ძირეული ცვლილებები ნაკრებში - კვირის პალიტრა

ძირეული ცვლილებები ნაკრებში

რას მოვიმკით?

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ცხელი ზაფხული ელის - 1-ელი ივლისიდან თბილისში მყოფი მოთამაშეები მზადებას საქართველოში შეუდგნენ, ხოლო ზოგიერთი ლეგიონერი და მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი 17 ივლისს ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში შეუერთდებიან. ევროპის ცენტრში 11-დღიანი შეკრების შემდეგ ნაკრები ესტონეთში გადავა და დედაქალაქ ტალინში ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამას მოჰყვება 4 აგვისტოს მატჩი ავსტრიასთან და 13 აგვისტოს - გერმანიასთან (ლაიფციგში). 7-9 აგვისტოს საქართვერლოს ნაკრები თბილისში უკრაინას, ბელარუსსა და ესტონეთს უმასპინძლებს. მოსამზადებელ სქემას არაფერი დაეწუნება. სწორედ ასე უნდა დაიგეგმოს იგი სერიოზული ოფიციალური მატჩების წინ.

18 აგვისტოდან ქართველები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმებიან და 11 სექტემბრამდე 8 ურთულესი მატჩის ჩატარება მოუწევთ. შინ და გარეთ ეთამაშებიან რუმინეთს, ბოსნიას, ლატვიასა და ჰოლანდიას. მათგან საუკეთესო ორი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიიღებს, ხოლო მესამეადგილოსანი სხვა ჯგუფების მესამეებს "დაეტოლება~. ასე რომ, შანსი მასაც აქვს. მაგრამ საქართველოს ნაკრების მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა, რადგან შემდეგ წელს ევრობასკეტზე განთესილებს შორის მოხვდეს.

***

2004 წლიდან საქართველოს ნაკრებში ყოველ წელს ერთი ნატურალიზებული კალათბურთელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ამერიკელი. ჯერ გვყავდა NBA-ში გამოცდილი შემონდ უილიამსი, შემდეგ ევროპის წამყვან კლუბებში გამობრძმედილი ტაირონ ელისი, ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკრებში ლეგიონერთა სიძლიერე წლების მატებასთან ერთად მცირდებოდა. უფრო გასაგებად: ყველაზე მაღალი კლასისა პირველი იყო, ყველაზე გამოუცდელი - ბოლო. ეს უცნაური კანონზომიერება 2012 წელსაც გაგრძელდა, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით მწვრთნელთა შტაბმა კორი ფიშერის დამატება გადაწყვიტა, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგიდან 2011 წელს თურქულ "ანთალიაში" გადავიდა, ევროპაში თამაშის ერთწლიანი გამოცდილება აქვს და ორი წლით უმცროსია (1988 წელსაა დაბადებული) გიორგი ცინცაძეზე. როგორც ნაკრების მწვრთნელები ამბობენ, კორი სასტარტო გამთამაშებელი იქნება, ხოლო ცინცაძე - სათადარიგო. ფიშერი თურქეთში საშუალოდ 17.2 ქულას აგროვებდა, შესაძლოა, მომავალი ჯორდანია, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებამდე თვე-ნახევრით ადრე იმის თქმა, ვინ ითამაშებს სასტარტოში გამთამაშებლედ და ვინ - არა, ცოტა უცნაურია.

უცნაურია ისიც, რატომ შეაჩერეს არჩევანი მაინცდამაინც გამოუცდელზე, როცა ევროპაში ევროლიგანათამაშები არაერთი კალათბურთელია. მაგალითად, ჯეის ქეროლი, რომელიც აზერბაიჯანმა დაიმატა. აკი ფედერაციაცა და მწვრთნელებიც ერთზე თანხმდებოდნენ - 2011 წელს მარკიზ ჰეინსმა იმიტომ ვერ გაამართლა, რომ ამერიკულიდან ევროპულ კალათბურთში ახალი გადმოსული იყო. ვიმეორებ, ძალიან გვსურს, ფიშერი ნაკრებს ისევე გამოადგეს როგორც ტაირონ ელისი, მაგრამ ასევე დიდია შეცდომის გამეორების რისკიც.

