28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კამერების წინ კამათად და დაპირისპირებად იქცა, რაშიც დესტრუქციული როლი ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც ითამაშა. ტრამპმა ზელენსკი დაადანაშაულა "უმადურობაში", მოგვიანებით კი ბრალად დასდო, რომ "მშვიდობისთვის მზად არ არის". და რომ შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა "სანუკვარ ოვალურ კაბინეტში". საბოლოოდ დაპირისპირების მთავარი თემა იყო ზელენსკის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ განცხადებები. შელაპარაკების შემდეგ გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ მომზადებული შეთანხმება უკრაინული სასარგებლო წიაღისეულისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. "მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინსაც მისი დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჩაშლილ შეხვედრაზე საუბრისას. ამ მწვავე კონფლიქტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა მსოფლიოში მაშინ, როცა არადიპლომატიური კამათი კითხვის ნიშანს უსვამს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის გაწეულ ძალისხმევას. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან: - ამ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი სულ სხვადასხვა განწყობით მივიდნენ. ტრამპი ამ მოლაპარაკებას უყურებდა ბიზნესის და სარგებლის მიღების, ზელენსკი კი უკრაინის უსაფრთოების გარანტიების გადასახედიდან. ეს ორი მიდგომა იმთავითვე აცდენილი იყო ერთმანეთს. ზელენსკისთვის ამ მოლაპარაკების მთავარი არსი იყო არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და დროებითი მშვიდობა, არამედ გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიები. არ ვიცი, ეს კამათი და პროცესის ამგვარი სცენარი ამერიკის ახალ ადმინისტრაციას წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა თუ არა, მაგრამ, ფაქტია, ტრამპი ცდილობს უკრაინის გასაჭირი გამოიყენოს და აიძულოს თუნდაც შეიარაღების მიწოდების სანაცვლოდ მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათ მეტალებზე, რაზეც ზელენსკისგან თანხმობა ვერ მიიღო და ამან აღაშფოთა. ეს რომ მარტივი შესათანხმებელი არ იქნებოდა, თავიდანვე ჩანდა, როდესაც აშშ-ის ფინანსთა მინისტრი კიევში ჩავიდა და ვერ მოხერხდა შეთანხმება. გვახსოვს ამის გამო ტრამპის აღშფოთება, ზელენსკის "საშუალო დონის კომიკოსი" და "დიქტატორი" უწოდა, რაც მერე გადათქვა, უფრო სწორად, ძალიან გაიკვირვა, დიქტატორი მე თუ ვუწოდე, არ მჯერაო... მოკლედ, როგორც ჩანს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ამ შეხვედრამდე ვერ მოგვარდა და საბოლოოდ ეს შეხვედრაც ჩაიშალა - ზელენსკისთვის აბსოლუტურად არაფრისმომცემია დაპირება, რომ აშშ თუ მიიღებს წვდომას უკრაინულ წიაღისეულზე, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია. ზელენსკი დათმობაზე არ მიდის, რამაც მის მიმართ დიდი თანაგრძნობა გამოიწვია.… შექმნილ ვითარებას აქვს ერთი დადებითი მხარე - ამ დაპირისპირებამ უფრო გამოაფხიზლა ევროპა. როგორც კაია კალასმა თქვა, თავისუფალი სამყარო ახალ ლიდერს საჭიროებს და ეს ფუნქცია ევროპამ უნდა იკისროს. გარდა ამისა, მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების: მაკრონის, სტარმერის, მერცისა და სხვათა ძალიან მწვავე განცხადებები. ევროპა აცხადებს, რომ არ მიატოვებს უკრაინას და მიაწვდის შეიარაღებას თუ გაუწევს სხვა ტიპის დახმარებასაც. როგორც ჩანს, ახალი ეტაპი დგება ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობაში. ამერიკა იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ტრამპმა კი ბოლო ხანს ისე გადასწია ისრები, რომ აშშ ლიდერობიდან უფროსობის პოზიციაზე გადადის. ზელენსკისთან შეხვედრაზეც ტრამპი წარმოჩნდა არა როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, არამედ როგორც