"ზოგიერთები მათ "გაშავებას" ცდილობენ, მაგრამ ეს მეთოდი არ ამართლებს" - რას ამბობს ონისე ონიანი დაპატიმრებულ კოლეგებზე - კვირის პალიტრა

"ზოგიერთები მათ "გაშავებას" ცდილობენ, მაგრამ ეს მეთოდი არ ამართლებს" - რას ამბობს ონისე ონიანი დაპატიმრებულ კოლეგებზე

"ყველამ თავისი "ცხვირმოსატეხი" გზა უნდა გაიაროს, თავისი შეცდომები დაუშვას და გამოასწოროს. მთავარია, ეს შეცდომა მეორედ აღარ გაიმეორო"

რას ამბობს ონისე ონიანი დაპატიმრებულ კოლეგებზე

"როგორ შეიძლება ციხეში იჯდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, ონისე ცხადაძე და ის ხალხი, რომელსაც არაფერი დაუშავებია?!"

ქართველი მსახიობები ნებისმიერ ეპოქაში აქტიურად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ასე ხდება ახლაც - 21-ე საუკუნეში. საქართველოში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება ბევრისთვის საყვარელი, პოპულარული მსახიობი ონისე ონიანი:

- ბატონო ონისე, რას გვეტყვით თქვენს კოლეგებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ?

- არ მინდა პოლიტიკაზე ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი, როგორც მსახიობის და მოქალაქის პოზიციას ვერ დავმალავ: ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს გამოგონილი ბრალდებით აკავებენ, ეს კი, ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს და ცუდ გუნებაზე აყენებს. რამდენი დამნაშავე დადის თავისუფლად და იმას აკეთებს, რაც მოესურვება და ამ დროს, უდანაშაულო ადამიანებს სჯიან! ცხადია, ამ დროს უსამართლობის განცდა გეუფლება - ეს ადამიანური რეაქციაა და არა - პოლიტიკური მოსაზრება. მსგავსი რამ ჩემთვის მიუღებელია და ეს ტელეეთერიდანაც ბევრჯერ მითქვამს. როგორ შეიძლება ციხეში იჯდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, ონისე ცხადაძე და ის ხალხი, რომელსაც არაფერი დაუშავებია? ისინი საპროტესტო აქციაზე იდგნენ, რაც ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა.

- თქვენ თუ იცნობთ ამ ადამიანებს?

- ანდრო ჭიჭინაძეს ვიცნობ, ხშირად შევხვედრივარ და ვიცი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი და საუკეთესო მსახიობია. მან ისეთი პროექტები განახორციელა, რომელიც მის პიროვნებაზე თავისთავად მეტყველებს. ცნობილი ფაქტია, რომ ანდრო ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან ჯამბაზის ფორმით შედიოდა, ართობდა, ახალისებდა და მათთვის დიდი ბედნიერება მოჰქონდა.

ძალიან კარგი პიროვნებაა ვეფხია კასრაძეც, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია. ეს ხალხი სცენას ემსახურება, ხალხს ემსახურება და როგორ შეიძლება, რომელიმე მათგანმა ცუდი რამ ჩაიდინოს? ვწუხვარ, რომ ასეთი კარგი, გამორჩეული ადამიანები ციხეში სხედან.

- მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რატომ იდგნენ აქციაზე - ისინი ხომ საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდნენ?

- ამ აქციების ორგანიზატორები ხელისუფლების წევრები გახდნენ, ვინც დასავლური კურსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა. ხალხი იძულებული გახდა, გარეთ გამოსულიყო, ხმამაღლა გამოაცხადა, რომ თავისუფლებას და უკეთესი მომავლისკენ სვლას ემხრობა, რომ არ მოსწონს გზა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვკლავს და გვაწიოკებს - გზა, რომელსაც რუსეთი ჰქვია! სწორედ ამიტომ დაიწყო საპროტესტო აქციები - ამას ხომ პატარა ბავშვიც მიხვდება?!

- ამ აქციების მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდობაა. რას ფიქრობთ ქართველ ახალგაზრდებზე?

