ვინ დაულურჯა მარჯვენა ტრამპს ანუ პრეზიდენტების „ჭიდაობა ხელებით“ უკრაინის ომის თაობაზე - კვირის პალიტრა

ვინ დაულურჯა მარჯვენა ტრამპს ანუ პრეზიდენტების „ჭიდაობა ხელებით“ უკრაინის ომის თაობაზე

ჟურნალისტებს ხომ ვერაფერს გამოაპარებ და ინტერნეტში გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელის ფოტო, რომელზეც კარგად მოჩანს...ჩალურჯება...

წესით, პრეზიდენტები და მით უმეტეს ამ ასაკის, რაიმე მძიმე ფიზიკურ საქმიანობას არ ეწევიან, რომ ხელზე ასეთი ჩალურჯება მიიღონ და თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა ათასი ჭორის გასაქარწყლებად, სასწრაფოდ განმარტება გააკეთა, ოღონდ ცოტა უცნაური...

„ჩალურჯება ხელზე პრეზიდენტ ტრამპს იმიტომ აქვს, რომ ის მუდმივად მუშაობს და ყოველდღე გამუდმებით ართმევს ხელსო“, - თეთრი სახლიდან ასეთი დიპლომატური პასუხის უკან კი ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი იმალება-ტრამპისა და მაკრონის...ორთაბრძოლა ხელებით!

1-xeli-1740563381.jpg
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ჩალურჯებული მარჯვენა ხელი...

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ეწვია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოვალურ კაბინეტში მოხდა ერთი ინციდენტი, რაც იქ მომუშავე ყველა ტელეოპერატორმა და ფოტოგრაფმა დააფიქსირა...

უკრაინის ომის თემაზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ვერ იბრუნებს იმ მილიარდებს, რითაც უკრაინას დაეხმარა, თორემ ევროპას ეს დახმარება კრედიტის სახით აქვს მიცემული კიევისთვის და ამ ფულს ამოიღებსო, რის შემდეგაც გვერდზე მჯდომ მაკრონს მარჯვენა ხელი მეგობრულად „მოუთათუნა“ მარცხენა მუხლზე...

2-xeli-1740563380.jpg
მაკრონმა ტრამპს პირდაპირ ეთერში „პოლიტიკური არმრესტლინგი“ გაუმართა...

მაკრონმა სიტყვა გააწყვეტინა ტრაპმს, კატეგორიულად დაიწყო მის განცხადების უარყოფა და პარალელურად ხელების გადაგრეხვაზეც(ოღონდ ნამდვილი და არა პოლიტიკური) წავიდა - „მოთათუნება“ ასეთი არ უნდაო და მაკრონმა მარცხენა ხელით ტრამპის მარჯვენა ხელი „მტკივნეული ილეთით“ აიღო თავის მარცხენა მუხლიდან და „დააბრუნა“ პატრონის მარჯვენა ფეხის მუხლზე...

მოკლედ, ამდენი მარჯვენა-მარცხენით მკითხველი საბოლოოდ რომ არ დავაბნიოთ, ორი ბირთვული სახელმწიფოს პირველ პირებს შორის პირდაპირ ეთერში „გაიმართა“ ნამდვილი არმრესტლინგის შეჯიბრი, რის შემდეგაც ტრამპი ჩალურჯებული მარჯვენათი დარჩა, თუმცა პოლიტიკურ „მკლავჭიდში“ რამდენად შესძლებს ევროპა ტრამპის ამერიკის „ჩალურჯებას“ ძნელი სათქმელია...

ვიდეო: მაკრონისა და ტრამპის „ორთაბრძოლა ხელებით“ პირდაპირ ეთერში...