"სახლები ჩამოენგრათ, მანქანებით ჩარჩა ხალხი ბავშვებთან ერთად ქუჩაში" - რას ჰყვებიან სტიქიის პირისპირ დარჩენილები? - კვირის პალიტრა

"სახლები ჩამოენგრათ, მანქანებით ჩარჩა ხალხი ბავშვებთან ერთად ქუჩაში" - რას ჰყვებიან სტიქიის პირისპირ დარჩენილები?

დიდთოვლობის გამო საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში რთული ვითარებაა. აჭარის მაღალმთიანი და გურიის რამდენიმე სოფელი საერთოდ გარესამყაროს მოწყვეტილია. უკვე რამდენიმე დღეა მოსახლეობა წყლის, გაზის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სატელეფონო ინტერვიუებში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. დიდთოვლობის გამო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში სასწავლო პროცესი გადაიდო. ბათუმში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც შეაჩერა მუშაობა. `ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რთული ვითარება გურიის სოფლებში, ადამიანები გაუთავებლად რეკავენ 112-ში და დახმარებას ითხოვენ, ეუბნებიან, რომ სამაშველოს გამოუშვებენ, მაგრამ ამ დრომდე წუხან ადამიანები იმის გამო, რომ მათთან ადგილზე არავინ მიდის და მათი ზარები რეაგირების გარეშე რჩება. ძალიან დიდი თოვლია, იმდენად დიდი, რომ მოსახლეობა სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ზოგან სახლის კარსაც კი ვერ აღებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა სახლი, რის გამოც ოჯახები ღამეს მეზობლებთან ათევენ. სახლის ჩამონგრევის ეშინია ქვემო ნატანებში მცხოვრებ ქალბატონ მანანა პერტიას.

მანანა პერტია:

- ქვემო ნატანებში ვცხოვრობ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თოვლი იმდენად დიდია, რომ ამხელა თოვლი ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს. სახლში მარტო ვარ. 10 დღეა ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, არ მოგვეწოდება წყალიც. გზები გაუკვალავია და თოვლის სიმაღლემ ერთ მეტრს საგრძნობლად გადააჭარბა. ყველაფრისგან მოწყვეტილი ვარ. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ სახლს უნდა გადათოვლა, რომ ჭერი არ ჩამომენგრეს თავზე. არავინ მყავს ვინც დამეხმარება და გადათოვლის სახლის სახურავს. შიშით ვარ, გამოსავალს ვერ ვპოულობ. კიდევ კარგი გაზი არის და გადავრჩით, თორემ არც შეშა მაქვს, არ არის წყალი, არ არის შუქი მას შემდეგ რაც თოვლი მოვიდა. მოსახლეობა ახლოს არის, მაგრამ გათითოკაცებულია სოფელი. ყველგან თითო პენსიონერი ცხოვრობს, იშვიათად ახალგაზრდები რომ იყვნენ. ერთი ოჯახია ჩვენს წინ, რომელსაც შვილები ჰყავთ და მომავალი თაობა ეზრდებათ, ღმერთმა კარგად ამყოფონ. დანარჩენები ყველა გაქცეულია სოფლიდან და დარჩა უპატრონოდ სოფელი. ძირითადად ასაკის ქალები არიან. თუ მამაკაცი ცხოვრობს ცოლი ემიგრაციაში ჰყავს გაშვებული. წყალი არ გვაქვს, არც ჭა მაქვს და ერთადერთი თოვლს თუ დავადნობთ. დასალევი წყალიც არ მაქვს, თოვლი როგორ დავლიო, უნდა ყოფილიყო და შეწყდა ამ დიდ თოვლობაზე. პირველ რიგში. მინდა სახლი, ჭერი გაიწმინდოს, რომ სახლი არ დამეშალოს, იმხელა ტვირთი აწევს ზევიდან, შიშით ვერ ვარ. ძალიან საშიში მდგომარეობაა. მეზობელს ტელეფონით ვუკავშირდები. ასე გათითოკაცებულია სოფელი. ბევრი სახლი დაკეტილია. არ ვიყავი მზად ამხელა ზამთრისთვის და არ მქონდა მომარაგებული არც ფქვილი, არც საჭმელი. თუ ღმერთმა გადმოგვხედა და თოვა შეწყვიტა, თორემ არაფრის იმედი არ მაქვს. არ მყავს საქონელი, რადგან მოვლის თავი არ მაქვს. ერთი ძაღლი მყავს მარტო. ძალიან ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში, ქვეყანა ინგრევა, გამრავლებაც დამთავრებულია, სოფლები დაცლილია, მხოლოდ მოხუცები არიან. პურის ფულზე დარბის ხალხი სხვაგან. ბოდიშით რომ ასე გესაუბრებით, მაგრამ ასეთი რეალობაა. იქნებ ვინმემ მიშველოს, ქვემო ნატანებში ეკლესიასთან ვცხოვრობთ, იქნებ ვინმე ბიჭები მოვიდნენ და გადათოვლონ სახლი, რომ არ დამენგრეს. საჭმელს არ დავეძებ. ალბათ მალე ტელეფონიც დამიჯდება. გზებიც გაუკვალავია, ქუჩებს ვინ გაკვალავს, უპატრონო სოფელია. არავინ დამკავშირებია, არავის არ ცხელა ჩვენთვის, შვილი მყავს თბილისში, მაგრამ იქიდან როგორ დამეხმარება. ერთადერთი სახლი არ ჩამომენგრეს, სხვა არაფერს არ დავეძებ, მშიერი ვიჯდები.

