მილიარდერ თემურ სეფიაშვილის საიდუმლო ოპერაციები - ამერიკული ელექტროტექნიკა, როგორც საბჭოთა კავშირთან ბრძოლის იარაღი
ამ სამი წლის წინ ერთი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე ქართველი დიპლომატის ისტორიას ვიკვლევდი, რომლის დახმარებითაც ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის/ რუსეთის დაზვერვის ძალზე მნიშვნელოვანი აგენტი ამხილეს და დააკავეს. ინფორმაციის მოპოვება-ანალიზისას საინტერესო ფაქტები ამოტივტივდა შორეულ, 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან (კერძოდ კი - საქართველოდან ) ჩასული ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტისა და შემდეგ მილიარდერის, თამირ საპირის, იგივე თემურ სეფიაშვილის (1948-2014) ამერიკის პოლიტიკურ და ბიზნესსფეროებში აქტიური მონაწილეობის შესახებ. თქვენც კარგად იცით, რომ დიდი პოლიტიკა და დიდი ბიზნესი სპეცსამსახურების ჩართულობის გარეშე არ კეთდება, ამიტომ, სავარაუდოდ, თამირ საპირიც იღებდა სპეცსამსახურების (ქვეყანას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ რამდენიმე ვერსია არსებობს) საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, იმ ქართველი დიპლომატისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (შემდგომ გფბ) ურთიერთობაში თამირ საპირიც იყო ჩართული.
ღარიბი ემიგრანტის, თამირ საპირის წარმატების „ჰოლივუდურ ისტორიაში“ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ორმა პიროვნებამ, ორმა მომავალმა პრეზიდენტმა: ერთი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, მეორე კი - აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახლდათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თემურ სეფიაშვილი 1973 წელს ოჯახთან ერთად საქართველოდან ჯერ ისრაელში, შემდეგ კი - აშშ-ში ჩავიდა. მალევე იგი თამირ საპირი გახდა და ემიგრანტის მძიმე ხვედრს შეეჭიდა. მისი ცხოვრების ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წარმატებისთვის ყველაზე მთავარი დიდი მონდომებაა. თუმცა, ასევე აუცილებელია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე და შენი შანსი ხელიდან არ გაუშვა.

თამირ საპირი უამრავ ინტერვიუში (ესეც რეკლამაა!) სიამაყით იხსენებდა, თუ როგორ დაიწყო ამერიკაში მისი ოჯახის ცხოვრება, როგორ უჭირდათ, რამდენი პროფესია/ხელობა შეიცვალა და ბოლოს როგორ გახდა პირველი საბჭოთა ემიგრანტი-მილიარდერი. გასაგები მიზეზების გამო, თამირ საპირი „დიპლომატიურად“ უვლიდა გვერდს ისეთ საკითხებს, რომელებიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ყველა საბჭოთა ემიგრანტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო: გფბ-ს მკაცრ კონტროლს, კრიმინალური სამყაროს წნეხს, აშშ-ის პოლიტიკური ცხოვრების ინტრიგებს, კონკურენტების ჩამოშორების სხვადასხვა მეთოდს და ა.შ.
თამირ საპირმა იცოდა, რომ ვინც არ რისკავს, წარმატებას ვერ აღწევს. ის იხსენებდა, რომ 1976 წლის ერთ მშვენიერ დღეს მთელი თავისი დანაზოგი და 10 000 დოლარის სესხი ბიზნესში ჩადო და ოდესელ ებრაელ ემიგრანტ სემ კისლინთან ერთად ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მაღაზია, სახელწოდებით - Joy-Lud Electronics-ი გახსნა. არაა გამორიცხული, ეს ბიზნესიდეა სულ სხვაგან დაიბადა და „საავტორო უფლება“ აშშ-ის კონტრდაზვერვას - გფბ-ს ეკუთვნოდა. ამ სპეცსამსახურის ანალიტიკოსებმა, საბჭოთა დიპლომატებსა და ჩინოვნიკებზე მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე, დაასკვნეს, რომ აშშ-ში ყოფნისას ისინი „გულგრილი“ არ იყვნენ ამერიკული მარკეტების მრავალფეროვანი არჩევნის მიმართ.
