რა ძალა აქვს ევროპას აშშ-ის გარეშე - აქვთ თუ არა ევროპელებს საკმარისი სამხედრო პოტენციალი, რომ რუსული საფრთხე დამოუკიდებლად მოიგერიონ?!
რიგმა ევროპელმა ლიდერებმა დაუშვეს სტრატეგიული დონის შეცდომა, როდესაც ჩათვალეს, რომ რუსეთთან შეიძლებოდა "ომი გამოფიტვამდე" პრინციპით ემოქმედათ. შედეგად, პუტინის რუსეთმა, მიუხედავად უთვალავი საერთაშორისო სანქციისა (თუ რეალურად როგორ სრულდება სანქციები და რატომ აგრძელებენ ფარულად ვაჭრობას რუსეთთან ევროპული ფირმები, ცალკე თემაა) მაინც შეძლო ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო მრეწველობა და თავად ამ ქვეყნების არმიების საბრძოლო შესაძლებლობები სავალალო მდგომარეობაშია...
ამის მთავარი მიზეზი კი ისევ ევროპელი ლიდერების პოლიტიკური სიბეცეა, რომლებმაც 1991 წლის შემდეგ ჩათვალეს, რომ საბჭოთა იმპერიის ჩამოშლის შემდეგ "ბებერ ევროპას" აღმოსავლეთიდან აღარაფერი ემუქრებოდა და თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე ფიქრი შეწყვიტეს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ საკუთარი არმიების დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ერთ პროცენტამდე დაიყვანეს, გააუქმეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, დაივიწყეს საბრძოლო ტექნიკის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება...
ბრიტანული და ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავები ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით ევროპელების სწორედ ის ერთადერთი სტრატეგიული შეიარაღებაა, რომლისთვის ანგარიშის გაწევა პუტინის კრემლს მოუწევს...
შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა - დღევანდელი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების უდიდეს ნაწილს ნაკლებად ბრძოლისუნარიანი არმიები ჰყავს, რომლებიც იმ მასშტაბისა და ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებს, რომელსაც მესამე წელია უკრაინა აწარმოებს აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, ორ კვირასაც კი ვერ გაუძლებენ.
ვეცდებით ავხსნათ, რა საბრძოლო პოტენციალი აქვთ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს და შეუძლიათ თუ არა აშშ-ის დახმარების გარეშე რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთს, თუკი პუტინი უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში მიადგება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოდან 30 ევროპაში მდებარეობს, მათგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც შეუძლიათ მეტ-ნაკლებად სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას ჯერ აღმოსავლეთ და შემდეგ დასავლეთ ევროპის მიმართულებით. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - ევროკავშირისა და ნატოს წევრი ეს ორი ქვეყანა იმიტომ გამოვყავით, რომ ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ისინი ფლობენ ბირთვულ იარაღს - ბრიტანელები ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების ქობინების, ხოლო ფრანგები კი როგორც წყალქვეშა ნავებზე, ისე "რაფალებზე" ჩამოკიდებული "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რაკეტების სახით.
ბირთვული იარაღის ქონა ყოველთვის დიდ შემაკავებელ როლს თამაშობს, რაც, კრემლშიც უნდა გაითვალისწინონ, თუმცა...
რაც შეეხება შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას, დიდ ბრიტანეთში 153 ათასი სამხედრო მსახურობს, საფრანგეთში კი 203 ათასი, თუმცა რამდენად არიან მომზადებული რუსეთ-უკრაინის მსგავს ომში წარმატებით მოქმედებისთვის, სხვა საკითხია.
თავად დასავლურ მასმედიაში ცხადდება, რომ ბრიტანული ჯავშანსატანკო დივიზიის "ჩელენჯერის" ტანკების ტექნიკური გამართულობა დიდ ეჭვს იწვევს, ხოლო ფრანგულ "რაფალებს" მხოლოდ ორიოდე დღის სამყოფი რაკეტები თუ აქვთ ინტენსიური საჰაერო ბრძოლებისთვის. უფრო სავალალო მდგომარეობაა ნატოს წევრ ევროპულ სხვა ქვეყნებში - ბელგიაში, დანიაში, ნიდერლანდებში...
გერმანია თავისი 183-ათასიანი, ხოლო იტალია კი 161-ათასიანი არმიებით თითქოს მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ მათ შეიარაღებულ ძალებშიც ანალოგიური პრობლემებია - სამხედრო ტექნიკის გაუმართაობა და საბრძოლო საჭურვლის მარაგების კატასტროფული სიმცირე.
მათ ფონზე ბევრად მომგებიანად ჩანს პოლონეთი, რომელსაც 114-ათასიანი არმია ჰყავს, მაგრამ პოლონელი მებრძოლები ფრანგ თუ ბრიტანელ, რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანელ და პორტუგალიელ სამხედროებზე, ბევრად მოტივირებული არიან პუტინის აგრესორ არმიასთან საბრძოლველად, რადგან პოლონელებს ახსოვთ რაც გაუკეთა ჯერ მეფის რუსეთმა, შემდეგ სტალინისა და ბრეჟნევის საბჭოთა კავშირმა მათ ქვეყანას. სწორედ ამის გამოც არის, რომ მაშინ, როდესაც თითქმის სამი ათეული წელი "ბებერი ევროპა" თვლემდა, პოლონელები აგრძელებდნენ მზადებას, რადგან არ სჯეროდათ, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ნატო აამოქმედებდა კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტს და მათ ქვეყანას უსაფრთხოების "ქოლგას" გადააფარებდა. პოლონეთი ბოლო წლებია გამალებული იარაღდება, როგორც აშშ-იდან, ისე სამხრეთ კორეიდან და დღეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ შეიარაღებული არმია ჰყავს.
ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თურქეთს აშშ-ის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი - 355-ათასიანი არმია ჰყავს, მაგრამ გამომდინარე ერდოღან-პუტინის ურთიერთობიდან, ძნელი წარმოსადგენია, ანკარამ ერთი ჯარისკაციც გაგზავნოს ევროპელების დასახმარებლად. თურქეთის მთავარ სამიზნედ ისევ თანაალიანსელი 143-ათასკაციანი არმიის მქონე საბერძნეთი რჩება, რომელთანაც ადრეც ჰქონია ომი და გასაყოფი კიდევ ბევრი აქვს.
ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი თუ სლოვენია რუსეთთან მეომრად ძნელი წარმოსადგენია თავიანთი მცირერიცხოვანი არმიებით, რასაც დაემატება ომიდან თავის არიდების დიდი სურვილიც.
რუმინეთი 71-ათასიანი არმიით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ მან შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა მაინც სცადოს, თუკი პუტინის ტანკები უკრაინიდან მოლდოვაზე გადავლით მის საზღვრებს მიადგებიან.
სამაგიეროდ, ყველაზე უიმედოა ევროკავშირისა და ნატოს წევრისამი ბალტიისპირეთის ქვეყანა: ლიეტუვას (23-ათასიანი არმია), ლატვიასა (9 ათასი) და ესტონეთს (7 ათასი) თეორიული შანსიც კი არა აქვთ წინ აღუდგენ რუსეთის არმიის ორ-სამ გაძლიერებულ მოტომსროლელ დივიზიასაც კი.
ნატოს ორი ახალი წევრის - ფინეთისა (19 ათასი) და შვედეთის (15 ათასი) არმიები რიცხოვნობით ქართულ არმიასაც (20 ათასზე მეტი) კი ჩამოუვარდებიან, მაგრამ შედარებით თანამედროვე აღჭურვილობით (განსაკუთრებით კი შვედეთის) გამოირჩევიან, თუმცა რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა ომებში, რომ ნებისმიერ ხარისხს ის რაოდენობით გადაუვლის.
ზემოთ მოყვანილი არმიების რიცხოვნობა მიახლოებითია, რომლებსაც ომის პერიოდში აუცილებლად დაემატებიან რეზერვისტები და მობილიზაციით გაწვეულებიც, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში პუტინი გვერდში აუცილებლად ამოიყენებს ბელარუსის არმიასაც და არც ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მიღებას დაიწუნებს. დღეისათვის რუსეთის სამხედრო ძალების რიცხოვნობა საერთო ჯამში 2 მლნ კაცს აღემატება (ამ რაოდენობაში შედის როგორც შეიარაღებული ძალები, ისე როსგვარდია, სასაზღრო ჯარები, საპოლიციო სპეცდანაყოფები), რომელთაგან 700 ათასამდე პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს შეყვანილი. ამასთან, რუსეთს აქვს ძალიან დიდი სამობილიზაციო რეზერვი, რომლის იდეოლოგიური დამუშავება - "წინ ნატოს წინააღმდეგ, ევროპის დასაპყრობად!" - რუსულ პროპაგანდას არ გაუჭირდება.
დასავლეთით გაჭრა, ევროპაზე გადავლით ლა-მანშის სრუტის სანაპიროზე ტანკების მუხლუხების დასველების იდეა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე აწუხებდა ჯერ კიდევ სტალინს და ჰქონდა ამის შესაძლებლობაც, რადგან მაშინ, პირველი "ცივი ომის" დაწყებისას, საბჭოთა საოკუპაციო ჯარები ისედაც იდგნენ შუა ევროპაში, აღმოსავლეთ გერმანიის, ჩეხოსლოვაკიისა თუ უნგრეთის ტერიტორიებზე.მაშინ სტალინმა ეს ვეღარ გაბედა, ეტყობა, ამერიკული ატომური იარაღის შიშით, რომელსაც თეთრი სახლი აუცილებლად გამოიყენებდა, თუკი კრემლი სატანკო არმადებს ლა-მანშისკენ დაძრავდა.
სხვათა შორის, საბჭოთა ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის იერიშზე გადასვლის შემთხვევაში ტაქტიკური ატომური და ბირთვული საავიაციო ბომბების ჩამოყრისთვის ევროპაში გამზადებული იყო ჩვენი თანამემამულის, ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის F-84F თჰუნდერსტრეაკ ტიპის რეაქტიული გამანადგურებელ-ბომბდამშენები, რომლებიც მაშინ ნატოს პირველ საერთო-საბრძოლო თვითმფრინავად იქცა, რომლის იმედზეც იყვნენ ევროპული ქვეყნები.
მეორე მსოფლიო ომში აშშ-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის გადარჩენაში, როგორც ლენდ-ლიზის ხაზით სამხედრო დახმარებით, ისე პირდაპირი სამხედრო ჩარევითაც, მაგრამ ის იყო რუზველტის ამერიკა, ტრამპის ამერიკისგან კი უკვე ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის პუტინის რუსეთთან ერთად ევროპის "გადანაწილებაც", როდესაც თავად ევროპის ქვეყნების ინტერესებიც კი არ იქნება გათვალისწინებული, არათუ საქართველოსთანა პატარა ქვეყნების.