სტალინის აღსარება: "იცით თუ არა თქვენ, რომ სტალინმა ცოდვები აღიარა და მოინანია" - როგორ დაემხო საქართველოს დამოუკიდებლობა" - Der Freitag - კვირის პალიტრა

სტალინის აღსარება: "იცით თუ არა, რომ სტალინმა ცოდვები აღიარა და მოინანია?" - როგორ დაემხო საქართველოს დამოუკიდებლობა" - Der Freitag

გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ „ფრაიტაგში“ (Der Freitag) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „იოსებ სტალინის აღსარება. როცა დღევანდელი საქართველო 1921 წელს ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო, შემდეგ კი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა, ქართველ ბოლშევიკთა ნაწილი ვლადიმერ ლენინის გაფრთხილებებს ეროვნულ საკითხში ყურადღებას არ აქცევდა“ (ავტორი - ფილიპ ამონი, ისტორიკოსი და ფილოლოგი. იგი მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის - „საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობასა და რუსეთის ოკუპაციას შორის“).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

1921 წლის იანვრის ბოლოს თბილისში გამართულ საზეიმო ბანკეტს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით გაიმართა, საბჭოთა რუსეთის ელჩი არონ შეინმანი არ ესწრებოდა. ელჩის ნაცვლად ბანკეტში მისი მოადგილე მონაწილეობდა, რომელმაც იმდენი სასმელი დალია, რომ თავს ვეღარ ერეოდა. მთვრალი ბოლშევიკი დიპლომატი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნოე ჟორდანიასთან მივიდა და ყველას გასაგონად მას "ჭეშმარიტი სოციალისტი" უწოდა, შემდეგ კი ქართველ მუშათა კლასს ქება-დიდება უძღვნა. ერთი კვირის შემდეგ კი საქართველოში რუსეთის წითელი არმია შეიჭრა.

ქართულ არმიას ის გენერლები მეთაურობდნენ, რომლებმაც რუსეთის სამხედრო სამსახურში თავი გამოიჩინეს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია -გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც საქართველოში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. იმ დროს, როცა ქართული არმიის ქვედანაყოფები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის წითელ არმიას, თბილისთან ახლოს, ქალაქ შულავერში შეიქმნა ქართველი ბოლშევიკების რევოლუციური კომიტეტი (რევკომი), ფილიპე მახარაძის ხელმძღვანელობით. 1921 წლის 25 თებერვალს, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, წითელი არმიის ნაწილებმა თბილისი დაიკავეს. გრიგოლ („სერგო“) ორჯონიკიძემ, რომელიც საბჭოთა რუსეთის საქართველოზე თავდასხმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა, ნება მისცა რუს ჯარისკაცებს, რომ ქალაქი გაეძარცვათ... გაჩაღდა მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობები, გაუპატიურებები... მოგვიანებით რევკომმა საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა.

საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე ბოლშევიკებმა შეტევა ქართულ ეკლესიაზე განახორციელეს. მათ ბანდიტები სპეციალურად გამოუშვეს ციხიდან, რომ მღვდლებს თავს დასხმოდნენ, დაეხოცათ და ეკლესიები წაებილწათ, გაენადგურებინათ ხელოვნების ძეგლები. ეკლესიამ ხმა აღიმაღლა ბოლშევიკთა თვითნებობის წინააღმდეგ: კათოლიკოსმა ამბროსიმ 1922 წლის თებერვალში გენუის საერთაშორისო კონფერენციის დასავლელ მონაწილეებს მიმართა მოწოდებით, დახმარებოდნენ საქართველოს ქვეყნიდან საბჭოთა რუსეთის ჯარების გაყვანის საქმეში. კათოლიკოსი დაუყოვნებლივ იქნა დაპატიმრებული. მისი უკანასკნელი სიტყვები ბოლშევიკური რეჟიმის მიმართ ასეთი იყო: „ჩემი სული უფალს ეკუთვნის, გული – სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით“. ბოლშევიკებმა ვერ გაბედეს მისი სიკვდილით დასჯა. იგი საპყრობილეში 1927 წელს გარდაიცვალა. 1995 წელს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კათოლიკოსი ამბროსი (ხელაია) წმინდანად შერაცხა.

ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქართველმა მწერალმა და დიპლომატმა კონსტანტინე გამსახურდიამ (1893-1975), 1989 წელს გამოცხადებული მეორე რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტის მამამ, ვლადიმერ ლენინს წერილი მისწერა, რომელშიც მან რუსი კომუნისტების ხელმძღვანელს საქართველოს პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ მოუწოდა.

ქართველი „გადამხრელ-უკლონისტი“ ბოლშევიკები

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ცნობილი იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უშუალოდ არა იმდენად რუსი ბოლშევიკების მიერ კი არ დაემხო, არამედ - მათი ქართველი თანამოაზრეების მეშვეობით. მათ სულ მალე დაიწყეს ქვეყნის რუსიფიკაცია. სხვათა შორის, ქართველ ბოლშევიკებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ ემხრობოდნენ ხისტი პოლიტიკის გატარებას - მაგალითად, ჯგუფი ნაციონალ-ბოლშევიკ (ე.წ. უკლონისტ) ფილიპე მახარაძის მეთაურობით. ამრიგად, ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეროვნულმა თემატიკამ საქართველოში მოულოდნელი გაგრძელება მიიღო. სერგო ორჯონიკიძე, იოსებ სტალინთან ერთად, ქართველი ბოლშევიკების ცენტრისტულ ნაწილს ანუ ანტიეროვნულ ფრთას წარმოადგენდა. იგი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ყურადღებას არ აქცევდა მოსკოვიდან (ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან) მიღებულ მითითებებს, ფრთხილად ემოქმედათ ქართველ ხალხთან მიმართებით. სერგო ორჯონიკიძის ანტიეროვნული საქმიანობის შედეგი იყო ე.წ. ქართველ გადამხრელთა ("უკლონისტთა“) საქმის აღძვრა 1922 წელს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაში მთავარი როლი ვლადიმერ ლენინმა კი არა, თვითონ ქართველმა ბოლშევიკებმა შეასრულეს, რომლებსაც თავიანთი სამშობლოს ხილვა ახლად შექმნილ რუსეთის საბჭოთა იმპერიის შემადგენელ ნაწილად სურდათ. ჯერ კიდევ 1923 წლის იანვარში ვლადიმერ ლენინი სერგო ორჯონიკიძისა და „ჩეკას“ ხელმძღვანელის - ფელიქს ძერჟინსკის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთისათვის საქართველოს მიერთების საკითხში. მარტში მან იოსებ სტალინისადმი მიწერილ წერილში ისევ გამოხატა თავისი კრიტიკული პოზიცია სერგო ორჯონიკიძის მიმართ, „ქართველ გადამხრელთა საქმის“ გამო. ლენინმა ასევე უსაყვედურა სტალინსაც, „უკლონისტების“ დევნასთან დაკავშირებით. გასაგებია, თუ რატომ იქნა კრიტიკულად შეფასებული იოსებ სტალინის პიროვნება ვლადიმერ ლენინის ანდერძში - იგი ბოლშევიკურ პარტიას სტალინის პიროვნებასთან დაკავშირებით აფრთხილებდა.