განსაკუთრებით პოპულარული საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა იყო, რომლის შესაძენად „საბჭოელები“ არაფერს იშურებდნენ, თვით კონტრაბანდის გადატანასაც კი. ეს ორივე ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაული იყო, ამიტომ გფბ ორი მიმართულებით ამოქმედდა: დაიწყო ამერიკის დიდ ქალაქებში არსებული საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მაღაზიების მფლობელების ინფორმატორებად გადაბირება და მეორე - საკუთარი აგენტურის საშუალებით, თავად გახსნა ამ ტიპის მაღაზიები. ჩანაფიქრი ძალზე მიმზიდველი იყო: სათანადო ოპერატიული ტექნიკით აღჭურვის შემდეგ გფბ-ს შეეძლო მაღაზია საბჭოთა დიპლომატების, ჯაშუშებისა და ტურისტების გადაბირების ან დაშანტაჟების ადგილად გამოეყენებინა. სრულიად შესაძლებელია, ანალოგიური სქემა მოქმედებდა საპირ-კისლინის შემთხვევაშიც.

თამირ საპირი და სემ კისლინი საბჭოთა კავშირიდან იყვნენ ჩასულები და რუსულ ენას კარგად ფლობდნენ, ამიტომაც მათი პატარა მაღაზია მალე გახდა პოპულარული საბჭოთა ტურისტებსა და მივლინებით ჩასულ საბჭოთა ჩინოვნიკებს შორის. მათ „გამარჯვებული სოციალიზმის“ ქვეყანაში ხელცარიელი დაბრუნება არ სურდათ და, ძირითადად, ტელევიზორებს, რადიომიმღებებს, მაგნიტოფონებს, ფირსაკრავებს, ვიდეომაგნიტოფონებს ყიდულობდნენ: ზოგი თავისთვის, მცირე ნაწილი - „შეფისთვის“ საჩუქრად, ყველაზე დიდი ნაწილი კი - „ბიზნესისთვის“ ანუ საბჭოთა კავშირში გასაყიდად. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში უცხოურ ელექტრონიკას „ოქროს“ ფასი ჰქონდა, საბჭოთა იმპერიაში. ამიტომ, როგორც თამირ საპირი იხსენებს, მისი მაღაზიის რეგულარული სტუმრები იყვნენ: საბჭოთა დიპლომატები, „ვითომ დიპლომატები“ (საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლები) და მათი ოჯახის წევრები, მაღალი რანგის საბჭოთა ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები.
თუმცა იყო ერთი „უმნიშვნელო“ პრობლემა: „დიადი საბჭოეთის“ მოქალაქეებს სისტემატურად აკლდებოდათ თანხა! აი, აქ კი მხსნელად თამირ საპირი და სემ კისლინი გვევლინებოდნენ და საბჭოთა დიპლომატი ან ჩინოვნიკი გახარებული ტოვებდა მაღაზიას.
ცნობილია აშშ-ის კონტრდაზვერვის რამდენიმე სპეცოპერაცია, სადაც საბჭოთა ემიგრანტები და მათი ბიზნესი (მათ შორის - საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მაღაზია) ჩართული იყო საბჭოთა მზვერავების გადაბირების ოპერაციებში. ერთ-ერთი ამგვარი 1983 წელს გფბ-ს მიერ საბჭოთა საგარეო დაზვერვის მაიორის, სერგეი მოტორინის გადაბირების სპეცოპერაცია იყო. საბჭოთა მზვერავი, სერგეი მოტორინი 1980 წელს მიავლინეს აშშ-ში - ვაშინგტონში აშშ-ის საელჩოს მესამე მდივნის საფარქვეშ. ჩასვლისთანავე გფბ-მ მეთვალყურეობა დააწესა ახალ „დიპლომატზე“ და მალევე დაადგინა, რომ მოტორინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საოჯახო ნივთების, განსაკუთრებით - ელექტრონიკის შეძენას. საბჭოთა მზვერავის ხელფასი კი არ იძლეოდა სანუკვარი ელექტრომოწყობილობების შეძენის საშუალებას. ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც საბჭოთა ემიგრანტს ეკუთვნოდა, მოტორინმა ბარტერული გაცვლა შესთავაზა მაღაზიის მეპატრონეს: რამდენიმე ყუთი საბჭოთა არაყი ვიდეომაგნიტოფონის სანაცვლოდ. ეს აშშ-ის კანონების დარღვევა იყო და მეპატრონემ უარი უთხრა მოტორინს. ყველაფერი ასევე დამთავრდებოდა, რომ არა ერთი „პატარა“ ნიუანსი: მაღაზიის მეპატრონე -საბჭოთა ემიგრანტი გფბ-ს აგენტი-ინფორმატორი იყო და საბჭოთა „დიპლომატის“ შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა მათ. გფბ-მ დაგეგმა მოტორინის დაშანტაჟების ოპერაცია, შემდგომი გადაბირების პერსპექტივით. მაღაზიის მფლობელმა დაურეკა მოტორინს და განუცხადა, რომ თანახმა იყო, ელექტრონიკის ღირებულების ნაწილი (950 დოლარი) ნატურით - არაყი Stolichnaya-თი მიეღო. მოტორინმა საელჩოს მაღაზიაში შეიძინა რამდენიმე ყუთი არაყი (თითო ბოთლი 4,5 დოლარად მაშინ, როცა ვაშინგტონის მაღაზიებში მისი ფასი $12 იყო) და გაცვლა შედგა. მას შემდეგ, რაც ამ კანონდარღვევის (რომელიც მოტორინისთვის აშშ-დან გაძევების მიზეზი და შესაძლოა, კარიერის დასასრულიც კი ყოფილიყო) ფარული ვიდეოჩანაწერები საბჭოთა მზვერავს აჩვენეს, ის იძულებული იყო, დათანხმებულიყო გფბ-სთან თანამშრომლობას. 1984 წელს სერგეი მოტორინი დაბრუნდა მოსკოვში. ის, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა გფბ-ზე და ძალზე ფრთხილად მოქმედებდა. ამგვარად გაგრძელდებოდა კიდევ დიდხანს, რომ არა საბედისწერო შემთხვევა. 1985 წლის 17 მაისს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი ოლდრიჩ ეიმსი კა-გე-ბეს აგენტი გახდა და მოსკოვს 50 000 დოლარის სანაცვლოდ გადასცა ინფორმაცია საბჭოთა სპეცსამსახურებში ჩანერგილი აშშ-ის სამი აგენტის (მარტინოვის, მოტორინის და პოლიაკოვის) შესახებ. 1985 წლის შემოდგომაზე სერგეი მოტორინი დააკავეს და სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით დახვრეტა მიუსაჯეს.
სერგეი მოტორინი
ბუნებრივია, გფბ საფარად ელექტროტექნიკის მაღაზიებს მხოლოდ ვაშინგტონში არ იყენებდა და მხოლოდ იქ არ ჰყავდა აგენტი-ინფორმატორები, საბჭოთა ემიგრანტებს შორის.
არაა გამორიცხული, რომ თამირ საპირი და სემ კისლინი იძულებულნი იყვნენ, ეთანამშრომლათ გფბ-სთან. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, საბჭოთა ემიგრანტების მაღაზია საბჭოთა დაზვერვის მიერ ფარული შეხვედრების ადგილად და ე.წ. საფოსტო ყუთად გამოიყენებოდა.
ასევე, თამირ საპირსა და სემ კისლინს იმ პირობით მისცეს საბჭოთა კავშირის დატოვების უფლება, რომ შემდგომ კა-გე-ბესთან ეთანამშრომლათ.
ორივე ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი. თუმცა ჩემი აზრით, პირველი ვერსია უფრო ახლოსაა სიმართლესთან: აშშ-ის კონტრდაზვერვა მკაცრ კონტროლს ახორციელებდა საბჭოთა ემიგრანტებზე, რათა მოსკოვს ემიგრანტების სახით არალეგალური დაზვერვის აგენტები არ „შემოეცურებინა“. თანაც ამერიკის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა საბჭოთა ემიგრანტებს დამატებით „ბონუსებს“ და გარკვეულ შეღავათებს აძლევდა, კონკურენტებთან ბრძოლაში. გავრცელებული ინფორმაციით, წლების მანძილზე საპირი და კისლინი (ისევე, როგორც სხვა საბჭოთა ემიგრანტები), ფაქტობრივად, გფბ-ს მფარველობის ქვეშ იყვნენ და აქტიურად თანამშრომლობდნენ მასთან. ფაქტია, რომ თამირ საპირის გზა მილიარდერობამდე სწორედ ამ პატარა მაღაზიიდან დაიწყო. შემდეგ მან გამოისყიდა მაღაზიის წილი სემ კისლინისგან და ერთადერთი მფლობელი გახდა. მაღაზია სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. მისი მუდმივი კლიენტები საბჭოთა დიპლომატები, მინისტრები, ქარხნების დირექტორები, ცნობილი მსახიობები და სპორტსმენები იყვნენ.
