"ტრამპი პუტინივით ფიქრობს": დადგა თუ არა ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრული?" - BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით - „ტრამპი პუტინივით ფიქრობს“: დადგა თუ არა ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრული?“ მასში განხილულია თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ტენდენციები და მისი დარღვევის რისკები. „თუ ადრე, 1990-ინი წლებიდან დაწყებული, აშშ მსოფლიოს ჰეგემონი იყო, ხოლო რუსეთი - რევიზიონისტი, ახლა ამერიკა რუსეთივით მოქმედებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ს და მის მოკავშირეებს სურდათ, რომ რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკიდან განედევნათ და გაერიყათ. ამ მიზნით დასავლეთმა კრემლი საერთაშორისო სამართლისა და ლიბერალური მართლწესრიგის დამრღვევად გამოაცხადა... მაგრამ დასავლეთის ბურჯმა - აშშ-მა და მისმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნელ-ნელა მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყო და უარს აცხადებს, რუსეთს აგრესორი უწოდოს, ხოლო უკრაინას - რუსული აგრესიის მსხვერპლი.
ჩვენ ვკითხეთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს - ნიშნავს თუ არა ეს, ყველაფერი, იმას, რომ 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის დასასრული ახლოვდება?
ლიბერალური ჰეგემონიის ეპოქა
2023 წლის თებერვალში, ვარშავაში ვიზიტის დროს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სამეფო სასახლეში გამოსვლისას, რუსეთ-უკრაინის ომს „თავისუფლების უდიდესი ბრძოლა“ უწოდა, რომელიც მიმდინარეობს ორ წესრიგს შორის - სამართალზე დაფუძნებულსა და უხეშ ძალაზე დაფუძნებულს შორის.
დაიწყო რა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი, რუსეთმა არა მარტო დაარღვია საერთაშორისო სამართალი - მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის თვალსაზრისით - არამედ მან ბრძოლაში გამოიწვია ის საერთაშორისო-სამართლებრივი სისტემა, რომელიც მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო ჩამოყალიბებული.
რას ნიშნავს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი
ლიბერალური მსოფლიო წესრიგი (მას ასევე უწოდებენ „წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს“ - rules-based order) არის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ისეთი სისტემა, რომლის ბაზას წარმოადგენს ვალდებულებები, პრინციპები და ნორმები. მისი საფუძველია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ინსტიტუტები - მაგალითად, გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო.
გაეროს წესდებით (ხელშეკრულებით) დადგენილია ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფუნდამენტური წესები, რომლებიც მოიცავს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას, კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას და უარს ძალის გამოყენებაზე. მათში გათვალისწინებულია, აგრეთვე, ადამიანის უფლებების დაცვაც. ამ ხელშეკრულების მონაწილე არის გაეროს ყველა წევრი ქვეყანა - 193 სახელმწიფო.
მაგრამ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი გულისხმობს ფასეულობების სპეციალურ ნაკრებსაც - ისეთებისას, როგორებიცაა თავისუფალი ვაჭრობა და მისი თანმხლები დამატებითი ინსტიტუციები - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში შედის იდეოლოგიური ზედნაშენიც, რომლის თანახმად, დასავლური ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოში მმართველობის იდეალურ ფორმას წარმოადგენს.
ლიბერალური მსოფლიო წესრიგის აყვავების პერიოდი დაიწყო 1990-იანი წლებიდან, როცა ცივი ომის დასრულების შემდეგ ათობით ქვეყანამ ეკონომიკაში საბაზრო რეფორმების განხორციელება დაიწყო. გატარდა დემოკრატიული რეფორმებიც (ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც).
ბევრი მათგანი ლიბერალურ ფასეულობებს მხოლოდ სიტყვით ერთგულობდნენ, თუმცა განვითარებადი ქვეყნები მეტ-ნაკლებად მაინც გამდიდრდნენ - გლობალურ ბაზრებზე თავისუფალი დაშვების წყალობით - დაწყებული ჩინეთიდან, რომლის მთლიანი შიდაპროდუქტი (მშპ) ათეული წლების განმავლობაში ყოველწლიურად თითქმის 9-10%-ით იზრდებოდა და დამთავრებული ირლანდიით, ინდოეთით, სამხრეთ კორეით, ჩილით, ბრაზილიითა და არგენტინით.
ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ეპოქასთანაა დაკავშირებული ბევრი სისხლიანი და რთული კონფლიქტის დასრულებაც - ბასკი სეპარატისტების ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირება ესპანეთის მთავრობასთან, 30-წლიანი კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, 30-წლიანი ომი ერიტრეიში, 15-წლიანი სამოქალაქო ომი ლიბანში და ა.შ. ბევრი მათგანი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებოდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის მეტოქეობას, ცივი ომის ჩარჩოებში.
