რას ჰყვება მამაკაცი ჭანჭათიდან, რომელსაც სახლი დაენგრა და ქვეშ მოიყოლა: "ნაომარი კაცი ვარ, ახლა მარტო ვარ, ჭერიც აღარ მაქვს. ოთახი, სადაც მეძინა, მთლიანად ჩამოინგრა" - კვირის პალიტრა

რას ჰყვება მამაკაცი ჭანჭათიდან, რომელსაც სახლი დაენგრა და ქვეშ მოიყოლა: "ნაომარი კაცი ვარ, ახლა მარტო ვარ, ჭერიც აღარ მაქვს. ოთახი, სადაც მეძინა, მთლიანად ჩამოინგრა"

ჭანჭათში მამაკაცს სახლი დაენგრა და ქვეშ მოიყოლა, მაგრამ გადარჩა

"გთხოვთ, უმორჩილესად, ჭანჭათის გზაზე გაიარეთ, სახლი დაინგრა, კაცი შიგნითაა მოყოლილი, ცოცხალი იყო ბოლო კონტაქტისას, გადავრჩიო, თქვა, მას მერე ვერ ვუკავშირდებით, იქნებ გაწმინდოთ გზები, სახლის ჩამონგრევამ თუ არ მოკლა, სიცივეს როგორ გადაურჩება? - დაწერა სოციალურ ქსელში თინათინ თვალავაძემ და მიუთითა მამაკაცის საკონტაქტო ნომერი.

"კვირის პალიტრამ" ლანჩხუთის სოფელ ჭანჭათში მცხოვრებ ვლადიმერ (ბაჩია) მამუკაშვილთან დაკავშირება შეძლო. საბედნიეროდ, ის დაზიანებას გადაურჩა, თუმცა სახლის დანგრევის გამო, ახლა ჭერის გარეშეა დარჩენილი.

- ბატონო ვლადიმერ, როგორ ხართ, რა მდგომარეობაა თქვენს სახლში?

- ჯერჯერობით კარგად ვარ, გადავრჩი, გვერდი კი მტკივა, მაგრამ მაგას რას დავეძებ, არა უშავს, 60 წლის ვარ და ავიტან. სახლი დამენგრა, საძინებელი ოთახი, სადაც მეძინა, მთლიანად ჩამოინგრა. სულ ორი ოთახი იყო და ახლა ჭერიც აღარ მაქვს.

- არავინ გამოგეხმაურათ? დახმარება არავინ აღგითქვათ?

- ჯერ არავის მოვუკითხივარ, მითხრეს, რომ სამხედროები მოვლენო და ვფიქრობ, მოვლენ. მეც ყოფილი სამხედრო ვარ, ისინი ჩემი თანამებრძოლები არიან და შეეცდებიან ჩემს დახმარებას. მარტო ვარ სახლში, მედიკამენტები მჭირდებოდა, მეგობრის სიდედრმა და სიმამრმა დამირეკეს, რა გჭირდებაო და წამალი რომ ამეღო, მათთან შესახვედრად წავედი, სამი კილომეტრი გამოვიარე.

- სახლის გადათოვლა ვერ შეძელით? რატომ დაინგრა?

- სახლი ორჯერ გადავთოვლე, მაგრამ მაინც ასე მოხდა. ახლა არ მაქვს თავშესაფარი, ისე ვარ დარჩენილი. ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩვენამდე გზა ისევ არ არის გაწმენდილი, გვპირდებიან, მაგრამ არავინ მოსულა სოფელ ჭანჭათში გზის გასაწმენდად. გაიგებდნენ, მაგრამ კონტაქტზე არავინ გამოსულა გამგეობიდანაც. არავინ დამკავშირებია. მაშველებმა დამირეკეს, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ დამეხმარებიან.

მე სენაკში ვმსახურობდი, ცხინვალის ომიც გამოვლილი მაქვს. ახლა მარტო ვარ. ეს სახლი ავარიულია, კი ვეხვეწებოდი მთავრობას, სახურავით დამხმარებოდნენ, ნაომარი კაცი ვარ, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. ხის სახლი იყო.

ორი შვილის მამა ვარ და 6 შვილიშვილის პატრონი. ისინი ნაქირავებში არიან თბილისში და ახლა ეს პატარა სახლიც დაგვენგრა, ამფერ დღეში ვარ. თუ ვინმე დაგვეხმარება, დიდად მადლობელი დავრჩები. ახლა ტელეფონი უნდა გაგითიშოთ, შუქი არ არის და ვერ დავტენი.

P.S. იმედია, 60 წლის მამაკაცს, რომელიც ახლა რთულ ვითარებაშია, შესაბამისი სამსახურები და მაშველები დაეხმარებიან.

დახმარების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაურეკოთ ნომერზე 557153060

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)