***

დღევანდელი გადასახედიდან შეცდომად ჩანს ნაკრებში სამი გამოცდილი კალათბურთელის: ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ვლადიმერ ბოისასა და ლაშა გამყრელიძის არგამოძახება. ამის მიზეზად მწვრთნელებმა ნაკრების გაახალგაზრდავება დაასახელეს - 2004 წლიდან დაწყებული გაახალგაზრდავების პროცესი 2011 წელს ევროპის ჩემპიონატით დაგვირგვინდაო. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს გუნდში გამოჩნდნენ მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე და ლაშა გამყრელიძე. მაშინ მანუჩარი იტალიურ "ბენეტონში" იყო, ვიქტორი - ფრანგულ "დიჟონში" და გიორგი - რუსულ ცსკა-ში. ისინი ნაკრებში პირდაპირ სასტარტოს წევრებად იქცნენ.

იმის თქმა გვინდა, რომ მაშინ შემადგენლობის ძირეულად გაახალგაზრდავება ლოგიკური იყო, თანაც მანამდე ნაკრებს შედეგი არ ჰქონდა. დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვედრის შემდეგ, რა საჭიროა, გუნდის შეკვეცა? გაახალგაზრდავება მისასალმებელია, ყველა, ვინც გამოიძახეს, დიდ გამოცდილებას მიიღებს და სამომავლოდ გუნდს აუცილებლად გამოადგება. გასახარი იქნება, თუნდაც ორმა კალათბურთელმა ოფიციალურ შეხვედრებში წლეულსვე საშუალოდ 15 წუთი ითამაშოს. ეს უკვე დიდ წარმატებად ჩაითვლება, რადგან ბოლო სამ წელიწადში ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ერთი კალათბურთელი ჩაჯდა - თორნიკე შენგელია. რატომ არ შეიძლებოდა, მასთან ერთად სხვებიც მიეწვიათ შარშან, შარშანწინ, თუ ბევრს არ ითამაშებდნენ, გამოცდილებას მაინც მიიღებდნენ. ისევე როგორც წლეულს, მიწვეულები უნდა გამოადგნენ ნაკრებს ხვალ-ზეგ. მოკლედ, საქართველოსთანა მწირი რესურსის ქვეყნებში გაახალგაზრდავებაზე კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, არამედ ყოველწლიურად სამ-ოთხი ახალგაზრდას უნდა ეძებდნენ და ნაკრების ძირითად გუნდთან უნდა წვრთნიდნენ. ცქიტიშვილი, ბოისა და გამყრელიძე კი ახალგაზრდებს მხოლოდ დაეხმარებოდნენ.

***

რა დაშავდა სამი კალათბურთელის დაკლებით, აგერ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა არაგონესმა 2008 წელს რაული არ აიყვანა და მაინც ევროპის ჩემპიონი გახდაო. ჯერ ერთი, ესპანეთს რაულზე არანაკლები თავდამსხმელები ჰყავდა და ჰყავს, მეორე - საქართველოსა და ესპანეთს შორის არჩევანში დიდი სხვაობაა. პირენეელებმა მესამე შემადგენლობაც რომ გამოიყვანონ, მაინც შეეძლებათ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. საქართველოში კი ბოსნიის, ლატვიისა და ჰოლანდიის ძლევისთვის რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო. გუნდში კი წლეულს ოპტიმალური შემადგენლობა არ შეიკრიბა. სწორედ ესაა მიუღებელი. არადა, ნაკრებს სამ დღეში ერთხელ თამაში და შორ მანძილზე ფრენა უწევს. ასეთ დროს რომელიმე გამოცდილი კალათბურთელის სამსახურზე უარის თქმა ცოტა გასაკვირია. მით უმეტეს, ნიკა ცქიტიშვილზე, რომელსაც კარიერაში საუკეთესო საკლუბო სეზონი ჰქონდა. ლაშა გამყრელიძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ქართველ გამთამაშებლად დასახელდა. რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, იგი ნაკრებში 1998 წლიდან თამაშობს და გაცილებით ლამაზი იქნებოდა, მისი გამოსათხოვარი მატჩი 2013 წლის სლოვენიის ევრობასკეტზე ყოფილიყო (ვოვას მეორე სამშობლო ხომ სლოვენიაა). ის ამჯერადაც თავდაუზოგავად იშრომებდა, ახალგაზრდებს მაგალითს მისცემდა და როგორც შარშან, მწვრთნელს სათამაშო დროზე სიტყვასაც არ ჩამოუგდებდა.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)