ცივი ომის დასრულების შემდეგ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ზესახელმწიფო დარჩა, რომელმაც მხარეთა შორის მიმდინარე კონფლიქტებში შუამავლის როლის შესრულება დაიწყო. სულ, 1990 წლიდან 2015 წლამდე, მსოფლიოში გაფორმდა 1100-ზე მეტი სამშვიდობო-საზავო ხელშეკრულება.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევის დაფიქსირება ხდება გაეროს გენასამბლეის რეზოლუციებით ან გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამას შეიძლება მოჰყვეს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე. გამორიცხული არ არის სამხედრო ძალის გამოყენებაც, მსოფლიო წესრიგის დამრღვევის მიმართ.
მაგრამ რეალურად სანქციები და სამხედრო ინტერვენციები (გაეროს ეგიდით მოქმედი სამშვიდობო-სამხედრო ძალების სახით) ხშირად ხორციელდება გაეროს მანდატის გარეშეც - ეს ის პრაქტიკაა, რომელსაც რუსეთი მრავალი წელია, აკრიტიკებს. 2007 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავისი ცნობილი სიტყვით გამოვიდა, განაცხადა: „ძალის გამოყენება ლეგიტიმურად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როცა ის მიღებულია გაეროს წესდების საფუძველზე და მის ჩარჩოებში. არ შეიძლება გაეროს ჩანაცვლება არც ნატოთი და არც ევროკავშირით“.
რა დაარღვია რუსეთმა
თუმცა 2014 წლიდან ვლადიმერ პუტინმა თვითონ გამოიყენა ძალა, გაეროს სანქციების გარეშე. შესაბამისად, დასავლეთის თვალსაზრისით, სწორედ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესია იქცა მსოფლიო წესრიგის ყველაზე უხეშ დარღვევად, ცივი ომის დასრულებიდან.
„რუსეთმა დაარღვია [ლიბერალური მსოფლიო წესრიგის] სამი ძირითადი პრინციპი: პირველი - ძალის გამოუყენებლობა ტერიტორიული საზღვრების შესაცვლელად; მეორე - ძალადობის, როგორც ომის ინსტრუმენტის სახით გამოყენება სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ და მესამე - არ შეიძლება ბირთვული იარაღით მუქარა. ვლადიმერ პუტინმა პირველი ორი პუნქტი შეასრულა და მსოფლიოს მესამეთი დაემუქრა. ასე რომ, ეს არის ნამდვილი კრიზისი ისეთი წესრიგისათვის, რომელიც სავალდებულო წესებზეა დამყარებული“, - განმარტავს „ფაინენშელ ტაიმსისათვის“ (Financial Times - FT) მიცემულ ინტერვიუში ჯონ აიკენბერი, პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი.
რა დაარღვია დასავლეთმა
დასავლეთის ბრალდებების საპასუხოდ, რუსულმა დიპლომატიამ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიტიკა თავის საყვარელ თემად გადააქცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვლის, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მოყვარულებმა თანდათანობით დაიწყეს გაეროსა და მისი ინსტიტუტების უგულვებელყოფა (იგნორირება) და დაწერილი წესების ნაცვლად, დაუწერელი წესებით მოქმედება დაიწყეს - ისეთებით, რომლებიც არც ერთი წესდებით და არც ერთი ხელშეკრულებით არ არიან განმტკიცებულები.
მოსკოვი ხშირად ახსენებს დასავლური საზოგადოების წარმომადგენლებს და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დამცველებს იუგოსლავიის დაბომბვას 1999 წელს, ერაყში შეჭრას 2003 წელს და კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარებას 2008 წელს, რომლებიც აშშ-მა და ნატომ განახორციელეს ისე, რომ არ ჰქონდათ გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი და რომლებმაც თავიანთი მოქმედებით ორგანიზაციის წესდება უხეშად დაარღვიეს.
ლიბერალური მსოფლწესრიგის ერთ-ერთ თანამედროვე ტესტად იქცა აშშ-ის პოზიცია ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტის მიმართ: ბევრმა ქვეყანამ მკვეთრად გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცალმხრივ მოქმედებაში, როცა ვაშინგტონი აქტიურად ეხმარებოდა ისრაელს იარაღით და ამ დროს ყურადღებას არ აქცევდა ათობით ათასი პალესტინელის დაღუპვას. „ეს არის სრულიად მკაფიოდ გამოხატული თვალთმაქცობა, ეს არის ორმაგი სტანდარტისა და რასიზმის გამოვლენა“, - ამბობდა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისათვის“ (The Washington Post) მიცემულ ინტერვიუში თურქეთის (ნატოს წევრი ქვეყნის) პარლამენტის სპიკერი ნუმან კურტულმუში, - "თუ პალესტინელთა მსხვერპლი არ ითვლება უკრაინელთა მსხვერპლის თანასწორად, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის შიგნით რაღაც იერარქია იქმნება: ზოგიერთი [ეროვნების] ადამიანის სიკვდილი მოსათმენია, ზოგიერთისა კი - არა. ასეთი რამ დაუშვებელია“.
ლიბერალური მსოფლწესრიგის წამყვანი თეორეტიკოსი, პროფესორი ჯონ აიკენბერი აღიარებს, რომ თანამედროვე ლიბერალური მსოფლიო წესრიგი „მიბმულია აშშ-ზე, ამერიკულ დოლარზე, ამერიკის ეკონომიკაზე“ და ყველაზე მეტად ორიენტირდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებშიც ამერიკა უპირველეს როლს ასრულებს, ვიდრე - გაეროს უშიშროების საბჭო. პროფესორი ამ ყველაფერს „აშშ-ის ლიბერალურ ჰეგემონიას“ უწოდებს.
აშშ: იყო ჰეგემონი, ხდება რევიზიონისტი
იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც არსებული საერთაშორისო ურთიერთობების წესების შეცვლა-გადახედვა სურთ, ტრადიციულად, რევიზიონისტებს უწოდებენ. ჩვეულებრივ, ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ასეთ ქვეყნებად თვლიან რუსეთს და ჩინეთს, რომლებიც მსოფლიოს არენაზე ამერიკის როლის შემცირებას ესწრაფვიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ რევიზიონისტულ სახელმწიფოებთან არსებული კონკურენცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ხელშემშლელი ფაქტორი აშშ-ის აყვავებისათვის. სხვათა შორის, ასე არის ჩაწერილი დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს მიღებულ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“: „ჩინეთს და რუსეთს სურთ, მსოფლიო ისეთი იყოს, როგორიც მათ ავტორიტარულ მოდელებს შეესაბამება. მათ უნდათ, რომ ვეტოს უფლება ჰქონდეთ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე ეკონომიკის, დიპლომატიისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„მაგრამ, როგორც ბოლო მოვლენები და ფაქტები გვაჩვენებს, მსოფლიო არენაზე მთავარ რევიზიონისტულ ქვეყნად სწორედ აშშ გამოდის“, - ამბობს პროფესორი ჯონ აიკენბერი FT-სთან ინტერვიუში, - "დონალდ ტრამპის გეგმებშია ლიბერალური მსოფლწესრიგის პრაქტიკულად ყველა ელემენტის გადახედვა - ვაჭრობით და მოკავშირეებთან ურთიერთობით დაწყებული, დამთავრებული არადემოკრატიულ ქვეყნებისადმი სოლიდარობით და ადამიანის უფლებების დაცვით”.
„ჩემს ადმინისტრაციას განზრახული აქვს, გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი წინა ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკურ ჩავარდნებთან და, საერთოდ, გულახდილად გეტყვით, მთლიანად წარსულში დაშვებულ დიპლომატიურ შეცდომებთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელსაც ამ საკითხში ვერც კონგრესი და ვერც სასამართლო ხელისუფლება ვერ შეაჩერებს: სხვა სფეროებისაგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკის გატარება უმთავრესად პრეზიდენტის უფლებამოსილებაშია.
იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ლიბერალურ მსოფლწესრიგს იმ საგარეო პოლიტიკის ჩანაცვლება შეუძლია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული: „ეს არა მარტო მათი ფანტაზიაა, არამედ - სახიფათო შეცდომაც“, - განაცხადა მარკო რუბიომ კონგრესის ზედა პალატაში - სენატში გამოსვლისას.
სწორედ ეროვნული ინტერესების ლოგიკით ხსნის ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დაახლოებისაკენ სწრაფვას. „უკრაინასთან ომის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც, ცუდია მთლიანად ევროპისათვის... მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ომი ცუდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც“, - წერს ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი „იქს-ქსელში“.
იანვარში, თავის საინაგურაციო გამოსვლაში, დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ აღადგენდა ამერიკის, როგორც ყველაზე ძლიერი ქვეყნის სტატუსს, დაიბრუნებდა კონტროლს პანამის არხზე და გაზრდიდა აშშ-ის ტერიტორიის ფართობს.
