სად არიან ვერტმფრენები, რატომ არ წმენდენ ტანკებით თოვლიან გზას და რატომ აცვიათ სამხედროებს თეთრი კამუფლირებული ფორმა - პასუხი კითხვებზე
დიდთოვლობაზე „შეტევა“ ტანკებითა და შვეულმფრენებით?
საქართველოში, კერძოდ კი მის დასავლეთ ნაწილში, ერთი კვირაა, ურთულესი სიტუაციაა, გამოწვეული დიდთოვლობით, რამაც მძიმე სიტუაციაში ჩააყენა აჭარისა და გურიის მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებელები.
სიტუაციას ამძიმებს ის, რომ რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად თოვლის დიდმა საფარმა ავარიულ მდგომარებაში მოიყვანა ადგილობრივი მაცხოვრებლების კერძო სახლების სახურავები, ჩაიკეტა ამ, ისედაც რთულად მისასვლელ სოფლებში არსებული გზებიც, თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც...

შესაბამისად, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ქვეყნის საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა სრულიად კანონიერი კითხვა -რას აკეთებს როგორც ადგილობრივი, ისე - ცენტრალური ხელისუფლება იმისთვის, რომ მაღალმთიან სოფლებში „თოვლის ტყვეობაში“ აღმოჩენილი მოსახლეობისკენ სწრაფად გაასუფთავოს გზები, აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება, მოახდინოს მათი ევაკუაცია, ვისაც ეს სჭირდება...
ხელისუფლებას შექმნილი აქვს სტიქიასთან ბრძოლის შტაბი და დღეში რამდენჯერმე ავრცელებს ოპერატიულ ინფორმაციებს გზების გაწმენდასთან და მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით, რაშიც შსს-ს სამაშველო სამსახურების გარდა, ჩართულნი არიან ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც.
თუმცა სოციალურ ქსელებში ბევრი კრიტიკაა ხელისუფლების არადროული და არასაკმარისი ქმედებების ბრალდებით. მათგან რამდენიმეს გამოვყოფთ და შევეცდებით ავხსნათ, რამდენად სამართლიანია ეს კრიტიკა, თუ აქ საქმე ტექნიკური საკითხების ნაკლებად გარკვეულობაში ან ისევ პოლიტიკურ დაპირისპირებაშია...
1. რატომ ტანკებით არ წმენდთ თოვლისგან გზებს...
როდესაც სტიქიის შემოტევისგან თავდასაცავად ნებისმიერი ქვეყანა იძულებულია, არმია დაიხმაროს, ბუნებრივია, ჩნდება იმის მოლოდინი, რომ შეიარაღებული ძალები, იმავე თოვლის გასაწმენდად, თავის მძიმემუხლუხებიან სამხედრო ტექნიკას გამოიყენებენ და მათ შორის - ტანკებსაც...
მაგრამ 41-ტონიანი Т-72 ტანკებით (რომლებიც რჩებიან ქართული არმიის არსენალში) თოვლისგან სოფლის ვიწრო გზების გაწმენდა ურთულესი იქნება, ამისთვის ჯერ ბულდოზერის დანის დაყენებაა საჭირო ტანკის შუბლა ჯავშანზე და მეორეც - ეს ტანკები სოფლის ორღობეებში გაიჭედებიან და მათი ამოყვანის პროცესში უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ სოფლის მაცხოვრებლების ეზოებს...
ჩვენთან მძღოლების ნაწილს უყვარს წამოძახება - ძმაო, მანდ როგორ ვერ გაივლი, ტანკი გაძვრებაო...
თუმცა მათმა უმრავლესობამ, ალბათ, არ იცის, რომ იმავე Т-72 ტიპის ტანკის სიგანე მუხლუხებზე გაზომვით 3,37 მ-ია, ხოლო თუკი ამ ტანკს საბორტე ეკრანებიც უყენია, მისი სიგანე 3,46 მ-მდე იმატებს (ამ ტიპის ტანკის კორპუსის სიგრძე 6,67 მ-ს შეადგენს, ხოლო ლულის ჩათვლით კი - 9,53 მ-ს).
ტანკებზე ბევრად უფრო ეფექტიანია სპეციალური მუხლუხებიანი საინჟინრო ტექნიკის გამოყენება, რომელიც, ასევე, გააჩნიათ სამხედროებს, მაგრამ მათი რაოდენობა ნებისმიერი ქვეყნის არმიის არსენალში შეზღუდულია.
2. სად არიან შვეულმფრენები...
მეორე ბრალდება, რაც ისმის, შემდეგია - სად არიან შვეულმფრენები, რატომ არ იყენებთ მათ, შვეულმფრენებით ხომ შეგეძლოთ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილ მაღალმთიან სოფლებში საკვებისა და მედიკამენტების ჩატანა და დაშავებულების ჰაერიდან ევაკუაციაო...
მართლაც, რატომ არ ჩანდა სამთავრობო შტაბის საინფორმაციო ბიულეტენებში შვეულმფრენების გამოყენების შესახებ ინფორმაცია გასულ დღეებში?
იმიტომ, რომ ისინი არ გამოუყენებიათ... და ვერც გამოიყენებდნენ, რადგან ამაზე მხოლოდ თვითმკვლელი თუ წავიდოდა და გაფრინდებოდა გურიის მთებში მაშინ, როდესაც უხვად ბარდნიდა და ხილვადობა რამდენიმე ათეული მეტრი თუ იყო...

