ამერიკის პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რას შეცვლის ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში, რა ბედი ელის უკრაინას, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება. - მე მაინც მგონია, რომ ეს თამაშის წესია, სპექტაკლი, რაც მიმართულია­ იმისკენ, რომ ტრამპმა რუსეთი გამოიყენოს ჩინეთის წინააღმდეგ. რამდენად გამოუვა, სხვა საკითხია. ვფიქრობ, რუსეთშიც კარგად ხვდებიან, რომ ვაშინგტონის ახალი ხელმძღვანელობა თამაშის წამოწყებას ცდილობს. ურთიერთობის ასეთი ფორმა არაერთხელ გამოუყენებია აშშ-ის ხელმძღვანელობას სხვადასხვა მსხვილ მოთამაშესთან. იგივე მეთოდოლოგია გამოიყენეს 90-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობასთან, იგივე იყო 30-იანი წლების ბოლოს მაშინდელი გერმანიის ხელმძღვანელობასთანაც. ზოგ შემთხვევაში ამან მოიტანა წარმატება, ზოგ შემთხვევაში ნაკლებად, მაგრამ რაღაც შედეგი მაინც მოჰქონდა. - ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" და კომიკოსი უწოდა. მისთვის ის მიუღებელია? - პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციის ასეთი მანერაც იმ მეთოდოლოგია­ში­­ ზის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. გაიხსენეთ,­ როგორ მოიხსენიებს ტრამპი თავისი უახლოესი მოკავშირე ქვეყნის, კანადის პრემიერ-მინისტრს, როგორ მოიხსენიებდა დანიის პრემიერ-მინისტრს. როგორ მოიხსენიებ­s ტრამპის გარემოცვა გერმანიის კანცლერს, მაკრონს და ა.შ. ეს არის მეთოდოლოგია - ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააგდო პარტნიორი, რომელიც რაღაც დოზით შენზეა დამოკიდებული, რომ ის გადავიდეს თავის მართლების რეჟიმში, ან, სულ მცირე დაიბნეს. მოსკოვს აწყობს თამაშის ეს წესები,­ რადგან მათთვის მდგომარეობა უაღრესად­ რთულია - ბოლო დროს რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესეს. ამას რომ თავი გავანებოთ, რუსული პოლიტელიტის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ცოტა ხნის წინ სანქციით ისჯებოდა. ჰააგის საერთა­შორისო სასამართლოს, რომელიც პრაქტიკულად დასავლური პოლიტიკური სივრცის დანამატია, პუტინის დაპატიმრების სანქცია ჰქონდა გაცემული. ოფიციალურმა­ ვაშინგტონმა ამ სანქციას დემონსტრაციულად­ დააბიჯა ფეხი და პირიქით, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენელს იქით დაუწესა სანქცია. მაგრამ ჩვენ რომ ვიფიქროთ, ტრამპის ადმინისტრაციამ ფეხებზე დაიკიდა ევროპა პუტინის ხათრითო,­ იდიოტიზმი იქნება. მე მაინც მგონია, ეს თამაშის წესია. დღეს ასეა საჭირო, ეტყობა, ასე თვლიან ვაშინგტონში. ახლა ევროპის გამოფხიზლება უნდა დაიწყოს. ისინი წლების განმავლობაში მიჩვეული იყვნენ, რომ მათი უსაფრ­თხოების გარანტორი აშშ იყო და იმდენად მოეშვნენ, რომ პოლიტიკური გემოვნების მთავარი განმსაზღვრელიც ამერიკა გახდა. ევროპა ფსევდოლიბერალური თამაშის ხიბლში გაეხვია, ეს იდეოლოგია გახდა ცხოვრების წესის განმსაზღვრელი კოლექტიური დასავლეთისთვის და კინაღამ კრახამდე მიიყვანა ყველაფერი. ამიტომ მათი შეჯანჯღარება ურიგო ნამდვილად არ არის. - ტრამპი საუბრობს ზელენსკის დაბალ რეიტინგზე. შეიძლება აიძულოს უკრაინის ხელისუფლება, რომ ჩაატაროს არჩევნები და ზელენსკი გადაირჩიონ? - სოციალური გამოკითხვებით უკრაინაში ხალხის დიდი ნაწილი მაინც ზელენსკის­ ემხრობა, თუმცა სოციალური გამოკითხვა ერთია და მეორეა