"ასეთი თოვლი გურიაში 1985 წელს მოვიდა... მარგალიტა ბებია იმ დიდი თოვლიანობის დროს გარდაიცვალა. 18 დღეს ვერ დავასაფლავეთ..." - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე?
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. უამინდობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. გურიაში შექმნილ მძმე ვითარებას სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძე ეხმაურება:
"ბოლოს ასეთი თოვლი გურიაში 1985 წელს მოვიდა, მგონი უფრო მეტიც, ჭიშკრები და ღობეები საერთოდ გაქრა, ზემოდან გადავდიოდით. პირველ სართულზე ოთახებში ბნელოდა, ფანჯრებში შუქი აღარ შემოდიოდა. განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ თოვლიანობას შორის ისაა, რომ მაშინ სოფლები სავსე იყო ხალხით, ახალგაზრდა ჯანღონიანი კაცებით, ერთმანეთს ასწრებდნენ სახლების დათოლვას.. მაშინდელ გურიაში სოფლის სირცხვილად ითვლებოდა უპატრონობით, დაუთოვლაობით სახლის ჩაქცევა. ადამიანებსაც უფრო მეტი სურვილი და ძალა ჰქონდათ ერთმანეთის დასახმარებლად. არც საჭმელ- სასმელი გვაკლდა ასე მახსოვს.
მარგალიტა ბებია იმ დიდი თოვლიანობის დროს გარდაიცვალა. 18 დღეს ვერ დავასაფლავეთ, საშველი რომ აღარ გამოჩნდა მთელი ჩვენი და მეზობელი სოფლის კაცები გამოვიდნენ, სასაფლაომდე გზა გაჭრეს და ძვლივსძლიობით დავმარხეთ მიცვალებული. გაზაფხულზე, თოვლი, რომ დადნა ბებიას გადასაფლავება მოგვიხდა რადგან ნაცვალაძეების საფლავებზე იყო დასაფლავებული არასწორად.
თოვა შეჩერდება, თოვლი დადნება და წავა, ისევ აყვავდება სათხილე.. ერთმანეთისთვის გაწეული დახმარება, გაწვდილი ხელი და თანაგრძნობის მაგალითები კი დიდხანს დარჩება.
არ შეშინდე ჩომო გურია!!!!" - წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.