მბრძანებელი. ლიდერობასა და უფროსობას შორის დიდი განსხვავებაა - ლიდერი ქვეყანა გუნდს უთანხმებს გადაწყვეტილებებს, უფროსი კი ერთპიროვნულად წყვეტს და შემდეგ ამის შესრულებას ცდილობს. გავიხსენოთ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის ეს ხანმოკლე პერიოდი, მან უკრაინისა და ევროპის გარეშე დაიწყო მოლაპარაკება რუსეთთან, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამან მაშინვე გააღიზიანა ევროპა. როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება კიდევ გაგრძელდება. ტრამპი, ჩემი აზრით, ძალიან რთულ ვითარებაშია. ეს პროცესი ჯერ ახლა დაიწყო და ამას ამერიკაშიც ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება. უკვე გავრცელდა არაერთი სენატორის თუ გუბერნატორის განცხადება, მათ შორის რესპუბლიკელებისაც. ტრამპს, როგორც ჩანს, ძალიან მარტივად წარმოუდგენია ყოველივე ეს, მაგრამ ასე არ არის, თუნდაც მისი ლაპარაკი, რომ ომს სწრაფად დაასრულებს და თურმე მშვიდობა ზელენსკის არ სურს. ზელენსკისა და უკრაინაზე მეტად ომის დასრულება არავის უნდა, მაგრამ მათ სჭირდებათ გარანტიები, რომ რუსეთის აგრესია უფრო მასშტაბურად არ იფეთქებს გარკვეული დროის შემდეგ. ისე, ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს ტრამპის ნათქვამი, რომ პუტინს თურმე ომის დასრულება სურს, ზელენსკის კი - არა... უჩვეულო პროცესებია დასავლეთში. ტრამპმა ვითარება უკიდურესად აურია, რომლის დალაგებაც ძალიან გაძნელდება. ვფიქრობ, ცოტა ხნის შემდეგ ტრამპი ისევ შეეცდება ვერ გაიხსენოს ზელენსკისთან ეს შეხვედრა და მისი და ჯეი დი ვენსის განცხადებები, ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ ვითომ დაავიწყდა, რომ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა. მას აუცილებლად მოუწევს მოვლენების გადაფასება და საკუთარი მიდგომების გადახედვა. ევროპას აქვს დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ დაიწყოს გადაიარაღება და იზრუნოს თავდაცვის გაძლიერებაზე აშშ-ისგან დამოუკიდებლად. რაც შეეხება ტრამპის ნათქვამს, რუსეთისგან ლამაზი ოკეანე გვაშორებსო, ალბათ, დაავიწყდა, რომ არსებობს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ამ ლამაზ ოკეანეს ძალიან კომფორტულად გადალახავენ, თუ ამას გადაწყვეტენ კრემლი, ჩინეთი ან ჩრდილოეთი კორეა. - ის, რაც დღეს ხდება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მნიშვნელოვნად აზიანებს აშშ-ის, როგორც საიმედო მოკავშირის იმიჯს. ფაქტია, მომსწრეები ვართ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების. ამ დროს როგორი უნდა იყოს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა? - საქართველოსთვის საფრთხეები, ძირითადად, რუსეთიდან მომდინარეობს. აქამდე ძალიან მარტივი არჩევანი გვქონდა, ვიდრე "ქართული ოცნება" რაღაც წიაღსვლებს დაიწყებდა ამ მიმართულებით. ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი უსაფრთხოების გარანტია მიგვეღო დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ეს ყველაფერი შეცვალა და დღეს ამ ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, გაუგებარია უსაფრთხოებისთვის რამე კეთდება თუ არა ქვეყანაში. ჩემი აზრით, არც არაფერი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჩუმი კაპიტულაცია გამოუცხადა რუსეთს. ხომ ხედავთ, რა ხდება აფხაზეთში, როგორ მიდის სარკინიგზო და საჰაერო ხაზების გახსნა რუსეთთან, თუმცა საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ნულის ტოლია. სიჩუმე და კაპიტულაცია - აი, ეს არის სულ მაგათი უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე ისე გამოდის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენი ადგილი ევროპაშია და უსაფრთხოების გარანტიებიც ევროპიდან უნდა მივიღოთ. თუმცა არც აშშ-ს იგნორირება შეიძლება. ამ გართულებული ვითარების მიუხედავად, ჩვენ ცოტა შორს უნდა გავიხედოთ. დარწმუნებული ვარ, ტრამპს თავის