთ საერთაშორისო მფარველ-მოკავშირეების მოძებნა და ამაში ჩვენ იმდენად არ ვიყავით დამნაშავე, რამდენადაც მაშინდელი საერთაშორისო ვითარება.
- მხოლოდ საქართველოს მიმართ დაბალი ინტერესის გამო დავრჩით რუსეთთან პირისპირ?
- ერთი ფაქტორი ესაა. მაშინ უარი გვითხრეს, ბრიტანეთი რუსეთთან სავაჭრო ხელშეკრულების დადებით იყო დაინტერესებული, თან დასავლეთს იმდენი თავიც არ ჰქონდა. სამოქალაქო ომში საბჭოთა რუსეთმა გაიმარჯვა, ბრიტანული და ამერიკული გაზეთები პირდაპირ წერდნენ, ჩვენ არა გვაქვს იმის თავი, რომ 150 000 კაცი გავგზავნოთ კავკასიაში და რუსეთს ვეომოთო. ასე დავრჩით საბჭოთა რუსეთთან პირისპირ. იმხანად დასავლეთს არ ჰქონდა არც სამხედრო, არც ფინანსური რესურსი, რითაც საბჭოთა რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მაშინდელი ევროპა პირველი მსოფლიო ომისგან გადაღლილი და დასუსტებული იყო. მეტყვით, რუსეთმაც ხომ იომა, ის არ იყო დასუსტებულიო? საქმეც ეგ არის, რომ რუსეთი რაც არ უნდა დასუსტებული იყოს, მას ყოველთვის აქვს სამხედრო რესურსი, მით უმეტეს, საბჭოთა რუსეთმა სწრაფად მოახდინა ტრანსფორმაცია და შექმნა ძლიერი ჯარი.
25 თებერვალს, როცა რუსი ჯარისკაცები აქ შემოვიდნენ, ჩექმას და ტანსაცმელს ადგილობრივი ხელისუფლების ძარცვით შოულობდნენ. რუსეთს შეუძლია იშიმშილოს, გაძვალტყავებული იყოს, მაგრამ მაინც დაპყრობაზე იფიქრებს. ამით განსხვავდება რუსეთი სხვა ცივილიზებული სამყაროსგან. ეს არის ბარბაროსული უზარმაზარი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება საკუთარი ხალხისთვის საჭმელ-სასმელი არ ჰქონდეს, მაგრამ დაპყრობა ყოველთვის ესურვება.
- კიდევ რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს გასაბჭოება და მისი თავიდან აცილება თუ იყო შესაძლებელი?
- პირველ ეტაპზე ჩვენ გვყავდა ძლიერი მოკავშირე გერმანიის სახით. 1918 წლის 26 მაისს მასთან მოკავშირეობაზე დაყრდნობით გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. 26 მაისიდან 1918 წლის ბოლომდე გერმანული ჯარი იდგა საქართველოში (19-20 ათასამდე კაცი), რომელმაც დაგვიცვა ოსმალეთის შემოტევებისგან, –მაშინ ოსმალეთი და გერმანია მოკავშირეეები იყვნენ და ერთ უბანზე, სადღაც ბორჩალოს მაზრაში, გერმანელებსა და ოსმალოებს შორის შეტაკება მოხდა და ჩვენი გულისთვის ორი გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველ მსოფლიო ომში გერმანია დამარცხდა და იძულებული გახდა კავკასია და საქართველო დაეტოვებინა, მან ჯარი გაიყვანა და აქ მის ნაცვლად ანტანტის ჯარი შემოვიდა (დიდი ბრიტანეთის ჯარები), რომლის რაოდენობამაც ერთ მონაკვეთში დაახლოებით 60 000-ს მიაღწია. ბრიტანეთი მაინცდამაინც არ იყო დაინტერესებული კავკასიაში ყოფნით, იმიტომ, რომ სამოქალაქო ომში საბჭოთა რუსეთმა დაამარცხა თეთრგვარდიელი გენერალ ანტონ დენიკინის ჯარები. ბოლოს ბრიტანეთმა თავისი ჯარის ნაწილი ბათუმში დატოვა. როდესაც საკითხი დადგა, რომ ბრიტანელები უნდა გასულიყვნენ ბათუმიდან, ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს მთავრობასაც, ძალიან გაუხარდა, იმიტომ, რომ "ბათუმი უბრუნდებოდა თავის დედასამშობლოს" (ასე ამბობდნენ მაშინ), ის კი გვავიწყდებოდა, რომ ჩვენთან ბრიტანული ჯარი იდგა, რუსეთს შეიძლება ჯარით შემოსვლისგან თავი შეეკავებინა.
