წინ თოვლი, უკან მეწყერი?! - გველის თუ არა ახალი სტიქია? - "მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უნდა დაიწყოს, თორემ..." - კვირის პალიტრა

წინ თოვლი, უკან მეწყერი?! - გველის თუ არა ახალი სტიქია? - "მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უნდა დაიწყოს, თორემ..."

დიდთოვლობამ განსაკუთრებული პრობლემები გურიაში შექმნა. სოფლების დიდი ნაწილი მოწყდა გარესამყაროს, მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ადგილზე შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, დიდთოვლობასთან ბრძოლაში ჩაერთო ჯარი, მოსახლეობის დახმარებას აქტიურად ცდილობენ მოხალისეები. როგორ უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებს, ამ საკითხებზე გვესაუბრება გარემოსდამცველი, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

- დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, დაგვიანდა თუ არა დიდთოვლობაზე რეაგირება...

ნინო ჩხობაძე:

- საკმარისად იყო გაფრთხილება, რომ დიდთოვლობაა მოსალოდნელი და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტები ორგანიზებულები უნდა ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, გურიაში არც ერთი მათგანი მომზადებული არ აღმოჩნდა - ტექნიკაც არ აქვთ. ორი წლის წინ იქ იყო ძალიან დიდი წყალდიდობა - როგორც წყალდიდობას სჭირდება ტრაქტორი, ისე სჭირდება დიდ თოვლს.

გზები დროზე რომ გაწმენდილიყო, ასეთი პრობლემები არ შეიქმნებოდა. დავაგვიანეთ მოქმედება. სტიქია სტიქიაა, მას ვერაფერს ვუზამთ. თუმცა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, სტიქიიდან სტიქიამდე კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ - უფრო ადრე უნდა ვმუშაობდეთ. არ არის შეტყობინების სისტემა ბოლომდე ამოქმედებული, მოსახლეობა ინფორმირებული არ არის. სოფლებში, ძირითადად, არიან მოხუცები - ვიღაცას შეუძლია ინტერნეტით ინფორმაციის მიღება, მოხუცები კი არც უყურებენ შეტყობინებას, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას ევალება ხალხის ინფორმირება და უნდა იყოს თვითონ მაქსიმალურად მობილიზებული. როცა არ გაქვს ტექნიკა, ეს არის პრობლემა. აღწერა არ გაკეთებულა იმის, თუ რომელ მუნიციპალიტეტს აქვს ტექნიკა და რომელს - არა. საგანგებო მდგომარეობის დროს - ღვარცოფი იქნება, მეწყერი, დიდთოვლობა თუ სხვა რამ - ეს სტიქიური კატასტროფაა და მასთან ბრძოლას შესაბამისი მძიმე ტექნიკა სჭირდება.

- ხომ არსებობს ასეთ დროს პროტოკოლი, თუ როგორ მართო სიტუაცია?

- წესით და რიგით, უნდა არსებობდეს სპეციალური გეგმა. გურია ამას მიჩვეული არ იყო. დიდთოვლობა ყოველთვის არ ხდება - წყალდიდობა, ღვარცოფები და მეწყერი კი იშვიათობა არ არის. დიდთოვლობისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ახლა დიდია თოვლი და ვეღარ შედიან სოფლებში, რადგან 2 მეტრზე მეტი სიმაღლისაა თოვლი და გაკვალვა ძალიან რთულია. ახლა ქარისაც ეშინიათ, იმიტომ, რომ ქარმა შეიძლება ახადოს სახურავები სახლებს. სოფლებში ახალგაზრდები თითქმის არ არიან დარჩენილები და სახლების გადათოვლასაც ვერ ახერხებენ. ამიტომ ენგრევათ სახლები, ეს არის პრობლემა.

- არანაკლებ დიდი პრობლემა შეიქმნება, ალბათ, გაზაფხულზე, როცა ეს თოვლი დაიწყებს დნობას...

- დიახ, დიდთოვლობის შემდეგ პრობლემა მეწყერები იქნება. გურია ისედაც მეწყრული ზონაა. საფრთხეა, რომ ისევ იჩინოს თავი ამ პრობლემამ.