აჯანყებები: „დამკომის“ როლი

ყოველ შემთხვევაში, ამიერკავკასიაში ბოლშევიკების მიერ სისხლიანი დიქტატურის დამყარება წინააღმდეგობის გარეშე არ მომხდარა. რუსეთის წითელი არმიის შემოსევას და მის წინსვლას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ბრძოლები მოჰყვა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არაბოლშევიკი ლიდერების - მიწათმოქმედების ყოფილი მინისტრის - ნოე ხომერიკისა და სახალხო გვარდიის უფროსის - ვალიკო ჯუღელის მცდელობით, 1922 წელს თბილისში და სხვა ადგილებში იატაკქვეშა ჯგუფები მოქმედებდნენ. მათ შექმნეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საიდუმლო კომიტეტი - „დამკომი“, რომელიც, საფრანგეთში ემიგრირებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ნოე ჟორდანიას ნების საწინააღმდეგოდ, ამზადებდა აჯანყებას კახეთში, ხევსურეთში და გურიაში. ანტიბოლშევიკური გამოსვლების მზადების პერიოდში საქართველოს „ჩეკამ“ მოახერხა და ქართული არმიის 15 გენერალი შეიპყრო, მათგან სამი - 1923 წლის მაისში დახვრიტეს.

აჯანყების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცდელობა იყო 1924 წლის აგვისტოს ბოლოს, რომელიც, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მოუმზადებელ და დილეტანტურ ხასიათს ატარებდა. იმის გამო, რომ „დამკომი“ მხარდაჭერით სარგებლობდა დასავლეთ საქართველოში, სადაც მოსახლეობა (გლეხობა) თავისი პოლიტიკური აქტიურობით ჯერ კიდევ 1905 წლის რევოლუციის დროს გამოირჩეოდა, აჯანყებულებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, დამარცხდნენ. პარტიზანული მოძრაობის ლიდერმა, პოლკოვნიკმა, თავადმა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო, რუს სარდალ სოლომონ მოგილევსკისთან თბილისთან ახლოს გამართული ბრძოლა წააგო. ვალიკო ჯუღელი და ნოე ხომერიკი „ჩეკამ“ შეიპყრო და დახვრიტა, მათთან ერთად კი - ანტიბოლშევიკური გამოსვლების 4000-მდე მონაწილეც. აჯანყების დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცალკეული მონაწილეების ღალატმა. 1924 წლის ოქტომბერში იოსებ სტალინმა მოსკოვში ცენტრალურ კომიტეტს უპატაკა, რომ საქართველოში „კულაკების, სპეკულიანტებისა და ანტისაბჭოთა ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით დასრულდა“.

ნიკოლაი ილმინსკი - ლენინის დამრიგებელი?

და მაინც, ბოლშევიკების მიმართ ქართველი ხალხის გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება მტკიცდებოდა, ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით - ხდებოდა ქართული ეროვნული ინსტიტუტების (სკოლების, უნივერსიტეტის, აკადემიის) განვითარება. მმართველი კომუნისტური (სახელმწიფო) პარტია, თავისი აპარატითა და სპეცსამსახურებით, წინ მიდიოდა.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ ლენინი, როზა ლუქსემბურგისაგან განსხვავებით, აღიარებდა ერის პროგრესულ ფუნქციას. ამერიკელი ისტორიკოსი რობერტ პოლ ჯერაჩი ვარაუდობს, რომ ლენინის პოზიციაზე გავლენა მოახდინა ცნობილმა რუსმა ვოლგისპირელმა მისიონერმა და ბიბლიისტმა, ფილოლოგის პროფესორმა, რუსეთის საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნიკოლაი ილმინსკიმ, რომელიც მამამისთან - ილია ულიანოვთან მეგობრობდა. სწორედ ილმინსკის ბინაში ცხოვრობდა ლენინი 1887 წელს, როცა ყაზანის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა. სხვათა შორის, სწორედ ნიკოლაი ილმინსკიმ უშუამდგომლა უნივერსიტეტიდან გარიცხულ ვლადიმერ ლენინს (იმ დროს ჯერ კიდევ ულიანოვს) გამოსაშვები გამოცდა იურისპრუდენციაში ექსტერნის სახით ჩაებარებინა. როგორც რობერ პოლ ჯერაჩი წერს, მოგვიანებით ლენინმა ნიკოლაი ილმინსკის შეხედულებები ეროვნულ-პოლიტიკურ სიბრტყეზე გადაიტანა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, ბედის ირონიით, ქართულ კულტურას (ენას, ლიტერატურას და ნაწილობრივ, ეკლესიასაც), სხვებთან შედარებით საბჭოთა ხელისუფლების დროს ჰქონდა შესაძლებლობა, შედარებით უფრო დაუბრკოლებლად განვითარებულიყო, ვიდრე - მეფის ხელისუფლების დროს.