განწყობები... ზელენსკის გარემო­ცვა კარგად ვიცი, მათ შორის ერთ-ერთი,­ რომელიც ახლა საკვანძო ფიგურაა ადმინი­სტრაციაში, თვეების განმავლობაში ცხოვრო­ბდა საქართველოში­ და ძალიან კარგად ვიცნობ. ვერ ვიტყვი, რომ იმ ადამიანის მიმართ დიდი სიმპათიები მქონდა... ვერაფრით ვაპატიებ ზელენსკის გუნდს 2008 წლის მოვლენების გაშარჟებას. აბსოლუტურად უგემოვნოდ და უტვინოდ იყო გაკეთებული. ამის გამო ძალიან სერიოზული ლაპარაკი მქონდა ზუსტად იმ პირთან, რომელიც ზემოთ ვახსენე და არ მინდა ვინაობის დასახელება. მიუხედავად იმისა, რომ არა მაქვს განსაკუთრებული სიმპათია ამ გუნდის, მათ შორის არც ზელენსკის მიმართ საქართველოს შესახებ არასწორი განცხადებების გამო, ის, რაც ახლა ითქვა ზელენსკიზე, უსამართლობაა. უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ეს არის კოლექტიური დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ. ახლა უკრაინელები­ ამბობენ, გამოდის, ჩვენ გვაომეს, ჩვენ ვყოფილვართ სულელები, რა გამოვიდაო, და იმ ხალხმაც­ კი, რომელიც ძალიან კრიტიკულად იყო ზელენსკის მიმართ განწყობილი­, უცებ დაიწყო მისი დაცვა. თუ ამაზე იყო ორიენტირებული ტრამპის განცხადება,­ რომ ზელე­ნსკის გარშემო მომხდარიყო ამომრჩევლის კონსოლიდირება,­ არ ვიცი. სხვა შემთხვევაში­ ეს განცხადება უაზრო და არასაჭირო იყო... ახლა ისიც გაახსენდათ,­ ზელენსკიმ მოაკვლევინა ჟურნალისტიო. ეს შემთხვევა მართლაც მოხდა. ის დაიჭირეს­ იმის გამო, რომ ზელენსკის მიმართ ძალიან­ აგრესიული­ იყო, მაგრამ მერე იქ რა მოხდა,­ არ ვიცი და ამაზე თავს ვერ დავდებ... ახლა ერთ ეპიზოდს მინდა შევეხო, ვინ ესწრებოდა საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას? აბსოლუტურად მოულოდნელი­ იყო, რომ შეხვედრის ცენტრალური­ ფიგურა იყო კირილ დმიტრიევი, რომელიც არ არის რუსეთში პოლიტიკური ფიგურა,­ ის ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელია­ და დელეგაციაში იყო. ასევე კუთხეში იჯდა და ყველა კადრში ჩანს მილიარდერი რიბოლოვლევი, რომელიც კრემლის ადმინისტრაციასთან ძალიან დაახლოებული­ პირია, დმიტრიევის ახლობელია. ასეთ შეხვედრაზე ისე ვერ მოხვდებოდა, ბირჟა კი არ იყო, თავი ყველას რომ მოეყარა, ოფიციალური­ შეხვედრა იყო. რომ დავინახე, გავგიჟდი, რადგან ვიცი, ვინც არის. იჯდა პიონერივით­, გასუსული, მაგრამ ისეთი­ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დემონ­ს­ტრაციულად იჯდა და მისი ფუნქცია იყო გამოჩენილიყო იქ და დაენახა ვიღაცებს. რისთვის, ეს მეორე საკითხია. ეს უკვე დიდი პოლიტიკური შანტაჟის ნაწილია... ძალიან საინტერესო პიროვნებაა რიბოლოვლევი­ - როდესაც ტრამპს 2000-იან წლებში ძალიან გაუჭირდა, ზუსტად მან იყიდა ტრამპის ვილა 95 მილიონად, რომელიც ოთხი თუ ხუთი წლით ადრე ტრამპს ჰქონდა ნაყიდი 41 მილიონად. ტრამპს მაშინ დიდი საბანკო სესხი ჰქონდა - მე ახლა ვსვამ ძახილის და კითხვის ნიშანს... - ტრამპმა თქვა, 350 მილიარდით დაეხმარა ამერიკა უკრაინასო, თუმცა, როგორც ამბობენ, რეალურად აღებული ვალდებულებები­ ახლოსაც არ არის იმ ციფრებთან. - მართლა არ ვიცი, რატომ დაასახელა 350 მილიარდი. მე ვიცი, რომ 170 თუ 200 მილიარდამდე იყო დახარჯული და აქედან ნაწილი მართლა არ მისულა უკრაინელებამდე. ჩემი ინფორმაციით, თანხის ნაწილი უკრაინაშიც დაიკარგა, რადგან იქ განსაკუთრებული, "გემოვნებიანი" კორუფციაა, ძალიან უყვართ ეს, გიჟდებიან. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც იქ გაგზავნილი იარაღის ნაწილი სხვაგან მოხვდა. ეს ცნობილი სკანდალია. სომალიში რომ მოხვდა ოთხი თუ ხუთი ტანკი, ეს ამ პრობლემის ნაწილია. კორუფციულ გარიგებებში ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც­ მონაწილეობდნენ, იქაც კარგად დარჩა ფული. უკრაინის უბედურებით ბევრმა იხეირა დასავლეთშიც და უკრაინაშიც. ის თანხა, რომელიც ტრამპმა დაასახელა, არსად არ ფიგურირებს. არ ვიცი, საიდან მოიტანა. - მსოფლიო პოლიტიკაში რა ცვლილებებს ელოდებით? - მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, თამაშის წესები შეიცვალა, წესების გარეშე მოქმედებს ყველა. ამის კარგი მაგალითია, თუ ტოტალური სანქცირების პოლიტიკას როგორ გადააბიჯა უცებ ამერიკამ. სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა. ჩამოიშალა ყველაფერი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პუნქტებად ჩამოვწეროთ ვერსიები. პირველი ვარიანტი რომ მივიღოთ როგორც რეალობა, რასაც ამბობენ, იმას ფიქრობენო, მაშინ კატასტროფული მდგომარეობაა. მაშინ ამერიკა ამბობს, მე ნუ მენდობით, ჩემთვის პარტნიორები არ არსებობენ, ჩემთვის არსებობს მარტო საკუთარი ინტერესებიო, და ეს ძალიან ცუდია. მეორე ვერსია­ - თუ ვიტყვით, რომ ეს არის ერთგვარი ტაქტიკა, ამას ასე აღიქვამენ მოსკოვში და პეკინშიც, მაშინ გასაგებია, რაშიც არის საქმე. ეს ტაქტიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ ინიციატივა მუდმივად ვაშინგტონის ხელში იყო. ეპატაჟური, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აბნევს მოწინააღმდეგეს თუ პარტნიორს და შენ მანევრის საშუალებას გაძლევს. მესამე პუნქტი - შეიძლება ეს არის შერეული ვარიანტი, ზოგ შემთხვევაში, მართლა ასე ფიქრობენ, ზოგ შემთხვევაში, თამაშობენ, ამის გარკვევა ჯერ რთულია, მაგრამ ფაქტია, ამან გამოიწვია ამერიკის პარტნიორების, გინდა დასავლეთის, გინდა უკრაინელების, განსაკუთრებული მობილიზება. დარწმუნებული ვარ, დღეს, მაგალითად, მოსკოვშიც და პეკინშიც სხედან და ფიქრობენ, რა კონტრნაბიჯები დაუპირისპირონ ამას. საინტერესოა, მხარეები რა დასკვნებს გამოიტანენ და რა მოქმედების გეგმას შეადგენენ. ჯერ ნათელი არაფერია. ვინც არ უნდა თქვას, ამერიკამ ევროპა მიატოვა, უკრაინა მიატოვა ან რუსეთს დაუძმაკაცდა, ან ჩინეთთან რაღაცას გეგმავსო, ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის. ახლა ბუნდოვანებაა, მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთება საერთო სურათი... - საქართველოს მიმართ ტრამპის დამოკიდებულება როგორი იქნება? - საქართველოთი კონკრეტულ დაინტერესებას არ ვვარაუდობ, მაგრამ რეგიონის მიმართ ინტერესი არც ერთი წუთით არ იქნება განელებული. ამ თემაზე მომუშავე პირები ხშირად ხაზს უსვამენ აშშ-ის სპეცსამსახურების განსაკუთრებულ დონეს.­ მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - რაც შეეხება აზიას, მათ შორის კავკასიას, ტრადიციულ აფრიკულ სივრცეს, განსაკუთრებული როლი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი, თუ სპეცსამსახურების მუშაობაზე მიდგა საქმე, ევროპულ სპეცსამსახურებს ეკუთვნის, პირველ რიგში,­ ბრიტანულს. ეს არის აქსიომა, კამათიც არ ღირს ამ თემაზე. ბრიტანეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სამხრეთი კავკასიაა. ვიცი, რამდენად ფუნდამენტურად მუშაობენ. