რუსეთ-უკრაინის სამწლიანი საშინელი ომის ხუთი ეტაპი...
2024 წლის 24 თებერვალს სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა სხვადასხვა მიმართულებებიდან იერიშები განახორციელეს მეზობელი უკრაინის საზღვარზე და ღიად შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე.
ამ განვლილი სამი წლის განმავლობაში უკრაინაში საშინელი ომი მიმდინარეობდა, რომელიც თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით მიუახლოვდა მეორე მსოფლიო ომის ევროპის ფრონტზე მიმდინარე ბრძოლებს.
ომის პირველ ეტპზე, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებული თავდასხმისა, პუტინის ბლიცკრიგის გეგმამ ვერ იმუშავა და რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სადივერსიო - სადაზვერვო ჯგუფებმა ვერ შესძლეს უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების დაკავება - ლიკვიდაცია, შესაბამისად ვერ ჩამოშალეს უკრაინის სახელისუფლო რგოლები და ვერ შეძლეს რუსული მარიონეტული ხელისუფლების დასმა კიევში.
ომის მეორე ეტაპი 2022 წლის სეტემბრიდან დაიწყო, როდესაც უკრაინის არმიამ დასავლეთის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარების გამოყენებით შეძლო წარმატებული კონტრიერიშების განხორციელება ხარკოვისა და ხერსონის განთავისუფლებით, თუმცა მისი შემდგომი წინსვლა დაიბლოკა იმავე დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლით კიევზე მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა და გაუვიდა კიდეც ეს „ბირთვული შანტაჟი“.
მესამე ეტაპად ამ ომში შეიძლება შეფასდეს უკრაინის არმიის მრავალთვიანი მზადება და 2023 წლის ზაფხულში წამოწყებული დიდი კონტრშეტევა სამხრეთ მიმართულებაზე - ზაპოროჟიედან აზოვის ზღვის სანაპიროზე გასაჭრელად, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის გასანთავისუფლებლად და შესაბამისად, რუსი ოკუპანტებისთვის ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო გზის გადასაჭრელად.
უკრაინის არმიის ეს დიდი კონტრშეტევა საბოლოო ჯამში წარუმატებლად დამთავრდა, რაშიც ბრალი თავად უკრაინის სამხედრო - პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც მიუძღვის, თუმცა თავისი წვლილი ამ უარყოფით შედეგში დასავლეთის იმ ქვეყნებმაც შეიტანეს, რომლებმაც დროულად არ მიაწოდეს შეპირებული სამხედრო დახმარება უკრაინულ მხარეს, რითაც ისარგებლეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, მოიგეს დრო და ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთში ძალზე გამაგრებული თავდაცვითი ზღუდეები შექმნეს, რომელთა გადალახვა უკრაინის არმიამ უკვე ვეღარ შეძლო.
ომის მეოთხე ეტაპი 2023 წლის ზამთრიდან დაიწყო და მთელი 2024 წელი გაგრძელდა, რომელსაც შეიძლება დაერქვას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საბრძოლო ინიციატივის ხელში ჩაგდება ფრონტის აღმოსავლეთ უბანზე დონბასში და ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც მუდმივი წინსვლა ახალ-ახალი უკრაინული დასახლებული პუნქტების დაპყრობით.
ომის მეოთხე ეტაპზე ერთგვარ გამონაკლისად იქცა უკრაინის საექსპედიციო კორპუსის შეჭრა უშუალოდ აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაცია ნახევარ წელზე მეტ ხანს.
2025 წლის იანვრის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა დონალდ ტრამპი, რუსეთ-უკრაინის სამწლიან ომში ახალი, მეხუთე ეტაპი იწყება, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო ტრაგიკული აღმოჩნდეს უკრაინის მხარისთვის, ვიდრე იმავე 2022 წლის თებერვლის ბოლო , როდესაც მტერი დედაქალაქ კიევს მიადგა, რადგან თანდათანობით იკვეთება კაპიტულაციის საფრთხე, როდესაც ამ ომის შეჩერების მოტივით, აქამდე უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი -აშშ-ი პირიქით, აგრესორ რუსეთის გვერდში მდგომს უფრო ემსგავსება...
ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტს არანაკლებ ორი მონაწილე ჰყავს და არასოდეს ხდება, რომ კმაყოფილი ორივე დარჩეს - თითოეულ მათგანს მოუწევს კომპრომისზე წასვლა, რათა შეწყდეს ცეცხლი და მშვიდობამ დაისადგუროს.
თუმცა, როდესაც კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის კომპრომისი მოლაპარაკების დროს მის რეალურ კაპიტულაციას ემსგავსება, მშვიდობის მიღწევა ძალზე რთული ხდება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალზე სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე შეაჩეროს და ამაში მისი როლი მთელმა მსოფლიომ იხილოს, ამიტომაც ის მზადაა აიძულოს და დიდ კომპრომისებზე წაიყვანოს უკრაინა (გასაგებია, რომ პუტინზე ასეთ ზეწოლას ტრამპი ვერ შეძლებს), რასაც უკვე ერთგვარი კაპიტულაციისკენ ბიძგების სუნი ასდის...
ის, რაც დასათმობი ექნება უკრაინას, ომის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, უკვე გამოიკვეთა.
ეს არის ნატოში გაწევრებაზე სრული უარის თქმა, ოკუპირებული ტერიტორიების "დავიწყება", ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ 500 მლრდ დოლარის იშვიათი ლითონების მოპოვების უფლების გადაცემა ტრამპის ადმინისტრაციისთვის...
ეს სრული ჩამონათვალი სულაც არ არის, რადგან მოლაპარაკების პროცესში აუცილებლად დაემატება პუტინის კატეგორიული მოთხოვნები: უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის დათმობა, რომლებიც ჯერ ბოლომდეც არა აქვს ოკუპირებული რუსეთის არმიას.
ცალკე საკითხია კურსკის ოლქში უკრაინის საექსპედიციო კორპუსის მიერ ნახევარი წლის განმავლობაში ოკუპირებული 500 კვ.კმ-მდე რუსული მიწა - ზელენსკი აცხადებს, რომ მას გაცვლიდა ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე, მაგრამ კრემლი ამ გარიგებაზე არ წავა. პუტინი შეეცდება, ტრამპი დაიყოლიოს, რომ ზელენსკი აიძულონ კურსკიდან უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უპირობოდ გაიყვანოს.
უკრაინამ რუსეთთან სამწლიან უთანასწორო ბრძოლაში გასძლო, მაგრამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ზეწოლით კიდევ უფრო ურთულეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს...
უკრაინის თემა უკვე იწვევს ევროპა-აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების ერთგვარ დაპირისპირებასაც კი, რადგან „ბებერ ევროპაში“ იგრძნეს-უკრაინის კაპიტულაციის შემდეგ სწორედ მათი ჯერი დადგება, რადგან უკრაინასთან ომში ფრთაშესხმული პუტინი უკვე ევროპისთვისაც მოიცლის...