ტანსაცმლის ბრენდები ფალსიფიცირებულმა საქონელმა წალეკა - კვირის პალიტრა

ტანსაცმლის ბრენდები ფალსიფიცირებულმა საქონელმა წალეკა

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესჯგუფმა "ილიაუნ ბიზნეს რევიუმ" მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ბაზარზე ტანსაცმლის ბრენდების ბაზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო, გამოევლინათ განსხვავება ფასში ცალკეულ ორიგინალ ბრენდებზე რეგისტრირებულ მაღაზიებში დაფიქსირებულ ფასსა და ფალსიფიცირებულ ბრენდებზე ბაზრობებზე დაფიქსირებულ ფასებს შორის.

კვლევის შედეგების თანახმად, ტანსაცმლის ბაზარზე ბრენდების ფალსიფიკაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. კვლევის ფარგლებში "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ შესწავლილ იქნა ოთხი ბრენდის – "ლივაისის", "ნაიკის", "ადიდასისა" და "პიერ კარდენის" ორიგინალ პროდუქციაზე არსებული ფასები მაღაზიებში და ფალსიფიცირებულ პროდუქციაზე მოქმედი ფასები ბაზრობებზე. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს სტანდარტული ფასები და არა ფასები აქციების დროს. ამასთან, კვლევის დროს ერთმანეთს შეადარეს ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებული მსგავსი ორიგინალი და ფალსიფიცირებული პროდუქტები მაღაზიებსა და ბაზრობებზე. კვლევის გეოგრაფიული არეალი მხოლოდ თბილისს მოიცავდა.

კვლევამ ცხადყო, რომ "პიერ კარდენის" ბრენდის შემთხვევაში საშუალო სხვაობა ფასში ბაზრობასა და ბრენდის ოფიციალურ სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილ ფასს შორის დაახლოებით 150 ლარია, "ლივაისის" შემთხვევაში ფასთა სხვაობამ 200 ლარი შეადგინა, "ადიდასის" ბრენდის შემთხვევაში საშუალო სხვაობა დაახლოებით 130 ლარის ფარგლებში ფიქსირდება, ხოლო "ნაიკის" ბრენდის შემთხვევაში სხვაობა საშუალოდ 250-300 ლარს უტოლდება.

”ილიაუნ ბიზნეს რევიუმ” ასევე შეაჯამა მაქსიმალური ფასთა სხვაობა მაღაზიებსა და ბაზრობებზე წარმოდგენილ პროდუქციას შორის და აღმოჩნდა, რომ "ლივაისის" შემთხვევაში მაქსიმალური სხვაობა, მაგალითად, მამაკაცის პერანგზე შეადგენს 275 ლარს, "ადიდასის" ბრენდის შემთხვევაში ქალის მაისურზე ფასთა სხვაობა 357 ლარის ფარგლებში აღინიშნა, "ნაიკის" შემთხვევაში მაქსიმალური სხვაობა მამაკაცის ფეხსაცმელზე ფიქსირდება და ის 460 ლარს უტოლდება, ხოლო "პიერ კარდენის" ბრენდის შემთხვევაში ასევე მამაკაცის ფეხსაცმელზე დაფიქსირებულია მაქსიმალური სხვაობა და ის 230 ლარს აღწევს.

გიორგი აბაშიშვილი, ”ილიაუნ ბიზნეს რევიუს” მკვლევარი: ”რა თქმა უნდა, ჩვენი კვლევის მიზანი იყო, რომ ფასთა სხვაობით ბაზრობებსა და ოფიციალურ ბრენდულ მაღაზიებს შორის, ბაზარზე სამოსის თვალსაზრისით ფალსიფიკაციის მაჩვენებლები გამოგვევლინა და ამით სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. ბუნებრივია, იმის მტკიცება, რომ სამოსის ბაზრობაზე მაღაზიებისგან განსხვავებით მხოლოდ ფალსიფიცირებული პროდუქცია იყიდება, მართებული არ იქნება, თუმცა, ფასთა სხვაობა, რომელიც კვლევის შედეგებმა ცხადყო, მეტყველებს იმაზე, რომ ბაზრობებზე ძირითადად ფალსიფიცირებული სამოსი იყიდება. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ სამოსის ფალსიფიკაციის მაჩვენებლებს, ვფიქრობთ, გაყიდვების თვალსაზრისით დაახლოებით ფალსიფიცირებული პროდუქციის 50%-ის რეალიზება ხდება, ჩვენ კვლევისთვის შევარჩიეთ ოთხი ბრენდი, რაც ვფიქრობთ, კვლევის რეპრეზენტაბელობისთვის სრულიად საკმარისია. ამ კვლევის ფარგლებში ჩვენ არ დავკავშირებივართ ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლებს, ისინი არ იყვნენ ინფორმირებული კვლევის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენი მკვლევრები რიგითი მომხმარებლის რანგში მიდიოდნენ მაღაზიებსა და ბაზრობებზე და იქ წარმოდგენილი ფასების საფუძველზე მოხდა კვლევის შედეგების შეჯამება. კვლევამ ცხადყო, რომ პრობლემა საკმაოდ მწვავეა და მომხმარებელი დაუცველია ფალსიფიცირებული პროდუქციის შეძენისა და ეკონომიკური ზარალისგან. გარდა ამისა, ფალსიფიკაციის მაღალი მაჩვენებლით ბაზარზე ზარალდებიან ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, ისინი, ვისაც აქვს ოფიციალური უფლება, გაყიდონ ამა თუ იმ ბრენდის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე.

ეს იყო კვლევის პირველი ეტაპი, რომელიც ფაქტობრივად საფუძველია ძალიან დიდი და მასშტაბური კვლევისა. ეს კვლევა შეისწავლის ქვეყანაში ფალსიფიკაციის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, რაც ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციის შემცველი იქნება მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ სხვა პროდუქციის ფალსიფიკაციის მაჩვენებლებიც შევისწავლოთ. ბაზრობებსა და ოფიციალური წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებულ ფასთა სხვაობას აღვნუსხავთ სხვა მოთხოვნად პროდუქციაზეც. მაგალითად, უახლოეს მომავალში შევისწავლით მობილური ტელეფონების ბაზარს, რადგან ამ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, სამწუხაროდ, ასევე მაღალია ფალსიფიცირების მაჩვენებლები”.

(სპეციალურად საიტისთვის)