- ამ თაობაზე საუკეთესო წარმოდგენა მაქვს და ძალიან ვწუხვარ, რომ ციხეში ბევრი ისეთი ახალგაზრდა ზის, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ, უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს. ჩემი აზრით, იმდენად კარგი თაობა მოდის, რომ მათ მიმართ სიამაყის გრძნობა მიჩნდება. ძალიან ვაფასებ მათ განათლებას, ცოდნას და სწორ შეხედულებებს.

სამწუხაროდ, მე კომუნისტურ პერიოდში გავიზარდე, როცა უფროსის მიმართ ერთგვარი შიში, რიდი და მორჩილება გვქონდა. უფროსს თეთრზე რომ ეთქვა, შავიაო, უნდა დავთანხმებოდით. როცა ეს მიდგომა 21-ე საუკუნეშიც გრძელდება, ცოტა არ იყოს, სასაცილო მგონია. რატომ? - სულ სხვა თაობა მოვიდა, სულ სხვა ქვეყანაში და სხვა გარემოში გაზრდილი. ეს თავისუფლებაში გაზრდილი თაობაა, რომლისგანაც შეიძლება ბევრი რამ ვისწავლო. რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სწორ მოსაზრებებს და შეხედულებებს არ დავეთანხმო.

- მამების და შვილების თაობას შორის წინააღმდეგობა და კონფლიქტი ყოველთვის იყო, როგორ ფიქრობთ, ამ კონფლიქტში ვინ უნდა დათმოს?

- საბედნიეროდ, მე ჩემს შვილებთან ასეთი დაპირისპირება არ მქონია, რადგან ვიცი: როცა შენი შვილი უკვე სრულწლოვანი, ჩამოყალიბებული ადამიანია, მის არჩევანს და შეხედულებებს პატივი უნდა სცე. მას სრული უფლება აქვს, გადაწყვეტილებაც თვითონ მიიღოს და თვითონ განსაზღვროს, რა არის სწორი და რა - არა. ჩემი აზრით, უფროს თაობას შვილების თაობასთან ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს.

- თუმცა, საქართველოში არის ასეთი სტერეოპტიპი - "მშობელი ყოველთვის მართალია".

- მე ასე არ ვფიქრობ. "მე უფროსი ვარ და ყველაფერი ვიცი" - ასეთი მიდგომა არასწორია? შესაძლოა, შვილმა მშობელს არ დაუჯეროს და მერე ინანოს, მაგრამ ეს მისი გზაა, ყველამ თავისი "ცხვირმოსატეხი" გზა უნდა გაიაროს, თავისი შეცდომები დაუშვას და გამოასწოროს... ცხოვრება შეცდომის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მთავარია, ეს შეცდომა მეორედ აღარ გაიმეორო. როცა ამ ახალგაზრდებს ვხედავ, ვცდილობ, გვერდში დავუდგე და გავამხნევო, რადგან მათი იდეები, მათი ნაბიჯები ჩემთვის მისაღები და მოსაწონია. ბევრი რამ ჩვენზე უკეთ იციან, რადგან თავისუფლებაში გაზრდილი ადამიანი სულ სხვაა.

თავისუფლება გონებას ხსნის და ადამიანს სულ სხვაგვარ აზროვნებას ასწავლის.

მართალია, ზოგიერთები მათ "გაშავებას" ცდილობენ, მაგრამ ეს მეთოდი არ ამართლებს, რადგან რუსთაველზე ყველაზე გონიერი, საუკეთესო ადამიანები დგანან. ცუდია, რომ "ძლიერნი ამა ქვეყნისა" ყველაფერს ისე აგრძელებენ, თითქოს არაფერი ხდება - ყოველდღე ახალ-ახალ, უსამართლო კანონებს იღებენ, რომლებსაც მჭადებივით აცხობენ. ამ უსამართლობის გამო, ადამიანს სიბრაზის და დაუცველობის განცდა გეუფლება, მაგრამ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი არ უნდა დავკარგოთ - ამ იმედს ჩვენი ჭკვიანი, გონიერი და ლამაზი ახალგაზრდობა მაძლევს.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)