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ირანის მიმართულებაა. როგორც აქამდე იყო, ახლაც იქნება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. შეიძლება ამწუთას ეს არ ჩანს, მაგრამ ყურადღება სულ იქნება ამ რეგიონის მიმართ და თან შეიძლება აქტიურიდან აგრესიულ ყურადღებაშიც გადავიდეს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, როცა დაიწყება ამ მიმართულებით მოძრაობა, უნდა გვქონდეს პაკეტი, წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი სავარაუდო პარტნიორების ინტერესებს, რასაკვირველია, პირველ რიგში, ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. აი, ეს არის მთავარი. - შიდაპოლიტიკური ვითარებაც შეგვიფასეთ... - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის, ცნობილი გახლდათ ის განწყობები, რაც იყო ტრამპის­ ბანაკში.­ ამ განწყობების­ შექნას­ საქართველოში გარკვეულწილად ხელი შეუ­წყო­ ზოგიერთი­ დასავლელი დიპლომა­ტის­ ქმედებამ... 90-იან წლებში უცხოური მისიების­ წარმომადგენლები თავიანთ წინა­დადებას სათათბირო­ ტონალობაში სვამდნენ, სააკაშვილისა და შემდგომ პერიოდში უკვე ამას ბრძანების ფორმა ჰქონდა, რამაც გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანების გარდა, შეურაცხყოფის განცდა. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა დასავლური მისიების წარმომადგენლებთან და შეხვედრებზე­ ამ ტონის ცვალებადობას კარგად ვამჩნევდით - იმატებდა მკვახე ტონი და კლებულობდა მათი კვალიფიკაცია... ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაში კარგად ჩანს, რომ ის წაგებულ თამაშში­ არასოდეს შესულა. როდესაც ნაბიჯს დგამს, ყოველთვის საზღვრავს სავარაუდო შედეგებს­ და წინ იყურება. ალბათ, ასე მოხდა ახლაც, ხელისუფლებამ, რომლის თავი ბიძინა ივანიშვილია, ეს ლოგიკა ჩამოაყალიბა, რაც დიდწილად განპირობებული იყო ერთი მხრივ უცხოური მისიებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენე­ლთა ქმედებებით, მეორე მხრივ კი იმ ლოგიკით, რომელიც უყალიბდებოდა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის შტაბს. დღეს ქვეყანაში მძიმე ფსიქოლოგიური ფონია, არანორმალური ზიზღია ორივე მხარეს. უცებ ექსტრემალური სიტუაცია რომ შეიქმნას, ეს საზოგადოება არ არის მზად, გაუმკლავდეს... ოპოზიციის ქმედება­ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს­ და ამიტომაც არის არაპოპულარული საზოგა­დოებაში.­ ყველამ უნდა გაითვალის­წინოს ის ვითარება,­ რომელიც დღეს მსოფ­ლიოშია. აუცილებელია კომპრომისი. ახლა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ დგას, ახლა არის ყველა იმ აქტიური ჯგუფის პასუხისმგებლობა, გინდა პოლიტიკურის და გინდა საზოგადოებრივის, რომლებიც ჩართული არიან ამ ამბავში. ერთი რამეც არის - დასავლეთიდან­ წამოყენებული მოთხოვნების გამო აქ არჩევნებს არავინ დანიშნავს. ვერც ერთმა საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო დამკვირვებელმა ვერ წარმოადგინა საბუთები იმისა, რომ არჩევნები კრიტიკულად გაყალბდა. არადა, ამის გამო დაიწყო ყველაფერი, ამის გამო ავრიეთ ქვეყანა, კვერცხების სროლამდეც დავიდნენ... საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ის, რაც ქვეყანაში ხდება, ექსტრემალური სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაში უფრო იჩენს თავს, უფრო მძიმედ დაგვხვდება წინ და უფრო ცუდ შედეგს მოიტანს.