სად განთავსდებიან ევროპული სამშვიდობო ძალები და დაიცავენ თუ არა ისინი უკრაინელებს, თუ პუტინი "მეორე წრეზე" წავიდა?!
ევროპელი „ცისფერჩაფხუტიანები“ უკრაინაში-ტრამპი თანახმაა, პუტინი წინააღმდეგი...
ნებისმიერი ომი ან დროებით „იყინება“ ან საბოლოოდ მთავრდება - ადრე თუ გვიან ასე მოხდება უკრაინაშიც, ოღონდ რა შედეგით, ესაა მთავარი კითხვა...
დროებით „გაყინულ“ ომსაც სჭირდება გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ასეთ გარანტიად კი მსოფლიოს უახლესი ისტორია სამშვიდობო ძალებს იცნობს...
გაეროს, ნატოსა თუ ევროკავშირის მანდატით საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტების ჩაყენება აქამდეც მომხდარა ლიბანში, კოსოვოშიც და ახლა ჯერი უკრაინაზე დგება...უფრო სწორედ უკრაინის იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვს ოკუპირებული მეზობელ რუსეთს.
რუსეთ-უკრაინის სამწლიან ომში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ევროპის რიგი ქვეყნები აპირებენ უკრაინაში გააგზავნონ თავიანთი სამხედროები სამშვიდობო მისიით, მაგრამ სად შეიძლება ისინი განთავსდნენ?
ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, თუკი ევროპელი „ცისფერჩაფხუტიანების“ განლაგების სქემა გაჰყვებოდა „გაყინული“ ფრონტის ხაზს და ისინი რუსი ოკუპანტებისა და უკრაინის დამცველების შუაში ჩადგებოდნენ...
მაგრამ ეს, თითქმის არარეალურად მოჩანს, რადგან ამისთვის რუსეთის მხარის თანხმობაცაა საჭირო. პუტინის კრემლი კი წინასწარ აცხადებს, რომ ის არ დაუშვებს ევროპელი „ცისფერჩაფხუტიანების“ გამოჩენას არათუ ფრონტის ხაზზე, არამედ საერთოდ, უკრაინის იმ ტერიტორიაზეც კი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჯერ დაპყრობილიც კი არ აქვს...
თავის მხრივ არც ევროპელი პოლიტიკოსები იკლავენ თავს სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტების მაინდამაინც ფრონტის ხაზზე ჩასაყენებლად-მათ ურჩევნიათ თავიანთი „ცისფერჩაფხუტიანები“ ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში განათავსონ, ხოლო იქ დისლოცირებულ უკრაინულ სამხედრო დანაყოფებს ფრონტზე წასვლის საშუალება მისცენ.
თუკი განიხილებოდა ევროპული სამშვიდობო ძალების რუსეთ-უკრაინის ომის 1 200 კმ-ზე მეტი სიგრძის ფრონტის ხაზზე განთავსება, მაშინ ამისთვის 100 ათასზე ბევრად მეტი სამხედროს მოძიება დასჭირდებოდათ ევროკავშირის ქვეყნებს, რაც არარეალურია.

ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში გასანთავსებლად საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სავარაუდოდ გერმანიაც, მზად არიან გამოყონ 30 ათასიანი სამშვიდობო კონტინგენტი, რომელსაც დაემატება ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის რამდენიმე ათასი სამხედროც, თუმცა პოლონეთი ჯერ წინააღმდეგია უკრაინაში თავისი „ცისფერჩაფხუტიანების“ გაგზავნის, ისე, როგორც ევროკავშირისა და ნატოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაც.
დავუშვათ, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის(რომელიც მიესალმება ევროკავშირის ქვეყნების „ცისფერჩაფხუტიანების“ ჩასვლას უკრაინაში, მაგრამ კატეგორიულად წინააღმდეგია იქ ამერიკელი სამხედროების გაგზავნის) „უცნაურმა“ პოლიტიკურმა აქტივობამ მართლაც გამოიღო შედეგი და ომი უკრაინაში დროებით მაინც „გაიყინა“ და იქ ევროკავშირის სამშვიდობო ძალები განთავსდნენ - რას მოიქმედებენ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები თუკი ერთ დღეს პუტინის არმიამ ნებისმიერი საბაბით დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და განაგრძო სამხედრო აგრესია უკრაინის ახალი მიწების დასაპყრობად?
ის, რომ ევროკავშირის ლიდერები თავიანთ „ცისფერჩაფხუტიანებს“ უკრაინის მიწის დასაცავად არ შეაკლავენ პუტინის არმიას, ამაში ეჭვის შეტანაც კი არ ღირს-მაშინ რა აზრი აქვს ევროპელი „ცისფერჩაფხუტანების“ უკრაინაში განთავსებას, თუკი ისინი ვერნაირ გარანტიას ვერ მისცემენ უკრაინელებს რუსეთისგან შემდგომი დაცვის თვალსაზრისით?
P.S. თუ რას ნიშნავს სხვა ქვეყნის ე.წ. სამშვიდობო ძალების შენს სამშობლოში შემოსვლა, ყველაზე მწარედ ჩვენ,საქართველოში განვიცადეთ, როდესაც ჯერ ცხინვალის რეგიონში და შემდეგ კი აფხაზეთში საშუალება მივეცით რუსეთს „მომრიგებლის“ როლი ეთამაშა და იქ თავისი „ცისფერჩაფხუტიანები“ ჩაეყენებინა, რაც ფაქტობრივად ფარული ოკუპაცია გახლდათ(თუ რა საშინელი როლი შეასრულეს ამ რუსულმა ე.წ. სამშვიდობო ძალებმა, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ეს ცალკე,დიდი თემაა).
ეს საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის დიდი შეცდომაც გახლდათ, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეული იყო გამოუვალი მდგომარეობიდან, რადგან უზარმაზარი სამხედრო-პოლიტიკური შესაძლებლობების აგრესორი რუსეთთან გამკლავება არათუ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ასპექტშიც, პატარა საქართველოს მარტო არ შეეძლო...

ის დასავლეთი კი, აშშ-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნების სახით, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთშიც, რუსეთის სამხედროების სამშვიდო მისიით ჩადგომას მიესალმებოდა და ამისკენ ოფიციალურ თბილისსაც უბიძგებდა.
დასავლეთმა არც მაშინ გამოაგზავნა თავისი სამშვიდობო დანაყოფები საქართველოში ,რომ ამით ნაწილობრივ მაინც განეიტრალებულიყო რუსეთის გავლენა, ხოლო გაეროსა და ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მისიები იყო და რჩება, როგორც მხოლოდ უკვე მომხდარი ფაქტების უბრალოდ დამაფიქსირებელი საკანცელარიო სამსახური, რომელიც ამასთან ყოველთვის როდი გამოკვეთავს რუსი ოკუპანტებისა თუ ადგილობრივი სეპარატისტების ღიად გამოხატულ დანაშაულს...
ევროპული ქვეყნების მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების უკრაინაში ჩაყენების საკითხი ჯერ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი და დიდი შესაძლებლობაა ვერც განხორციელდეს...