"სირია უკან წაიღებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას, გაიხსნება საელჩოები და სირიელი სტუდენტები თბილისში დაბრუნდებიან" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
ბრიტანული გამოცემა Manara magazine (ჟურნალის რედაქცია მდებარეობს ლონდონში, იბეჭდება კემბრიჯის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის ეგიდით) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით - „სირია, საქართველო და რუსეთი: რა ცვლილებები განხორციელდება დამასკო-თბილისის ურთიერთობებში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ“ (ავტორი - ვალი ქალეჯი, ფილოსოფიის დოქტორი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია საქართველო-სირიის ურთიერთობა 1990-იანი წლებიდან დღემდე (აფხაზური და ოსური სეპარატიზმის გათვალისწინებით) და მოცემულია დამასკო-თბილისის სამომავლო სავარაუდო დამოკიდებულების პროგნოზი.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
1990-იანი წლების დასაწყისიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, თუმცა თბილისსა და დამასკოში საელჩოები არ გახსნილა - ქვეყნები 1994 წლიდან ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ ერევანში (სომხეთი) არსებული სირიის საელჩოსა და კაიროში (ეგვიპტე) არსებული საქართველოს საელჩოს მეშვეობით.
მართალია, დამასკოსა და თბილისის ურთიერთობა არ იყო ისეთი დონის, როგორიც სირიასა და სომხეთს ან თუნდაც სირიასა და აზერბაიჯანს ჰქონდათ, სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ საკმაოდ დაბალანსებული იყო და მასზე მაინცდამაინც შესამჩნევ გავლენას არ ახდენდა საქართველოს საკმაოდ არასტაბილური ურთიერთობები რუსეთთან და დასავლეთთან.
როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, სირიის პოზიცია დაბალანსებული პოლიტიკის ერთგვარი თვალსაჩინო მაგალითი გახდა: ერთი მხრივ, იმ ხანებში მოსკოვში ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ბრალი დასდო ვაშინგტონს ორმაგი სტანდარტების გატარებაში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ და განაცხადა, რომ ამერიკა აფხაზი და ოსი ხალხების უფლებების იგნორირებას ახდენდა. სირიელი ლიდერის აზრით, იმის გამო, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღა, რუსეთის პოზიცია სწორი და ობიექტური იყო. მაგრამ, მეორე მხრივ, სირია მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლა და არ გაჰყვა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს კვალს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარა.
ბალანსი დისბალანსის ზღვარზე
დამასკოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებით თანდათან შეიცვალა სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლის მარტიდან. მასში საკვანძო როლი შეასრულა რუსეთმა ანუ კრემლის პოზიციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ: იმის გამო, რომ მოსკოვი სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ჩაერია და მხარი ბაშარ ასადის ხელისუფლებას დაუჭირა, დამასკო იძულებული გახდა, რუსული დიპლომატიის ნაბიჯები გაეზიარებინა.
2013 წელს აფხაზეთმა სირიაში თავისი წარმომადგენელი დანიშნა, რომელიც მოსკოვში არაოფიციალურად შეხვდა სირიელ დიპლომატებს, 2015 წელს კი უკვე თვითონ აფხაზეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ესაუბრა ელჩ რიად ხადადს და ორმხრივი ურთიერთობის განხილვა შესთავაზა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აღიარებს თუ არა სირია აფხაზეთის სუვერენიტეტს, ეს უშუალოდ დამასკოს გადასაწყვეტიაო.
2016 წლის ნოემბერში აფხაზეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების კონტინგენტის გადასროლას სირიაში, სოხუმში გაიმართა მიტინგები რუსული და არაბულენოვანი ლოზუნგებით, აფხაზეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ კი მოძმე სირიელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.
ანალოგიურად დამასკომ პრორუსული პოზიცია გამოავლინა უკრაინის საკითხში: 2016 წლის ნოემბერში სირია გახდა მეექვსე ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა რუსეთისგან ყირიმის ანექსია. ცოტა მოგვიანებით კი, დეკემბერში, სოხუმში ჩატარდა პირველი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სირიელი და აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობით. იმავე წელს აფხაზეთიდან სირიაში, რეპატრიაციის კომიტეტის ხელშეწყობით, მანდარინის პირველი პარტია (12 ტონა) გაიგზავნა, ჰუმანიტარული დახმარების სახით. აფხაზეთისა და სირიის დაახლოება კიდევ უფრო დაჩქარდა 2017 წლის ნოემბერში სავაჭრო შეთანხმების დადებით, რაც დამოუკიდებლად აღიარების ერთგვარ პრელუდიად იქცა: 2018 წლის მაისში სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. თავის მხრივ, საქართველომ დაუყონებლივ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან.
სირიის დიპლომატია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ
დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ ორი ნახევრად სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მრავალი ვიზიტი განახორციელეს დამასკოში, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინოა რაულ ხაჯინბას ყოფნა დამასკოში 2018 წელს.