მოქმედებებში კორექტივების შეტანა მოუწევს, ოთხი წლის შემდეგ კი საერთოდ წავა, თუ მანამდე არ გაისტუმრეს. თუ ასე გააგრძელა, ვერ გამოვრიცხავ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასაც. რა თქმა უნდა, აშშ-თან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს, თუმცა მთავარი სამიზნე ჩვენთვის მაინც ევროპაა, რომელმაც ბოლო მოვლენების შემდეგ აშკარად გამოიღვიძა და დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარი უსაფრთხოების ახალ და ძლიერ ქოლგას შექმნის, და უნდა ვეცადოთ, რომ ამ ქოლგის ქვეშ ჩვენც აღმოვჩნდეთ. მე რუსეთისგან მომავალი საფრთხეები ვახსენე, რომელიც დომინანტურია, მაგრამ ამ რეგიონში ჩვენი ქვეყნისთვის სხვაც ბევრი გამოწვევაა. - საპროტესტო მოძრაობა უკვე 3 თვეა მიმდინარეობს, ის შეიძლება ზოგჯერ მინელდეს, ზოგჯერ გააქტიურდეს, თუმცა უკმაყოფილება და საპროტესტო განწყობა არ ქრება. მოდის გაზაფხული, სავარაუდოდ, პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო გამძაფრდება. მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, მან წარმოადგინა 5-პუნქტიანი გეგმა, რომლის შინაარსი ასეთია: 1. არჩევნების პირობების დაწესება; 2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების "ჯარის" მომზადება; 3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; 4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; 5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა "ქართული ქარტია" და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, "რუსული კანონების" გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა. - ეს გეგმა ქაღალდზე ნორმალური და მისაღებია, მაგრამ როგორ შეძლებს ოპოზიცია მის რეალიზებას, საკითხავია. გახსოვთ "ქარტიის" თემაც, იქაც მოაწერეს ხელი, მაგრამ ქაღალდზე დარჩა ის ხელმოწერები, ყველამ თავისი დღის წესრიგით იმოქმედა. ამ ხნის განმავლობაში პროტესტი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე უფრო გააქტიურდებიან პროტესტანტები. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს პროცესი მიილევა, ძალიან ცდება, თუმცა დღეს შექმნილ ვითარებას შეიძლება საჭადრაკო ტერმინი "პატი", ანუ როდესაც ხელისუფლება ცდილობს საკანონმდებლო ცვლილებებით, რეპრესიებით და ა.შ. ჩაახშოს პროტესტი, მაგრამ ვერ ახერხებს... მეორე მხრივ, ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლება აიძულოს წავიდეს დათმობაზე... ოპოზიციაში პოლიტიკურ ოპოზიციას ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან ამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერები პოლიტიკური ძალები არ არიან. ეს არის სრულად საზოგადოებრივი პროტესტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ჩქარობს, სურს როგორმე დასრულდეს პროტესტი, რადგან შიშობს, რომ მალე პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური წამოეწევა. აი, მაშინ კი ხელისუფლება ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდება. ამ საზოგადოებრივ პროტესტს ზუსტად იმიტომ ვერ უხერხებს ვერაფერს, რომ მას პოლიტიკური ლიდერები არა ჰყავს. ამიტომ გადავიდნენ პროტესტანტების მასობრივ დაჯარიმებაზე, თუმცა არა მგონია, ამან უშველოს ხელისუფლებას. საზოგადოებრივ პროტესტს სიახლეები სჭირდება, აუცილებელია ახალი ელემენტების შეტანა, სტრუქტურირება, ახალი ჯგუფების წარმოჩენა... არის ძალიან ბევრი საზოგადოებრივი თუ პროფესიული ჯგუფი, საჭიროა მათი კოორდინაცია, რაც, ჩემი აზრით, შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. მან უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს. მან თქვა, რომ არ არის ოპოზიციის გაერთიანებისა და ერთიანი სიების მომხრე. მეც მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ არის საჭირო, მაგრამ საზოგადოებრივ პროტესტს, სულ ცოტა, კოორდინაცია სჭირდება. ხელისუფლების პროპაგანდა თავისი ტროლ-ბოტების