"ვერ ლაპარაკობს, გადამაყვანინეთ კლინიკაში, ვერ დგება" - დიდთოვლობაში ჩარჩენილ ცოლ-ქმარს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
გურიაში ვითარება კვლავ რთულია, გუშინ თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია, ამ კუთხით ძალიან ბევრია სამუშაო.
სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ითხოვს დახმარებას. მათ შორის არის ოზურგეთში, კერძოდ, სოფელ კონჭკათში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი. ბატონ რევაზ დიასამიძეს გადაადგილდება მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია და სახლშია მისი მეუღლე, ციალა მახარაძე, რომელიც ამ დრომდე მას უვლიდა, მაგრამ ახლა თავად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მათთან დაკავშირება სამი დღის წინ შეძლეს, რადგან ტელეფონის დატენასაც ვერ ახერხებენ. ახლა ქალბატონ ციალას აწუხებს თავბრუსხვევები და ვერ დგება საწოლიდან, ამიტომ ითხოვენ დახმარებას, რომ როგორმე, სასწრაფოდ გადაიყვანონ საავადმყოფოში. ოზურგეთიდან კონჭკათამდე 9 კილომეტრია და გზა გაუკვალავია, თოვლი მეტრნახევარს აღწევს.
ჩვენ დავუკავშირდით ამ ოჯახის მეზობლად მცხოვრებ ადამიანს, ბაჩუკი მჟავანაძეს, რომელმაც შეძლო მათ სახლამდე მისვლა და დაგვაკავშირა ბატონ რევაზ დიასამიძეს:
"ქალი არის ძალიან ცუდად, ვერც მოძრაობს, როგორც კი წამოდგება, პირღებინება აქვს, აქვს ძლიერი თავბრუსხვევა და ახლა უკვე ადგომის ძალაც არ აქვს, ვერ დგება. ადრე იყო თბილისში, ორჯერ იწვა საავადმყოფოში და მგონი ახლაც გაუმეორა, ძალიან ცუდად არის უკვე მეოთხე დღეა. დავრეკეთ 112-ში, მაგრამ გვითხრეს გზები არ არის და დაელოდეთ 2-3 დღესო, არადა, რთულდება მისი მდგომარეობა... რომ შევაჯანჯღარებ, ძლივს ცდილობს სიტყვა თქვას. ლაპარაკს ვერ ახერხებს. ვერ დგება.
მეც ყავარჯნებით დავდივარ, მენჯ-ბარძაყის ოპერაცია გავიკეთე, იქიდანაც მომდის სითხე და მაქვს სისველე და მეც მჭირდება დახმარება. საპირფარეშომდეც ვეღარ მივდივარ ისე ვარ. მაგრამ ახლა მთავარია, ჩემს მეუღლეს მიხედონ და გადამაყვანინონ კლინიკაში. 1960 წელს არის დაბადებული. საკვები კი გვაქვს, არც საჭმელს ჭამს, წნევაც მაღალი აქვს.
მეზობელი ძალიან გვეხმარება, ბაჩუკი მჟავანაძემ ჩვენც და რამდენიმე მეზობელს სახლი გადაუთოვლა, სამ ოჯახს დაგვეხმარა, ჩვენ ტელეფონიც აღარ გვაქვს და ახლა რომ დაგლაპარაკებოდით ისევ მოვიდა. გადავღალეთ ეს კაცი, გზები საერთოდ არ არის, შუქიც არ გვაქვს და წყალიც გაიყინა - გუშინდლიდან წყალიც აღარ გვაქვს.
მთავარია, მეუღლეს მიხედონ და კლინიკამდე წაიყვანონ".
ჩვენ ასევე დავრეკეთ 112-ში და ვთხოვეთ, ამ ოჯახს დახმარებოდნენ. მალევე სამაშველო სამსახურიდან იყო რეაგირება, თუმცა გვითხრეს, რომ დაელოდებიან სასწრაფოსგან შეტყობინებას, რადგან თავად არ აქვთ უფლება კლინიკაში ადამიანის გადაყვანის. სამაშველო სამსახური მზად არის, რომ დაეხმაროს სასწრაფოს და იმედია, მალე შეძლებენ ქალბატონის კლინიკამდე მიყვანას.
112-ში ამბობენ, რომ ბრიგადა უკვე გავიდა, თუმცა შემთხვევის ადგილამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებს, რადგან გზები გადახერგილია და სამაშველოს დახმარებით შეეცდებიან ოჯახამდე მისვლას. ზუსტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ იძლევიან, უახლეს დეტალებს კვლავ მოგაწოდებთ.
(სპეციალურად საიტისთვის)
განახლება:
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25-26 თებერვალს, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, ხოლო 30 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
„დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
25-26 თებერვალს, გურიის რეგიონში - ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის ექიმები, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე ხდება მათთვის მედიკამენტების, ადგილზე მიწოდება.
დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები, ჩართული არის თავდაცვის ძალები, მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"