რა ხდება კაპროვანში? - "ტყის მესამედი აღარ არსებობს, წაიქცა! სახლებს ხეები დაეცა. არ გვაქვს დენი და წყალი. გარეთ ვერ გავდივართ" - რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა ღლონტი დიდთოვლობაზე
"დენი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს და არც ინტერნეტი" - წერს ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი, რომელიც, როგორც ცნობილია, უკვე წლებია, ზღვისპირეთში ცხოვრობს, კერძოდ, კაპროვანში.
5-დღიანმა გადაუდებელმა, ძლიერმა თოვლმა ის და მისი მეუღლე ფაქტობრივად სახლში ჩაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გზა მისი სახლიდან 100-მეტრშია, ისეა თოვლის გამო ყველაფერი ირგვლივ ჩახერგილი, რომ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს.
AMBEBI.GE მამუკა ღლონტს დაუკავშირდა.
- თოვა 5 დღის წინ დაიწყო და დღემდე არ ჩერდება. თოვლის სიმძიმემ დაამტვრია ხის ტოტები, წააქცია ხეები, დააზიანა სახლები, ელექტროგაყვანილობა, ინტერნეტი, ზოგან - გაზმომარაგება არ არის, ზოგან - წყალმომარაგება. ჩვენ მეხუთე დღეა, დენი არ გვაქვს და ახლა მივიღე სმს, - წყალიც შეწყდება... მთავარი ისაა, რომ გადაუღებლად თოვს.
- რამხელაა თოვლის საფარი?
- 80 სმ-მდე. თუ არ გაჩერდა, შეიძლება მეტრსაც მიაღწიოს, ინტენსიურად თოვს... ელექტროენერგია მე იმიტომ არ მაქვს, რომ ჩამომტვრეულმა ხეებმა და ტოტებმა ელექტროგაყვანილობა დააზიანა, რადგან თოვლის სიმძიმემ ისინი დიდი რაოდენობით მოტეხა. ჩემს ეზოში მოისპო ნარგავები, ხეები. წინა ეზოში ვერ გავდივარ, მაგრამ ჩემი სახლის გვერდზე რა სახლებიცაა, ყველას ხე აქვს დაცემული.