როგორ ცდილობდა პუტინი ზელენსკის ლიკვიდაციას - რუსული აგენტურა უკრაინაში: ანტიტერორისტული შტაბის უფროსი რუსებზე მუშაობდა
სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინა გმირულად იგერიებს ვერაგი მტრის შეტევებს. პუტინის ოცნება, რომ უკრაინა ვერ გაუძლებდა და როგორც სახელმწიფო, ორ-სამ კვირაში ჩამოიშლებოდა, საბედნიეროდ, არ ახდა. ომის დასრულება და მშვიდობა ყველას გვსურს, თუმცა არა ისე, რომ აგრესორმა თავის მიზანს „სამშვიდობო ხელშეკრულებით“ მიაღწიოს და დე ფაქტოდ დაკავებული უკრაინის ტერიტორიები, შუამავალი ქვეყნების დახმარებით, დე იურედ დაიმტკიცოს. უდიდესი უსამართლობა და დანაშაული იქნება მესამე ქვეყნებმა სხვადასხვა ფორმის შანტაჟ/ზემოქმედებით კიევი აიძულონ, მისთვის მიუღებელ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდეს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიხვდა პუტინი, რომ სწრაფი და ყოვლისმომცველი გამარჯვება არ ექნებოდა. მას ხომ უკრაინის სრული განადგურება უნდოდა: ხელისუფლების, არმიის, ხალხის. ამის შემდეგ რუსეთის დიქტატორის უახლოეს “კრიმინალურ კლანს” დიდი საფიქრალი გაუჩნდა: საჯაროდ გაცხადებული გეგმებიც უნდა შეასრულოს, დანაკარგები შეამციროს და “გამარჯვებულის სახეც” არ უნდა დაკარგოს.
განვლილი პერიოდი და დღეს უკრაინაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება საშუალებას იძლევა, გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ აგრესორი ქვეყნის მიზან-შედეგების შესახებ. პუტინის მთავარი მიზანი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის (რომელსაც ის ნარკომანებსა და ნაცისტებს უწოდებს) “განეიტრალება” (მათი ლიკვიდაციის ჩათვლით) და უკრაინის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანა იყო და არის. ამის შემდეგ ის შეძლებს დე იურედ დაიმტკიცოს უკრაინის მიტაცებული ტერიტორიები.
თუმცა “პატარა დიქტატორი” ამას ვერ შეძლებს, თუ პრეზიდენტი ზელენსკი, ნებისმიერი ფორმით, თავიდან არ მოიცილა. ამიტომ უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღიდან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურისა და სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მთავარი ამოცანა უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და პირადად ზელენსკის ლიკვიდაცია იყო.
ობიექტურად შევხედოთ რეალობას: ომის დაწყების პირველ დღეებში ზელენსკის კიევი რომ დაეტოვებინა (რასაც ბევრი მეგობარი ქვეყნის ლიდერი ურჩევდა), დღეს რუსეთს არა მარტო დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი, არამედ - კიევიც აღებული ექნებოდა და ომიც დამთავრებული იქნებოდა. ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აგრძელებენ, ქვეყნის ეკონომიკა ფუნქციონირებს და უკრაინელების საბრძოლო მუხტი არ შენელებულა, - ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და, უპირველესად, უკრაინის პრეზიდენტის დამსახურებაა. ამ ვითარებაში ზელენსკის და მთავრობის რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია ან პოლიტიკიდან ჩამოშორება უკრაინას ისევ დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებაში დააბრუნებს და რუსეთს უკვე აღარ გაუჭირდება „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“: კიევში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უკვე „ტექნიკის“ საქმე იქნება. ამაში კი ვლადიმერ პუტინს ვინ შეედრება?! თუმცა ის ზელენსკის შეფასებაში სერიოზულად შეცდა. თავიდან კი კრემლისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო.

