„ტრამპი - ახალი გორბაჩოვი? - რატომ ადარებენ რუსები ტრამპის MAGA-ს გორბაჩოვის „გარდაქმნას“ - The Times - კვირის პალიტრა

„ტრამპი - ახალი გორბაჩოვი? - რატომ ადარებენ რუსები ტრამპის MAGA-ს გორბაჩოვის „გარდაქმნას“ - The Times

ბრიტანული გაზეთის -„ტაიმსის“ (The Times) 27 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ტრამპი - ახალი გორბაჩოვი? რატომ ადარებენ რუსები ტრამპის MAGA-ს გორბაჩოვის „გარდაქმნას“? (ავტორი - მარკ ბენეთსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც ცნობილია, Make America Great Again, MAGA („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) ამერიკულ პოლიტიკურ სლოგანს წარმოადგენს, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ არის პოპულარიზებული.

ამ ფოტოზე ორი მთავარი პიროვნებაა ასახული. ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივანია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა დაინგრა და მსოფლიოს რუკიდან მისი სახელწოდება გაქრა. მეორე - ეპატაჟური ნიუ-იორკელი ბიზნესმენია, რომლის თეთრ სახლში დაბრუნებამ ვაშინგტონი და მსოფლიოს სხვა დედაქალაქები შეაზანზარა.

მიხეილ გორბაჩოვს და დონალდ ტრამპს ერთმანეთისაგან ათწლეულები და განსხვავებული გეოპოლიტიკური პროცესები აშორებთ, მაგრამ მოსკოვში უკვე ხედავენ ამ ორ ლიდერს შორის არსებულ მსგავსებას.

„დონალდ ტრამპი - ამერიკელი მიხეილ გორბაჩოვია“, - წერს „ზვეზდა“, რუსეთის მედიაჯგუფი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, - „ხოლო MAGA - ამერიკული გარდაქმნაა“. მხედველობაშია 40 წლის წინ საბჭოთა საზოგადოებაში და ქვეყნის ეკონომიკაში დაწყებული ცვილებებისა და რესტრუქტურიზების პროცესი, მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით.

მსგავსება მართლაც აშკარაა: ორივე ლიდერმა უარი განაცხადა მათ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ-დამკვიდრებული პოლიტიკის გატარებაზე. თავის დროზე გორბაჩოვიც იმას ცდილობდა, რასაც დღეს ტრამპი ცდილობს - მოსკოვისა და ვაშინგტონის ერთმანეთთან დაახლოებას. იმავდროულად მიმდინარეობდა ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაცივების პროვოცირება (1980-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ-ის მხრიდან - ვარშავის ხელშეკრულებისა და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს წევრებთან, ხოლო ამჟამად აშშ-ის მხრიდან - ნატოსა და ევროკავშირის წევრებთან).

მიხეილ გორბაჩოვის უარმა საბჭოური დოგმების მიმართ მოსკოვი მიიყვანა ისეთი ქვეყნების უარყოფამდე, როგორიც იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (აღმოსავლეთი გერმანია), ხოლო დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის მიმართ გამოვლენილმა პრორუსულმა პოზიციამ მთელი ევროპა შოკში ჩააგდო.

მაგრამ თუ მიხეილ გორბაჩოვს დასავლეთმა პატივი მიაგო მისი დამსახურების გამო, ცივი ომის ეპოქის დასრულებაში, ბევრ რუს მოქალაქეს იგი სძულს საბჭოთა კავშირის დანგრევისა და დაშლის გამო.

მოსკოვში გარკვეული მსგავსება დაინახეს გორბაჩოვსა და ტრამპს შორის და ეს კომპლიმენტს არ ნიშნავს. რუსები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ლიბერალური ფასეულობების მიმართ დონალდ ტრამპის მიერ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ხელს შეუწყობს აშშ-ის დაშლას.

„21-ე საუკუნეში ამერიკა საზოგადოების მძიმე და ტკივილის მომგვრელი დაყოფის წინაშე დგას - ადამიანები იყოფიან სხვადასხვა მოთხოვნილებისა და ცხოვრების სხვადასხვა პრინციპის მქონე ჯგუფებად. შესაბამისად, სამოქალაქო ომი გამორიცხული არ არის“, - განაცხადა გასულ თვეში ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა.

გასულ წელს რუსი ჩინოვნიკები ინტერესით უყურებდნენ ჰოლივუდის ფილმს - „იმპერიის დაცემას“ (ორიგინალური სახელწოდებაა Civil War – „სამოქალაქო ომი“). ზოგიერთებმა მასში რაღაც მინიშნებაც დაინახეს: „ჰოლივუდმა სამოქალაქო ომზე ფილმების გადაღება დაიწყო“, - თქვა დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის ექსპრეზიდენტმა, რომელსაც დღემდე მაღალი თანამდებობა აქვს დაკავებული ქვეყნის უშიშროების საბჭოში.

25 თებერვალს პოპულარულმა პროსამთავრობო რუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა „ტელეგრამ-არხში“ დაწერა: „ის, რასაც ახლა აშშ-ში ვამჩნევ, ჩემში დეჟავიუს შეგრძნებას იწვევს: თითქოსდა, ყველაფერი სადღაც უკვე ნანახი მაქვს, რაღაც მსგავსი უკვე მოხდა - ჩვენთან, საბჭოთა კავშირში, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში. ერთადერთი, რასაც დონალდს ვუსურვებ, ესაა წარმატება. მინდა, რომ მისი გარდაქმნა ისევე დასრულდეს, როგორც ჩვენი გარდაქმნა დასრულდა“.

