გია ხუხაშვილის რჩევა ოპოზიციას და როგორ უნდა მოიქცეს სალომე ზურაბიშვილი?! - "ჩვენი პარტიული ოპოზიცია ლიდერობას ვერ "ქაჩავს", ხალხი არ ენდობა და არ აღიარებს"
პოლიტიკური ბულიმია სჭირს "ქართულ ოცნებას", ყველაფერს ჭამს, მისი ამოცანაა ძალაუფლების აბსოლუტიზაცია", - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და განმარტავს, რაზეა წამსვლელი "ქართული ოცნება", - "სადამდეც საზოგადოება მიუშვებს, ბოლომდე ივლის. შემაკავებელი ფაქტორები იმისთვისაა საჭირო, რომ საბოლოოდ ხელისუფლებას აღიარებინო, რომ პოლიტიკური ბულიმია დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება და იძულებით უნდა უმკურნალო, თუ თვითონ არაა თანახმა". პოლიტიკურ ბულიმიაზე, კრიმინალებად ქცეულ პოლიციასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.
- "ქართული ოცნების" ლიდერები მტრებად მიიჩნევენ ყველას, ვინც მათი ამომრჩეველი არ არის, და ისე ექცევიან, როგორც მტერს. უკვე აღარაფერს ერიდებიან, დაწყებული მუქარით თუ შანტაჟით, გაგრძელებული ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. ასე იქცევა მხოლოდ უზურპატორი ხელისუფალი. ძალის დემონსტრირებას იმიტომ მიმართავენ, რომ ჰგონიათ, თუ სისუსტეს გამოავლენენ, მცირეს მაინც დათმობენ, ეს მათთვის მთავარ საფრთხედ იქცევა. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება უძლეველობის მითზე დგას. ამიტომ არა აქვთ კომფორტი იმისა, რომ ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი "გაწირონ". ერთი პოლიციელიც კი არ დაუჭერიათ, არადა, მათთვის ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მათ აქვთ განცდა, რომ სისტემა ერთობლივ დანაშაულზე დგას. ეშინიათ, თავისიანის გაწირვით ყველაფერი თავზე არ ჩამოეშალოთ. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ომში ვართ!
ქართველ ხალხს საკუთარმა ხელისუფლებამ ომი გამოგვიცხადა. ეს ომი ცალკეული ბრძოლებისგან შედგება და ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესი და ასევე, იმაზეც, თუ რამდენად მტკიცე და გამძლე იქნება ქართველი ხალხი. ეს არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. ამიტომ ახლა ძალიან ძნელია თქმა, რა იქნება ყოველივე ამის შედეგი.
- დადგა თუ არა დრო, რომ ქუჩაში გამოსული პროტესტი, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკურ ჩარჩოებში მოექცეს?
- სტიქიაა ის, რასაც ახლა ვხედავთ, ხალხი ბუნებრივად, თვითდინებით გამოდის ქუჩაში, მაგრამ ნებისმიერ პროცესს სჭირდება პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ყველაფერს წინ გაუძღვება.
ჩვენი პარტიული ოპოზიცია ლიდერობას ვერ "ქაჩავს", ხალხი არ ენდობა და არ აღიარებს. არც პოლიტიკოსები აკეთებენ რამეს იმისათვის, რომ ხალხის ნდობა აღიდგინონ და პროცესს სათავეში ჩაუდგნენ.
- რა უნდა გააკეთონ ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომ ხალხის ნდობა დაიბრუნონ?
- ამისთვის საჭიროა შეცდომების აღიარება და სტრატეგიის მოფიქრება, თუ როგორ აღმოჩნდნენ ფრონტის წინა ხაზზე. მხედართმთავრის გარეშე ომი მოგებული ვის უნახავს? შესაბამისად, პროცესის სტრუქტურიზება და მასში პოლიტიკის ინტეგრირება აუცილებელია.
ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს ოპოზიციური პარტიული ელიტა საერთოდ არაფერს აკეთებს, რაღაცას ფაფხურობენ, მაგრამ მთავარ გასაკეთებელს არ აკეთებენ.
დღეს ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ მრავალელემენტიან (ვგულისხმობ სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს) მოძრაობას თავი მოუყაროს, სალომე ზურაბიშვილია. სწორედ მის ირგვლივ უნდა დაიწყოს რაღაც ტიპის პროცესი, რათა კოორდინაცია შედგეს. მე ერთიანი პარტიის შექმნას არ ვგულისხმობ, ბოლოს და ბოლოს, ერთი საკონსულტაციო მაგიდის გაკეთებაც შეიძლება, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება რესურსების შესაბამისად გამოყენება და მიზნების დასახვა, თავისი ვადებით და ა.შ. შეიძლება ეს იდეალური ვარიანტი არ არის, მაგრამ სხვა შესაძლებლობას ვერ ვხედავ.
- სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მას ჰქონდა დაგეგმილი რაღაც ტიპის ერთობის შექმნა, მაგრამ საამისო მზაობა ოპოზიციონერ ლიდერებს არ აღმოაჩნდათ.
- მე ოპოზიციურ ერთობას არ ვგულისხმობ, ამას აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ ჯამურადაც კი არა აქვთ საზოგადოების ნდობა. მე ვსაუბრობ საზოგადოების გაერთიანებაზე, სოციალური და პროფესიული ჯგუფების გამოკვეთაზე - ისინი უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესებში.
ზუსტად იმიტომ, რომ პროფესიული წრეები მათ ენდობიან და არა ოპოზიციის ლიდერებს. კი, ოპოზიციის კოორდინირებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა.
- მექმნება განცდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს კონკურენციის ეშინიათ და ახალი ლიდერების გაჩენას ხელს უშლიან.
- კონკურენციის შიში ნამდვილად არის. არადა, ძალიან დიდი მოთხოვნაა ახალ ძალებზე, რომლებიც წინ გაუძღვებიან პროცესს. ვფიქრობ, ასეთი ძალების გამოჩენას ზურაბიშვილმა უნდა შეუწყოს ხელი. მე არ ვიცი, ეს რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ პროცესი უნდა დაიწყოს.