მამუკა არეშიძის პროგნოზი: ტრამპი, საქართველო და ბრიტანული სპეცსამსახურები - "მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, როცა დაიწყება მოძრაობა და..."
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.
- მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, თამაშის წესები შეიცვალა, წესების გარეშე მოქმედებს ყველა. ამის კარგი მაგალითია, თუ ტოტალური სანქცირების პოლიტიკას როგორ გადააბიჯა უცებ ამერიკამ. სატირალი რომ არ იყოს, სასაცილოა. ჩამოიშალა ყველაფერი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პუნქტებად ჩამოვწეროთ ვერსიები. პირველი ვარიანტი რომ მივიღოთ როგორც რეალობა, რასაც ამბობენ, იმას ფიქრობენო, მაშინ კატასტროფული მდგომარეობაა. მაშინ ამერიკა ამბობს, მე ნუ მენდობით, ჩემთვის პარტნიორები არ არსებობენ, ჩემთვის არსებობს მარტო საკუთარი ინტერესებიო, და ეს ძალიან ცუდია. მეორე ვერსია - თუ ვიტყვით, რომ ეს არის ერთგვარი ტაქტიკა, ამას ასე აღიქვამენ მოსკოვში და პეკინშიც, მაშინ გასაგებია, რაშიც არის საქმე. ეს ტაქტიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ ინიციატივა მუდმივად ვაშინგტონის ხელში იყო. ეპატაჟური, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აბნევს მოწინააღმდეგეს თუ პარტნიორს და შენ მანევრის საშუალებას გაძლევს. მესამე პუნქტი - შეიძლება ეს არის შერეული ვარიანტი, ზოგ შემთხვევაში, მართლა ასე ფიქრობენ, ზოგ შემთხვევაში, თამაშობენ, ამის გარკვევა ჯერ რთულია, მაგრამ ფაქტია, ამან გამოიწვია ამერიკის პარტნიორების, გინდა დასავლეთის, გინდა უკრაინელების, განსაკუთრებული მობილიზება. დარწმუნებული ვარ, დღეს, მაგალითად, მოსკოვშიც და პეკინშიც სხედან და ფიქრობენ, რა კონტრნაბიჯები დაუპირისპირონ ამას. საინტერესოა, მხარეები რა დასკვნებს გამოიტანენ და რა მოქმედების გეგმას შეადგენენ. ჯერ ნათელი არაფერია. ვინც არ უნდა თქვას, ამერიკამ ევროპა მიატოვა, უკრაინა მიატოვა ან რუსეთს დაუძმაკაცდა, ან ჩინეთთან რაღაცას გეგმავსო, ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის. ახლა ბუნდოვანებაა, მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთება საერთო სურათი...
- საქართველოს მიმართ ტრამპის დამოკიდებულება როგორი იქნება?
- საქართველოთი კონკრეტულ დაინტერესებას არ ვვარაუდობ, მაგრამ რეგიონის მიმართ ინტერესი არც ერთი წუთით არ იქნება განელებული. ამ თემაზე მომუშავე პირები ხშირად ხაზს უსვამენ აშშ-ის სპეცსამსახურების განსაკუთრებულ დონეს. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - რაც შეეხება აზიას, მათ შორის კავკასიას, ტრადიციულ აფრიკულ სივრცეს, განსაკუთრებული როლი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი, თუ სპეცსამსახურების მუშაობაზე მიდგა საქმე, ევროპულ სპეცსამსახურებს ეკუთვნის, პირველ რიგში, ბრიტანულს. ეს არის აქსიომა, კამათიც არ ღირს ამ თემაზე.
ბრიტანეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სამხრეთი კავკასიაა. ვიცი, რამდენად ფუნდამენტურად მუშაობენ. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ირანის მიმართულებაა.
როგორც აქამდე იყო, ახლაც იქნება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. შეიძლება ამწუთას ეს არ ჩანს, მაგრამ ყურადღება სულ იქნება ამ რეგიონის მიმართ და თან შეიძლება აქტიურიდან აგრესიულ ყურადღებაშიც გადავიდეს. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, როცა დაიწყება ამ მიმართულებით მოძრაობა, უნდა გვქონდეს პაკეტი, წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი სავარაუდო პარტნიორების ინტერესებს, რასაკვირველია, პირველ რიგში, ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. აი, ეს არის მთავარი.
- შიდაპოლიტიკური ვითარებაც შეგვიფასეთ...
- როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის, ცნობილი გახლდათ ის განწყობები, რაც იყო ტრამპის ბანაკში. ამ განწყობების შექნას საქართველოში გარკვეულწილად ხელი შეუწყო ზოგიერთი დასავლელი დიპლომატის ქმედებამ...
90-იან წლებში უცხოური მისიების წარმომადგენლები თავიანთ წინადადებას სათათბირო ტონალობაში სვამდნენ, სააკაშვილისა და შემდგომ პერიოდში უკვე ამას ბრძანების ფორმა ჰქონდა, რამაც გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანების გარდა, შეურაცხყოფის განცდა. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა დასავლური მისიების წარმომადგენლებთან და შეხვედრებზე ამ ტონის ცვალებადობას კარგად ვამჩნევდით - იმატებდა მკვახე ტონი და კლებულობდა მათი კვალიფიკაცია... ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაში კარგად ჩანს, რომ ის წაგებულ თამაშში არასოდეს შესულა. როდესაც ნაბიჯს დგამს, ყოველთვის საზღვრავს სავარაუდო შედეგებს და წინ იყურება. ალბათ, ასე მოხდა ახლაც, ხელისუფლებამ, რომლის თავი ბიძინა ივანიშვილია, ეს ლოგიკა ჩამოაყალიბა, რაც დიდწილად განპირობებული იყო ერთი მხრივ უცხოური მისიებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენელთა ქმედებებით, მეორე მხრივ კი იმ ლოგიკით, რომელიც უყალიბდებოდა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის შტაბს.
დღეს ქვეყანაში მძიმე ფსიქოლოგიური ფონია, არანორმალური ზიზღია ორივე მხარეს. უცებ ექსტრემალური სიტუაცია რომ შეიქმნას, ეს საზოგადოება არ არის მზად, გაუმკლავდეს...
ოპოზიციის ქმედება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომაც არის არაპოპულარული საზოგადოებაში. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის ვითარება, რომელიც დღეს მსოფლიოშია. აუცილებელია კომპრომისი. ახლა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ დგას, ახლა არის ყველა იმ აქტიური ჯგუფის პასუხისმგებლობა, გინდა პოლიტიკურის და გინდა საზოგადოებრივის, რომლებიც ჩართული არიან ამ ამბავში.
ერთი რამეც არის - დასავლეთიდან წამოყენებული მოთხოვნების გამო აქ არჩევნებს არავინ დანიშნავს. ვერც ერთმა საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო დამკვირვებელმა ვერ წარმოადგინა საბუთები იმისა, რომ არჩევნები კრიტიკულად გაყალბდა. არადა, ამის გამო დაიწყო ყველაფერი, ამის გამო ავრიეთ ქვეყანა, კვერცხების სროლამდეც დავიდნენ...