მერიაში მომუშავე ადგილობრივი გვიდასტურებს, რომ ოზურგეთის სოფლებში მძიმე მდგომარეობაა და ტექნიკა სოფლებამდე ვერ მიდის.

"ძალიან მძიმე ვითარებაა. თოვლის საფარმა 1,6 მეტრს მიაღწია. იწმინდება გზები, მაგრამ ისევ ივსება, რადგან ინტენსიური თოვაა. მართალია ხალხი, ვერ ვეხმარებით ფიზიკურად. ტექნიკაც კი არ გვყოფნის. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ადამიანები. ბევრ ოჯახშია მარტო მოხუცებული და ისინი შეშინებულები არიან. წყალი არ მიეწოდება სოფლებს იმიტომ, რომ დენი არ არის. დენზეა დამოკიდებული წყლის მოწოდება. მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანების დახმარებას, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. რა ტექნიკაც გვაქვს ის ნამდვილად მუშაობს, მაგრამ საკმარისი არ არის. განსაკუთრებით ჭირს ზემო ნატანებში და კიდევ სხვა სოფლებში", - ამბობს მერიაში მომუშავე ადამიანი.

ხალხი პანიკაშია, ცხელ ხაზზე უამრავი შეტყობინება შედის. მოქალაქე სოფო ჯებაშვილი ოზურგეთში, სოფელ ორმეთში მყოფ თავის ორ შვილს ოთხი დღეა ვერ უკავშირდება და ბუნებრივია ძალიან შეშფოთებულია. ის დახმარებას ითხოვს.

"ბებია-ბაბუასთან მყავდა დატოვებული. ოთხი დღეა კონტაქტზე ვერ გავდივარ. სოფელში ტექნიკა ვერ შედის, არც გაზია, არც წყალი, არც დენი. ერთ შვილს გულის მანკი აქვს, ეგებ წამალი სჭირდება. გვიშველეთ.…ვესაუბრე მერის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ტექნიკა ვერ შედისო. სოფელში ვერავის ვერ ვუკავშირდები. პოლიციაც ჩართულია, მაგრამ დიდთოვლობის გამო, ტექნიკა ვერ შედისო. არ ვიცით რა უნდა ვქნათ!” - ამბობს ჟურნალისტებთან სოფო ჯებაშვილი და თავისი შვილების გამოყვანაში დახმარებას ითხოვს. მართლა ბევრი ადამიანი ითხოვს დახმარებას.

განსაკუთრებით რთულ დღეში არიან მოხუცები, რომლებიც სოფლებში მარტოები არიან დარჩენილები. ხალხის დასახმარებლად გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები. მაგალითად, სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი დაწერა ირაკლი ჩოგაძემ და ის აჭარის მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს. ჩვენ მითითებულ ნომერზე დავურეკეთ ირაკლის. მისი თქმით, სატელეფონო ზარები არ წყდება, ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება.

didtovlobaguria-1740421122.jpg
მოხალისე ირაკლი ჩოგაძე

მოხალისე ირაკლი ჩოგაძე:

