და კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ევრო 2012 (ნაწილი II) - კვირის პალიტრა

და კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ევრო 2012 (ნაწილი II)

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, თითქოს ყელამდე ვიყავით ფეხბურთით. ნამეტანი კი დაგვტვირთა დასკვნითი ტურის მატჩებმა, რომლებიც ერთდროულად ტარდებოდა, რათა გუნდებს წინასწარ არ სცოდნოდათ პარალელურ წყვილში დასრულებული მატჩის შედეგი.

საბოლოოდ ყოველივემ ლოგიკურ დასასრულამდე მიაღწია და ფეხბურთის მოყვარულნიც მოუთმენლად ველოდით იმ დღეს, როდესაც პირველი მეოთხედფინალური მატჩი უნდა შემდგარიყო. პორტუგალიისა და ჩეხეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა სანახაობრივად საკმაოდ კარგი გამოდგა და მიუხედავად ჩეხეთის ნაკრების მარცხისა ამ მატჩში, მოდით ვთქვათ, რომ 1976 წლის ევროპის ჩემპიონი საკმაოდ დახვეწილად გამოიყურებოდა კრიშტიანუ რონალდუს გუნდის წინააღმდეგ პაექრობაში და ღირსეულად დატოვა ტურნირი.

მეორე მეოთხედფინალურ მატჩში კი რუსებთან უმძიმეს ბრძოლაში გასულ ბერძნებს, გერმანული მანქანის საკუთარ თავზე გამოცდა რომ მოუწევდა, ამის შესახებ ორივე გუნდმა წინასწარვე იცოდა. ბერძნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ისე იბრძოლეს, თითქოს ტაბლოს არც კი უცქერდნენ, თუ რა ანგარიში იყო. აქედან გამომდინარე მატჩის სანახაობრივმა მხარემაც მოიგო და მაყურებელმაც, რომელმაც ექვსი გოლი იხილა. ერთადერთი ვინც წააგო, ეს მარიო გომესია. როდესაც იგი ლიოვმა მინდორზე შეუშვა, თანაგუნდელები უკვე მაინცდამაინც აღარ იბრძოდნენ მეხუთე გოლის გასატანად. აი თავიდანვე რომ გამოეყვანა გერმანელთა თავკაცს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობაზე დაგეშილი ფეხბურთელი, შესაძლოა ეს ტიტული ფერნანდო ტორესს აღარ რგებოდა.

ფეხბურთის მოყვარული განსაკუთრებული ინტერესით მაინც დარჩენილ მეოთხედფინალურ მატჩებს ელოდა. საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების შეხვედრას ინტერესს ჰმატებდა ის ფაქტი, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს იქამდე ფრანგებთან თამაში არ ჰქონიათ მოგებული. შვედებთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში წაგებული მატჩი კი შეთქმულების თეორიის მომხრეთ გარკვეულ ინტრიგას აღუძრავდა: ფრანგებმა დათმეს შეხვედრა შვედებთან, ძალები შეინახეს და ტრადიციულად უხერხულ გერმანელებზე გასვლას, ესპანეთი – პორტუგალიის მხარე ამჯობინეს – ასეთი იყო სეირის მაძიებელთა მატჩამდე განწყობა. ერთია ვარაუდი და სხვაა რეალობა. როგორც მომავალში გამოირკვა, ესპანელებმა ზედმეტი ძალების დაძაბვის გარეშე დაამარცხეს მეტოქე, რომლის მდგომარეობასაც მის ბანაკში მომხდარი განხეთქილებაც ამძიმებდა.

ფრანგებმა თუკი მოლოდინი არ გაამართლეს, იტალიის ნაკრებმა დიდებული მსვლელობა ფინალისაკენ ინგლისის ნაკრებთან შესანიშნავად ჩატარებული მატჩით დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა და მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, ალბათ ფეხბურთის მოყვარული დაგვეთანხმება, რომ მოგებას თუკი ვინმე იმსახურებდა ამ შეხვედრაში, ეს "სკუადრა აძურა" იყო. ტურნირზე პირველი 0-0-იც დაფიქსირდა, რამაც ტოტალიზატორში "ანგარიშზე მადევარი" საზოგადოება ფრიად გაახარა.