თამირ საპირი იხსენებდა, რომ ერთხელ მის მაღაზიას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო, ევგენი პრიმაკოვი და აკადემიკოსი გიორგი არბატოვი ესტუმრნენ.
სამწუხაროდ ძნელია ამ ინფორმაციის სისწორის დადასტურება. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ანდრეი გრომიკო (რომელსაც პირქუში ხასიათის გამო უცხოეთში „მისტერ არა“ შეარქვეს) ძალზე ასკეტი ადამიანი იყო და ძნელად წარმოსადგენია იგი - ნიუ-იორკის მაღაზიებში მოსიარულე. აი, მისი მეუღლე ლიდია გრომიკო კი ცნობილი იყო, როგორც ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მარკეტების ძალზე აქტიური კლიენტი.
თამირ საპირს კი პირველი მილიონი ჯერ საშოვნელი ჰქონდა და ამისთვის მხოლოდ ელექტრონიკის ერთი მაღაზია ნამდვილად არ იყო საკმარისი. ათწლეულების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებდა: - "ჩემს წარმატებაში გადამწყვეტი როლი... ედუარდ შევარდნაძემ ითამაშა. ერთხელ ჩემს მაღაზიას ესტუმრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მისი პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ვთხოვე, დამეხმარე საქართველოში მამაჩემის საფლავის მოსანახულებლად ჩასვლაში-მეთქი". ზოგადად, მილიარდერებს უყვართ საკუთარი პერსონაზე ლეგენდების შეთხზვა, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც ასეა: ძნელი წარმოსადგენი და დასაჯერებელია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (გრომიკო იქნება ის თუ შევარდნაძე) - ნიუ-იორკში ელექტრონიკის მაღაზიაში მოსეირნე, - მათ ამის დრო სად ჰქონდათ?! გარდა ამისა, პროვოკაციის შიშით, საბჭოთა მინისტრები და პარტიული ჩინოვნიკები მაქსიმალურად ერიდებოდნენ არაოფიციალურ ვიზიტებსა და „მტრის ბუნაგში“ ქუჩა-ქუჩა სიარულს. აი, თანაშემწეს ან პირადი დაცვის წევრს კი ნამდვილად დაავალებდნენ მაღაზიაში რაიმეს შეძენას. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც ასე იყო.
მთავარი კი ის არის, რომ ამის შემდეგ თამირ საპირის ფირმა ჩართეს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის მიერ ერთობლივად შექმნილი „სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს“ შემადგენლობაში, სადაც ის 100 დიდი ამერიკული კომპანია იყო გაერთიანებული, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ბიზნესს აწარმოებდნენ.
თამირ საპირის პირველივე ვიზიტი მოსკოვში წარმატებული აღმოჩნდა. მან გააფორმა ძალზე მომგებიანი ბარტერული ხელშეკრულებები: ქიმიკატების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სანაცვლოდ, ის საბჭოთა კავშირს აწვდიდა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ა.შ. ასე იშოვა თემურ სეფიაშვილმა პირველი მილიონი. ერთი გარემოებაა აუცილებლად გასათვალისწინებელი: ე.წ პერესტროიკის დროს, როდესაც გორბაჩოვმა კა-გე-ბეს თავმჯდომარედ კრუჩკოვი დანიშნა, საბჭოთა სპეცსამსახურები ცდილობდნენ, უფრო მოქნილად ემოქმედათ და დაზვერვა-კონტრდაზვერვის სამსახურების საფარად ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა „სავაჭრო-ეკონომიკურ საბჭოებსა“ და ერთობლივ საწარმოებს. ამიტომ საბჭოთა კავშირში თამირ საპირის (ისევე, როგორც სხვა ამერიკელი ბიზნესმენების) საქმიან თუ პირად კონტაქტებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები. დავუბრუნდეთ თამირ საპირს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ბიზნესი რუსეთში გააგრძელა. მიღებული მოგება კი ნიუ-იორკში უძრავ ქონებაში ჩადო. აი, აქ კი კვლავ გადაიკვეთა თამირ საპირისა და დონალდ ტრამპის გზები.
(პირველი ნაწილის დასასრული)