ვიზიტის დროს ბაშარ ასადმა იგი ომეიადების ორდენით დააჯილდოვა, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკის უმაღლეს ჯილდოდ ითვლება, ხოლო სანაცვლოდ რაულ ხაჯინბამ მასპინძელს აფხაზეთის მთავარი ჯილდო - „ღირსებისა და დიდების“ („ახდზ-აპშას“) პირველი ხარისხის ორდენი გადასცა. ვიზიტის დროს გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს პოლიტიკის სფეროში კონსულტაციების შესახებ.
სირიელი აფხაზების დაბრუნება
აღნიშნულ წლებში სირიიდან აფხაზეთში რამდენიმე ათეული სირიელი აფხაზი დაბრუნდა. ბედის ირონიით, მე-19 საუკუნის შუა ხანებში, რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობითი ომების დროს, მილიონობით ადამიანი, მათ შორის - აფხაზებიც, იძულებულნი გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ და უცხოეთში წასულიყვნენ. ისინი ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში დასახლდნენ, მათ შორის - დამასკოს, ალეპოსა და რაქას სანჯაყებში.
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისას აფხაზეთმა სირიელი აფხაზების რეპატრიაციის კამპანია დაიწყო (სომხების რეპატრიაციის მსგავსად). რაულ ხაჯიმბას მტკიცებით, მე-19 საუკუნეში ათასობით აფხაზმა სამშობლო ზეწოლის გამო დატოვა, ახლა კი დადგა დრო, ისინი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენო. მისი ასეთი მოქმედება, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო სურვილით, როგორმე გაეზარდა აფხაზეთის მოსახლეობა, დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით. ალბათ, ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ აფხაზეთმა დამასკოში თავისი საელჩო სწრაფად გახსნა, სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით.
რაც შეეხება ბაშარ ასადის მოტივებს, აშკარაა, რომ სირიის მთავრობამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება კრემლისადმი მადლობის ნიშნით განახორციელა, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. თბილისი დიდი ხანია, ბრალს სდებს მოსკოვს, რომ კრემლი ზეწოლას ახდენს თავის მოკავშირეებზე - დახმარების საფასურად მათგან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას მოითხოვს, მაგალითად, ბელარუსისგან, სომხეთისგან, ჩრდილოეთ კორეისაგან და ჩინეთისაგან... მაგრამ სირიის თანხმობა ამ მხრივ განსაკუთრებულია და მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდად იყო დამოკიდებული დამასკო მოსკოვის ნებაზე. კრემლი თავის მოკავშირეებს დიდი ხანია, ევედრებოდა აღიარებას, მაგრამ - ამაოდ. მათგან განსხვავებით, ბაშარ ასადმა საკმაოდ სწრაფად აღიარა სეპარატისტები.
კრემლზე ორიენტაციამ სირიის მეტ-ნაკლებად დაბალანსებული პოლიტიკის დარღვევა გამოიწვია. 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, სირიამ ასევე აღიარა მოსკოვის მიერ ოკუპირებული „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები“, რის შემდეგაც უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. თითქმის იგივე მოხდა იმ ხანებში კიევის პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებით.
ბაშარ ასადის კრახი: რა იქნება შემდეგ?
როგორც ჩანს, 2024 წლის დეკემბერში, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის ახალი ხელისუფლების მიდგომები იცვლება. მნიშვნელოვან მოვლენად იქცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის - ანდრეი სიბიგას შეხვედრა სირიელ ლიდერ აჰმედ-ჰუსენ ალ-შარაასთან გასული წლის დეკემბრის ბოლოს. შემდეგ დამასკოში ჩავიდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იალჩინ რაფიევი, რომელიც თავის ახალ სირიელ კოლეგას ასად ალ-შაიბანს შეხვდა. ეს ნიშნავს, რომ დამასკოში 12 წლის წინ დახურული აზერბაიჯანის საელჩო თავის მუშაობას განაახლებს.
რას იზამს საქართველო? აღსანიშნავია, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა იმ დროს მოხდა, როცა საქართველო პოლიტიკურ კრიზისში იმყოფებოდა, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად.
თუ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური გახდება, მოსალოდნელია, რომ თბილისი დამასკოსთან ურთიერთობებს დაალაგებს, ისევე, როგორც უკრაინასთან. ამ პროცესის მნიშვნელოვანი წანამძღვარი გახდება სირიის ახალი ხელისუფლების ოფიციალური [სავარაუდო] დეკლარაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების გაუქმებაზე, რაც, თავის მხრივ, იმის მაუწყებელი იქნება, რომ დამასკო ცვლის თავის პრორუსულ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში.
რა თქმა უნდა, სირია-საქართველოს ურთიერთდაახლოების პროცესი აუცილებლად გამოიწვევს აფხაზეთის წარმომადგენლობის დახურვას დამასკოში, შეწყდება აფხაზური დიასპორის დაბრუნება აფხაზეთში და განახლდება თბილისი-დამასკოს დიპლომატიური ურთიერთობა, გაიხსნება საელჩოები ორივე დედაქალაქში.
და ბოლოს, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კვალობაზე, მოწმენი გავხდებით სირიელი სტუდენტების დაბრუნების ქართულ უნივერსიტეტებში, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, საქართველო დაეტოვებინათ თბილისსა და დამასკოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გამო.