თუმცა ჯერჯერობით დონალდ ტრამპის დიპლომატიური რევოლუცია ყველაზე ნაკლებად პოპულარულ თემად რჩება. ამას წინათ „გელაპის“ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელები ყველაზე პოზიტიურად აფასებენ 47-ე პრეზიდენტის იმიგრაციულ პოლიტიკას და ყველაზე ნეგატიურად - უკრაინის ომისა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მიმართ გამოხატულ პოზიციას. თანაც ამერიკელთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ (ან მეგობრულად განწყობილ ქვეყნად) თვლის, ხოლო 47% - დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას.
მიუნჰენის გარიგება თუ იალტის კონფერენცია?
„2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, სწორედ აშშ ემუქრება ისეთ მსოფლიო წესრიგს, რომელიც წესებზეა დამყარებული“, - ამბობს ჯული ნიუტონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის მეცნიერი-თანამშრომელი, „BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში: „სწორედ ამერიკის ლიდერი ითხოვს უკრაინისგან ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლების მიცემას, სწორედ ამერიკის პრეზიდენტი ახდენს ავტორიტარულ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, სწორედ დონალდ ტრამპი გამოდის უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ და კეთილი დამოკიდებულება აქვს ევროპელ ულტრამემარჯვენეებთან“.
საოცარი დიპლომატიური მოვლენა მოხდა 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მესამე წლისთავზე: აშშ წინააღმდეგი გამოვიდა გაეროს იმ რეზოლუციის, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას. მის ნაცვლად ამერიკელმა დიპლომატებმა წარმოადგინეს საკუთარი რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გამოხატულია წუხილი „რუსეთ-უკრაინის ომში ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის გამო“. დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ვაშინგტონ-მოსკოვის ეკონომიკური კავშირების აღდგენის საკითხს განიხილავს.
„ამჟამინდელი სიტუაცია ვიღაცებს მიუნჰენის 1938 წლის გარიგებას ახსენებს, ვიღაცებს კი - მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტს... მაგრამ აშკარაა, რომ დონალდ ტრამპის დიპლომატიური რევოლუცია არღვევს ჰელსინკის შეთანხმების პრინციპებს და ამერიკას თავისი მოკავშირეების თვალში მოწინააღმდეგედ აქცევს“, - ამბობს ჯული ნიუტონი.
ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნებს შორის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების დაცვა.
„დონალდ ტრამპი უკვე ვლადიმერ პუტინივით ფიქრობს“, - ამბობს პროფესორი სერგეი რადჩენკო, აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში არსებული ჰენრი კისინჯერის სახელობის მსოფლიო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. იგი დღევანდელი მოვლენების შეფასებისას უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ ისინი შეადაროს იალტის 1945 წლის კონფერენციაზე მომხდარ მოვლენებს, როცა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებმა მოილაპარაკეს ევროპის გავლენის სფეროებად გაყოფაზე. თუმცა ისტორიკოსი გვახსენებს, რომ იმ დროს ევროპის დიდი ნაწილი დანგრეული იყო, ახლა კი ევროპა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეგიონს წარმოადგენს, სადაც ბირთვული სახელმწიფოებიც არიან (საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი).
„ევროპას აქვს ეკონომიკური ძალა და ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად’, - აღნიშნავს სერგეი რადჩენკო BBC-ისთან საუბარში, - „რა შორსაც უნდა წავიდეს დონალდ ტრამპი თავის დიალოგში ვლადიმერ პუტინთან, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდება“.
თუმცა, როგორც Atlantic Council-ის ევრაზიული ცენტრის დირექტორის მოადგილე - შელბი მაგიდი ამბობს, „ხმები ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასრულებაზე გაზვიადებულია“. იგი გვახსენებს, რომ აშშ-ის მიერ წინაწლებში შემოღებული ყველა სანქცია ჯერჯერობით თავის მოქმედებას აგრძელებს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, მათი გაუქმება მხოლოდ უკრაინის ომის შეწყვეტის შემთხვევაში მოხდება.
„მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ არსებობს რისკი [რუსეთთან] ნაჩქარევი და სახიფათო ნორმალიზებისა, თუმცა ჯერჯერობით ეს არ მომხდარა", - აღნიშნავს შელბი მაგიდი, - "საბოლოო ჯამში, მსოფლიო წესრიგზე გრძელვადიანი გავლენა განისაზღვრება უფრო იმით, თუ როგორ დასრულდება ომი და როგორ იქნება მშვიდობა უზრუნველყოფილი და არა იმით, თუ როგორ და რა გზებით მივალთ ომის შეწყვეტამდე“.
მოამზადა სიმონ კილაძემ