- მიკავშირდებიან ადამიანები და დახმარებას ითხოვენ. ზოგიერთი ჩარჩენილია მანქანით და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. ზოგან ტრანსპორტი საერთოდ ვერ მიდის. ხშირად რეკავენ ავადმყოფები, რომლებიც დიალიზზე არიან და კლინიკაში წასვლას ვერ ახერხებენ. სოფლებში მახინჯაურში, მახოში ვიყავი და ძირითად აჭარის მაღალმთიან სოფლებშია პრობლემები. ხელვაჩაურის სოფლებში. ძალიან ბევრი ზარი შემომივიდა გურიიდან. ხალხი ამბობს, რომ სახლები ჩამოენგრათ, სახურავი ჩაამტვრია და ა.შ. მანქანები ვერ გაჰყავთ და ძალიან მძიმე დღეშია სამწუხაროდ გურია. იქ ვერ მივდივართ, რადგან ბათუმში და აჭარის სოფლებში იმდენს სჭირდება დახმარება, რომ ამათ ის ვერ დავტოვებთ. ზოგან ვახერხებთ მისვლას, ხან მივედი ჩემი მანქანით, ხან ვერ მივედი, ზოგს ფიზიკურადაც ხელითაც ვეხმარებით ბიჭები მანქანის ამოყვანაში. ზოგიერთი ჩამოვიყვანე სახლიდან ისეთ გზაზე, საიდანაც გზის გაგრძელებას შეძლებდნენ და მერე მე სხვის დასახმარებლად წავედი. მთავარია, ისეთ ადგილამდე მივიყვანოთ, რომ მერე შეძლონ გზის გაგრძელება. დიალიზიანები ბევრი მირეკავს, ხვალაც ბევრი უნდა გადავიყვანო კლინიკაში, დავეხმარო. ფიზიკურად არის პრობლემა ის, რომ ტექნიკა ვერ ასწრებს გაწმენდას. მაგალითად, მახინჯაურში ვიყავი წასული, გავიარე და ერთ საათში უკან რომ გამოვიარე ჩემი ნაკვალევი საერთოდ აღარ ჩანდა. გავსებული იყო ისევ თოვლით გზა. ინტენსიურად თოვს, ტექნიკა დადის, მაგრამ აზრი არ აქვს. ეგერევე ავსებს გზებს. ძალიან ძლიერი ქარბუქია მახინჯაურის მხარეს. დღეს ჩემი სურვილით, ჩემი ხარჯით ვეხმარები იმ ადამიანებს ვისაც სჭირდება კლინიკაში გადაყვანა. იყო შემთხვევები მანქანებით ჩარჩა ხალხი ბავშვებთან ერთად ქუჩაში, სახლებიდან გამოვიდა და ვეღარ გააგრძელეს გზა, ან უკან ვერ მიბრუნდა, იმიტომ რომ 2 საათში ძლიერი თოვლი მოვიდა. პატარა ბავშვები ეჯდა მანქანაში ადამიანს, რომელსაც ისე მიათოვა, გზა ვეღარ გააგრძელეს. ჩემი მეგობრებიც ოქრო ადამიანები არიან და ისინიც დადიან ადამიანების დასახმარებლად. მოხალისეები ვართ. კიდევ ერთ მოხალისე ახალგაზრდას, ირაკლის მეგობარს, გელა გელაძეს ვესაუბრე.

moxaliseebi-1740423055.jpg

გელა გელაძე:

- მე ახლა მოვედი სახლში, რომ ტანსაცმელი გამოვიცვალო, რადგან დავსველდით ბიჭები. ახლა ვარ ბათუმში. მთელი დღე ხელვაჩაურის მხარეს ვიყავი, სოფელში სატეხიაში, კინჯალოში და მიმდებარე სოფლებში. ვაკისწყალთან გადასახვევია და იმ სოფლიდან ჩამოვიყვანე ქალბატონი კლინიკაში. უჭირდა გადაადგილება და დიალიზზე იყო, კლინიკაში დავტოვე. მე "ტოიოტათი" ვმოძრაობ, ჩვენი მეგობარი ირაკლი ჩოხაძე გვირეკავს ძირითადად სამეგობროს და გვეუბნება ვის სად სჭირდება დახმარება და ჩვენ ვნაწილდებით. მოხალისეები ვართ. ჯიპები გვყავს და ვახერხებთ მისვლას. ზოგი შეუძლოთ იყო, კლინიკამდე მივიყვანეთ. ძირითადად მოხუცი ადამიანები იყვნენ, სახლებში მისულებს გვხვდებოდნენ მათი ოჯახის წევრები და უცებ მოგვყავდა. ყველას სახლებს ვერ ვაგნებდით, რადგან ყველაფერი რომ დათოვლილია გადაადგილებაც ჭირს და მიგნებაც. ამიტომ ვეუბნებოდით ან მეზობელს, ან ვინმეს სთხოვეთ, რომ დაგვხვდეს და გზაზე გვხდებოდა ეს ხალხი, მივდიოდით კონკრეტულ მისამართებზე და მოგვყავდა. ხელვაჩაურის რაიონშიც დიდი თოვლია, ბევრ ადგილას წინა დღის ჩამოვლილი მანქანების კვალი იყო, მაგრამ უმეტესი ადგილი საერთოდ გაუკვალავია. განსაკუთრებით ზევით სოფლებში. რაც შეხება ბათუმს, ქალაქში ძირითადად მანქანები გაჩერდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. პატარა მანქანით არც უნდა გამოხვიდე. ხალხი ბათუმში ძირითადად ფეხით გადაადგილდება. ვინც მანქანით ჩარჩენილია, ზოგს ხელით ვეხმარებით, ზოგს ბუქსირით. ჩვენ სამეგობრო ვართ 10 ადამიანი, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ახლა ერთად ვეხმარებით ხალხს. როგორც ვიცი, ჩვენნაირად მოხალისეებით დაკომპლექტებული ბევრი ჯგუფია ბათუმში და ეხმარებიან ადამიანებს. მაქსიმალურად ვცდილობთ ხალხს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და დავეხმაროთ. იმედია, ხელისუფლება დაეხმარება ადამიანებს, უფრო მეტ ტექნიკას შეიყვანს სოფლებში და მაქსიმუმს გააკეთებენ სტიქიასთან გასამკლავებლად.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)