იოსებ სტალინის აღსარება

ისიც კარგად არის ცნობილი, რომ 1920-30-იანი წლების დევნის შემდეგ იოსებ სტალინმა ეკლესიას სულის მოთქმის საშუალება მისცა: ყოფილი სემინარისტი თვლიდა, რომ მას გერმანიასთან ომის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ეკლესიას მოქმედების მეტ შესაძლებლობას მისცემს. ამასთან სადავოდ რჩება საკითხი, რით და როგორი დონით იყო განპირობებული სტალინის უკანდახევა ეკლესიასთან ბრძოლაში - რელიგიის სარგებლობით, შიდა თუ ტაქტიკური მოტივებით. უკვე საკმაო ხანია, დავა მიმდინარეობს იმაზეც, ნამდვილად მოაძებნინა თუ არა სტალინმა 1941 წელს მატრონა მოსკოვსკაია და ნამდვილად დაასვენა თუ არა ოფიციალურად ღვთისმშობლის ხატი მოსკოვში, ლენინგრადში და სტალინგრადში, რომელთა დაპყრობას გერმანიის ვერმახტი ცდილობდა.

სამაგიეროდ, ნამდვილად არის ცნობილი და დადასტურებული, რომ იოსებ სტალინმა კრემლში პატარა სამლოცველო მოაწყო, სადაც მან რამდემჯერმე თქვა აღსარება (ცოდვები აღიარა და მოინანია) და ზიარება მიიღო სიკვდილის წინა ომის შემდგომ პერიოდში.

იაკობ ეგნატაშვილის - იოსებ სტალინის ბიძაშვილის შვილიშვილი წერს: „შემთხვევით მოსკოვის ახლოს ღრმად მორწმუნე მოხუც კაცს შევხვდი. როცა მას წარვუდექი და ვუთხარი - თინათინ ეგნატაშვილი ვარ-მეთქი, მიპასუხა: „დიახ, ვიცი, რომ თქვენი გვარი სტალინთან არის დაკავშირებული“. მან განზე გამიყვანა და მკითხა: „იცით თუ არა, რომ სტალინმა აღსარება თქვა და ცოდვები აღიარა?“. მე გაკვირვებულმა ვკითხე: „ვინ, იოსებ სტალინმა?“. „დიახ“, - თქვა მან, - "სტალინმა აღსარება ოთხჯერ ჩააბარა - 1941, 43, 45 და 1948 წლებში“.

ქართული ეკლესიის ეროვნულ მნიშვნელობაზე და ავტორიტეტზე, რომლის ავტოკეფალია იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში აღდგა, ისიც მეტყველებს, რომ ათეისტური ბრძოლის პერიოდში, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვის დროს ისევ საკმაოდ გაძლიერდა, ქართველი პოეტი გიორგი ლეონიძე, პარტიის წევრი 1945 წლიდან, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მონაწილეობდა ზეიმში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის ინტრონიზაციას 1960 წლის 21 თებერვალს.

საქართველოში, წითელი არმიის ნაწილების მიერ ანტიბოლშევიკური გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ეროვნული კონტექსტის მქონე პოლიტიკური კონფლიქტები (საპროტესტო გამოსვლები) არა ერთხელ მოხდა - 1956 წლის მარტში (კომპარტიის XX ყრილობაზე იოსებ სტალინის პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ), 1978 წლის აპრილში (ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის რუსული ენით შეცვლის მცდელობის საპასუხოდ) და ბოლოს, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ აღდგენის წინახანებში.

წყარო