მეოთხედფინალებმა ჯგუფური ეტაპის მატჩებისა არ იყოს ლოგიკურად ჩაიარა და საბოლოოდ უძლიერესმა ოთხეულმა სრულიად სამართლიანად დაიმკვიდრა ადგილი ნახევარფინალურ წყვილებში.

თავდაპირველად ესპანელებმა და პორტუგალიელებმა ითამაშეს. მოლოდინისამებრ მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა და ე.წ. ნაკლებობა იხილა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის მომავალმა გამარჯვებულებმა შეხვედრის ბედი სასწორზე შეაგდეს და იკერ კასილიასს უნდა უმადლოდნენ ფინალში გასვლას, მატჩის შემდგომ დელ ბოსკე აღფრთოვანებას ვერ მალავდა თავისი შეგირდების დაცვით ხაზში ნაჩვენები თამაშის გამო. კრიშტიანუმ კი თავისი კაპიტნობა ვერ დაამტკიცა და გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად ბურთთან სხვა ფეხბურთელი მივიდა...

მეორე ნახევარფინალური მატჩი იტალიელთა და გერმანელთა შორის კი ბევრმა საფეხბურთო ექსპერტმა, თუ უბრალოდ მოყვარულმა, გათამაშების ნაადრევ ფინალად მოიაზრა და ძალიანაც შეცდა, რადგან, თურმე ესპანეთის ნაკრების გარეშე, ფინალის წარმოდგენა სრული უმეცრება ყოფილა. ეს ხომ მსოფლიოსა და ევროპის უკვე სამგზის ჩემპიონთა მიერ მოწყობილმა საბოლოო სპექტაკლმა დაგვანახა.

იტალიელებმა ნახევარფინალურ მატჩში იმდენად მოხიბლეს ნეიტრალური გულშემატკივარიც კი, რომ ბევრი მათ უპირობო ჩემპიონობას ფიქრობდა. ამას ემატებოდა მატჩის წინა ინტერვიუებიც, რომლებიც იტალიელთა მხრიდან გაცილებით დამაჯერებელი იყო, ვიდრე თურმე გაცილებით პრაგმატული ესპანელებისა.

მთავარი კი გამოგვრჩა... მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს იტალიელებთან შედარებით უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდათ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და "სკუადრა აძურას" გადამწყვეტი თამაში შეიძლება მოეგო კიდევაც პირინეელთათვის მაგრამ... იტალიელებმა გარდა იმისა, რომ უმძიმესი მატჩი ჩაატარეს ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელთან შედარებითაც ორ დღეზე ნაკლები ჰქონდათ იქამდე დასვენებული, დამატებით ერთი დღე ესპანელებთანაც "წააგეს" ერთი დღით გვიან ჩატარებული ნახევარფინალის გამო. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ "სკუადრა აძურამ" ძალების აღდგენა ვერ მოასწრო, რასაც თავად დელ ბოსკეც აცხადებდა მატჩის შემდგომ ინტერვიუში. რაც შეეხება ანგარიშს, ალბათ 2-0 დაფიქსირდებოდა რომ არა მატჩის მიწურულს მონდორზე შესული ტორესი და მატა. ცვლილების შედეგად პირველმა საუკეთესო ბომბარდირის წოდება მეორეს დახმარებით მოიპოვა, რადგან სწორედ იგი გაიხსნა მატჩის 88-ე წუთზე ბუფონის კარის წინ და საბოლოო ბეჭედი დაუსვა ჩემპიონატს, რომელსაც სიხარულის მეტი არაფერი მოუტანია ფეხბურთის გულშემატკივრისათვის.

საბოლოოდ, ევრო 2012 ისტორიაში შევა, როგორც კოლექტიური, კორექტული და შემტევი ფეხბურთის ზეიმი მსაჯთა მხრიდან ნაკლები შეცდომებითა და ფეხბურთელთა მხრიდან სამართლიანი თამაშის წესის დაცვით.

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)