შობა უფლის წინამორბედისა - იოანესი - კვირის პალიტრა

შობა უფლის წინამორბედისა - იოანესი

წმინდა მამები ცისკრის მნათობს უწოდებენ იოანე ნათლისმცემელს, რომელიც წინ უსწრებდა ჭეშმარიტების მზის, ქრისტეს, განკაცებას. სწორედ ამიტომ უფლის წინამორბედად სახელ სდვეს მას ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში.

განხორციელებულ ძეს ღვთისას მიწიერ ნათესავად ერგებოდა - დედა მისი, ელისაბედი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დეიდაშვილი იყო. მადლმოსილ მშობელთა მხოლოდშობილი ძის მოვლინებას სასწაული უძღოდა წინ - ზაქარია და ელისაბედი უკვე შეგუებოდნენ მძიმე ხვედრს უშვილობისას (რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო მაშინდელი ისრაელის მკვიდრთათვის) და უდრტვინველად და გულმართლად ემსახურებოდნენ ღმერთს. ზაქარია მღვდელმსახური იყო - სწორედ იგი შეეგება იერუსალიმის ტაძრის კიბეებთან სამი წლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როდესაც იგი ტაძრად მიიყვანეს მშობლებმა,  და მას წმიდათა წმიდაში მიუჩინა სალოცავი ადგილი.

ერთხელ, იერუსალიმის ტაძარში მსახურებისას, ზაქარია საკურთხეველში შევიდა და...  იხილა ანგელოზი, რომელმაც ამცნო მას: "შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე. მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოი და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაელისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა" (ლუკა, 1). მაგრამ მარტო წინასწარმეტყველის ტვირთი კი არ უნდა ეზიდა, თურმე, ყრმას, არამედ უნდა განემზადებინა გზა ქრისტესთვის.

ზაქარიამ არ დაიჯერა ანგელოზის ნათქვამი - აკი თავადაც და ელისაბედიც მოხუცებულობას იყვნენ მიწეულნი. ეს ეჭვი არც დაუმალა ზეციურ მაცნეს და პასუხიც მიიღო: "მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომარე პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყვად შენდა და ხარებად ამას. და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყვად, ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთვის, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნედ ჟამსა თვისსა" (ლუკა,1).

გარეთ მდგარ მორწმუნეებს უკვირდათ, ასე რომ დააგვიანა მღვდელმსახურმა - როგორც იქნა, გამოვიდა ზაქარია, მაგრამ ვეღარაფრის თქმა ვეღარ შეძლო, რადგან დამუნჯებულიყო, მთავარანგელოზ გაბრიელის აღთქმისამებრ.

იერუსალიმში მისი მსახურების Dჟამის გასვლის შემდეგ ზაქარია შინ დაბრუნდა. მეტყველების უნარი კვლავაც დაკარგული ჰქონდა. მალე ელისაბედმა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო და... 5 თვის განმავლობაში მალავდა ასე ნანატრ ამბავს, რადგან რცხვენოდა საკუთარი ასაკის გამო.

მეექვსე თვეს კი მთავარანგელოზი გაბრიელი ნაზარეთს მიავლინა უფალმა, რათა იქ მცხოვრებ ქალწულ მარიამისათვის ეხარებინა, რომ დამდგარიყო ჟამი უდიდესი სასწაულის აღსრულებისა - ქრისტეს განკაცებისა. სწორედ გაბრიელისგანვე შეიტყო მარიამმა ელისაბედის მუცლადღების ამბავიც და მასთან გაეშურა.

ძვირფას სტუმარს ეზოში შეეგება ელისაბედი და, ვიდრე თვითონ შეიტყობდა ამ საოცარი საიდუმლოს შესახებ, მანამდე მის მუცელში მყოფმა ყრმამ კრთომა დაიწყო და დედის პირით იღაღადა: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი! და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?"

როცა მოიწია ჟამი, შვა ელისაბედმა ძე. შეკრებილმა ნათესავებმა ჰკითხეს, რა სახელი სურდა პირმშოსათვის. იოანეო, რომ მოესმათ, გაუკვირდათ, რადგან მათ გვარში არავის რქმეოდა ეს სახელი, არადა, ტრადიციის მიხედვით, სწორედ სანათესაოში მოტრიალე სახელებიდან უნდა აერჩიათ მშობლებს ერთ-ერთი. მაშინ ზაქარიას მიუბრუნდნენ და მას ჰკითხეს. მან კი ფიცარი მოითხოვა და ზედ დაწერა-იოანე. და მეყვსეულად დაუბრუნდა ნიჭი მეტყველებისა. ამ სასწაულის მხილველნი მიხვდნენ, რომ უფლის რჩეული ჭურჭელი იქნებოდა ახალშობილი ყრმა და განადიდებდნენ ღმერთს.

მალე უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს ისრაელს - შურითა და პატივმოყვარეობით შეპყრობილმა ჰეროდემ, ისმინა რა მოგვთაგან მესიის შობის შესახებ, ბეთლემში ორ წლამდე ყველა ბავშვის დახოცვა ბრძანა. 14 000 ყრმა მოისრა იმ საშინელ დღეს. "და სტიროდა რაქელ შვილთა მისთა" და არსად იყო ნუგეში. იოვანეს შესახებ რახან სმენოდა, ზაქარიას სახლშიც გააგზავნა მკვლელები, მაგრამ დაიგვიანეს-ელისაბედსაც მისწვდენოდა გოდების ხმა და გაქცეულიყო. მაშინ მდევრები დაედევნენ. ელისაბედმა რომ დაინახა, მკვლელები ეწეოდნენ, თვალცრემლიანმა შესთხოვა მთას: "მთაო ღმრთისაო, მიიღე დედა პირმშოსთან ერთად!" მთა გაიხსნა და დედა-შვილი შეიფარა. მაშინ, ჰეროდეს ბრძანებით, ზაქარიას, რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა, მიაკითხეს იერუსალიმის ტაძარში, და შვილის ადგილსამყოფელის გაცემა მოსთხოვეს. და, უარით განრისხებულებმა, საკურთხეველთან მოკლეს.

იმ ადგილას, სადაც ელისაბედმა შეაფარა თავი, ღვთის ნებით, გამოქვაბული წარმოიქმნა, წყარომ ამოხეთქა, მის თავზე კი ფინიკის ხე ამოვიდა. როცა დედა-შვილს მოშივდებოდა, ხე მათკენ იხრებოდა, საკუთარი ნაყოფით ანაყრებდა მათ და შემდეგ კვლავ სწორდებოდა. იმავე გამოქვაბულში გარდაიცვალა ელისაბედი, ზაქარიას მკვლელობიდან მეორმოცე დღეს. უდაბნოში, გამოქვაბულში მარტო შთენილ პატარა იოანეს ანგელოზები კვებავდნენ, ზრდიდნენ და იფარავდნენ. "ხოლო ყრმა იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ."

მისი გამოცხადებიდან კი დაიწყო გზა, რომელსაც ზეცაში უნდა დაებრუნებინა განდევნილი ადამის შთამომავალნი.

7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)