2019 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტად შოუმენისა და მსახიობის, ვლადიმერ ზელენსკის არჩევა პუტინისთვის დიდი საჩუქარი იყო: სახელმწიფოს მართვის ურთულეს საკითხებში გამოუცდელ ზელენსკის საბედისწერო შეცდომა უნდა დაეშვა, რასაც პუტინი სწრაფად გამოიყენებდა. ზელენსკისა და პუტინის პირველი შეხვედრა 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში შედგა. ამის შემდეგ უკრაინის ახალგაზრდა პრეზიდენტი ზომაზე მეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
„შემიძლია მას დავურეკო, ის აუცილებლად დამელაპარაკება“, - დარწმუნებული ამბობდა ზელენსკი პუტინთან პირადი კონტაქტის შესახებ.
ზოგადად, უყვარს „ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს“ ახალგაზრდა, გამოუცდელ კოლეგა-პრეზიდენტებთან „მუშაობა“: მოძღვრავს და გამოცდილებას უზიარებს, როცა საჭიროა, კომპლიმენტებსაც არ იშურებს, თან აკვირდება, სწავლობს მათ სისუსტეებს.
ახლად არჩეული პრეზიდენტის, ზელენსკის „კარზე“ დიდი შიდაბრძოლები მიმდინარეობდა, სტრატეგიული პოსტების ხელში ჩასაგდებად. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ “ხალხის მსახურის” პარტიასა და საპარლამენტო ფრაქციაში დაპირისპირება და “საქმის გარჩევები” დაიწყო. მთელი 2020 წელი “ხალხის მსახური” ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა: კომპრომატები ერთმანეთის წინააღმდეგ, ოპოზიციის დადანაშაულება რუსეთის აგენტობაში, კორუფციული ბრალდებები, პარტიიდან და ფრაქციიდან გარიცხვა. ეს ყველაფერი ასუსტებდა და აზიანებდა უკრაინას. პუტინი ზელენსკის საბედისწერო შეცდომას ელოდა, ის კი დიდ მოთმინებას იჩენდა. 2022 წლის 24 თებერვალი პუტინის ბოლო არგუმენტი იყო.
რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება მარტო ფრონტებზე არ მიმდინარეობს და რუსეთის სპეცსამსახურების ტერორისტული თავდასხმები ყველგან, თვით უკრაინის ყველაზე დაცულ კაბინეტებშიც შეიძლება განხორციელდეს. უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გასანადგურებლად და პოლიტიკური ხელისუფლების კოპრომეტირებისა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მისაღწევად გააქტიურდა რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედი და „დაკონსერვებული“ აგენტურა.
რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან პუტინის მთავარი სამიზნე ზელენსკი იყო და კიევის ე.წ. „სამთავრობო კვარტალზე“ სარაკეტო თავდასხმები არ წყდებოდა.
ბრიტანულმა გამოცემამ The Times-მა 2022 წლის 28 თებერვალს მეტად საყურადღებო ინფორმაცია გაავრცელა: კიევში 400-ზე მეტი რუსი სპეცრაზმელი იმყოფება, რომელთაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაცია აქვთ დავალებულიო.
ომის დაწყების შემდეგ მთავარი საფრთხე ამგვარი იყო: რამდენად გაუმკლავდებოდა უკრაინის ხელისუფლება რუსეთის გაცილებით მრავალრიცხოვანი და უფრო გამოცდილი სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციებს? რამდენად იყვნენ მზად რუსეთის აგენტურის გამოსავლენად უკრაინის სპეცსამსახურები? არ დაგიმალავთ: სამი წლის წინ ვფიქრობდი, რომ უკრაინას ფრონტის ხაზზე, ღია ბრძოლებში უფრო ჰქონდა წარმატების შანსი, ვიდრე სპეცსამსახურების ფარულ “პოზიციურ” დაპირისპირებაში. რატომ? იმიტომ, რომ ათწლეულების მანძილზე რუსეთი აქტიურად ნერგავდა საკუთარ აგენტურას უკრაინის არმიაში, სპეცსამსახურებში, დიპლომატიურ კორპუსში, პოლიტიკურ პარტიებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ კრემლს თავიდანვე ჰქონდა მნიშვნელოვანი უპირატესობა.