მიხეილ გორბაჩოვი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირველად 1987 წელს შეხვდნენ, ვაშინგტონში არსებულ საბჭოთა საელჩოში. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის მიხეილ გორბაჩოვი დასავლეთში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დონალდ ტრამპზე მას მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. დღეს დონალდ ტრამპი აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც დასავლელმა ლიდერებმა „გმირად“ შერაცხეს. ალბათ, ღირს იმის გახსენებაც, რომ დონალდ ტრამპი თავის დროზე მიხეილ გორბაჩოვის - საბჭოთა რეფორმატორის - მმართველობას „კატასტროფას“ უწოდებდა.

„რუსეთი კონტროლიდან გამოვიდა და ამას ხელმძღვანელობა კარგად ხედავს. ჩემი აზრით, პრობლემა მიხეილ გორბაჩოვშია. მისი ხელი არასაკმარისად ძლიერია“, - თქვა დონალდ ტრაპმა Playboy-სთვის მიცემულ ინტერვიუში, 1990 წელს.

დონალდ ტრამპს, ალბათ, უფრო პუტინისეული რუსეთი მოეწონება, თუ იგი მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. ყოველ შემთხვევაში, კრემლმა უკვე განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში სასურველი სტუმარი იქნებოდაო.

დონალდ ტრამპის სავარაუდო გასეირნება მოსკოვის ქუჩებში გააცოცხლებს არა მარტო იმ მოგონებას, როცა რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი წითელ მოედანზე სეირნობდნენ, 1988 წელს, არამედ იმასაც, თუ როგორი ტაშით ესალმებოდნენ ამერიკელები მას აშშ-ში ვიზიტის დროს, 1990 წელს.

მიხეილ გორბაჩოვის მიერ დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებამ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა გამოიწვია და კაცობრიობას უსაფრთხო მომავლის იმედი მისცა... თუმცა არცთუ დიდი ხნით. დონალდ ტრამპის შებრუნებამ პუტინის რუსეთისაკენ კი ევროპელებში ეჭვი გააჩინა, რომ თუ ვაშინგტონი ომის შეწყვეტას მიაღწევს, ისინი უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ ვლადიმერ პუტინის მომდევნო სამიზნეები გახდებიან.

გასულ კვირაში პარიზში ევროპის სახელმწიფოების მეთაურების საგანგებო სამიტი ჩატარდა, რომლის დროსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ასე თქვა: „უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია მთელი დასავლეთის კაპიტულაციას ნიშნავს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. ამიტომ თავი არავინ უნდა მოიტყუოს და სიმართლეს თვალებში უნდა შეხედოს, რა მოხდება კიევის დამარცხების შემდეგ“.

პოლიტოლოგი ნინა ხრუშჩოვა, რომელიც ლექციებს ნიუ-იორკში კითხულობს და რომელიც იმ ნიკიტა ხრუშჩოვის შვილიშვილია, ვინც საბჭოთა კავშირს 1954-1964 წლებში ხელმძღვანელობდა, ასე აცხადებს: „თუ ჩვენ გორბაჩოვისა და ტრამპის ერთმანეთთან შედარებას შევეცდებით, მზად ვიქნებით თუ არა იმის აღიარებისათვის, რომ დასავლური წესრიგი „სასიკვდილო სარეცელზე“ წევს? თუ ეს ასეა, მაშინ „ტრამპის რევოლუცია“ შებრუნებულ „გარდაქმნას“ ნიშნავს, რომელიც აშშ-ისთვის და მსოფლიოსათვის უარესი იქნება“.

დონალდ ტრამპის არასტანდარტული მიდგომა რუსეთთან დაახლოების საკითხში აუცილებელი არ არის, ნეგატიურად შეფასდეს. წარმოიდგინეთ: დღეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დარჩენილ ერთადერთ ხელშეკრულებას ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხში ვადა მომავალ წელს ეწურება, მოლაპარაკება კი მისი გაგრძელების თაობაზე არ დაწყებულა. და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ისევ დაიწყება შეჯიბრი გამალებულ შეიარაღებაში, უფრო საშიში პერსპექტივით“.

მიხეილ გორბაჩოვის დროს რუსეთის აშშ-სთან დაახლოებამ 1991 წელს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაფორმება გამოიწვია. შეძლებს თუ არა დონალ ტრამპი იგივე გმირობის გამეორებას?

როგორც ამას წინათ ბირთვული ენერგეტიკის ამერიკელმა ექპერტმა ჯონ ვოლფსტალმა დაწერა „ატომური კვლევების ბიულეტენში“, „თუ დონალდ ტრამპი შეძლებს და ბირთვულ სფეროში რუსეთთან გარიგებას დადებს, მაშინ იგი ნობელის მშვიდობის პრემიას ნამდვილად დაიმსახურებს... რაც მისი ერთ-ერთი დიდი ხნის ოცნებაა“.

დიახ, დონალდ ტრამპს შეუძლია მიხეილ გორბაჩოვის „გმირობა“ გაიმეოროს: უკანასკნელ საბჭოთა ლიდერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ცივი ომის შეწყვეტაში შეტანილი წვლილისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო