ტრამპი - ზელენსკის „პოლიტიკურ ჩხუბს“ პუტინი თავის სასიკეთოდ გამოიყენებს...
ის, რაც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, ისტორიას არ ახსოვს - ტელეკამერების წინ პირდაპირ ეთერში ორი ქვეყნის პრეზიდენტი მკვეთრი კამათის დროს ხელების გაშლაზე და „პოლიტიკური ჩხუბიდან“ კინაღამ ქუჩურ ჩხუბში გადავიდნენ...
საქვეყნოდ ამ დაპირისპირების ჩვენება ძალაუნებურად აღძრავს იმის განცდას, რომ თეთრ სახლში მიწვეული უკრაინის პრეზიდენტისთვის, მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოინდომა საქვეყნოდ „ჭკუის სწავლება“, რისთვისაც გამოიყენა თავისი ვიცე-პრეზიდენტიც და სწორედ ამიტომაც გამართა ეს შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით და არა დახურულ კარს მიღმა, რაც უფრო ლოგიკური იქნებოდა.
თუმცა ტრამპისთვის მოულოდნელად, ზელენსკი მას არ შეეპუა და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ ძალზე არასიასიამოვნო მომენტები გამოჩნდა...
არასასიამოვნო მათთვის, ვისაც აშშ-ისა და უკრაინის შემდგომი თანამშომლობა და მეგობრობა სურთ, თორემ ადვილი წარმოსადგენია, რა გახარებული კომენტარები იქნებოდა კრემლში...
პუტინი, რომელმაც ამ სამწლიან ფართომასშტაბიან ომში მაინც ბოლომდე ვერ დააჩოქა რუსეთზე ბევრად უფრო სუსტი უკრაინა, ყველანაირად ეცდება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ტრამპი - ზელენსკის გუშინდელი „პოლიტიკური ჩხუბი“...
თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპი დაბრუნდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, უკვე შეიმჩნევა რუსეთის საოკუპაციო ძალების გააქტიურება ფრონტის ხაზზე, რომელიც აუცილებლად კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც კრემლში დარწმუნდებიან, რომ ზელენსკიზე გაბრაზებული ტრამპი საერთოდ აჩერებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას...
საქმე ის არის, რომ 20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა, ტრამპის ადმინისტარციას სიტყვა არ წამოსცდენია უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გაგზავნაზე - ის, რასაც უკრაინა ბოლო თვეა ისევ იღებს ამერიკული დახმარებიდან, არის ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის დროს გამოყოფილი, რაც წესით ა.წ.-ის შემოდგომამდე მაინც უნდა გაგრძელდეს, მათ შორის ამერიკის თავდაცვითი მრეწველობის მიერ დამზადებული პროდუქციის სახითაც.
თუკი ტრამპმა დღესვე შეაჩერა, ჯერ კიდევ ბაიდენის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების უკრაინაში გაგზავნა, მაშინ უკრაინის არმიას ხვალვე შეიძლება არ გაუჩნდეს „იარაღის შიმშილი“, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მალე დადგება, თუკი აგრესორმა რუსეთმა გააათკეცა შეტევები.
ყველაზე რთულ მდგომარებაში კი უკრაინის დედაქალაქი კიევი აღმოჩნდება, რადგან ამერიკული „პეტრიოტების“ საზენიტო ბატარეები ძირითადად სწორედ კიევის გარშემოა განთავსებული და ისინი უმთავრესნი არიან რუსული აერობალისტიკური „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ მოსაგერიებლად.