„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან რუსეთის აგენტები“, - ასე განაცხადა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ვასილ ბურბამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
2022 წლის 21 ივნისს კი უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის აგენტები უკრაინის მთავრობაში გამოავლინა. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტარმენტმა მრავალეტაპიანი სპეცოპერაციის შედეგად კიევში დააკავა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს განყოფილების უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი დირექტორატის ხელმძღვანელი. ამ აგენტმა-ჩინოვნიკებმა რუსეთს გადასცეს სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაცია: უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მდგომარეობის; სახელმწიფო საზღვრის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის; უკრაინელი სამართალდამცავებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების პერსონალური მონაცემების შესახებ და სხვ. ამ საიდუმლო ინფორმაციაში რუსი კურატორები მათ 2-დან 15-ათას დოლარამდე უხდიდნენ.
დასამალი უკვე არაა, რომ ზელენსკი და უკრაინის სხვა თანამდებობის პირები რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქის მასობრივი დაბომბვების დაწყების შემდეგ განსაკუთრებულად დაცულ „ბუნკერებში“ იმყოფებიან. მათი ადგილსამყოფელი მკაცრადაა გასაიდუმლოებული და მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან.
სწორედ მათ რიცხვში არიან უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს (შემდეგში სდს) თანამშრომლებიც, რომლებიც 24/7 რეჟიმში ახორციელებენ დასაცავი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამიტომ გასაგებია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს სტრუქტურებში შეღწევა და მაღალჩინოსანი ოფიცრების გადაბირებაა.
2024 წლის 7 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გამოავლინეს პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი პირების მკვლელობის გეგმა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ოპერაციის ფარგლებში დააკავებულია სდს-ის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც გადაბირებულნი იყვნენ რუსეთის ეფ-ეს-ბეს მიერ და ზელენსკის, ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის და უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ივან მალიუკის მოკვლას გეგმავდნენო.
უახლესი მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთის ეფ-ეს-ბეს აგენტურული ქსელი კვლავ აქტიურ სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობას აწარმოებს უკრაინაში. 2025 წლის 12 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურის (უუს) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს უუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი დიმიტრი კოზიურა. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურში ანტიტერორისტულ ცენტრს განსაკუთრებული

ადგილი უჭირავს: ეს, ფაქტობრივად, სამხედრო დანაყოფია, რომელიც გეგმავს და ახორციელებს საბრძოლო ოპერაციებს, ხოლო ანტიტერორისტული ცენტრის შტაბი ამ სტრუქტურის „ტვინია“. რუსეთთან ომის პირობებში, ამ „ცენტრს“ ევალება მტრის სპეცსამსახურების ტერორისტული და დივერსიული მოქმედებების პროგნოზირება, რისკის შეფასება და არსებულ ინფორმაციაზე ოპერატიული რეაგირება. ირკვევა, რომ დიმიტრი კოზიურას 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სისტემაში ეკავა თანამდებობები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სრულიად საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას. 2000-იანი წლების დასაწყისში დიმიტრი კოზიურა მუშაობდა უკრაინის უშიშროების სამსახურის აკადემიის კადრების განყოფილებაში, სადაც ჰქონდა სრული წვდომა ყველა კურსანტის პირად საქმეზე (ალბათ, ხვდებით, თუ რა ფასეული ინფორმაციაა მტრისთვის). 2016 წლიდან კი პოლკოვნიკი დიმიტრი კოზიურა უუს-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის შტაბს ხელმძღვანელობდა. გამოძიების მტკიცებით, პოლკოვნიკი კოზიურა ეფ-ეს-ბემ 2018 წელს ვენაში გადაიბირა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იყო "დაკონსერვებული აგენტი" , ხოლო მისი გააქტიურება დაიწყეს 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. რუსეთის კიდევ რამდენი აგენტია უკრაინის ხელისუფლების გარემოცვაში?
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლის შემდეგაც პუტინი კვლავ იმავე პრობლემის წინაშეა: „ზელენსკის ფაქტორი“ - აი, პუტინის მთავარი პრობლემა.