ტრამპის შეტევა ზელენსკიზე - პუტინი თუ ტანკებით იპყრობს უკრაინის მიწას, "დიდი დონალდი" ულტიმატუმებით ცდილობს უკრაინის მიწისქვეშა წიაღისეულების დაპატრონებას
რუსეთის უკრაინაზე ღიად თავდასხმის სამი წლის შემდეგ, ,იმავე უკრაინაზე ახალი ზეწოლა-თავდასხმა ხდება, ოღონდ იმ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომელიც ამ სამწლიან ომში უკრაინის მთავარ სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ ითვლებოდა...
ანუ როდესაც პუტინი ტანკებით იპყრობს უკრაინის ახალ-ახალ მიწებს, მისი ამერიკელი კოლეგა-პრეზიდენტი ტრამპი ულტიმატუმს-ულტიმატუმზე უგზავნის კიევს, რომ დაათმობინოს უკრაინაში მდებარე მიწისქვეშა სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების უფლება...
ეს მძაფრსიუჟეტიანი ისტორია ჯერ კიდევ გასულ წელს, 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტით ჩასული უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც შეხვდა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების მთავარ კონკურენტ ექს-პრეზიდენტ ტრამპსაც.
მაშინ ზელენკისმ ორივეს შესთავაზა,რომ უკრაინისთვის შემდგომი მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისა და ნატოში მიწვევის სანაცვლოდ, კიევი აშშ-ებს უკრაინის სასარგებლო წიაღისეულებით სარგებლობის უფლებას მისცემდა...
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ტრამპმა ეს უკრაინული იდეა აბსოლუტურად თავის სასარგებლოდ შეატრიალა და უკრაინული სასარგებლო წიაღისეულების მთლინად ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, თანაც არა მომავალი ამერიკული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, არამედ იმ სამხედრო დახმარების საფასურის გადასახდელად, რაც ამერიკულმა მხარემ ომის დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში გაუწია უკრაინას.
თავად პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით ეს დახმარება 350 მლრდ დოლარის გახლდათ, თუმცა ის მაინც ჯიუტად მოითხოვდა, რომ უკრაინას 500 მილიარდი დოლარის ოდენობის სასარგებლო წიაღისეულით უნდა გადაეხადა ეს ვალი ვაშინგტონისთვის...
ინაუგურაციიდან სამ კვირაში, 12 თებერვალს ტრამპმა კიევში მიავლინა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი. როგორც ამბობენ, მასსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის პირადი შეხვედრისას ოთახიდან თითქმის ყვირილი ისმოდა - ტრამპის კატეგორიული დავალებით, ბესენტი ზელენსკისგან დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას ერთ საათში ხელი მოეწერა ისეთი დოკუმენტისთვის, რომელიც უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის ნახევარის ამერიკული მხარისთვის ფაქტობრივად გადაბარებას ნიშნავდა, რაზეც უკრაინის ხელისუფლება ბუნებრივია არ წავიდა.
ორი დღის შემდეგ უკვე საერთაშორისო უსაფრთხოების მიუნხენის კონფერნეციაზე თავად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ახალი ხელშეკრულება დაუდო მაგიდაზე ზელენსკის, რომელიც ასევე არ ითვალისწინებდა არავითარ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან, თუკი მას გადაეცემოდა სასარგებლო წიაღისეულზე მთელი უფლებები
და, 20 თებერვალს მესამე ხელშეკრულების ტექსტი „მიართვა“ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა ზელენსკის - ხელშეკრულების ეს ვარიანტი, საერთოდ „კატასტროფულად“ მიიჩნიეს კიევში, რადგან მიწისქვეშა სასარგებლო წიაღისეულების გარდა უკრაინას ამერიკული მხარისთვის უნდა დაეთმო საზღვაო პორტებიდან შემოსავალიც, სანამ ეს თანხები 500 მლრდ დოლარს არ მიაღწევდნენ...
უკრაინის მომავალ ათ თაობას ვალს ვერ დავუტოვებთ - ამ სიტყვებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ მესამედაც უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ასეთ გარიგებაზე წასვლაზე, რის გამოც დონალდ ტრამპის დიდი გულისწყომა გამოიწვია და მან ზელენსკის სულ „დიქტატორი“ და „ომის წამომწყები“ ეძახა...
