"არ გამოვრიცხავ, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს ცოცხალი ძალის, რუსი სამხედროების თბილისში შემოყვანა სთხოვოს - სხვაგვარად რით შეიძლება აიხსნას რუსული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია?" - რას აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე? - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ თუ ძალიან გაუჭირდა, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს ცოცხალი ძალის, რუსი სამხედროების თბილისში შემოყვანა სთხოვოს - სხვაგვარად რით შეიძლება აიხსნას რუსული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია?" - რას აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე?

„ქართული ოცნება“ ჩქარობს, რადგან უნდა პროტესტი მანამდე ჩაახშოს, სანამ სანქციები დაწესდება და პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება - გაზაფხულზე პროტესტი უფრო ხალხმრავალი გახდება, თუმცა რეალური გარდატეხა არ იქნება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „რეპრესიულ ბადეს ქსოვს“ პროტესტის ჩასახშობად, „ეს არც ისე შესაძლებელია“.

„გაზაფხულზე პოზიტიური მოლოდინი მეც მაქვს, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ამ მძიმე პერიოდს გადავაგორებთ, დაიკლებს შანსი იმის, რომ პროტესტი შეწყდეს ან განულდეს და არა იმისა, რომ რაღაც გარდატეხა შეიძლება მოიტანოს გაზაფხულმა ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, უფრო ხალხმრავალი გახდება პროტესტი. ეს გარკვეულწილად იქნება გაგრძელება იმისა, რაც დღეს არის. თუმცა ეს რეალური გარდატეხა არ იქნება. დღეს ქვეყანაში გარკვეულწილად პატური სიტუაცია: ოპოზიცია ვერ აიძულებს ხელისუფლებას, რომ რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს, მაგრამ ვერც ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ პროტესტის, მინიმუმ გამოხატული ტალღა, რაც რუსთაველზე ხდება, შეაჩეროს ან რაღაც მოუხერხოს, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო დარბევებით, შემდეგ თავის ნებაზე მიუშვა, შემდეგ ფინანსური სანქციები გაამკაცრა, ახალი კანონები შემოაქვს, ხელისუფლება რეპრესიულ ბადეს კი ქსოვს, მაგრამ რამდენად შეძლებს ამ მექანიზმებით პროტესტის განეიტრალებას, საკითხავი ესაა.

„ქართული ოცნება“ ჩქარობს და ჩქარობს იმიტომ, რომ უნდა, პროტესტი მანამდე ჩაახშოს, სანამ სანქციები დაწესდება და სანამ, პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში არ გადაზრდილა. ამის საფრთხეა, ამას ხედავს ხელისუფლება და ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა მოახერხოს ამ პროტესტის ჩახშობა, რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებს ამას, ვფიქრობ, ეს არც ისე შესაძლებელია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და შეუძლია თუ არა ოპოზიციას ხელისუფლება ამ გზით შეცვალოს, ძაბირაძე ამბობს, რომ ყველაზე „სუფთა არჩევნებშიც“ კი „ქართული ოცნება“ პარტიებს შორის პირველ ადგილზე გავა.

„რთული გასარკვევია, სადამდე მიგვიყვანს პროცესი. დიდი მნიშვნელობა ექნება საგარეო ფაქტორს. როგორ გადაწყდება და გადაწყდება თუ არა დროზე ომის თემა, ამასაც დიდი გავლენა ექნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ ქმედებებზე. „ქართული ოცნება“ შესაძლოა წავიდეს დათმობაზე, მოლაპარაკებებზე, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ მოლაპარაკებებზე წავა არა ოპოზიციასთან, არამედ პირველ რიგში დასავლელ პარტნიორებთან, პრობლემები ექნება; ცალკე პრობლემები ჩნდება ამერიკასთან; მესამე მხარე კი ისაა, რუსეთი როგორ მიიღებს ამას. რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს, კანონმდებლობის გამკაცრება და ა.შ. არაა მიმართული არჩევნებისკენ. თუ არჩევნები დაინიშნება, ოპოზიცია და პარტნიორები არ დათანხმდებიან, რომ ხელისუფლებას როგორც უნდა, ისე ჩაატაროს. სხვაგვარად ჩატარდება არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არჩევნებსაც ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

[ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს] ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ „ქართული ოცნება“ 50%-ს ვერ მიიღებს. მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში პარტიებს შორის პირველი იქნება. ყველაზე სუფთა არჩევნებშიც კი. ესაა პრობლემა, რომ მას მოუწევს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად უმრავლესობის შექმნა, ან ოპოზიციაში ყოფნა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, „ოპოზიციას დღეს ლიდერი არ ჰყავს“.

„არ ვსაუბრობ ქარიზმატულ ლიდერზე, რომელიც უფალთანაა გაიგივებული და ყოვლისშემძლეა. ისეთი ლიდერი უნდა იყოს, რომელსაც რუსთაველზე მყოფი პროტესტანტები მიიღებენ. ამის ყველაზე დიდი შანსი ზურაბიშვილს აქვს. მაგრამ მან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ესეც რთული გასაკეთებელია. ოთხეული უნდა შეთანხმდეს, რომ ზურაბიშვილი იქნება ამ პროცესის წამყვანი და მაორგანიზებელი. ან სხვა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. დღეს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში ფიგურები, რომელთაც საზოგადოება წარსულთან აკავშირებს, კულისებში უნდა გადალაგდნენ და სხვა ადამიანებს მისცენ საშუალება, რომ წინა პლანზე წამოვიდნენ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გარდა ამისა, ძაბირაძე გამოეხმაურა რუსეთის დაზვერვის განცხადებას, რომ „ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს და დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“. მისი თქმით, ის, რომ რუსული დაზვერვის ნარატივი „ქართული ოცნებისას“ ემთხვევა, შესაძლოა, საფუძვლის მომზადება იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს საქართველოში ცოცხალი ძალის შემოყვანა სთხოვოს.

„ეს [ნარატივი] დამთხვევა არა. ეს ფაქტობრივად ერთი და იგივე მიმართულებაა. არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროების შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“, თუ ძალიან გაუჭირდა, რუსეთს დახმარება, ცოცხალი ძალის შემოყვანა სთხოვოს. ვგულისხმობ რუს სამხედროებს, ისე როგორც ეს ყაზახეთში გაკეთდა. ვგულისხმობ თბილისში [შემოყვანას]. მაგრამ ეს ყველაზე ცუდი, მაგრამ მაინც სავარაუდო სცენარია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს ეს სთხოვოს. ამისთვის შეიძლება ამზადებდეს გარკვეულ ნიადაგს, პროპაგანდა ხომ ამისთვის სჭირდება, რომ რაღაც პროცესი შეამზადოს?! სხვაგვარად რით შეიძლება აიხსნას რუსული დაზვერვის მიერ არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი გასაჯაროება? თუ დაზვერვას ეს ინფორმაცია აქვს, შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს არხებით თბილისს და მიაწოდოს ეს ინფორმაცია. როდესაც ასეთი ინფორმაცია საჯაროვდება, მას უკვე პროპაგანდისტული ხასიათი აქვს. ეს [რუსული ჯარის შემოყვანა] „ქართულ ოცნებას“ მოუტანს იმას, რომ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. მეორე მხრივ: არის კონფლიქტური სიტუაცია და შეიძლება [რუსეთი] მოგვევლინოს, როგორც მშვიდობისმყოფელი. რუსეთის საზღვართან ხდება დაპირისპირება და ამიტომ ამის გასანეიტრალებლად განხორციელდეს სამხედრო ოპერაცია. ამასთან, თუ აქ ხელისუფლება შეიცვალა არა არჩევნებით, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ძირითად ნაწილს, წასასვლელი რუსეთის გარდა არსად აქვს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

IPN.GE