- რა შეიძლება გაკეთდეს ამ სიტუაციაში? რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

- დიდთოვლობის ზონაში ჯარები რომ შევიდნენ, ეს უკვე კარგია, ცოტა ადრეც უნდა შესულიყვნენ. ძალიან იყოჩაღეს მოხალისეებმა, სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდანაც გაემგზავრა ჯგუფი. ვერტმფრენით უნდა ჩავიდნენ იქ, სადაც მისვლა ვერ ხერხდება. მესმის, რომ ამინდის პირობები რთულია, მაგრამ ისეთიც არ არის, რომ ვერ იმუშაოს ვერტმფრენმა.

- რაც შეეხება მეწყერს, უნდა მოხდეს თუ არა მეწყერსაშიში ზონებიდან ხალხის გამოყვანა უკვე, რადგან ამბობთ, რომ ამას მოჰყვება ეს პრობლემა?

- გარემოს დაცვის სააგენტოს ჰქონდა ეს გაფრთხილებები და ყოველთვის ამბობს, რომ აჭარა-თრიალეთის ქედზე არის სერიოზული პრობლემები, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, იმდენად სერიოზული, რომ გააქტიურდება სტიქიური უბედურებები. ამიტომ მზაობა უნდა იყოს, გაფრთხილების სისტემა არ ნიშნავს მხოლოდ სიგნალის ჩართვას. გაფრთხილების სისტემა ნიშნავს, რომ მოსახლეობა გაფრთხილებულია. მან იცის, როგორ მოიქცეს, მომარაგებული აქვს რაღაცები. ახლა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ დიდთოვლობას მოსახლეობა. საკვების მარაგებიც არ ჰქონდათ. დაინგრა რამდენიმე სახლი. ხალხს ვეტყოდი, ვისაც არ აქვს საჭიროება, სჯობს არ გავიდეს სახლიდან. ვნახეთ, რომ ქობულეთში ადამიანი გაიყინა თოვლში, ტემპერატურა კიდევ მეტად ეცემა. საკვებითა და მეტიკამენტებით ის მოქალაქეები უნდა მოამარაგონ, რომელთა სახლებიც გაუძლებს თოვლს. მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს განსაკუთრებით იმ ადგილებიდან, სადაც არის მეწყერსაშიში ზონები. ყველაფერი აღრიცხულია, იციან, სად რა პრობლემებია და მოქმედება უნდა დავიწყოთ და იქიდან გავიყვანოთ ადამიანები. არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა, სოფლები წალეკოს. ძალიან ბევრი ადგილიდან უკვე დაწყებული უნდა იყოს ევაკუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლი გვექნება.

- აჭარის რეგიონსაც შევეხოთ...

- აჭარა უფრო მეტად მომზადებული აღმოჩნდა. წმენდნენ ცენტრალურ გზებს. აჭარამ საკმაოდ კარგი მობილიზება გამოაცხადა, გურიისგან განსხვავებით. მე მახსენდება, მესტიაში რომ იყო დიდთოვლობა, მაშინ სტუდენტი ვიყავი და ძალიან სწრაფად მოხდა რეაგირება. 2004 წელს ყაზბეგში ვერტმფრენებით დაეხმარნენ ხალხს და გამოიყვანეს მოსახლეობა. ეს ის რეგიონებია, სადაც სტიქიური უბედურებები იქნება და ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტს, რადგან კლიმატური ცვლილებები სახეზე გვაქვს. იცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ფორსმაჟორული სიტუაცია.

- თებერვალში ასეთი თოვლი გახსენდებათ?

- მარტშიც იყო თოვლი. ჩვენ ვამბობთ, რომ სეზონები გადანაცვლდა დროში. ეს არის იმ კატაკლიზმებით გამოწვეული, რაც ბუნებაში ხდება. მარტიც ცივი იქნება, გაზაფხულამდე ძალიან დიდი წვიმები იყო, ამის შემდეგ დნობა დაიწყება და მერე წყალდიდობებია მოსალოდნელი და ამისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

(სპეციალურად საიტისთვის)