თავად ზელენსკი კი კატეგორიულად უარყოფს, თითქოს ამერიკულმა მხარემ ომის სამ წელში 350 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, მისი გამოთვლით ეს დახმარება 100 მლრდ დოლარამდეც კი არ აღწევს...
თავის მხრივ პენტაგონმაც გამოქვეყნა უკრაინისთვის ბოლო სამ წელს გაწეული სამხედრო დახმარების ოდენობა და ის დაახლოებით 183 მლრდ დოლარად შეაფასა, საიდანაც უშუალოდ უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ღირებულება 65,9 მლრდ დოლარს აღწევდა, დანარჩენი თანხები კი გადაერიცხა აშშ-ის თავდაცვითი მრეწველობის იმ კორპორაციებს, რომლებმაც უნდა დაამზადონ ახალი სამხედრო ტექნიკა უკრაინაში გაგზავნილის ჩასანაცვლებლად პენტაგონის არსენალში ანუ ეს თანხები ამერიკაში დარჩება...
გამოდის, რომ პრეზიდენტი ტრამპი ძალზე მნიშვნელოვნად ცდება,როდესაც უკრაინისთვის გაწეულ ამერიკულ სამწლიან სამხედრო დახმარებას 350 მლრდ დოლარად აფასებს, რადგან მისივე პენტაგონი ამ თანხის მხოლოდ ნახევარს ადასტურებს და იქიდანაც უშუალოდ უკრაინაში მხოლოდ მესამედი თანხის სამხედრო დახმარება გაიგზავნა...
თუმცა ერთია „ციფრებით თამაში“ და მეორე მორალური მხარე - ომის სამი წლის განმალობაში ამერიკელებს კრინტი არ დასცდენიათ იმის შესახებ, რომ ეს სამხედრო დახმარება უკრაინას კრედიტის სახით ეძლეოდა და კიევი ადრე თუ გვიან ვალდებული იქნებოდა, ვალი გადაეხადა.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებისთანავე აშშ-ის კონგრესმა(მათ შორის კონსერვატორებმაც) მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ლენდ-ლიზის პროგრამის გახსნას(ეს პირველად მოხდა მეორე მსოფლიოს ომის დროს, როდესაც სწორედ ამერიკულმა ლენდ-ლიზმა გადაარჩინა სტალინის საბჭოთა კავშირიც და ჩერჩილის დიდი ბრიტანეთიც, რომ ომის პირველ ორ-სამ წელში არ წაეგო ჰიტლერის გერმანიასთან), ლენდ-ლიზი(რომელიც ითვალისწინებს ომში გადარჩენილი ტექნიკის უკან დაბრუნებასა და სხვა ფინანსურ კომპენსაციებს) უკრაინისთვის თავად თეთრი სახლის რჩევით არ ამოქმედებულა. სამხედრო დახმარებას უკრაინა იღებდა FMS(Foreign Military Sales)-სამხედრო გაყიდვებისა და FMF(Foreign Military Financing) - საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო ფინანსირების პროგრამებით, რომლებშიც თავიდანვე არ დათქმულა, რომ უკრაინა ვალდებული იქნებოდა როდისმე რაიმეთი ეს ამერიკული სამხედრო დახმარება აენაზღაურებინა...გასაგებია,რომ ტრამპს ეზიზღება თავის წინამორბედი-ბაიდენი და მასთან ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ მაშინ როდესაც წყალწაღებულს ულტიმატუმს უყენებენ - მაჯის საათიც მოიხსენი და მომეცი, თუ გინდა თოკი გადმოგიგდო, ოღონდ ნაპირზე მაინც არ გაგიყვანო, რბილად რომ ვთქვათ...
აშშ-ების 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ჰიტლერის გერმანია დამარცხებულიყო და ევროპა, ასევე საბჭოთა კავშირიც გადარჩენილიყო, საფლავში გადაბრუნდებოდა, რომ გაეგო რას აკეთებს დღეს 47-ე პრეზიდენტი...