„პეტრიოტების“ ანტირაკეტების ჩანაცვლება უკრაინის სხვა საზენიტო საშუალებებს ტექნიკურად არ შეუძლიათ, გარდა იტალიურ-ფრანგულ „მამბებისა“ (SAMP/T) თავისი Aster 30 ტიპის საზენიტო რაკეტებით, რომელთა მცირე რაოდენობა კი აქვთ უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ მათ მარაგს სასწრაფოდ გაზრდა სჭირდება, რაც უკვე ძირითადად საფრანგეთის პრეზედენტ მაკრონის მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
ასეთ სიტუაციაში პუტინს არანაირად არ აწყობს რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“, პირიქით ის ეცდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მეტი ახალი უკრაინული მიწები დაიპყროს, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ღია მოკავშირეობის შემდეგ, აგრესორი რუსეთის ირიბ მოკავშირედ თვით... ტრამპის აშშ-იც კი ეწერება...
P.S. ტრამპის მიერ ბოლო დღეებში ზელენკის ჯერ „დიქტატორად“ გამოცხადებამ, ხოლო გუშინ ოვალურ კაბინეტში მისი სახალხოდ დამცირების მცდელობამ, საპასუხო შედეგი გამოიღო და უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა არა მარტო მისი ევროპელი კოლეგების თვალში (რომელი ევროპელი პოლიტიკოსი შეკამათებია აშშ-ს პრეზიდენტს სახალხოდ და ისიც მისსავე ოვალურ კაბინეტში?), არამედ თავად უკრაინის ოპოზიციაშიც კი - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო, რომელსაც ზელენსკი გასულ კვირას საერთოდ დაჭერას უპირებდა, უმაღლეს რადაში მხარს უჭერს ზელენკის პრეზიდენტად დარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, მაგრამ ასეთ ომში მყოფ ქვეყანაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია...
ზელენსკის ფიგურა ძალიან წინააღმდეგობრივია - ერთი მხრივ, ის სათავეში ჩაუდგა ნაციას ასეთი ძლიერი მტრის შესაჩერებლად,მეორე მხრივ კი მან ვერ აღმოფხვრა სახელმწიფოებრივი კორუფცია ქვეყანაში,მან და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა,რომელთა ნაწილი ძალიან მძიმედ აისახა უკრაინის არმიაზეც და პოლიტიკური მოსაზრებების გამო სამხედროების საქმეებში ჩარევამ (მათ შორის ალყაშემორტყმული უკრაინული ქალაქებიდან დროულად და ორგანიზებულად უკანდახევის ბრანებების არ გაცემამ,უკრაინის ბევრი დამცველი უაზროდ შეიწირა...
უკრაინის პრეზიდენტ ზელენკის და მის გუნდს თავისი წილი დანაშაული მიუძღვით იმაშიც, რომ უკრაინა-საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები დღეს ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება - არ იყო საჭირო უკრაინის მოქალაქე-საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემოპარვის საიდუმლო ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელება და არც უკრაინის ელჩის თბილისიდან გაწვევა იყო გამართლებული, რასაც მხოლოდ ერთმანეთთან ომში მყოფი ქვეყნები თუ აკეთებენ, მით უმეტეს იმის შემდეგ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ ეტაპზე, როდესაც კიევიდან თითქმის ყველა სხვა ქვეყნების ელჩები გარბოდნენ, საქართველოს საელჩო მუშაობას აგრძელებდა...
28 თებერვალს ზელენსკის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტელეკამერების წინ თავი რომ დაეხარა აშშ-ის პრეზიდენტისა და განსაკუთრებით კი ვიცე-პრეზიდენტის ბრალდებების ქვეშ და ხელი მოეწერა წიაღისეულის ხელშეკრულებაზე, რომელიც არავითარ ამერიკულ გარანტიებს არ შეიცავდა, მას კიევში დაბრუნებისთანავე „შეჭამდნენ“ თანამოქალაქეები და ამას პუტინთან კაპიტულაციაზე წასვლად ჩაუთვლიდნენ...
ახლა კი ზელენსკი რჩება თავაწეული საკუთარი ერის წინაშე, მაგრამ ტრამპის ამერიკის არამარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშეც, რითაც სარგებლობას პუტინი აუცილებლად ეცდება...