დააკვირდით, შემთხვევით როდი მოხდა, რომ ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმა გასულ დღეებში რამდენჯერმე შეაჩერეს თვითმფრინავების მიღება - როდესაც თანამედროვე აერონავიგაციური სისტემებით (რომლებიც ყველაზე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი უზრუნველყოფენ სამგზავრო ლაინერების უსაფრთხო დაშვებას ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე) აღჭურვილი აეროპორტებიც კი აჩერებენ ფრენებს, ე.ი. ფრენის მინიმუმიც აღარ არსებობს ანუ ხილვადობა ისე დაბალია, რომ ფრენის უსაფრთხოებას ემუქრება...
შესაბამისად, ხილვადობა აჭარისა და გურიის მთიანი სოფლების თავზე მაშინ, როდესაც „მძიმე“ ღრუბლები დაბალ სიმაღლეზეა ჩამოწოლილი და უხვად ბარდნის, შვეულმფრენების ეკიპაჟების გაგზავნა, მათ სიკვდილზე გაშვებას უდრის -ცოტა საავიაციო კატასტროფა მოხდა ქართულ ცაში ბოლო წლებში, რომ კიდევ გავრისკოთ?!
აქ არ შეიძლება პასუხი არ გაეცეს სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მორიგ ბრალდებას - ჩემ მიერ ნაყიდი „სუპერპუმა“ რომ არ გაეყიდათ, იმ შვეულმფრენით დღეს გურულებს თოვლის ტყვეობიდან გამოვიყვანდითო...
სწორედ მისი მმართველობის დროს, მისივე ბრძანებით, ძალზე ძვირად ნაყიდი ეს „სუპერპუმა“, რომელიც ძვირფასი სავარძლებით იყო აღჭურვილი, ეყენა სასმელების ბარი და ტუალეტი, მაგრამ არ ჰქონდა სამაშველო ჯალამბარი, არანაირად არ გამოდგებოდა სამაშველო ოპერაციებისთვის.
მისი გაყიდვისა (ბუნებრივია, ბევრად უფრო იაფად, ვიდრე ყიდვისას იქნა გადახდილი) და თანხის დამატებით შეძენილი სამი H145 ტიპის შვეულმფრენი ბევრად უფრო გამოსადეგია სამაშველო ოპერაციებისთვის და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ამ შვეულმფრენებით აუცილებლად ჩაერთვებიან სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში, როგორც კი მეტეოროლოგიური პირობები ამის საშუალებას მისცემს და გამოჩნდება „ფრენის მინიმუმი“ - ხილვადობის სახით...
3. რატომ აცვიათ სამხედროებს თეთრი კამუფლირებული ფორმა, ისინი სამაშველოდ ჩავიდნენ თუ საბრძოლველადო...
თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა დანაყოფების სამხედროთა ჯგუფებიც გადაისროლეს სტიქიის რაიონში, სადაც ისინი სოფელ-სოფელ დადიან და ადგილობრივებს ეხმარებიან, პირველ რიგში კი, სახურავებიდან თოვლის დიდი მასის ჩამობერტყვაში.

ამ სამხედროების ნაწილი თეთრ კამუფლირებულ მოსასხამებში გადაიღეს სამაშველო მოქმედებების დროს და ზოგიერთს მეტი რა უნდოდა...
ერთი მხრივ, მართლაც - რაში სჭირდებათ თეთრი მოსასხამები თეთრ თოვლში სამხედროებს - ისინი ხომ მოწინააღმდეგის სნაიპერებს არ ემალებიან, პირიქით, ხალხმა უნდა დაინახოს, ვინ, სად და როგორ ეხმარება...
საქმე ის არის, რომ ეს თეთრი ფერის კამუფლირებული მოსასხამები შედის რიგი სამხედრო დანაყოფების პირადი შემადგებლობის სანივთე უზრუნველყოფაში და ისინი სამხედროებმა, ალბათ, უფრო იმიტომ გადაიცვეს, რომ ფორმა ნაკლებად დასვროდათ და დასველებოდათ თოვლში მუშაობის დროს - ასე რომ, ამაში კატასტროფული არაფერია, თუმცა უპრიანი იქნებოდა, რომ სამაშველო ოპერაციებში ჩართული სამხედროებისთვის დაერიგებინათ წითელი ან ნარინჯისფერი ჟილეტები ან სტიკერები, რომ ისინი ადვილი შესამჩნევი გამხდარიყვნენ თეთრი თოვლის ფონზე...
კრიტიკა ყოვეთვის ადვილია, მით უმეტეს - კომპიუტერის კლავიშებიდან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების რეაგირებამ ამ დიდთოვლობაზე მაინც დაიგვიანა ერთ-ორი დღით და ამით ახალი საკვები მისცა მის ნებისმიერ ქმედებაზე კრიტიკულად ჩასაფრებულ ოპოზიციას (ისე ამ ოპოზიციაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს ამავე სახის სტიქიურ უბედურებების დროს თავის დროზე როგორ უმოქმედიათ, გახსენებაც კი არ ღირს...).