როდესაც 1920 წლის დასაწყისში ბრიტანეთმა და ანტანტამ საბჭოთა რუსეთს ბლოკადა მოუხსნეს, ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკება სავაჭრო ურთიერთობაზე. ჩვენი ბედი იმ მოლაპარაკებაზე წყდებოდა, რადგან ბრიტანეთ-რუსეთის ხელშეკრულების ერთ მუხლში აღნიშნული იყო, რომ როდესაც სავაჭრო ხელშეკრულება დაიდებოდა, საბჭოთა რუსეთი ცნობდა ბრიტანეთის გავლენას ინდოეთზე, ირანზე, ავღანისტანსა (მაშინ ასე იწოდებოდა) და საქართველოზე. იმავე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო, რომ საბჭოთა რუსეთს არ უნდა დაეწყო ბრიტანეთის კრიტიკა ამ ოთხი რეგიონის გამო. საინტერესოა, რომ საქართველო ამ ხელშეკრულებაში 1920 წლის ნოემბერ-დეკემბრამდე ფიგურირებდა. 1921 წლის დასაწყისში საქართველო ქრება იმ ჩამონათვალიდან, მასში ფიგურირებს ინდოეთი და ავღანისტანი (ირანიც კი ამოიღეს, რადგან საბჭოთა რუსეთის მეზობელი იყო და ბრიტანული დაინტერესების სფეროდან მოსკოვმა ამოაღებინა). 1921 წლის 26 იანვარს რუსეთის ცკ-ს პოლიტბიუროზეგადაწყდა დამოუკიდებელი საქართველოს გასაბჭოება. ასე რომ, საქართველოს დაპყრობა 26 იანვარს მოსკოვში გადაწყდა.
მას შემდეგ, რაც ლონდონმა საქართველო თავის დაინტერესებიდან ამოიღო, გასაბჭოების თავიდან აცილება აღარ შეიძლებოდა, ვინაიდან უკვე იზოლაციაში ვიყავით. იზოლაციაში ვიყავით ამერიკისგანაც, მან არ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1920 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბეინბრიჯ კოლბის განცხადება, სადაც დაახლოებით ასეთი ტექსტი იყო: რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთთან მოლაპარაკება იწარმოებს, მანამდე ჩვენ ვერ ვცნობთ ვერც საქართველოს და ვერც აზერბაიჯანსო. იზოლაციაში ვიყავით საფრანგეთისგანაც, ვინაიდან საქართველო და კავკასია მისი გავლენის სფეროდ თავიდანვე არ ითვლებოდა. იზოლაციაში ვიყავით იტალიისგანაც. ლონდონმაც ხელშეკრულების ახალ ვერსიაში ასეთი მუხლი ჩაწერა, ჩვენი დაინტერესების სფეროდ არ განვიხილავთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის იმპერიის კოლონიები იყვნენ და დღეს დამოუკიდებლობა მოიპოვესო. კიდევ კარგი, დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, ეს მაინც დააფიქსირა ლონდონმა. სამაგიეროდ, საბჭოთა რუსეთი არ შეეხებოდა ავღანისტანს და ინდოეთს ბრიტანეთის სფეროში. აი, ასეთი გარიგება მოხდა ორ იმპერიას შორის.
- ისტორია მეორდება...
- საქართველომ, ვინც არ უნდა იყოს მისი ხელისუფლების სათავეში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება იმაში უნდა გამოიყენოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა მოძებნოს ძლიერი მოკავშირე. ეს დღეს დასავლეთია, სულერთია, ევროპა იქნება თუ აშშ, ან ორივე ერთად. ნუ ავყვებით მოსკოვიდან წამოსულ პროპაგანდას და ნუ ვიტყვით, რომ ევროპა და აშშ ვითომ სხვადასხვა რამეა. შესაძლოა მათ შორის კერძო საკითხებზე წინააღმდეგობები იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, აშშ და ევროკავშირი მოკავშირეები არიან.
საქართველოს ისტორიიდან მოვიყვან ერთ კარგ ეპიზოდს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებასაც გამოადგება და ოპოზიციასაც: 1916 წელია. საქართველოში ჩამოვიდა ევროპაში არსებული ე.წ. საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელი, დიდი პატრიოტი კაცი გიორგი მაჩაბელი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა: სოციალ-დემოკრატებიდან ევგენი გეგეჭკორსა და ნოე ჟორდანიას, სოციალისტ-ფედერალისტებიდან - სამსონ ფირცხალავას და გრიგოლ რცხილაძეს და ედპ-დან - შალვა ამირეჯიბსა და რევაზ გაბაშვილს (ეკატერინე გაბაშვილის ვაჟს). აზრი ორად გაიყო - ედპელები ამბობდნენ, გერმანია უნდა იყოს ჩვენი მფარველ-მოკავშირეო, ნოე ჟორდანიამ, ჩვენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები ვართ, ამიტომ გერმანიას მხარს ვერ დავუჭერთო, სოციალისტ-ფედერალისტები კი ხან აქეთ იყვნენ, ხან იქით. რევაზ გაბაშვილმა კი ასეთი სიტყვა წარმოთქვა: "ომს ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, ღმერთმა იცის. თუ ჩვენმა ფალავანმა მოიგო (პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობს), ჩვენ დამოუკიდებლობას მივიღებთ და თქვენც გადაგარჩენთ სამხედრო სასჯელისგან, და თუ თქვენმა გაიმარჯვა, გამოგვაცხადეთ გინდ მოღალატეებად, ჩამოგვკიდეთ ხეებზე. საქართველო კი ორივე შემთხვევაში უნდა გადარჩეს, ვინც უნდა იყოს გამარჯვებული. ამ შეთანხმებით ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავიშალენით..." (ამონარიდი რევაზ გაბაშვილის მოგონებებიდან "რაც მახსოვს") - ანუ მთავარია, საქართველომ გაიმარჯვოს და სულერთია, ჩვენიდან რომელი იქნება გამარჯვებულიო. აი, რა წინაპრები გვყავდა - მათთვის პირადულსა და პარტიულზე მაღლა სამშობლო იდგა...