ფაბრიკებით თუ სამთავრობო ტელევიზიებით ძალიან ძლიერია, ოპოზიციური ტელევიზიები კი ჯერჯერობით პარტიულ ინტერესებს ვერ გასცდენიან და ვერ აღწევენ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის თვალსაწიერში, განსაკუთრებით, რეგიონებში. საჭიროა სუსტი წერტილების პოვნა და მის დაძლევაზე ზრუნვა. არავის გვინდა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდეს, რადგან მისგან თავის დაღწევა ძალიან გაგვიჭირდება, ეკონომიკურ კრიზისს შეიძლება მოჰყვეს უმართავი პროცესები, რაც დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. - ვთქვათ, "ქართული ოცნება" წავიდა დათმობაზე და დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ საკანონმდებლო ცვლილებების, საარჩევნო ადმინისტრაციის და სუსტი ოპოზიციური სპექტრის გათვალისწინებით, რა გარანტიაა, რომ გამარჯვებას ისევ ეს ძალა არ გაიფორმებს? - რაც შეეხება "ქართული ოცნების" საარჩევნო შესაძლებლობებს, მეტ-ნაკლებად პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებში მას უმრავლესობის მოპოვების შანსი არა აქვს, თუმცა პირველ ადგილზე, ალბათ, გავა. რაც შეეხება არჩევნების ჩატარების პირობებს, საარჩევნო ცვლილებებისა და გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების გარეშე ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას აზრი არა აქვს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალიდან არ ჩანს ერთი პარტიაც კი, რომელიც სერიოზულ მეტოქეობას გაუწევს "ქართულ ოცნებას" და დაამარცხებს. მეტიც, ჩემი შეფასებით, ასეთი ძალა პერსპექტივაშიც არ ჩანს, თუმცა ვიმეორებ, არჩევნების პატიოსნად ჩატარების შემთხვევაში "ქართული ოცნება" მარტო მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს! ვხედავთ, ხელისუფლება როგორ ჩქარობს, ცდილობს ე.წ. კანონიერების ფარგლებში მოაქციოს ეს რეპრესიული სისტემა. ყველაფერი - საკანონმდებლო ცვლილებები, გადმოწერილი "ფარა", ჯარიმები და ა.შ. მიმართულია იმისკენ, რომ შეიზღუდოს მედია, გამოხატვის საშუალებები. ყველაფერს აკეთებენ კრიტიკული აზრის ჩასახშობად. საქმე ის არის, რეპრესიებისთვის შექმნილი კანონით დასჯა სულაც არ ნიშნავს სამართლიან გადაწყვეტილებას. კანონის სახელით იყო საბჭოთა რეპრესიებიც, "ხალხის მტრის" იარლიყით უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, საბჭოთა სამშობლოს ღალატს აბრალებდნენ ადამიანებს და ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ, მაგრამ ის კანონები იყო თვითონ უკანონო და უსამართლო. ამერიკული "ფარას" გადმოაწერა ავიღოთ - ის ათწლეულების წინ არის მიღებული, მაშინ იყო აქტუალური, მას შემდეგ კი მსოფლიო მრავალჯერ შეიცვალა, დღეს სულ სხვა პოლიტიკური ვითარებაა. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანონმდებლობა დღევანდელობას მოარგოს და არა პირიქით, "ქართული ოცნება" დღეს სწორედ ამას ცდილობს, რომ დღევანდელობა მოარგოს თითქმის საუკუნის წინ მიღებულ კანონს. თუმცა ესეც პროპაგანდისთვის კეთდება, რომ მერე იძახონ, ამერიკული კანონმდებლობით გსჯითო. მედიასთან დაკავშირებითაც იგივე ხდება. ხომ ამბობენ, რომ ბრიტანული კანონით უნდა დაარეგულირონ ქართული მედია. ჯერ ერთი, ასე ბრმად სხვა ქვეყნის კანონების გადმოწერას კარგი არაფერი მოაქვს, ჯერ ბრიტანულ დემოკრატიას შეედარონ და მერე დაწერონ მედიის შესაზღუდი კანონები. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოში ვერ იმუშავებს, პროტესტს ვერ შეაჩერებს, როგორც არ უნდა დაკეტონ მედიასაშუალებები, არსებობს ინტერნეტი, სოციალური სივრცე. არა მგონია, ამით საზოგადოება დაშინდეს. ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენი ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამასვე ცდილობს ივანიშვილის "ქართული ოცნება". ვიდრე სახელმწიფოს რეალურ, სისტემურ გარდაქმნას არ დავიწყებთ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა სულ იქნება.